Facebook Twitter

¹ბს-403-387(კ-კს-06) 1 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ მ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 სექტემბერს ხ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წლის მაისიდან მუშაობდა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში, პროგრამებისა და ანონსის განყოფილებაში ..... თანამდებობაზე. 2003 წლის 1 სექტემბერს, აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, ¹29 ბრძანებით გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა პროგრამების გამშვებად, ხოლო 2003 წლის 6 ოქტომბერს, სამსახურში გამოცხადებისას შეიტყო იმ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ სამსახურიდან შტატების შემცირების გამო, რომელშიც თავადაც იყო მოხსენიებული. იმავე დღიდან იგი აღარ დაუშვეს სამსახურში. ხ. ს-ემ მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მისთვის ჩაბარება, რაც არ დაკმაყოფილდა. 2005 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელეს აცნობეს, რომ 2003 წლის ოქტომბერში მასთან შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ბრძანება არ არსებობდა, რის გამოც 2003 წლის 6 ოქტომბრიდან იგი უსაფუძვლოდ არ იქნა დაშვებული სამუშაოზე, რითაც დაირღვა მოსარჩელის უფლებები და მას მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა ხელფასის მიუღებლობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის _ 3840 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003 წლის 1 სექტემბრის ¹66 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ტელევიზია და რადიომაუწყებლობა და აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი. ხსენებული დაწესებულების ლიკვიდაციიის გამო, სამსახურიდან გათავისუფლდა ყველა თანამშრომელი და ყველა მათგანთან, მათ შორის, მოსარჩელესთანაც დაიდო შრომითი კონტრაქტი 1 თვის ვადით. მოსარჩელე აღნიშნული საკონტრაქტო ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან, რადგან მასთან აღარ გაგრძელებულა შრომითი ურთიერთობა და სახელშეკრულებო ვადა. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ხ. ს-ემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მან სამსახურში არდაშვებასთან დაკავშირებული მოქმედების შესახებ შეიტყო 2003 წლის 6 ოქტომბერს და შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადა ჰქონდა 2003 წლის 6 ნოემბრამდე. მოპასუხემ მიუთითა, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, ვინაიდან, ჯერ ერთი, იგი ასაჩივრებდა სამსახურში არდაშვებას და მიაჩნდა, რომ არ იყო სამსახურიდან გათავისუფლებული, ხოლო, მეორე მხრივ, ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას და არ უთითებდა, თუ კონკრეტულად რომელი აქტის ბათილად ცნობას მოითხოვდა იგი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების მოტივით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება; ხ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ქმედება ხ. ს-ის მიმართ სამსახურში დაუშვებლობის თაობაზე; აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტს დაევალა ხ. ს-ის დაშვება აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში .... თანამდებობაზე და მასვე ხ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, 2003 წლის ოქტომბრიდან _ 3840 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ხოლო საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ხ. ს-ე 2001 წლის მაისიდან მუშაობდა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში, პროგრამებისა და ანონსის განყოფილებაში პროგრამების გამშვებად. 2003 წლის 1 სექტემბერს აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და ხ. ს-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ ხ. ს-ე ერთთვიანი ვადით აყვანილ იქნა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში პროგრამების გამშვებად, რაზედაც გამოიცა ¹29 ბრძანება. ხ. ს-ის განმარტებით, 2003 წლის ოქტომბერში სამსახურში მისულს გამოკრული დახვდა იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ შტატების შემცირების მოტივით, გათავისუფლებულებს შორის იყო თვითონაც, აღნიშნული სია კი საქმეში წარმოდგენილი არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი იყო საჯარო სახელმწიფო დაწესებულება, ხოლო ამ დაწესებულების მოსამსახურე _ საჯარო მოხელე, რის გამოც დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებული უნდა ყოფილიყო მითითებული კანონის ნორმები. ხსენებული კანონის 110-ე მუხლის თანახმად, მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა გაფორმებულიყო ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით, ხოლო სამსახურიდან მოსამსახურის გათავისუფლების სხვა ფორმას, მათ შორის, სიტყვიერად სამსახურიდან გათავისუფლებას, კანონმდებლობა არ იცნობდა. დადგენილი იყო, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვებოდა ბრძანება ხ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც დასტურდებოდა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹464 წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საკონტრაქტო ვადის გასვლის შემდგომი პერიოდისათვის არ არსებობდა ხ. ს-თან კონტრაქტის ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ ბრძანება ან ახალი კონტრაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდებოდა ხ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო მოპასუხის შესაგებელში გამოქმული მოსაზრება მოსარჩელის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გაშვების თაობაზე, იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის თანახმად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდებოდა პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდებოდა სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული მუხლით რეგულირდებოდა იმ მოხელეებთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებიც გარკვეული ვადით იყვნენ დაკავებული სამსახურში, თუმცა მოხელესთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტისათვის აუცილებელი იყო სამსახურიდან განთავისუფლების გაფორმება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით, ხოლო უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გარეშე, მოხელე ვერ ჩაითვლებოდა სამსახურიდან გათავისუფლებულად.

