Facebook Twitter

¹ბს-405-389(კ-06) 4 ოქტომბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; წარმომადგენელი – კ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განჩინება

დავის საგანი – 1991 წლის დეკემბრიდან 1992 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდის ნამსხურობის წლებში ჩათვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 21 ივნისს დ. ნ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1991 წლის 11 დეკემბრიდან 1992 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1991 წლის 11 დეკემბრის ¹9 ბრძანებით დაინიშნა თავდაცვის მინისტრის .... თანამდებობაზე. 1992 წლის ცნობილი მოვლენების დროს, თებერვალში თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობას გამოუცხადეს, რომ გადაყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში. სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 9 დეკემბრის ¹23 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, შეიარაღებული ძალების .... თანამდებობაზე. 2005 წლის იანვარში ავადმყოფობის გამო გავიდა პენსიაზე. პენსიისათვის წელთა ნამსახურობის დათვლა კადრების სამმართველოში ვერ მოხერხდა 1992 წელს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და, მათ შორის, მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე ბრძანების არარსებობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 1991 წლის 11 დეკებრიდან 1992 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლას.

საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა 1991 წლის 11 დეკებრიდან 1992 წლის 6 დეკებრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა.

მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტოს დაევალა, ჩაუთვალოს დ. ნ-ეს სამხედრო სამსახური 1991 წლის 11 დეკემბრიდან 1992 წლის 6 დეკემბრამდე ნამსახურობის სტაჟში.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ: ზღვრული ასაკის მიღწევისას, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის, ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი, მხარეთა შეთანხმებით, ან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალურსამართლებრივი აქტით, ბრძანებით, ვინაიდან ბრძანების სამართლებრივი შედეგია შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სზაკ-ის მე-2 მუხლის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტად მიჩნეულია გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ბრძანების სამართლებრივი შედეგია შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის გათავისუფლების შესახებ არის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა წერილობითი ფორმით და შეიცავს დასაბუთებას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში უნდა იქნეს მითითებული ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. ინდივიდუალური- ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენს აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 1991 წლის 11 დეკემბრიდან 1992 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში მოსარჩელის შეიარაღენული ძალების რიგებიდან დათხოვნის ბრძანების გამოცემის ფაქტი და ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემას განაპირობებდა.

სასამართლოს მითითებით, სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, ანუ მტკიცების მოვალეობა, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოსცა. აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების და მის მიმართ ინდივიდუალური-ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული მტიცების ტვირთი ეკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოპასუხის მიერ კი ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელე 1991 წლის 11 დეკებრიდან 1992 წლის 6 დეკემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლდა კანონით დადგენილი წესით.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 9 დეკემბრის ¹23 განკარგულებით, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს _ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხედრო კონსულტანტ-ინსპექტორების ჯგუფის ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით დაინიშნა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს .... შემსრულებლად. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს _ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხედრო კონსულტანტ-ინსპექტორების ჯგუფის ახალი საშტატო განრიგის დამტკიცება, რამაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით განაპირობა მოსარჩელის აღნიშნულ თანამდებობაზე გადაყვანა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამხედრო საბჭოს 1992 წლის 3 იანვრის ¹8 დადგენილების შესაბამისად თავდაცვის მინისტრ ჯ. ფ-ს უფლებამოსილება შეუწყდა და 1992 წლის 4 იანვარს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ლ. შ-ე, რომელთანაც მოსარჩელეს სამსახური არ გაუგრძელებია, თუმცა დოკუმენტაცია მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ არ არსებობს.

აპელანტის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. ოფიცერთა შეადგენლობა ირიცხება რეზერვში, ხოლო მათი გაწვევის შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა სამხედრო მოსამსახურე, გადის შესაბამის შემოწმებას და სამხედრო კომისარიატიდან სამხედრო ნაწილში მათი სპეციალობის, განათლების, სამხედრო წოდებისა და სამხედრო მომზადების გათვალისწინებით სამხედრო ნაწილის მეთაურის (უფროსის) ბრძანებით ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 9 დეკემბრის ¹23 განკარგულებით რეზერვის კაპიტანი დ. ნ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის _ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის დავალებათა შემსრულებლად, რაც, ფაქტობრივად, იმის დადასტურებაა, რომ მოსარჩელე 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის 9 დეკემბრამდე იყო რეზერვის კაპიტანი და არ მსახურობდა.

