Facebook Twitter
ბს-404-326-კ-05 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია

დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონის გამგეობის 2000წ. 15 აგვისტოს ¹79 დადგენილებით საიჯარო ქირის _ 4340 ლარის გადაუხდელობის გამო თელავის რაიონის საგადასახდო ინსპექციის მიმართვის საფუძველზე გაუქმდა კასატორ მ. ქ.-თან 1998 წელს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება.
2001წ. 19 აპრილს მ. ქ.-მ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის რაიონის გამგეობის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ¹79 დადგენილების ბათილად ცნობა:
1998წ. 28 დეკემბერს თელავის რაიონის გამგეობასთან 9 წლის ვადით დადო იჯარის ხელშეკრულება 62 ჰა მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული წლიური იჯარის ქირის ოდენობა, არამედ იგი დადგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის ოდენობით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, მიწის იჯარის ყოველწლიური ქირა მოიჯარეს უნდა შეეტანა ეტაპობრივად _ 1 აპრილიდან 1 ივნისამდე _ საიჯარო ქირის 25%, ხოლო დანარჩენი _ 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 4.3.1 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, ვადამდე შეეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება. იმავდროულად, 1998წ. 28 დეკემბერს კოოპერატივ “ჯ.-სა” და მ. ქ.-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით 59 ჰა-ზე გაშენებულ ვენახზე.
თელავის რაიონის გამგეობის 2000წ. 15 აგვისტოს სადავო დადგენილებით, საიჯარო ქირის 4340 ლარის გადაუხდელობის გამო, სხვა მოიჯარეებთან ერთად გაუქმდა მ. ქ.-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, რასაც საფუძვლად დაედო თელავის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 14 ივლისის ¹873 წერილი და დანართი, რომლითაც მ. ქ.-ი შეყვანილია ურჩ გადამხდელთა სიაში. ¹79 დადგენილების შესაბამისად, კოოპერატივ “ჯ.-ის” 2000წ. 18 აგვისტოს ბრძანებით ასევე გაუქმდა კოოპერატივსა და მ. ქ.-ს შორის დადებული 59 ჰა ვაზის იჯარის ხელშეკრულება. მოსარჩელემ აღნიშნა, მართალია, მისთვის არ იყო ცნობილი საიჯარო ქირის ზუსტი ოდენობა, მაგრამ ხელშეკრულების დადებისთანავე, 1998წ. 29 დეკემბერს, გადაიხადა მომდევნო წლის _ 1999წ. საიჯარო ქირა _ 1612 ლარი. საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ გამგეობას მისთვის არ უცნობებია და არც იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე იყო მისთვის ცნობილი. მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია საიჯარო ქირის დავალიანების გამო მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა და ითხოვს თელავის რაიონის გამგეობის ¹79 დადგენილების ბათილად ცნობას.
თელავის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით მ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის გამგეობის 2000წ. 15 აგვისტოს ¹79 დადგენილების ნაწილი, რომლითაც საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო ვადამდე შეწყდა მ. ქ.-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თელავის რაიონის გამგეობის მიერ.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო პალატების მიერ. 2003წ. 10 მარტს მოსარჩელე მ. ქ.-მ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თელავის რაიონის გამგეობის 2000წ. 15 აგვისტოს ¹79 დადგენილების იმ ნაწილის ბათილად ცნობაც, რომლითაც მასთან საიჯარო ხელშეკრულების მოშლისთანავე გამგეობამ სოფ. ... მდებარე 60 ჰა მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით იჯარით გასცა შპს “ვ.-ს”.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით თელავის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა სსკ-ის 398-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლომ დაარღვია მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმები.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ 1998წ. 28 დეკემბერს მ. ქ.-სა და თელავის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 62 ჰა მიწის ნაკვეთის 9 წლის ვადით იჯარით გადაცემის შესახებ, ხოლო 2000წ. 15 აგვისტოს ¹79 დადგენილებით გამგეობამ შეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება საიჯარო ქირის დავალიანების _ 4340 ლარის გადაუხდელობის გამო, რასაც საფუძვლად დაედო თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2000წ. 14 ივლისის ¹873 წერილი დანართით, რომელშიც მ. ქ.-ი ურჩ გადამხდელთა სიაშია შეყვანილი. ასევე დადგენილია, რომ ამავე ¹79 დადგენილებით 60 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა შპს “ვ.-ს” 49 წლის ვადით. საქმის მასალების თანახმად, სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად ცნო, რომ მოიჯარე მ. ქ.-ის საიჯარო ქირის დავალიანება 2000წ. 1 ივლისისათვის შეადგენდა 4340 ლარს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებას და მასზე ვრცელდება სკ-ის ნორმები. სკ-ის 591-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მიწის იჯარის ხელშეკრულებაზე ვრცელდება იჯარის წესები, ხოლო 582-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების ნორმები. 