ბს-41-23-კ-05 4 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. დ-ემ თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ თელავის რ-ის გამგეობის მიმართ სარჩელი აღძრა და თელავის რ-ის გამგეობის 27.02.04წ. ¹56 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
თელავის რ-ის გამგებლის 15.01.04წ. ¹12 განკარგულებით იგი დაინიშნა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად 3 თვის ვადით, ხოლო 26.02.04წ. გამგებლის მოთხოვნით, რ-ის გამგეობის სამსახურების სხვა თანამშრომლებთან ერთად, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც რ-ის გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშნულმა გ. მ-მა მეორე დღესვე დააკმაყოფილა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ. მ-მა დაარღვია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გამგებლის მოადგილეებისა და გამგეობის თანამშომელთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება მ.მ-ს არ გააჩნდა, განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელემ ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად დაწერა.
მოპასუხე თელავის რ-ის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მ. დ-ე დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას განცხადება იძულების წესით დააწერინეს. ამასთან, თელავის რ-ის გამგებელი გ. კ-ე 2004წ. 26 თებერვლიდან სამსახურში არ გამოცხადებულა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მის მოვალეობას გ. მ-ი ასრულებდა, რომელიც უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა საკადრო საკითხი.
თელავის რაიონული სასამართლოს 29.04.04წ. გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი თელავის რ-ის გამგეობის 27.02.04წ. ¹56 განკარგულება, მ. დ-ე აღდგენილ იქნა სამსახურში, მას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური დროის ხელფასი.
აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რ-ის გამგეობამ სააპელაიცო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.11.04წ. გადაწყვეტილებით თელავის რ-ის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თელავის რაიონული სასამართლოს 29.04.04წ. გადაწყვეტილება გაუქმდა, მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თელავის რ-ის გამგეობის 27.02.04წ. ¹56 განკარგულება, მ. დ-ის განცხადება საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით ხელახლა განსახილველად და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად თელავის რ-ის გამგეობას დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თელავის რ-ის გამგეობის 27.02.04წ. ¹56 განკარგულების გამოცემისას დაირღვა სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები, რომელთა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიიღოს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება. თელავის რ-ის გამგეობა ვალდებული იყო, ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე გამოეკვლია მთელი რიგი გარემოებანი და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რის გარეშე, სზაკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თელავის რ-ის გამგეობის ¹56 განკარგულება მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის გადაუწყვეტლად სზაკ-ის 32-ე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მ. დ-ის განცხადება საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით ხელახლა განსახილველად და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად თელავის რ-ის გამგეობას დაუბრუნდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის, _ სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლოს იმ პირმა, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. კასატორი მიიჩნევს, რომ გ. კ-ემ, რომელსაც აღნიშნული უფლება გააჩნდა, მისი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა, ხოლო გ. მ-ი არ იყო უფლებამოსილი, გადაეწყვიტა სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, გ. მ-ს საამისოდ უნდა ჰქონოდა გამგებლის წერილობითი დავალება. კასატორი ყურადღებას ამახვიებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობას და არა უფლებამოსილებას, თავისი შინაარსით “უფლებამოსილება” უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მოვალეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება, მისი სასარჩელო მოთხოვნის _ სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.11.04წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. დ-ე თელავის რ-ის გამგებლის 15.01.04წ. ¹12 განკარგულებით გამგებლის ...