აპელანტის მოსაზრებით, მოთხოვნა სადავო პერიოდის უწყვეტ ნამსახურობის სტაჟში ჩათვლაზე, იმ მოტივით, რომ თანამდებობიდან დათხოვნის ბრძანება არ არსებობს, უსაფუძვლოა, ვინაიდან იმ დროისათვის საქართველოში არსებული მოვლენების გამო, დოკუმენტების განადგურების მრავალი ფაქტია დაფიქსირებული. აღნიშნული პერიოდის ბრძანებები თავდაცვის სამინისტროში ვერ მოიძებნა, რაშიც თავდაცვის სამინისტროს არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან მტკიცდება, რომ ის რეზერვში ირიცხებოდა და, შესაბამისად, 1991 წლის იანვრიდან 1992 წლის დეკემბრამდე პერიოდი სამხედრო სამსახურში ვერ ჩაეთვლება. სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება შესაბამისი ბრძანებით. სადავო პერიოდში შრომითსამართლებრივი ურთიერთობის Aშეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებაა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 9 დეკემბრის ¹23 განკარგულება, რომლიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს ამ პერიოდში სამხედრო სამსახურთან, ფაქტობრივად, შეწყვეტილი ჰქონდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობები, იგი რეზერვისტადაა ჩარიცხული და ხელახლაა გაწვეული შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის მაისის ¹92 განკარგულებით ის გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და ჩარიცხულია კვლავ რეზერვში, რაც სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1991 წლის 11 დეკემბრის ¹9 ბრძანებით ოფიცერი დ. ნ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ნამდვილ სამხედრო სამსახურში, დაინიშნა თავდაცვის მინისტრის კანცელარიაში უფროს ადიუტანტად და მიენიჭა სამხედრო წოდება _ კაპიტანი. საქმეში არ არის და მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბრძანება 1992 წელს დ. ნ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

საქმეშია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 9 დეკემბრის ¹23 ბრძანების ასლი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხედრო კონსულტანტ-ინსპექტორების ჯგუფის ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გაწვეულ იქნენ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, რეზერვის კაპიტანი, დ. ნ-ი უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის _ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის დავალებათა შემსრულებლად. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ბრძანება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულების სახით მიუთითა თბილისის გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონების სამობილიზაციო შტატებიდან გაცემულ ცნობებზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე დ. ნ-ე 1992 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამობილიზაციო შტაბში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 1992 წელს რეზერვში არ ირიცხებოდა.

იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების 1992 წლის ივლისის უწყისში შეტანილი არ იყო ადიუტანტის საშტატო თანამდებობა და მოსარჩელის გვარი, სააპელაციო პალატის მიერ ასევე არ იქნა მიღებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული უწყისი, სასამართლო განმარტებით, ვერანაირად ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დათხოვნილი იყო სამხედრო სამსახურიდან. ამასთან, პირად საქმეში წარმოდგენილია ნამსახურობის ნუსხა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის 14 აგვისტოდან. პირად საქმეშია ასევეა ამონაწერი ნამსახურობის ნუსხიდან, რომლის თანახმადაც 1991-1992 წლებში დ. ნ-ე მითითებულია როგორც “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს _ მინისტრის ადიუტანტის დავალებათა შესრულებელი. პირად საქმეშია ასევე გენერალ-მაიორ ვ. ჩიქოვანის სახელით გაცემული და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მრგვალი ბეჭდით დამოწმებული 1998 წლის 5 თებერვლის ¹10-11/33ჩ ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი დანიშნული იყო სახელმწიფო მეთაურის მთავარ სამხედრო მრჩევლად და 1992 წლის 10 მარტიდან 1993 წლის 1 სექტემბრამდე მის აპარატში სამსახურს გადიოდა.

