Facebook Twitter

¹3კ/421 30 აგვისტო 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),

მ. წიქვაძე

მხარეები:

მოსარჩელე _ (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) “ა-ი” წარმომადგენელი – ა. ბ-ა

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე) _ შპს “ზ-ი” წარმომადგენელი – რ. პ-ა

დავის საგანი: სარჩელში - შპს-ს პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმება; რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.

შეგებებულ სარჩელში: შპს-დან პარტნიორის გარიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი

1999 წლის 31 იანვარს შპს “ზ-ს” და “ა-ს” შორის დაიდო კონტრაქტი. იმავე დღეს კონტრაქტის საფუძველზე მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს “ზ-ის” საწესდებო კაპიტალში წილის გასხვისების შესახებ, რომლითაც შპს-ს წილის 80%-ის მესაკუთრე გახდა “ა-ი”.

მცხეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის დადგენილებით მოხდა შპს “ზ-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა.

1999 წლის 19 აპრილს ჩატარდა შპს “ზ-ის” პარტნიორთა კრება, რომელსაც კრების ოქმის მიხედვით ესწრებოდნენ საწარმოს პარტნიორები: თ. ჩ-ე, ტ. ხ-ი, ა. ყ-ი, რ. ლ-ე, კომპანია “ა-ის” წარმომადგენლები: რ. ჰ-ი და მ. პ-ი. კრების დღის წესრიგში იყო შპს-ს მიმართ “ა-ის” მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე რეაგირება. პარტნიორთა კრებამ დაადგინა საწესდებო კაპიტალის 80% წილის მფლობელი პარტნიორის გარიცხვა შპს-დან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 აპრილის დადგენილებით ცვლილება მოხდა შპს “ზ-ის” სამეწარმეო რეესტრში.

1999 წლის 18 მაისს “ა-მ” სარჩელით მოითხოვა 1999 წლის 19 აპრილის შპს “ზ-ის” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების და მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 აპრილის სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილების გაუქმება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან მიიჩნია, რომ შპს-ს პარტნიორთა კრება კანონით დადგენილი წესით იქნა მოწვეული.

“ა-მ” აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს “ზ-მა” აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა “ა-ის” გარიცხვა შპს-ს პარტნიორობიდან. სარჩელის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ შპს-დან 80% წილის გასხვისება მოწინააღმდეგე მხარეზე მოხდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, “ა-მ” 1999 წლის 31 იანვრის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები “არ შეასრულა, რითაც საზოგადოება მნიშვნელოვნად დაზარალდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელი და გაუქმდა შპს “ზ-ის” პარტნიორთა კრების ოქმი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 აპრილის ¹46/4 დადგენილება სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “ზ-ის” შეგებებული სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 31 იანვრის კონტრაქტი და შპს “ზ-ს” და “ა-ს” შორის დადებული ხელშეკრულება წილის გასხვისების შესახებ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის დადგენილება შპს “ზ-ში” ახალი პარტნიორის მიღებისა და პარტნიორთა შორის წილების გადანაწილების შესახებ; ბათილი ხელშეკრულებების საფუძველზე გარიცხულად ჩაითვალა “ა-ი” შპს “ზ-ის” პარტნიორთა რიგებიდან. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3; 3.5; 46.1; 46.3 და 47.4 მუხლები.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ კანონის დარღვევით მიიღო წარმოებაში შეგებებული სარჩელი. ამასთან, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს იმაზე მეტი მიაკუთვნა, რაც მას არ უთხოვია. კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო 1999 წლის 31 იანვრის კონტრაქტი და წილის გასხვისების ხელშეკრულება; ასევე, გააუქმა მცხეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის დადგენილება, რაც მხარეს არ მოუთხოვია. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3 და 3.5 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ შესატანის შეტანას საზოგადოების დაფუძნებისას ან საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში და არა წილის გასხვისებისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი სსსკ 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს უკანონოდ; ასევე, სასამართლომ დაარღვია სსსკ 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის მოთხოვნა, რადგან 1999 წლის 31 იანვრის კონტრაქტი, რომელიც მოცემულ საქმეზე სასამართლომ ბათილად ცნო, სხვა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია და “ა-ს” აღნიშნული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო შპს “ზ-ის” სასარგებლოდ დააკისრა ზიანის ანაზღაურება.

მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

II სამოტივაციო ნაწილი:

1. სააპელაციო პალატის მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

შპს “ზ-ის” პარტნიორთა 1998 წლის 23 ნოემბრის სატრასტო ხელშეკრულების საფუძველზე 1999 წლის 31 იანვარს დაიდო შპს “ზ-ის” საწესდებო კაპიტალში წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად საწესდებო კაპიტალის 80% გასხვისდა “ა-ზე”. წილის გასხვისების საფუძველი გახდა მხარეთა შორის იმავე დღეს დადებული კონტრაქტი, რომლის საფუძველზე კომპანია “ა-მ” იკისრა ვალდებულება განეხორცილებინა 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. ამასთან, წილის გადაცემიდან 45 დღეში შპს-თვის უნდა გადაერიცხა 75000 აშშ დოლარი.