ედ 3 თვის ვადით დაინიშნა, ხოლო თელავის რ-ის გამგებლის პირველი მოადგილის 27.02.04წ. ¹56 განკარგულებით დაკმაყოფილდა მისი განცხადება და იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კასატორის მიერ დაწერილი იქნა ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად. თელავის რ-ის გამგებლის გ. კ-ის მიერ გამგეობის ყველა წევრისათვის განცხადების დაწერის შეთავაზება სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა მიჩნეული თავისუფალი ნების გამოვლენის გამომრიცხავ იძულებად. “საჯარო სამსახურის შესახებ” კარნონის 95-ე მუხლის თანახმად, წერილობითი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენს მუშაკის საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. ამასთანავე, მ. დ-ეს განცხადება საკუთარი სურვილით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების გამოცემამდე და არც მის შემდეგ არ გამოუთხოვია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ. საქმეზე დადგეილად არის ცნობილი, რომ თელავის რ-ის გამგებელი გ. კ-ე 2004წ. 26 თებერვლიდან არ გამოცხადებულა სამსახურში. გ. კ-ე სამსახურიდან დათხოვნის შესახებ განცხადებით დატოვა სამსახური და საქართველოს პრეზიდენტის 10.04.04წ ¹275 განკარგულებით მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურში არ გამოცხადებულა. სააპელაციო პალატის 01.11.04წ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. კ-ემ აღნიშნა, რომ 26.02.04წ. შეწყვიტა გამგებლის უფლებამოსილების შესრულება, ჩააბარა პირველ მოადგილეს კაბინეტი, გასაღები და განუცხადა, რომ სამსახურში აღარ გამოცხადდებოდა. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 27-ე მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად, გამგებლის მიერ მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგებლის მოვალეობებს ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე. საქართველოს პრეზიდენტის 21.12.98წ ¹702 ბრძანებულებით დამტკიცებული “რ-ის გამგეობის დებულების” მე-20 მუხლის I-ლი პუნქტის მიხედვით, აგრეთვე, “თელავის რ-ის გამგეობაში გამგეობის წევრებს შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ” თელავის რ-ის გამგებლის 15.02.04წ. ¹31 განკარგულების მიხედვით, სხვადასხვა მიზეზით სამუშაოზე არ ყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე. გამგებლის პირველი მოადგილის მიერ სადავო ბრძანების გამოცემით უფლებამოსილების გადაჭარბებას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 27-ე მუხლის I-ლი პუნქტი უთითებს გამგებლის მოვალეობების და არა უფლებამოსილებების შესრულებაზე. გამგებლის უფლებამოსილების გამოყენების გარეშე ორგანული კანონის მითითება გამგებლის პირველი მოადგილის მიერ გამგებლის მოვალეობების შესრულებაზე განუხორციელებელი დარჩებოდა, ვინაიდან მოვალეობების შესრულება თავისთავად გულისხმობს მათ აღსასრულებლად გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვას.
სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სადავო განკარგულება არ შეიცავს მითითებას არცერთ ნორმატიულ აქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის გადაუწყვეტლად, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. დ-ის განცხადება საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თელავის რ-ის გამგეობას, რომელსაც, თავის მხრივ, არ გაუსაჩივრებია საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოს 01.11.04წ. გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ვერ იმსჯელეს თელავის რ-ის გამგეობის 27.02.04წ. @¹56 განკარგულების ბათილად ცნობის მართლზომიერების საკითხზე, ვინაიდან კასატორის მიერ გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ გასაჩივრებულა, გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
საკასაციო პალატა ეთანმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და არა გამგეობასა და მ. დ-ეს შორის საჯარო-შრომითი სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე დადებული ადმინსტრაციული გარიგების შეწყვეტის ნების გამოვლენას. თელავის რ-ის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად მ. დ-ე რ-ის გამგებლის 15.01.04წ. ¹12 განკარგულებით დაინიშნა სამი თვის ვადით, კერძოდ, 2004წ. 15 იანვრიდან 15 აპრილამდე. ამდენად, მ. დ-ის თანამდებობაზე დროებითი დანიშვნის განკაგულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რომელსაც შემდგომში მოსდევდა ადმინისტრაციული გარიგების დადება. შესაბამისად, მ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავ აქტი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ასევე წარმოადგენს ადმინიტსრაციულ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესუალურ კანონმდებლობას შეესაბამება სააპელაციო პალატის მიერ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქმის გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინიტსრაციული აქტის გაიმოცემის დავალება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.11.04წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.