Facebook Twitter

¹ ბს-394-521-კ-03 20 იანვარი, 2005 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. უ-ამ, ზ. ბ-ემ, ა. ნ-ემ, უ. ბ-ამ, ზ. ბ-ემ, დ. კ-მა, გ. ბ-ემ, ა. ა-მა, ლ. რ-ემ და ე. გ-ემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვეს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.02.79წ. ¹83 დადგენილების, ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს 15.02.78. ¹140 გადაწყვეტილების და 29.12.80წ. ¹811 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.09.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. გადაწყვეტილება მოსარჩელეების მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.04.02წ. განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

27.03.03წ. ნ. უ-ამ, ზ. ბ-ემ, დ. კ-მა, გ. ბ-ემ და უ. ბ-ამ განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. საქმის განახლების საფუძვლად განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.02.79წ. ¹83 სადავო დადგენილების დედანი მათ მიერ ვერსად იქნა მიკვლეული, ასეთი არ მოიპოვება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოში, სახელმწიფო არქივში არსებული დადგენილების ასლი არ არის ხელმოწერილი, დადგენილების დარღვევით მიღებას ადასტურებს ისიც, რომ მისი შინაარსი არ გამოქვეყნებულა არცერთ ოფიციალურ გამოცემაში, დადგენილება გამოცემულია ნორმატიული აქტების შესახებ იმ დროს მოქმედი ნორმებისა და ამჟამად მოქმედი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით.

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, აგრეთვე, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სასამართლოს მესამე პირად აუცილებლად უნდა ჩაერთო საზღვაო სანაოსნო, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა და ირიცხება საცხოვრებელი სახლი.

განმცხადებლები მიუთითებდნენ აგრეთვე, რომ სს “ს.” ფორმულარიდან გაარკვიეს, რომ სს წარმომადგენ. არის დირექტორი, ხოლო 10.09.01წ პროცესზე სს “ს.” წარმოადგენდა იურისტი თ. ც-ე, რომელსაც არ ჰქონდა საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რაც დადგენილია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს და საქართევლოს უმაღლესი სასამართლოს განჩინებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 10.09.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება საქმის წარმოების განახლება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 08.05.03წ. განჩინებით განცხადება დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აღნიშნული განჩინება გაუქმდა იმავე კოლეგიის 06.06.03წ. განჩინებით, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. უ-ას და სხვათა კერძო საჩივარი. კოლეგიის 23.06.03წ. განჩინებით შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა 10.09.01წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვამდე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 31.07.03წ. განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, განმცხადებლებს უარი ეთქვათ 10.09.01წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

ნ. უ-ამ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 31.07.03წ. განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სს “ს.” სარეგისტრაციო მონაცემებით ირკვევა, რომ საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება აქვს მხოლოდ დირექტორს, ხოლო 10.09.01წ. სასამართლო სხდომაზე საზოგადოებას წარმოადგენდა იურისტი თ. ც-ე, რომელსაც არ ჰქონდა საქმის წარმოების უფლებამოსილება. საქმის განმხილველმა სასამართლომ არ იმსჯელა, აგრეთვე, იმ გარემოებაზე, რომ პროცესში არ იყო ჩართული მხარედ ორგანიზაცია, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ფართი. სასამართლო ვალდებული იყო, სსკ-ის მე-16 მუხლის თანახმად, საქმეში ჩაერთოO საზღვაო სანაოსნო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. უგულავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 422-ე მუხლის I ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობლი, თუ ერთ-ერთი მხარე, ან თუ მას კანონიერი წარმომადგენ. სჭირდება, ასეთი წარმომადგენ. არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადება აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ საზღვაო სანაოსნო არ ყოფილა ჩაბმული, საქმეში არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ კასატორისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დროს და მას შეეძლო მოეთხოვა საზღვაო სანაოსნოს საქმეში ჩაბმა, ამასთანავე, სსკ 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა აქვს იმ პირს, რომელიც არ იქნა ჩაბმული საქმეში.

