Facebook Twitter

ბს-410-328 (კ-05) 25 აპრილი, 2006 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. წკეპლაძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ღ-მ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მარტვილის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებლის მიმართ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონის სასამართლოს. მოსარჩელის განცხადებით, გაირკვა, რომ მოპასუხის მიერ 03.08.94წ. დანაშაულის ჩამდენი გ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი დადგენილება უკანონო იყო. დანაშაულის დაფარვამ და ამ საქმეში დაშვებულმა აშკარა უკანონო დარღვევამ მის ოჯახს მორალური ზიანი მიაყენა. მოსარჩელემ მოგვიანებით დააზუსტა სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ გ. ლ-ს ოჯახთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად თავიანთი ერთადერთი ვაჟი რუსეთში გაგზავნეს, სადაც იგი დაიღუპა. მეუღლემ ამ ოჯახური ტრაგედიის შემდეგ თავი მოიკლა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისმა ოჯახმა გამომძიებლის უკანონო ქმედებით განიცადა მორალური ზიანი, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის დაკისრება.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 29.05.02წ. განჩინებით საქმე ქვემდებარეობით განსახილველად გადაეცა ფოთის საქალაქო სასამართლოს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 16.09.02წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება გ. ც-ს მიმართ სამეგრელო-სვანეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტამდე. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ საქმის წარმოება განახლდა ფოთის რაიონული სასამართლოს 23.03.04წ. განჩინებით. ფოთის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 05.04.04წ. განჩინებით, სსკ-ის 86-ე მუხლის საფუძველზე, თანამოპასუხედ ჩართო საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.09.04წ. გადაწყვეტილებით ნ. ღ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-მ. აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვა, რომელიც მას საქმის გაჭიანურებით მიადგა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.02.05წ. განჩინებით ნ. ღ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.09.04წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 14.11.03წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ. ც-ს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის მსჯავრი დაედო 1960წ. სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, თუმცა მას სასჯელი არ დაენიშნა, რადგან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასული იყო სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.02.04წ. განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სსსკ-ის 30-ე მუხლის მეხუთე ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევისათვის ითვალისწინებს დანაშულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, როდესაც დაზარალებული ცოცხალია და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის შეტანაზეც მხოლოდ ის პირია უფლებამოსილი, ვისაც დანაშაულის შედეგად უშუალოდ მიადგა ზიანი.

სააპელაციო პალატის აზრით, მორალური ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ამ უფლებათა სუბიექტს, სხვა პირი ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს მოკლებულია, რასაც ასევე ადასტურებს სკ-ის მე-19 მუხლი (აკრძალულია გარდაცვალების შედეგად მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე გ. ც-ს აპელანტის შვილისა და მეუღლის გარდაცვალებაში ბრალი არ ჰქონდა, ამდენად მათი გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება მას არ უნდა დაკისრებოდა. პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს დანაშაულის ჩამდენმა პირმა და მხოლოდ იგი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც აპელანტი მიუთითებს, რომ მისი ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირადი არაქონებრივი უფლება იქნა დარღვული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.02.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-მ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარში მოთხოვნა დააზუსტა და საქმის გაჭიანურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პირვანდელი სარჩელის მიხედვით და არ იქონია მსჯელობა მისი მოთხოვნის ამ ნაწილზე, რის გამოც კასატორი თვლის, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 413-ე მუხლი.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი სახით და საქმის გარემოებები ისეთნაირად წარმოაჩინა, რომ თითქოს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა აპელანტი, მაშინ, როდესაც იგი არა მარტო მორალური, არამედ მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის მე-19 მუხლი.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის გარემოებები, კერძოდ გ. ც-ს მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების გაჭიანურება, რასაც შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემი პირების სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება მოჰყვა, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ მიიღო მხედველობაში, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება, ისევე როგორც ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაუსაბუთებელია.

კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 14.11.03წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მთლიანად და უტყუარად დადასტურებულია გ. ც-ს მიერ მისი კანონიერი ინტერესებისათვის მიყებული არსებითი ზიანი. კასატორის აზრით, აღნიშნული განაჩენით დასტურდება აგრეთვე, რომ მოპასუხემ თავისი უკანონო მოქმედებებით მის ოჯახს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობის დაწყებამდე აპელანტმა შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ გ. ც-საგან მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი მოთხოვნის საგანს მორალურის გარდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც შეადგენდა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონის განყოფილების გამომძიებელმა გ. ც-მ 04.07.94წ. წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე ნ. ღ-ს ოჯახიდან უშობელის მოპარვის ფაქტზე. გამოძიების პროცესში დანაშაულის ჩადენაში მხილებული იქნა სოფ. ...ში მცხოვრები ბ. ა-ა, რომელმაც თანამონაწილედ დაასახელა თანასოფლელი თ. ლ-ა და აღნიშნა, რომ უშობელის დაკვლასა და რეალიზაციაში თ. ლ-ს ძმა, გ. ლ-ა დაეხმარა, რომელმაც იცოდა, რომ უშობელი მოპარული იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. ა-ს მიმართ საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში, ხოლო მიმალვაში მყოფი თ. ლ-ს მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამოცხადდა მისი ძებნა. შემდგომში თ. ლ-ა ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, აღიარა ბ. ა-სთან ერთად მ. ღ-ს უშობლის ქურდობის ფაქტი. უშობლის ქურდობის ფაქტზე თ. ლ-ს მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა “ამნისტიის შესახებ” 02.06.95წ. კანონის შეფარდების საფუძველზე. 03.08.94წ. გამომძიებელ გ. ც-ს მიერ გ. ლ-ს მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. 1998წ. მარტში მარტვილის რაიონის პროკურორმა გააუქმა მითითებული დადგენილება და საქმეზე გამოძიება განაახლა. გ. ც-მ პროკურორის მითითებით განმეორებით ჩაატარა მოკვლევა. მოკვლევის შემდეგ 12.05.98წ. მიღებული იქნა დადგენილება გ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

სამეგრელო _ ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა 20.06.01წ. დადგენილებით განაახლა გამოძიება. შს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონული განყოფილების გამომძიებლის 19.07.01წ. დადგენილების თანახმად, გ. ლ-ს ბრალი მიუძღვის დანაშაულის დაფარვასა და ამ გზით მოპოვებული ქონების გასაღებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ გ. ც-მ 03.08.04წ. დადგენილებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია იგი უდანაშაულოდ, ამასთანავე გ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ. ც-ს მიმართ 1960წ. სსკ-ის 186-ე მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ბრალდების გამო. სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ განსასჯელ გ. ც-ს ქმედებასა და მ. ღ-ს თვითმკვლელობას შორის ბრალეული მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს და განსასჯელ გ. ც-ს ვერ შეერაცხება ბრალად მ. ღ-ს თვითმკვლელობა, როგორც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგი. სასამართლო კოლეგიის 14.11.03წ. განაჩენით გ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, თუმცა სასჯელი არ დაენიშნა განაჩენის გამოტანის მომენტისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.02.04წ. განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 14.11.03წ. განაჩენი უცვლელად დარჩა.

ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია გ. ც-ს მიერ სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი. გ. ც-ს ბრალად შეერაცხა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა მოქალაქის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს კასატორისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. კასატორის განმარტებით, ზიანი დადგა მისი შვილისა და მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტანჯვის სახით და იგი გამოიწვია გ. ც-ს მიერ უკანონო დადგენილების მიღებამ. რომ არა გ. ც-ს უკანონო ქმედება, მისი შვილი და მეუღლე არ დაიღუპებოდნენ, შესაბამისად არ დადგებოდა მორალური ზიანი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ. ღ-ს შვილი მოკლული იქნა რუსეთის ფედერაციაში დაუდგენელი პირის მიერ, კასატორის მეუღლემ საკუთარ სახლში ჩაიდინა თვითმკვლელობა.

