Facebook Twitter

ბს-39-21-კ-05 14 აპრილი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის პრემიერის 2001წ. 13 დეკემბრის ¹1122 განკარგულებით დამტკიცდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებისა და სარგებლობაში გადაცემაზე მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2001წ. 27 ნოემბრის სხდომის ოქმი ¹28, რომლითაც გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ... 43 კორპუსის მიმდებარედ 50 კვ.მ ფართობზე გამართულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა ა. თ-ე. განკარგულებისა და აუქციონის ოქმის საფუძველზე, 2002წ. 6 თებერვალს თბილისის მთავრობასა და ა. თ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის შესახებ, რომლითაც ზემოაღნიშნული 50 კვ.მ ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ა. თ-ეს, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2002წ. 20 სექტემბერს თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა ა. თ-ეზე გასცა მშენებლობის ნებართვა ¹5/247, აუქციონზე შეძენილ ნაკვეთში საყოფაცხოვრებო მომსახურების ოიბექტის მშენებლობაზე.

2003წ. 17 ივლისს კასატორებმა სარჩელი აღძრეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ა. თ-ის, თბილისის მთავრობის მიმართ და მოითხოვეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და ა. თ-ის მიერ უკანონო მშენებლობის აღკვეთა. დაზუსტებული სარჩელით ფიზიკურმა პირებმა ასევე მოითხოვეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე საკონკურსო კომისიის 2001წ. 27 აგვისტოს ¹28 ოქმისა და თბილისის პრემიერის 2001წ. 13 დეკემბრის ¹1122 განკარგულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა მითითებით, ... 43-45 კორპუსების ეზოში მდებარეობს პატარა სკვერი მრავალწლივანი ნარგავებით, რომელიც მათ ერთადერთ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. აღნიშნული სკვერიდან 50 კვ.მ ნაკვეთის პრივატიზება განხორციელდა ა. თ-ის მიერ, რომელმაც ასევე წამოიწყო უკანონო მშენებლობა, რის გამოც უნდა გაუქმდეს მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებული ოქმი, განკარგულება და ხელშეკრულება, რადგან თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მარეგულირებელი კომიტეტის 2002წ. 22 თებერვლის წერილის თანახმად, მშენებლობის შესახებ კომიტეტში რაიმე დოკუმენტი არ შესულა. “საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1998წ. 17 ივლისის დადგენილებით დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ყოველგვარი მშენებლობა და უნდა აღიკვეთოს გამწვანების ზონების ხელყოფა ბაღებსა და სკვერებში, ხოლო თბილისის მერიას დაევალა მდგომარეობის გამოსასწორებლად დადგენილების შესაბამისი ზომების მიღება. საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე მოსარჩელეები მოითხოვდნენ ... 43-45 კორპუსების მიმდებარე სკვერის ტერიტორიაზე სადავო 50 კვ.მ ფართობის პრივატიზების ხელშეკრულების, აუქციონის ოქმის, პრემიერის განკარგულებისა და მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ფიზიკური პირების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ...ის დასახლების მე-3 მ/რ, მე-3 კვ. ¹43 კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთის პრივატიზება განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კერძოდ თბილისის მთავრობის 1999წ. ¹11.11.225; 2001წ. ¹05.35.13-ა, ¹09.24.217 და ¹15.30.355 დადგენილებით დამტკიცდა თბილისის ტერიტორიაზე კონკურსისა და აუქციონის წესით გასაცემი ნაკვეთების ნუსხა. ინფორმაცია ნაკვეთის განკარგვის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” 2001წ. 21 ოქტომბრის ნომერში, თბილისის პრემიერის 2001წ. 13 დეკემბრის ¹1122 განკარგულებით დამტკიცდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მართვისა და განკარგვის კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი ¹28, რომლის შესაბამისადაც სადავო 50 კვ.მ ნაკვეთზე გამარჯვებულად გამოცხადდა ა. თ-ე და დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დადგენილი წესით, რის შემდეგაც ა. თ-ემ ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2002წ. 20 სექტემბრის ¹5/247 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის სახელმიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილებამ 2002წ. 30 აგვისტოს წერილის თანახმად შეათანხმა ა. თ-ის მიერ ხელმეორედ წარდგენილი საყოფაცხოვრებო ობიექტის მოწყობის ესკიზური პროექტი. სააპელაციო პალატამ სადავო ნაკვეთის შესახებ მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთი განკარგვისას არ წარმოადგენდა სკვერს, ბაღისა და გამწვანების ზოლს, რომლის განკარგვაც მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვითაა დასაშვები “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის თანახმად. ამიტომ, სასამართლოს აზრით, ა. თ-ის მიერ ნაკვეთის პრივატიზებისას არ ყოფილა დარღვეული მოქმედი კანონმდებლობა. მშენებლობის ნებართვაც კანონიერად გაიცა, რის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტებს არ წარმოუდგენიათ და ამიტომ მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ, რომლებიც სარჩელში მითითებული მოტივებით ითხოვენ განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორები დამატებით მიუთითებენ, რომ ა. თ-ემ ნაკვეთის პრივატიზების შემდეგ გაჩეხა მრავალწლიანი ნარგავები და დაიწყო საყოფაცხოვრებო ობიექტის მშენებლობა, რაც ეწინააღმდეგება “საქართველოს დასახელებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1998წ. დადგენგილებას. კასატორები არ ეთანხმებიან გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2004წ. 12 დეკემბრის წერილის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ნაკვეთი არ წარმოადგენდა სკვერს ან გამწვანების ზოლს, რაც არასწორია, რადგან საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს გადაწყვეტილება მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვის გამო ა. თ-ის დაჯარიმების შესახებ. კასატორთა აზრით, სასამართლო ვალდებული იყო ადგილზე დათვალიერებით ენახა სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა მაცხოვრებელთა ერთადერთ დასასვენებელ ადგილს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის, თ. მ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორები სასამართლოში აღძრული სარჩელით ითხოვენ ა. თ-ის მიერ .... 43-ე კორპუსის მიმდებარე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების ბათილად ცნობას, რადგან მათი აზრით, პრივატიზება ეწინააღმდეგება “საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღების და სკვერების დაცვის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1998წ. 17 ივლისის დადგენილებას, რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს. კასატორების მიერ მითითებული დადგენილების პირველი პუნქტით აღიკვეთა საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების (მწვანე მასივები), პარკების, ბაღებისა და სკვერების ხელყოფა და მათზე ყოველგვარი მშენებლობა. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაწესდა პარკებსა და სკვერებზე და დადგინდა, რომ საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთების, მოედნების, ქუჩების, გასასვლელების, გზების, სანაპიროების და დასასვენებელი ადგილების _ პარკების, ტყე-პარკების, სკვერების, ხეივნების განკარგვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით გახდა შესაძლებელი.