1999 წლის 2 თებერვალს მცხეთის რაიონის სასამართლოს დადგენილებით ცვლილებები იქნა შეტანილი შპს “ზ-ის” რეგისტრაციაში და 80% წილის მფლობელი გახდა კომპანია “ა-ი”.

1999 წლის 19 აპრილს პარტნიორთა კრებამ, სადაც მიწვეული არ ყოფილა “ა-ი, 80% წილის მფლობელი გარიცხა პარტნიორობიდან საზოგადოების წინაშე თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სასამართლოს მიერ შეგებებული სარჩელის მიღებისას დაშვებული საპროცესო ნორმის დარღვევის შესახებ, რადგან სსსკ 372-ე მუხლით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 188-ე მუხლით კი მოპასუხეს უფლება აქვს საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს “ზ-ის” შეგებებული სარჩელის მიღების პირობები დაცულია, რადგან შეგებებულ სარჩელსა და თავდაპირველ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შესაძლებობას ადგენს სსსკ 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ბათილად არ უნდა ეცნო შპს “ზ-სა” და “ა-ს” შორის 1999 წლის 31 იანვარს დადებული კონტრაქტი. აღნიშნული გარიგება, მართალია, სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია და იგი ასეთად იქნა ცნობილი იგივე მხარეების მონაწილეობით სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგრამ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.3 მუხლით აღნიშნული კონტრაქტისათვის სანოტარო წესით დამოწმებაა სავალდებულო, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის.

3. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას სსსკ 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტზე, რადგან სასამართლოს დავის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3. და 3.5. მუხლები, რომლებიც არეგულირებენ საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას შესატანის შეტანის წესს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი (ნორმა), რომელიც ადგენს შპს-ში წილის გასხვისების წესს. შპს “ზ-ის” შეგებებული სარჩელის საფუძვლებს სწორედ აღნიშნული გარემოებანი წარმოადგენს.

საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. შეგებებული სარჩელის ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შეგებებულ სარჩელს უარი უნდა ეთქვას შემდეგი გარემოებების გამო:

1999 წლის 31 იანვრის შპს “ზ-ის” საწესდებო კაპიტალში წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება უცილოდ ბათილი გარიგებაა, რადგან სახეზეა კანონის იმპერატიულ მოთხოვნასთან ნების გამოვლენის შეუსაბამობა, რის გამოც იგი მართლსაწინააღმდეგოა. კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.1 მუხლი პარტნიორს ანიჭებს თავისი წილის გასხვისების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში შპს-ს წილის 80% გაასხვისა ერთ-ერთმა პარტნიორმა, რომლის წილი შპს-ში 30%-ს წარმოადგენდა. ამასთან, 46.3 მუხლი აწესრიგებს წილის გასხვისების ფორმას, კერძოდ, თითოეული პარტნიორის მიერ წილის გასხვისება (დათმობა) მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. ამავე მუხლის მეორე წინადადებით სანოტარო დამოწმებაა ასევე საჭირო შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1999 წლის 31 იანვრის კონტრაქტიც სანოტარო წესით დამოწმებას მოითხოვდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა.

1999 წლის 31 იანვარს წილის გახსვისების ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგოა იმ საფუძვლითაც, რომ ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლით “ა-მ” მიიღო შპს-ს “წილის ნაწილი მთლიანი საწესდებო კაპიტალის 80%, სულ 960 აშშ დოლარის ოდენობით”. საზოგადოების წილად კი მიიჩნევა არა საწესდებო კაპიტალში შენატანის ოდენობა, არამედ იმ უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც პირს აქვს შპს-ს წევრობიდან გამომდინარე. ამასთან, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.2 მუხლით გასხვისების შემთხვევაში თითოეული წილი ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი, კანონის ეს მოთხოვნაც დაირღვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ “ა-ისათვის” ცნობილი იყო 1999 წ. 31 იანვრის კონტრაქტისა და წილის გასხვისების ხელშეკრულების კანონთან შეუსაბამობის შესახებ, რაც მხარეთა მიერ არ გასწორებულა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია “ა-ი” არ წარმოადგენს შპს “ზ-ის” პარტნიორს, რის გამოც შპს-ს სამეწარმეო რეესტრში აღდგენილ უნდა იქნეს 1999 წლის 31 იანვრამდე არსებული მდგომარეობა.

III. სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს “ზ-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მცხეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის დადგენილება შპს “ზ-ის” ახალ პარტნიორად “ა-ის” მიღებისა და პარტნიორთა შორის წილების გადანაწილების შესახებ და შპს “ზ-ის” სამეწარმეო რეესტრში აღდგენილ იქნეს 1999 წლის 31 იანვრამდე არსებული მდგომარეობა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.