სსკ-ის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სარჩელი. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე ან რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოხელე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო და ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთმითითებულ ნორმათა საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანი, რომელიც გამოწვეულია პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ან მის მიერ ჩადენილი დანაშაულით. რამდენადაც ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორის შვილის გარდაცვალება და მეუღლის მიერ თავის მოკვლა არ წარმოადგენს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ გ. ც-ს მიერ ჩადენილ დანაშაულის შედეგს. ამდენად, მოპასუხეებისათვის აღნიშნული შედეგის ბრალად შერაცხვისათვის მოპასუხეების ქმედება უშუალო კავშირში უნდა იყოს მათ გარდაცვალებასთან. ასეთ შემთხვევაში, გ. ც-ა მსჯავრდებული უნდა ყოფილიყო არა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის, რამაც სხვისი უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია, არამედ _ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისათვის ან ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელსაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შვილისა და მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანი მიადგა გ. ც-ს მიერ მიღებული დადგენილების შედეგად, რომლის უკანონობა დადასატურებულია სასამართლოს მიერ. მხოლოდ ის გარემოება, რომ გამომძიებელ გ. ც-ს მიერ გამოტანილ იქნა უკანონო დადგენილება, უშუალო მიზეზობრივ კავშირშია იმ ფაქტთან, რომ გ. ლ-ს კასატორის ოჯახის კანონიერი უფლებების შელახვისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამდენად, გ. ც-ს მიერ გამოტანილი უკანონო დადგენილება საფუძველს ქმნის დამნაშავის დაუსჯელობით გამოწვეული მორალური ზიანის (ესე იგი, სულიერი ტანჯვისა და განცდების) ანაზღაურებისთვის, მაგრამ იგი უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ არის კასატორის მეუღლისა და შვილის გარდაცვალებასთან. კასატორის მიერ მითითებულ მოვლენებს შორის არსებობს მხოლოს ისეთი მიზეზობრივი კავშირი, როდესაც ერთი ქმედება შეიძლება ნაკარნახევი იყოს წინარე ქმედებისაგან, მაგრამ უშუალოდ მისგან გამოწვეული არ არის.

განსახილველ შემთხვევაში კასატორისათვის შვილის და მეუღლის გარდაცვალებით განცდილი მორალური ზიანი დადგა მოვლენათა შემთხვევითი, ტრაგიკული განვითარების და არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული გ. ც-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანის, მათ შორის Mმორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრება პირს, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია დამდგარი ზიანი. განსახილველ შემთხვევაში შვილის დაღუპვით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება იმ პირს დაეკისროს, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრი დაედება მისი შვილის მკვლელობისათვის, ამასთან, კასატორის მეუღლის მ. ღ-ს თვითმკვლელობის ფაქტზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ც-ს არ შეიძლება შეერაცხოს ბრალად მ. ღ-ს თვითმკვლელობამდე მიყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხეებზე კასატორის შვილის და მეუღლის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

ის გარემოება, რომ კასატორის მეუღლის _ მ. ღ-ს თვითმკვლელობას, აგრეთვე, კასატორის ვაჟიშვილის რუსეთის ფედერაციაში მომხდარ მკვლელობასა და მარტვილის სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების, კერძოდ გ. ც-ს ქმედებებს შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი, არ გამორიცხავს გ. ც-ს უკანონო ქმედებით კასატორისათვის ზიანის მიყენებას და არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესაძლებლობას. სსკ-ის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 14.11.03წ. განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.02.04წ. განჩინებით მართალია არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირი გ. ც-ს ქმედებასა და მ. ღ-ს მიერ ჩადენილი თვითმკვლელობას შორის, მაგრამ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გ. ც-ს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით არსებითი ზიანი მიაყენა მოქალაქის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კერძოდ, გ. ც-მ სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განზრახ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება გ. ლ-ს ქმედებას, 03.08.04წ. და 12.05.98წ. დადგენილებებით არ გადაწყვიტა შესაბამისი კვალიფიკაციით მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი, დაუსაბუთებლად თქვა უარი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რის გამოც გ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ 30.12.60წ. სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მას არ დაენიშნა სასჯელი მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საკასაციო პალატა თვლის, რომ გამომძიებელ გ. ც-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმამ თავისთავად ზიანის მომტანი იყო ნ. ღ-ს ინტერესებისათვის, შელავა მისი უფლებები. სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, რაშიც არ იგულისხმება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაცია. ნ. ღ-ა სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ გ. ც-ს წარმოებაში არსებულ საქმეზე კასატორი, მეუღლესთან ერთად, ჩართული იყო დაზარალებულად. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სკ-ის მე-19 მუხლის მითითება. სააპელაციო პალატის სხდომაზე ნ. ღ-მ მოითხოვა გ. ც-ს დანაშაულით მიყენებული ზიანის (რომელიც დამნაშავის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაში გამოვლინდა) ანაზღაურება. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის მსჯელობა შემოიფარგლა მხოლოდ მეუღლის და შვილის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებით, პალატამ არ იმსჯელა გ. ც-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით კასატორისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობაზე. ამის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლემ _ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქმის ყველა გარემოებას და გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ღ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.02.05წ განჩინება. საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.