გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-400-322(კ-05) 9 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის, პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «.. ..» ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და გ. გ-ის მიმართ სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 17.09.97წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «.. ..-ის» სარჩელი ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან გ. გ-ის ოჯახის გამოსახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.04.2000წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და გ. გ-ის ოჯახი დატოვებულ იქნა სადავო ფართში. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «.. ..». მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. ¹16.17.230 დადგენილებით, ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობის საფუძველზე, ... მდებარე არასაცხოვრებელი 83 კვ.მ ჩარიცხულ იქნა საცხოვრებელ ფონდში. საბინაო მეურნეობის სამსახურმა გამგეობის წინაშე დააყენა წინადადება კომუნალურ ფონდში ჩარიცხული სადავო ფართის გ. გ-ის ოჯახისათვის გამოყოფის შესახებ. ისნის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. ¹11.19.173 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საბინაო სამსახურის შუამდგომლობა და სადავო ფართი გამოეყო საცხოვრებელ ბინად გ. გ-ის ცხრა სულიან ოჯახს, კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალა საბინაო მეურნეობის სამსახურს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «.. ..-ის» საკასაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «.. ..-ის» სარჩელი და გ. გ-ი გამოსახლდა ქ. თბილისში, ... მეორე სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი 58 კვ.მ-იდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ბინის ორდერი გაცემულ იქნა გ. გ-ის მეუღლეზე, ბინის ორდერის მფლობელმა ლ. გ-ე-გ-მა განახორციელა ბინის პრივატიზაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ ისნის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. ¹11.19.179 გადაწყვეტილების, 21.11.2000წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე აღნიშნული აქტების შეჩერება და გ. გ-ის ოჯახის სადავო ფართიდან გამოსახლება მოითხოვა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.05.02წ. საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება ლ. გ-ე-გ-ი.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 12.12.02წ. გადაწყვეტილებით შპს «.. ..-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ისნის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. ¹11.19.173 გადაწყვეტილება მეტეხის აღმართში მდებარე არასაცხოვრებელი 83 კვ.მ-ის გ. გ-ის ოჯახისათვის საცხოვრებელ ბინად გამოყოფის შესახებ, ბათილად იქნა ასევე ცნობილი 21.11.2000წ. ¹1989 პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც მითითებული ფართი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ლ. გ-ე-გ-ს და ლ. გ-ე-გ-ი, ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან ერთად, გამოსახლებულ იქნა ... მდებარე შენობის მეორე სართულის 58 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ე-გ-მა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 264-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით ისანის რაიონის გამგეობამ 25.10.02წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საოლქო სასამართლოს 12.04.2000წ. კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება, რომელიც გაუქმდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «.. ..» თავისუფლდება სადავო ფართზე საკუთრების უფლების დადასტურების ვალდებულებისაგან, ვინაიდან საკასაციო პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «.. ..» სარჩელი, გ. გ-ი გამოსახლდა ქ. თბილისში, ... მეორე სართილზე მდებარე 58 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. გ-ე-გ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.02.04წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჟ. გ-ი, შ. კ-ი, ქ. გ-ე, ხოლო 22.10.04წ. საოქმო განჩინებით შპს «.. ..» მოთხოვნის საფუძველზე ხსენებული პირები საქმეში თანამოპასუხეებად ჩაერთნენ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.12.04წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ე-გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «.. ..-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვა საქმისათვის პრეიუდიციული ძალა აქვს მხოლოდ მაშინ, თუ სხვა სამოქალაქო საქმეში იგივე პირები _ იგივე მოსარჩელე, იგივე მოპასუხე, იგივე მესამე პირი მონაწილეობს. იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მხარე მაინც სხვა პირია, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებას სსკ-ის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად არ შეიძლება პრეიუდიციული ძალა მიენიჭოს. ასეთ შემთხვევაში სხვა საქმეზე ადრე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები ხელმეორედ უნდა დადგინდეს და დადასტურდეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი დავა რაიონულ სასამართლოში განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა განსახილველი დავის მიმართ არ გააჩნია.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. ¹16.17.230 დადგენილებით ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საცხოვრებელ ფონდში. აღნიშნული გარემოება შემდგომში საფუძვლად დაედო სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. სარჩელის აღძვრის დროს შპს «.. ..