558-ე მუხლით დადგენილია, რომ საიჯარო ქირის 3 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება აქვს, საიჯარო ხელშეკრულების ცალმრივად შეწყვიტოს, რაც ასევე ცალსახად ასახულია 1998წ. 28 დეკემბრის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტში. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით, მოიჯარე მ. ქ.-ი ვალდებული იყო, მიწის იჯარის ყოველწლიური ქირის 25% გადაეხადა მეიჯარის ანგარიშზე ¹..., გადახდის ვადად განისაზღვრა 1999წ. 1 ივნისამდე პერიოდი. ხელშეკრულების 2.1 მუხლით დადგინდა, რომ საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის ოდენობით, რომელიც 1998 წელს შეადგენდა 1 ჰა-ზე 26 ლარს, 1999-2000 წლებში 1 ჰა-ზე _ 35 ლარს. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ საიჯარო ქირა 1612 ლარი მას გადახდილი აქვს, რადგან აღნიშნული თანხა ჩარიცხულია არა ხელშეკრულების 2.3 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე და მეიჯარე გამგეობის ანგარიშზე საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. ვინაიდან მოიჯარეს არ ჰქონდა გადახდილი საიჯარო ქირა, გარიგების ვადამდე შეწყვეტის უფლება მხარეს წარმოეშვა 1999წ. 1 ივნისიდან. ამასთან, ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ წერილობითი გაფრთხილების ვალდებულება მეიჯარე გამგეობას არც ხელშეკრულებით და არც კანონმდებლობით არ ჰქონდა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო მოიჯარე მ. ქ.-ის მოთხოვნა თელავის რაიონის გამგეობის 2000წ. 15 აგვისტოს ¹79 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მეორე მოთხოვნაც, ¹79 დადგენილების იმ ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მისთვის ჩამორთმეული 60 ჰა მიწის ნაკვეთი 49წ. ვადით იჯარის გადაეცა შპს “ვ.-ს”, რადგან საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მეიჯარე თელავის რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო დაედო ახალი საიჯარო ხელშეკრულება სხვა სუბიექტთან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ქ.-ის მიერ, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ის 558-ე, 591-ე, 582-ე მუხლებზე მითითებას, მაგრამ მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება და შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რადგან საქმეში წარმოდგენილია ბანკის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორმა 1998წ. 29 დეკემბერს წინასწარ მთლიანად გადაიხადა 1999წ. საიჯარო ქირა _ 1612 ლარი. რაც შეეხება 2000წ. იჯარის ქირას, ქირის 25% მას უნდა გადაეხადა 1 ივნისამდე, დანარჩენი კი 1 ნოემბრამდე. მეიჯარეს ამ ვადიდან 3 თვის გასვლის შემდეგ ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულების მოშლის უფლება, ე.ი. 2000წ. 1 სექტემბერს, მან კი ხელშეკრულება შეწყვიტა უფრო ადრე _ 2000წ. 15 აგვისტოს. კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 405-ე მუხლი. ამასთან, საჭირო იყო ხელშეკრულების მოშლის შესახებ წინასწარ წერილობითი გაფრთხილება. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოება, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის ჰქონდა თუ არა მას დავალიანება 4340 ლარის ოდენობით. კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 606-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საიჯარო ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მხოლოდ საიჯაროწ. დამთავრებისთანავე.
მოწინააღმდეგე მხარის, თელავის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის _ შპს “ვ.-ის” წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანია კასატორის მიერ საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო, 9 წლის ვადით დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და იგივე ნაკვეთის შპს “ვ.-ისათვის” იჯარით გადაცემა. კასატორი მ. ქ.-ი იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვისას სკ-ის 558-ე, 582-ე, 591-ე მუხლების გამოყენება-განმარტების კანონიერებას და ამდენად, საკასაციო საჩივრის მოტივს არ წარმოადგენს სსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არამართებული გამოყენება-განმარტება, არამედ კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შეფასებას.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1998წ. 28 დეკემბერს კასატორ მ. ქ.-სა და თელავის რაიონის გამგეობას შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 9 წლის ვადით 62 ჰა მიწის ნაკვეთზე, ხოლო თელავის რაიონის გამგეობის სადავო 2000წ. 15 აგვისტოს ¹79 დადგენილებით, საიჯარო ქირის _ 4340 ლარის გადაუხდელობის გამო, მ. ქ.-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა და იგივე მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა შპს “ვ.-ს”. საიჯარო ხელშეკრულებაში იჯარის ქირის წლიური ოდენობა თანხობრივად არ იყო განსაზღვრული, მაგრამ 2.1 პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენდა სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის შესაბამის თანხას. ხელშეკრულებაში 2.3 პუნქტით დადგენილი იყო საიჯარო ქირის გადახდის წესი. კერძოდ, საიჯარო ქირის 25% მოიჯარე ქ.-ს უნდა შეეტანა 1 აპრილიდან 1 ივნისამდე, ხოლო დანარჩენი _ 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში.