კასატორი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე უთითებს იმას, რომ სს “ს.” მიერ მინდობილობა გაიცა არაუფლებამოსილ პირზე, რადგან თ. ც-ეს, რომლის სახლზე გაიცა მინდობილობა საზოგადოების ყველა სასამართლო ინსტანციაში წარმომადენლობის უფლებამოსილების შესახებ, საზოგადოების წესდებით არ ჰქონდა მინიჭებული საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება, რითაც კასატორის აზრით დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლის მოთხოვნები. საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლით განისაზღვრება საწარმოთა ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა საწარმოს მართვის პროცესში, რაც შეეხება სასამართლოში წარმომადგენლობის საკითხს, აღნიშნულს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვან. ან სხვა უფლებამოსილი პირი. სსკ-ის 94-ე მუხლის თანახმად სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ: ადვოკატები ან ორგანიზაციის თანამშრომლები ამ ორგანიზაციის საქმეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააქციო საზოგადოების მიერ სასამართლოში მისი ინტერესების დასაცავად გაცემულ მინდობილობას არ სჭირდება რეესტრში რეგისტრაცია და სააქციო საზოგადოების წესდებით იმ პირთა წრის განსაზღვრა, რომლებიც უფლებამოსილი არიან წარმომადგენლობაზე. რაც შეეხება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, დირექტორი არის “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული საწარმოთა აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საწარმოს მიმდინარე საქმიანობას და უფლებამოსილია, მესამე პირების წინაშე მინდობილობის გარეშე წარმოადგინოს საწარმო. ამდენად, სს “ს.” იმდროინდელი დირექტორი გ. დ-ე უფლებამოსილი იყო გაეცა მინდობილობა თ. ც-ეზე, რომელიც ამ მინდობილობის საფუძველზე თავის მხრივ უფლებამოსილი იყო წარმოედგინა სს “ს.” სასამართლო ინსტანციებში და დაეცვა საზოგადოების ინტერესები კანონით მინიჭებულ ფარგლებში. საქმის განხილვის პერიოდში სს “ს.” დირექტორის შეცვლა თავისთად, არ იწვევს მინდობილობის გაუქმებას, ხოლო სს “ს.” ახალ დირექტორს, სსკ-ის 99-ე მუხლით დადგენილი წესით, არ გაუუქმებია მინდობილობა, რის გამოც თ. ც-ეზე გაცემული მინდობილობა ძალაში დარჩა.

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 02.04.02წ. ძალაში შესული განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს “ს.” კერძო საჩივარი, გაუქმდა სს “ს.” წარმომადგენლის თ. ც-ის განცხადების საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების წარმომადგენ. არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა სარჩელზე. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 02.04.02წ. განჩინებას საფუძვლად ედო საზოგადოების წარმომადგენლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გადაჭარბება, კერძოდ, უარის თქმა, რისთვისაც სსკ-ის 98-ე მუხლის თანახმად, საჭირო იყო სპეციალური აღნიშვნა მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ხსენებულ საქმეში, რმლის დავის საგანს წარმოადგენდა ფართიდან გამოსახლება, უფლებამოსილების გადაჭარბების დადგენას არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა, აღნიშნული არ უკავშირდება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.02.97წ. ¹83 დადგენილების, ბათუმის საქალაქო საბჭოს 15.02.78წ. ¹140 და 29.12.80წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე. ხსენებულ საქმეში სააქციო საზოგადოების წარმომადგენელს საგანმკარგულებო უფლებამოსილება (კერძო არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემა, სარჩელზე უარის თქმა, სარჩელის ცნობა, მორიგება და სხვა) არ გამოუყენებია, თ. ცეცხლაძეზე საზოგადოების წარმომადგენლობას ახორციელებდა სს “ს.” დირექტორის მიერ 25.10.2000წ. გაცემული მინდობილობის საფუძველზე, საქმის მასალების მიხედვით წარმომადგენლობა განხორციელდა გაცემული მინდობილობის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 10.09.01წ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ არის უსაფუძვლო და არ ემყარება სსკ-ის 422-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 31.07.03წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 422-ე, 410-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. უ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 31.07.03წ. განჩინება.

3. ნ. უგულავას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.