-ისათვის» ცნობილი იყო ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. ¹16.17.230 დადგენილების არსებობა, მიუხედავად ამისა მოსარჩელეს იგი სადავოდ არ გაუხდია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 15.07.99წ. დადგენილების I პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საბინაო საკითხების განხილვა-გადაწყვეტა, ადგილობრივ საკუთრებაში არსებული თავისუფალი საცხოვრებელი ფართობის მოქალაქეებზე მიკუთვნება წარმოადგენს რაიონული გამგეობების კომპეტენციას. ამდენად, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობა 25.10.2000წ. უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება გ. გ-ის 9 სულიანი ოჯახის საბინაო საკითხის შესახებ და გამოეყო მათთვის ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ ფონდში არსებული თავისუფალი 83 კვ.მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ შპს «.. ..-ის» სასარჩელო მოთხოვნა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. ¹11.19.173 გადაწყვეტილოების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საკუთრებას წარმოადგენდა და, ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე ლ. გ-ე-გ-ისათვის საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა არ ეწინააღმდეგება კანონს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «.. ..» მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ იურიდიული საფუძვლის არსებობის გარეშე გადასცა გ-ების ოჯახს შპს «.. ..-ის» საკუთრებაში არსებული ფართი, ვინაიდან სსკ-ის 264-ე მუხლის მე-II ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რადგან სამართლებრივი შეფასება არ მისცა მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე უარყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად მისი გაუქმების საფუძველია. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად თბილისის მთავრობის დადგენილება დაედო. ისნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებაში გ-ების ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საფუძვლად მითითებულია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «.. ..-ს» უარი ეთქვა სადავო ფართიდან გ-ების ოჯახის გამოსახლებაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე, რომ სადავო ფართის მოქალაქისათვის გამოყოფა ისნის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას წარმოადგენდა. კასატორი აღნიშნავს, რომ პალატის მიერ მითითებული თბილისის მთავრობის 15.07.99წ. ¹06.01.115 დადგენილების I ნაწილის «ნ» ქვეპუნქტის თანახმად, რაიონული გამგეობის კომპეტენციას წარმოადგენს მხოლოდ თავისუფალი საცხოვრებელი ფართობის მოქალაქეებისათვის მიკუთვნება. განსახილველ შემთხვევაში კი ფართობის მესაკუთრე შპს «მ...ი» იყო. დაუსაბუთებლია სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე ლ. გ-ე-გ-ისთვის საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემის კანონიერად ცნობა. კასატორის აზრით პალატის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო ფართი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და სხვა ქონებასთან ერთად შპს «.. ..» საწესდებო კაპიტალის შემადგენელი ნაწილია. ის გარემოება, რომ ქონება არ არის გამგეობის, იმითაც დასტურდება, რომ არც სასამართლო პროცესზე და არც მანამდე გამგეობას არ განუცხადებია პრეტენზიები ამ ქონებაზე. სასამართლო პროცესზე გამგეობის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ფართის გადაცემა განაპირობა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია თუ რომელი კანონი გამოიყენა და განმარტა რაიონულმა სასამართლომ არასწორად. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ თავი აარიდა გ. გ-ის მრავალრიცხოვანი ოჯახის გამოსახლებასა და გადაწყვეტილება გამოიტანა არა მტკიცებულებებზე არამედ ემოციებზე დაყრდნობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «.. ..-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას განსახილველი დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა არ გააჩნია. სსკ-ის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საქმეზე გამოტანილია და კანონიერ ძალაშია შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილება, მხარეებად მონაწილეობდნენ შპს «.. ..» და გ. გ-ი. რაც შეეხება განსახილველ დავას, მასში მხარეებად დამატებით მონაწილეობენ: ლ. გ-ე-გ-ი, ჟ. გ-ი, შ. კ-ი, ქ. გ-ე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, ნოტარიუსი ქ. მ-ი. ხსენებულ პირებთან ერთად მოსარჩელე მოითხოვს სადავო ბინაში მცხოვრებ გ. გ-ის არასრულწლოვანი შვილების გამოსახლებასაც. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილებისათვის ხსენებული მხარეების მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებისათვის არარსებობს სავალდებულო პირობა_დავაში იგივე პირების მონაწილეობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.09.2000წ. გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახაზინო საწარმო «მ...ს» მოპასუხედ მითითებული ჰყავდა მხოლოდ გ. გ-ი, საქმის განხილვაში მისი ოჯახის წევრები მხარედ მოწვეულნი არ ყოფილან,საკასაციო სასამართლოში ახალი მხარის ჩაბმა საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება, რის გამო საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ვერ იქონიებდა მსჯელობას გ. გ-ის ოჯახის წევრების სადავო ფართიდან გამოსახლებაზე. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 08.08.02წ. საოქმო განჩინებით სსკ-ის 277-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა საქმის წარმოება გ. გ-ის მიმართ გამოსახლების ნაწილში იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ი გამოსახლდა ... ¹2 სახლის მეორე სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი 58 კვ.მ-იდან. