ბს-392-314-კ-05 28 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზების უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 აპრილს კ. ჯ-ამ სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ...... მეურნეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1995წ. 24 აგვისტოს გარდაბნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით მოსარჩელემ მიიღო კრწანისის დასახლებაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ოთხოთახიანი ბინის ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბინის პრივატიზების თაობაზე განცხადებით მიმართა აღნიშნული მეურნეობის დირექტორს, რომელმაც არ მისცა თანხმობა ბინის პრივატიზებაზე.
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა მოსარჩელისთვის მიეცა თანხმობა ბინის პრივატიზების თაობაზე.
2002წ. 22 აპრილს მოსარჩელე კ. ჯ-ამ დააზუსტა სარჩელი, კერძოდ, მოპასუხეებად მიუთითა შ. მ-ესა და ც. ზ-ეზე, ხოლო მესამე პირებად _ გარდაბნის რაიონის გამგეობის საბინაო განყოფილებასა და გარდაბნის რაიონის ......... მეურნეობაზე.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული ბინის პრივატიზება ვერ შეძლო იმის გამო, რომ მასში ცხოვრობდა აჭარიდან გადასახლებული ოჯახი, რომელიც ნებაყოფლობით არ თმობდა აღნიშნულ ბინას.
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სკ-ის 170-ე, 172-ე, 209-ე და 210-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეებს _ შ. მ-ესა და ც. ზ-ეს დავალებოდათ მოსარჩელის კუთვნილი ბინის დაბრუნება, აგრეთვე, მოითხოვა მათი გამოსახლება აღნიშნული ბინიდან, მისი ცნობა ბინის მესაკუთრედ და ოჯახითურთ შესახლება სადავო ბინაში.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ კ. ჯ-ას მიეცა სადავო ბინის პრივატიზების უფლება; ბათილად იქნა ცნობილი ........ მეურნეობის დირექტორ რ. ო-ის 2002წ. 7 მარტის წერილი სადავო ბინის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეების _ შ. მ-ისა და ც. ზ-ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებასა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე; შ. მ-ესა და ც. ზ-ეს სადავო საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლება გაუგრძელდათ მანამ, სანამ სახელმწიფო მათ არ უზრუნველყოფდა სხვა საცხოვრებელი ფართით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მოპასუხეებმა _ შ. მ-ემ და ც. ზ-ემ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კ. ჯ-ასთვის სადავო ბინაზე პრივატიზების უფლების მინიჭების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 დეკემბრის განჩინებით შ. მ-ისა და ც. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. მ-ემ და ც. ზ-ემ.
კასატორთა განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, ბინის პრივატიზაციის უფლება აქვს პირს, რომელიც ფაქტობრივად ფლობს აღნიშნულ ბინას ან ფართი თავისუფალია. კასატორები აღნიშნავენ, რომ ისინი სადავო ბინაში შესახლდნენ 1989 წელს და იმ წლიდან ფლობენ აღნიშნულ ფართს, ხოლო კ. ჯ-ა არასდროს ფლობდა სადავო ბინას. კ. ჯ-ას სახელზე საბინაო ორდერი გაიცა 1995 წელს, მაშინ, როდესაც კასატორები, ფაქტობრივად, 6 წელი ცხოვრობდნენ ამ ბინაში და იყვნენ კეთილსინდისიერი მფლობელები. კ. ჯ-ამ ბინის პრივატიზება მოითხოვა ორდერის აღებიდან 7წ. შემდეგ, კასატორები კი უკვე 13 წელი ცხოვრობდნენ სადავო ბინაში.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 167-ე მუხლი, რის გამოც მიიღო არასწორი განჩინება.
კასატორებმა ითხოვეს სააპელაციო პალატის 2004წ. 14 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ბინა შედის სახელმწიფოს საბინაო ფონდში და “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს პრივატიზების ობიექტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია, მოპასუხეები შ. მ-ე და ც. ზ-ე ითვლებოდნენ თუ არა სადავო ბინის დამქირავებლებად სამართლებრივი საფუძვლით, რადგანაც საქმის მასალებში არ მოიპოვება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც შ. მ-ე და ც. ზ-ე შესახლდნენ სადავო ბინაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეშია მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989წ. 9 ოქტომბრის ¹497 დადგენილება, რომლის თანახმად დადგინდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ......... მეურნეობის მიწებიდან გამოყოფილ 20 ჰექტარზე აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასახლებული სტიქიისგან დაზარალებული 75 ოჯახის დასახლება, ხოლო სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ. მ-ისა და ც. ზ-ის სადავო ბინაში შესახლების თაობაზე, მოცემულ საქმეში არ არის წარმოდგენილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე კ. ჯ-ას სადავო ბინის პრივატიზების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული ბინის დამქირავებელი მხოლოდ იგი იყო და თუ მოპასუხეები _ შ. მ-ე და ც. ზ-ე არ წარმოადგენდნენ დამქირავებლებს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იყვნენ შესახლებული სადავო ბინაში.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2002წ. 10 ივნისს გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, სადავო ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს კ. ჯ-ა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს, თუ სადავო ბინის მესაკუთრე უკვე კ. ჯ-აა, რამდენად საფუძვლიანია მისი მოთხოვნა იმავე ბინის პრივატიზაციის უფლების მისთვის მინიჭების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ, მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. მ-ისა და ც. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 დეკემბრის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.