პალატის განმარტებით, “სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის სხვადასხვა შემთხვევას. სამსახურიდან დათხოვნა ფორმდება ბრძანებით, რაც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტია. რაიმე მტკიცებულება, რომ სადავო პერიოდში თავდაცვის სამინისტროში გამოცემული იყო ბრძანება დ. ნ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ იყო, პირიქით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დ. ნ-ე სადავო პერიოდში სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არ იყო, რის გამოც აღნიშნული პერიოდი მოსარჩელე დ. ნ-ეს უნდა ჩაეთვალოს წელთა ნამსახურობაში.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1991 წლის 11 დეკემბრის ¹9 ბრძანებით ოფიცერი დ. ნ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ნამდვილ სამხედრო სამსახურში, დაინიშნა თავდაცვის მინისტრის კანცელარიაში უფროს ადიუტანტად და მიენიჭა კაპიტნის წოდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის-საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 9 დეკემბრის ¹23 ბრძანებით დ. ნ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს .... შემსრულებლად.

კასატორი-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აპელირებს რა ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე, რომელშიც საუბარია დ. ნ-ის რეზერვიდან გაწვევაზე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ. ნ-ე 11.12.1991 წლიდან-09.12.1992 წლამდე იმყოფებოდა რეზერვში, რის გამოც მითითებული პერიოდი არ შეიძლება ჩაეთვალოს ნამდვილ სამხედრო სამსახურად.

კასატორის პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ შემოწმდა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმეში დაცული მასალებით.

პირის სამსახურში დანიშვნა ან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით, ან დადგენილებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირი მუშაობს საკონტრაქტო პირობებზე). სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა დ. ნ-ის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით კასატორს-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რაც საკასაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აძლევს საფუძველს, უდავოდ მიიჩნიოს მითითებული ბრძანების არარსებობის ფაქტი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად კი სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მე-2 მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საგულისხმოა, რომ კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქმის განხილვის ვერ ცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც უარყოფდა ან გააქარწყლებდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, პირად საქმეში დაცულია ამონაწერი ნამსახურობის ნუსხიდან, რომლის ჩანაწერის შესაბამისადაც, 1991-1992 წლებში დ. ნ-ე მოხსენიებულია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს-მინისტრის ადიუტანტის დავალებათა შემსრულებლად. ამავე ნუსხის შესაბამისად დგინდება, რომ დ. ნ-ე 1992 წლის 14 აგვისტოდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავდა, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამხედრო მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად ითვლება სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობა.

საქმეში ს.ფ. 100-ზე, წარმოდგენილია ვაკე-საბურთალოს სამობილიზაციო შტაბის უფროსის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ დ. ნ-ე 1992 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვაკე-საბურთალოს სამობილიზაციო შტაბში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა, რაც გამორიცხავდა საბრძოლო მოქმედებებში მისი რეზერვიდან გაწვევის შესაძლებლობას.

ის გარემოება, რომ დ. ნ-ე მონაწილეობდა ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში, კასატორის მხრიდან სადავოდ გამხდარი არ არის, რაც საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ სადავო პერიოდში დ. ნ-ე ნამდვილად გადიოდა სამხედრო სამსახურს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის-საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 9 დეკემბრის ¹23 ბრძანება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დ. ნ-ეს 1992 წლის იანვრიდან იმავე წლის დეკემბრამდე თავდაცვის სამინისტროსთან შეწყვეტილი ჰქონდა შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან, თუნდაც მითითება იმის თაობაზე, რომ 1992 წლის 9 დეკემბრისათვის დ. ნ-ე იმყოფებოდა რეზერვში, სასამართლოს, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, არ აძლევს იმის საფუძველს, დაადგინოს, თუ დროის რა მონაკვეთში და რა ხანგრძლივობით იმყოფებოდა დ. ნ-ე რეზერვში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა და ვერ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უარმყოფელ ვერ ცერთ მტკიცებულებაზე, რის გამოც, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.