Facebook Twitter

ბს-407-391(კ-06) 8 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ხონის რაიონის გამგეობა (მოპასუხე) და ლ. მ-ლი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჩ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 17 ოქტომბერს ნ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რაიონის გამგეობის მიმართ და სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა რაიონის გამგეობაში აპარატის საერთო თანამდებობაზე. ხონის რაიონის გამგებლის 2005 წლის 16 სექტემბრის ¹ განკარგულებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო, გათავისუფლდა თანამდებობიდან, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

მოსარჩელის განმარტებით, ადგილობრივი აპარატისა და საჯარო მოსამსახურეთა შტატები რაიონის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით 2005 წლის 29 სექტემბერს დამტკიცდა, ხოლო სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა ხონის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 28 სექტემბრის ¹-- გადაწყვეტილებით. ამდენად, 2005 წლის 16 სექტემბერს მოპასუხეს არ ჰქონდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების უფლება.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შტატები არ შემცირებულა. ამასთან, ამავე კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, მაგრამ მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. აღნიშნული მოთხოვნით მოსარჩელემ 2005 წლის 22 სექტემბერს წერილით მიმართა ხონის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, რაზეც მიიღო პასუხი, რომ გასათავისუფლებელი მუშაკისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება ხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ არსებობდა შესაბამისი ვაკანსია, რაც მოცემულ შემთხვევაში მათ არ გააჩნდათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ხონის რაიონის გამგებლის 2005 წლის 16 სექტემბრის ¹-- განკარგულების ბათილად ცნობა და რაიონის მმართველობის აპარატის საერთო განყოფილების თანამდებობის შესაბამის _ კანცელარიის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ხონის ადგილობრივი მმართველობის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი ლ. მ-ლი ჩაება.

ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხონის რაიონის გამგებლის 2005 წლის 16 სექტემბრის ¹-- განკარგულება; სარჩელს ხონის რაიონის მმართველობის აპარატის საერთო განყოფილების თანამდებობის შესაბამის _ კანცელარიის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ჩ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ნანული ჩირგაძის კანცელარიის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ნანული ჩირგაძე აღდგენილ იქნა ხონის რაიონის გამგეობის კანცელარიის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხონის რაიონის გამგეობის 2005 წლის 16 სექტემბრის ¹-- განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი ხონის რაიონული სასამართლოს მიერ და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიძლებოდა, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნანული ჩირგაძისთვის სხვა სამსახური არ შეუთავაზებიათ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირება. რეორგანიზაციის შემდეგ საერთო თანამდებობას ეწოდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, ხოლო ფუნქციები, ფაქტობრივად, იგივე დარჩა, თანამდებობის სახელწოდების შეცვლა კი არ წარმოადგენდა გათავისუფლების საფუძელს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული, სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლებაც, ვინაიდან მოსარჩელეს ლ. მ-თან შედარებით მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი ჰქონდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ხონის რაიონის გამგეობამ და ლ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ ნ. ჩ-ის ადრინდელი და ლ. მ-ის ამჟამინდელი თანამდებობები და ფუნქციები არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რაც საქმის მასალებითაც დასტურდებოდა. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებდა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხონის რაიონის გამგეობისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმულ მესამე პირს მიეცათ უფლება, 2006 წლის 27 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 6 სექტემბრამდე.

2006 წლის 19 ივლისს ნ. ჩ-ემ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება ხონის რაიონის გამგეობისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც აღნიშნული საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