სადავო პრივატიზაციით ა. თ-ემ შეიძინა .... 43-ე კორპუსის მიმდებარე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც კასატორთა მტკიცებით არის სკვერი და 43-45-ე კორპუსების მობინადრეთა ერთადერთი დასასვენებელი ადგილია. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. თ-ის მიერ პრივატიზებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს სკვერს, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2004წ. 12 ნოემბრის ცნობით, ¹43 კორპუსის მიმდებარე სადავო ტერიტორია არ წარმოადგენს სკვერს, ბაღის ან გამწვანების ზოლს და შესაბამისად არ ირიცხება რაიონის გამწვანების სამსახურის ბალანსზე. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის 2004წ. 25 ოქტომბრის ცნობის მიხედვითაც სადავო ტერიტორიაზე 1990 წელში ჩატარებული მწვანე ნარგავთა ინვენტარიზაციის მასალებში საერთო სარგებლობის გამწვანებული ფართი, ბაღი ან სკვერი აღრიცხული არ არის. შემდგომ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების ზოლის მოწყობის შესახებ კომიტეტში მასალები არ მოიპოვება.

ამდენად, კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობების თანახმად, .... ¹43 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაღი ან სკვერი აღრიცხული არ არის და სადავო 50 კვ.მ ფართი არ წარმოადგენს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასასვენებელ ადგილს, რის გამოც რაიმე საკანონმდებლო შეზღუდვა მიწის ამ ნაკვეთის პრივატიზებაზე არ არსებობდა, დასაშვები იყო მისი, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია, კასატორთა მიერ მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ა. თ-ის მიერ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია კანონიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს თ. ფ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ნოემბრის განჩინება, რადგან სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასება-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ა. თ-ის მიერ განხორციელებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ფ-ის, თ. მ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.