2006 წლის 10 მაისს ხ. ს-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ამავე პალატის 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით ხ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლი, ვინაიდან, ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ტელევიზია იყო საჯარო დაწესებულება, ხოლო ამ დაწესებულების მოსამსახურე _ საჯარო მოხელე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ იცნობს საჯარო მოხელის ცნებას, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლში მითითებულია მხოლოდ საჯარო მოსამსახურის ცნებაზე, მათ შორის, მოხელეზე, ხსენებული კანონის მე-6 მუხლის მიხედვით კი, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ყველა საჯარო მოსამსახურე არ ითვლება მოხელედ. ვინაიდან ხ. ს-ე ტელევიზიასთან სამსახურებრივ ურთიერთობაში იყო შრომითი კონტრაქტის საფუძველზე და არა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, იგი არ წარმოადგენდა მოხელეს და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება _ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისათვის აუცილებელი არ იყო ბრძანების გამოცემა, რის გამოც ხსენებული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი ნორმები.

გარდა ამისა, კასატორი ასევე მიუთითებს შესაგებელში მოყვანილ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნავს, რომ ხ. ს-ეს შრომითი კონტრაქტი შეუწყდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული კოდექსი არ ითვალისწინებს შრომითი კონტრაქტის შეწყვეტას ბრძანებით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ ხ. ს-ემ დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ხოლო მოსარჩელის აღდგენა იმავე თანამდებობაზე შეუძლებელია, ვინაიდან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, პროგრამების გამშვების სამუშაოს კონტრაქტის საფუძველზე უკვე ასრულებს ერთი მოსამსახურე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 17 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 11 ოქტომბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის მეორე განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მ. ტ-ის კერძო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 11 ოქტომბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 1 ნოემბერს მხარეთა დასწრების გარეშე; აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მინურ ტუნაძის კერძო საჩივრის განხილვა გადაიდო და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 1 ნოემბერს მხარეთა დასწრების გარეშე

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლი, ვინაიდან, ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ტელევიზია იყო საჯარო დაწესებულება, ხოლო ამ დაწესებულების მოსამსახურე _ საჯარო მოხელე, ვინაიდან საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ყველა საჯარო მოსამსახურე არ ითვლება მოხელედ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ, ვინაიდან ხ. ს-ე ტელევიზიასთან სამსახურებრივ ურთიერთობაში იყო შრომითი კონტრაქტის საფუძველზე, მასზე ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან მოცემული საქმის მასალებში წარმოდგენილია ხ. ს-ესა და აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტს (ამჟამად აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი) შორის ერთი თვის ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულება მიუთითებს ხ. ს-ესა და ხსენებულ დეპარტამენტს შორის იმჟამად მოქმედი შრომის კანონმდებლობის საფუძველზე არსებულ კერძო-სამართლებრივ, შრომით ურთიერთობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი წარმოადგენს სახაზინო დაწესებულებას, მაგრამ მასში მომუშავე ყველა პირი ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ, მათ შორის, ვერც ხ. ს-ე, რადგან მოსარჩელის მიერ კონტრაქტით დაკავებული თანამდებობა _ პროგრამების დაგეგმვის განყოფილების თანაშემწე არ შედის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში”. შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო ამავე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად _ თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნაცვლად, გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

ამდენად, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს სადავო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი და დაადგინოს, დაირღვა თუ არა ხ. ს-ის სამუშაოდან გათავისუფლებისას აღნიშნული კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.