2006 წლის 6 სექტემბერს მომხსენებელი მოსამართლის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო, ხსენებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება გადაიდო 2006 წლის 13 სექტემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ხონის რაიონის გამგეობისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 8 ნოემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ხონის რაიონის გამგეობისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნანული ჩირგაძის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ჩ-ძე მუშაობდა ხონის რაიონის გამგეობაში აპარატის საერთო თანამდებობაზე. ხონის რაიონის გამგებლის 2005 წლის 16 სექტემბრის ¹-- განკარგულებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო, გათავისუფლდა თანამდებობიდან. ხონის რაიონის გამგებლის 2004 წლის 3 მაისის ¹-- ბრძანებით დამტკიცდა ხონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის აპარატისა და სამსახურების საშტატო განრიგები. ხონის რაიონის მმართველობის ორგანოებისა და საჯარო მოსამსახურეთა შტატები ხონის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 29 სექტემბრის ¹-- ბრძანებით დამტკიცდა, ხოლო სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა ხონის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 28 სექტემბრის ¹-- გადაწყვეტილებით. თანამდებობიდან გათავისუფლებისას ნ. ჩ-სთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, ხონის რაიონის გამგებლის 2004 წლის 3 მაისის ¹-- ბრძანებით დამტკიცდა ხონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის აპარატისა და სამსახურების საშტატო განრიგები, კერძოდ, ხონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის აპარატში დამტკიცდა -- საშტატო ერთეული. ხონის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 29 სექტემბრის ¹-- ბრძანებით ხონის რაიონის მმართველობის ორგანოების და საჯარო მოსამსახურეთა შტატები დამტკიცდა, კერძოდ, ხონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის საჯარო მოსამსახურეთა შტატები დამტკიცდა 21 საშტატო ერთეულის რაოდენობით. ამდენად, ხონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის აპარატში შტატები შემცირდა, ამასთან, ახალ საშტატო განრიგში აღარ იყო გათვალისწინებული აპარატის თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა ნ. ჩ-ძე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ. ჩ-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ დაცული არ ყოფილა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. მოცემული საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (ძველი რედაქცია), რომელიც იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენდა, არ დაიშვებოდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ იგი სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობას განაცხადებდა და ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რეორგანიზაციას თან შტატების შემცირება ახლდა, ადმინისტრაციას მაინც ავალდებულებდა, მოხელისათვის ხსენებული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, განმარტავს, რომ, მართალია, 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება) გაუქმდა, მაგრამ აღნიშნული მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოიშვა ამ კანონის ძალაში შესვლამდე, 2006 წლის 1 იანვრამდე. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ასეთ მითითებას 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი არ შეიცავს. ამასთან, არ დაიშვება კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო განკარგულების კანონიერება მისი გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ საერთო განყოფილების უფროსის თანამდებობას ეწოდა თანამდებობა, ხოლო ფუნქციები, ფაქტობრივად, იგივე დარჩა, თანამდებობის სახელწოდების შეცვლა კი არ წარმოადგენდა გათავისუფლების საფუძველს და ნ. ჩ-ძე აღადგინა ხონის რაიონის გამგეობის თანამდებობაზე. ამასთან, კასატორები, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ ნ. ჩ-ის ადრინდელი და ლ. მ-ის ამჟამინდელი თანამდებობები და ფუნქციები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც საქმის მასალებითაც დასტურდება, ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, რასაც ითვალისწინებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული თანამდებობის გაუთვალისწინებლობა და აღნიშნული თანამდებობის შესაბამისი ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობის გათვალისწინება, ერთი მხრივ, ნიშნავს არა მანამდე არსებული თანამდებობის კვლავ შენარჩუნებას, ანუ მის არსებობას სხვა სახელწოდებით, არამედ _ შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას, ანუ ძველი და ახალი თანამდებობების ფუნქციების იგივეობა არ აფუძნებს ხსენებული თანამდებობების იდენტურობას და ამდენად, მეორე მხრივ, მოსარჩელის ფუნქციონალურად შესაბამის ახალ თანამდებობაზე აღდგენა ვერ ჩაითვლება მის მიერ მანამდე დაკავებულ, იმავე თანამდებობაზე აღდგენად. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ნ. ჩ-ძე, ფაქტობრივად, მის მიერ ხონის რაიონის გამგეობის აპარატში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღადგინა, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და წინანდელი თანამდებობის არარსებობის გამო, მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი თვით ხონის რაიონის გამგეობამ უნდა გადაწყვიტოს, რადგან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, ხონის რაიონის გამგეობამ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ჩ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, რომლის დროსაც მან უნდა გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული აღნიშნული გამგეობის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხონის რაიონის გამგეობისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და ხონის რაიონის გამგეობას დაევალება მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნანული ჩ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხონის რაიონის გამგეობისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ხონის რაიონის გამგეობას დაევალოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ჩ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.