სკ-ის 581-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ხელშეკრულების 3.3.4 პუნქტის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა დადგენილ ვადაში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კასატორ (მოიჯარე) მ. ქ.-ს საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია და ხელშეკრულების დადებიდან 1998წ. 28 დეკემბრიდან მის მოშლამდე, 2000წ. 15 აგვისტომდე საერთოდ არ გადაუხდია საიჯარო ქირა. საქმეში, მართალია, წარმოდგენილია 1998წ. 29 დეკემბრის ბანკის ქვითარი მ. ქ.-ის მიერ 1612 ლარის გადახდის შესახებ, მაგრამ საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერვე წარმოდგენილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005წ. 25 მაისის ¹02-2125/27 ცნობით ირკვევა, რომ თელავის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში ¹... ანგარიშზე 1998წ. 29 დეკემბერს გადახდილი 1612 ლარი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 149-152-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადს, ხოლო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ¹... ანგარიშზე მიწის იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც საკასაციო სასამართლოსათვის წარმოუდგენია კასატორს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კასატორს 1998წ. 28 დეკემბრიდან 2000წ. 15 აგვისტომდე საიჯარო ნაკვეთით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში საერთოდ არა აქვს გადახდილი საიჯარო ქირა, 4340 ლარი, რაც სკ-ის 558-ე, 581-ე მუხლებისა და მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე მოშლის უდავო საფუძველია.
ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, წლიური საიჯარო ქირის 25% მოიჯარეს უნდა გადაეხადა 1 აპრილიდან 1 ივნისამდე, ხოლო დანარჩენი _ 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე. ვინაიდან საკასაციო პალატას უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია მ. ქ.-ის მიერ 1998წ. 28 დეკემბრიდან საიჯარო ხელშეკრულების მოშლამდე საიჯარო ქირის საერთოდ გადაუდელობა, ამიტომ სკ-ის 405-ე მუხლზე კასატორის მითითებას საიჯარო ქირის დავალიანების გადახდისათვის დამატებითი ვადის მიცემის შესახებ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მოიჯარე მ. ქ.-ის მიერ საიჯარო ქირის დავალიანების _ 4340 ლარის გადაუხდელობა წარმოადგენს გამგეობის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერ საფუძველს და გამგეობის მიერ დაცული იქნა სკ-ის 558-ე მუხლით დადგენილი საიჯარო ხელშეკრულების მოშლის ვადა.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ მოიჯარის წინასწარ გაფრთხილების სავალდებულობის თაობაზე, რადგან მეიჯარის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მოიჯარის წინასწარ წერილობით გაფრთხილებას არც მოქმედი კანონმდებლობა და არც მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, არამედ ხელშეკრულების 3.3.9 და 4.2 პურნქტები ადგენენ მეიჯარესა და მოიჯარის მოვალეობას წერილობით შეატყობინონ ერთმანეთს იჯარის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ან ცალმხრივად მოშლის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან უტყუარად დასტურდება კასატორის მიერ საიჯარო მიწით სარგებლობის პერიოდში საიჯარო ქირის გადაუხდელობის ფაქტი, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ 4340 ლარის საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო მეიჯარე თელავის რაიონის გამგეობის მიერ მიწის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა კანონიერია და თელავის რაიონის გამგეობა, როგორც საიჯარო მიწის მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო, განეკარგა მ. ქ.-ისათვის ჩამორთმეული საიჯარო ნაკვეთი და გადაეცა შპს “ვ.-ზე”. შესაბამისად, შპს “ვ.-ისათვის” საიჯარო ნაკვეთის გადაცემით არ შელახულა მ. ქ.-ის კანონიერი უფლებები, ამიტომ ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ სწორად არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება, ვინაიდან სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება მ. ქ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.