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამჟამად სადავოა არა 58 კვ.მ., არამედ ამავე მისამართზე მდებარე 83კვ.მ, დავის საგანს დამატებით შეადგენს, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილების შემდეგ გამოცემული ისანის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. გადაწყვეტილება, 22.11.2000წ. დადებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზების ხელშეკრულება. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო აქტი გამგეობის მიერ გამოიცა საოლქო სასამართლოს ძალაში შეუსვლელ გადაწყვეტილებაზე მითითებით არ წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000წ. გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება, არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი დავის მიმართ, საკასაციო პალატის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისანის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მთავრობის 15.07.99წ. ¹06.01.115, 05.10.2000წ. ¹16.17.230 დადგენილებების საფუძველზე უფლებამოსილი იყო განეკარგა საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხული ფართი.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილებისთვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა დადასტურებული სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან კასატორს მითითებულ სასამართლო დავაში, რომლის თაობაზეც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, დავის საგანს წარმოადგენდა ... მდებარე სახლის მეორე სართულზე არსებული 58 კვ.მ. ფართი, გადაწყვეტილებით დადგენილია გ. გ-ის სადავო ფართიდან გამოსახლება. გადაწყვეტილების თანახმად, «ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო შპს-ს» 31.03.2000 წ. ¹12-311 ცნობის მიხედვით, სასამართლოში საქმის განხილვის დროს სადავო ფართი ირიცხებოდა სახაზინო საწარმო «.. ..» სახელზე. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ «სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორედ, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა.» ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი მდგომარეობა-საქმის განხილვის დროს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ... მდებარე სახლის მე-2 სართულზე განთავსებული 58 კვ.მ. მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი და უარყოფილი არ არის რეგისტრაციის კანონიერება. სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუდგენია რამდენად კანონიერად იყო რეგისტრირებული შპს «.. ..» სადავო ფართის მესაკუთრედ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები ჩაითვლება სწორედ, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. გ-ე-გ-მა 2002წელს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და სკ-ის 313-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებული იმ ჩანაწერების არაზუსტად ცნობა, რომლებიც ... მდებარე სახლთმფლობელობის «კ...ისა» და «.. ..» სახელზე აღრიცხვას ეხებოდა. მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ... მდებარე სახლთმფლობელობა აღრიცხული იყო მოსარჩელის ლ. გ-ე-გ-ის სახელზე და სხვა არანაირი ჩანაწერები აღნიშნულ ფართზე არ არსებობდა. მითითებულ დავაში მესამე პირის სტატუსით მოწვეული იყო «.. ..». ტექინვენტარიზაციის ბიუროს 21.07.97წ. ¹2-222 ცნობის თანახმად დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ... მდებარე სახლმმართველობა ირიცხება ისნის რაიონის საბინაო ტრესტის სახელზე. ტექაღრიცხვის სამსახურში არ მოიპოვება სახაზინო საწარმო «კ...სათვის» სადავო ფართის გაცემის საფუძველი, რომელიც შემდგომში კულტურის მინისტრის 28.05.99წ. ¹3/81 ბრძანებით გადაეცა სახაზინო საწარმო «.. ..». კანონიერ ძალაში შესული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.06.02წ. გადაწყვეტილებით ჩანაწერები სადავო ფართის სახაზინო საწარმო «კ...ის», ხოლო შემდგომში კასატორის სახელზე აღრიცხვის შესახებ არ არსებობს. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 01.04.97წ. განჩინებით, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს 04.02.97წ. გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ფართის საბინაო _ საექსპლუატაციო ტრესტის ბალანსზე აღრიცხვა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. ¹11.19.173 სადავო გადაწყვეტილებით გ. გ-ის 9 სულიან ოჯახს (თვითონ, მეუღლე, დედა, მამა, 5 მცირეწლოვანი შვილი)კასატორის საკუთრებაში არსებული ფართი გადაეცა. «სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.06.95წ. ¹344 დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ» დებულების 2.1 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი უძრავი ქონება ექვემდებარებოდა სავალდებულო აღრიცხვას ქალაქებისა და რაიონების ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში. ანალოგიურ დებულებას შეიცავდა აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 04.02.97წ. ¹03.13.110 დადგენილებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.07.99წ. ¹47 ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 27.01.2000წ. ¹21 ბრძანებულებით, ქ. თბილისის მთავრობის 23.03.2000წ. ¹06.07.65 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური აღღიცხვის სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი აქტები. სკ-ის 1507-ე მუხლის, 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სავალდებულოა უძრავი ნივთის მესაკუთრის რეგისტრაცია. სკ-ის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე, სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება ევალებოდათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს. სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.
ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 21.04.97წ. ¹12-222 ცნობის მიხედვით, მეტეხის აღმართ ¹2-ში მდებარე სამსართულიანი სახლი 1940 წლიდან ირიცხებოდა ისნის რაიონის საბინაო ტრესტის სახელზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 26 კომისრის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის 07.02.79წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ... მდებარე სახლის მეორე სართულზე მდებარე 50 კვ.მ. ოთახი სარეპეტიციო დანიშნულებისათვის გადაეცა ახალგაზრდულ დრამატულ თეატრ-სტუდიას. საქმეში არ მოიპოვება თეატრისათვის შენობის ბალანსზე გადაცემის ან აღრიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 08.05.01წ. ¹გ 611 ცნობის მიხედვით, ფართის თეატრზე გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი ბიუროში წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება სადავო ფართის აღრიცხვა საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს სახელზე, სადავო ფართის აღმასკომის ბალანსიდან სამინისტროს ბალანსზე გადაცემა. 1978-1987წწ. აღნიშნულ ფართს მეტეხის ახალგაზრდული თეატრი იყენებდა დამხმარე სათავსოდ, 1987 წლიდან მეტეხის ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენასთან დაკავშირებით სადგომი დაკეტილი იყო.
საქმეში დაცულია საქართველოს კულტურის მინისტრის 20.01.89წ. ¹3/23 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ... მეორე სართულზე მდებარე 58 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სამინისტროს შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლოატაციის სამმართველოს და დადგინდა, რომ სამმართველოს სათანადო ხელშეკრულების დადების შემდეგ 58 კვ. მ. არასაცხოვრებელი ფართი იჯარით უნდა გადაეცა სახელმწიფო კვარტეტისათვის. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას მითითებული ბრძანების მართლზომიერებაზე, ვინაიდან იგი დავის საგანს არ წარმოადგენს, ამასთანავე აღნიშნავს, რომ სადავო ფართის სამინისტროს ბალანსზე ყოფნა საქმის მასალებით არ დასტურდება, ფართი ბრძანების შესაბამისად კულტურის სამინისტროს შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მომსახურების და ექსპლოატაციის სამმართველოს სახელზე არ აღრიცხულა, ამდენად, მას სამართლებრივი შედეგი არ გამოუწვევია.
თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 08.05.01წ. ცნობის მიხედვით, საქართველოს კულტურის მინისტრის 28.05.99წ. ¹3/81 ბრძანების საფუძველზე სახაზინო საწარმო «კ...ის» ბალანსზე რიცხული ... მდებარე სახლის მე-2 სართული ფართით 58 კვ.მ. ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სახაზინო საწარმო «.. ..» (შემდგომში შპს «.. ..»). ამავე ცნობის თანახმად, სახაზინო საწარმო «კ...ის» სახელზე არასოდეს ყოფილა აღრიცხული შენობის მე-2 სართულზე განლაგებული 58 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტუდება, აგრეთვე, რომ სადავო ფართი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად სახაზინო საწარმო «კ...ს» ჰქონდა გადაცემული. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ფართი არათუ სახაზინო საწარმო «კ...ის», არამედ საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანზეც არ იმყოფებოდა, შესაბამისად არ არსებობდა კულტურის მინისტრის 28.05.99წ. ¹3/81 ბრძანების გამოცემის, სადავო ფართის სახაზინო საწარმო «.. ..» გადაცემის და მაშასადამე შემდგომში სახაზინო საწარმოს ბაზაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 02.12.99წ. ბრძანებით დაფუძნებული შპს «.. ..» საწესდებო კაპიტალში, სხვა ქონებასთან ერთად, სადავო ფართის შეტანის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველმოკლებულია კასატორის მითითება მოპასუხე ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სადავო აქტის გამოცემისას სზაკ-ის მე-13, 95.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ.
ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. ¹16.17.230 დადგენილებით ... მდებარე არასაცხოვრებელი 83 კვ.მ ჩაირიცხა საცხოვრებელ ფონდში და დადგინდა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს სათანადო ცვლილებები უნდა შეეტანა ფართობის აღრიცხვიანობაში. ქ. თბილისის მთავრობის ხსენებული დადგენილებით შეიქმნა ფართის გ-ების ოჯახისათვის გადაცემის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისათვის სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ცნობილი იყო ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. დადგენილების შესახებ (სასარჩელო განცხადება შეიცავს მითითებას ხსენებულ დადგენილებაზე, მასზე უთითებს აგრეთვე ისნის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. სადავო გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებაც მოითხოვა შპს «.. ..-მ»), აღნიშნული დადგენილება შპს «.. ..-ს» სადავოდ არ გაუხდია. «საქალაქო მმართველობისა და რაიონულ გამგეობებს შორის ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 15.07.99წ. ¹06.01.115 დადგენილების 1 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივ საკუთრებაში არსებული თავისუფალი საცხოვრებელი ფართობის მოქალაქეებზე მიკუთვნება წარმოადგენს რაიონული გამგეობის კომპეტენციას. ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 25.10.2000წ. ¹11.19.173 გადაწყვეტილების ტექსტის მიხედვით მიღებულ იქნა საბინაო მეურნეობის სამსახურის წინადადება და ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. ¹16.17.230 დადგენილებით საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხული ფართი საცხოვრებელ ბინად გამოეყო გ. გ-ის 9 სულიან ოჯახს (თვითონ, მეუღლე, დედა, მამა, 5 მცირეწლოვანი შვილი), ბინის ორდერი გ. გ-ის თანხმობით გაწერილ იქნა ლ. გ-ე-გ-ის სახელზე. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად არ დადებია ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. დადგენილება.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამგეობას არ განუცხადებია პრეტენზია სადავო ქონებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ისნის რაიონის გამგეობამ 26.01.96წ. მიმართა ისნის რაიონის სასამართლოს და ... გ. გ-ის მიერ დაკავებული ფართიდან გამოსახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ფართი გამგეობის ბალანსზე იმყოფებოდა. გამგეობა არასათანადო მოსარჩელედ სასამართლოს მიერ ცნობილი არ ყოფილა, 23.08.96წ. განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინების მიღებიდან ორი თვის შემდეგ (15.11.96) ისნის რაიონის სასამართლოს გამოსახლების მოთხოვნით სარჩელით მიმართა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, 16.01.97წ. ისნის რაიონის სასამართლოს ანალოგიური მოთხოვნით მიმართა აგრეთვე ისნის რაიონის გამგეობამ. ისნის რაიონის სასამართლოს 20.01.97წ. განჩინებით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ისნის რაიონის გამგეობის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა, 04.02.97წ. გადაწყვეტილებით ორივე სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 01.04.97წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გაუქმდა იმ მოტივით, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვლისწინა სადავო ფართის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის ბალანსზე აღრიცხვა და გ-ების ოჯახის მრავალრიცხოვნობა. 20.10.97წ. საქართველოს კულტურის სამინისტროს სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად. ამდენად, სადავო ფართი ირიცხებოდა ისნის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის ბალანსზე, გამგეობას შპს «.. ..» სარჩელი არ უღიარებია და მოითხოვდა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამდენად, მართებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამგეობა, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო გადაეცა სადავო ფართი გ. გ-ების ოჯახისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო გადაწყვეტილებით ისნის რაიონის გამგეობამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში განკარგა ისნის რაიონის საბინაო ტრესტის სახელზე აღრიცხული, ქ. თბილისის მთავრობის 05.10.2000წ. ¹16.17.230 დადგენილებით საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხული ფართი. ვინაიდან სადავო ფართი წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საკუთრებას, არ არსებობს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე ლ. გ-ე-გ-ის მიერ სადავო ფართის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხი არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და არ არსებობს მისი გაუქმების, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ვინაიდან პროცესუალური კანონდმებლობა არ ითვალისწინებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საბოლოოდ გადაწყვეტილი სარჩელის უზრუნველყოფას, საკასაციო პალატის მიერ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შედეგად გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დროებითი პროცესუალური აქტით გამოყენებული ღონისძიება, კერძოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.02.04წ. განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «.. ..-ის» განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... მდებარე ლ. გ-ე-გ-ის სახელზე რიცხულ ფართს მოცემული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს «.. ..-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.12.04წ. გადაწყვეტილება;
2. გაუქმებულად ჩაითვალოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.02.04წ. განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... მდებარე, ლ. გ-ე-გ-ის სახელზე რიცხულ ფართს, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.