Facebook Twitter

ბს-414-397(კ-06) 31 ოქტომბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი, ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის უფლების მინიჭების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი აღძრა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სს «ქ-ის» მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოვალის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით, სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის უფლება.

საქმის გარემოებები:

სს «ქ-ი» რეგისტრირებული იყო მარნეულის რაიონულ სასამართლოში, ხოლო გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე იმყოფებოდა რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში. მას მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნული საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 39618.82 ლარს, აქედან ძირითადი თანხაა _ 12463.58 ლარი, ხოლო საურავი _ 27455.24 ლარი, ზედმეტობა _ 300 ლარი.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ნებაყოფლობით არ ფარავდა ზემოაღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებას კანონით დადგენილ ვადაში, რუსთავის საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები/მოვალის _ სს «ქ-ის» ქონება, რომლის რეალიზაციასაც საგადასახადო ინსპექცია ითხოვდა, დაყადაღებულია საგადასახადო კოდექსის დებულებების გათვალისწინებით, ამასთან, მოვალის მიერ საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, რაც, თავისთავად, მოვალის ქონების დაყადაღების საფუძველს წარმოადგენდა. სს «ქ-ს» საგადასახადო დავალიანების შესახებ ეცნობა 2005წ. 9 მარტს, აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაზე კი მის მიერ საგადასახადო ორგანოში შესაგებელი არ იყო წარდგენილი საგადასახადო კოდექსის 147.7. მუხლის შესაბამისად. მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ინსპექციის უფროსის ბრძანების ფორმით, დაყადაღებული ნივთები აღნუსხულია ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში, ხოლო უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილებები რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ საგადასახადო კოდექსის 87-ე, 88-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2005წ. 25 იანვრის ¹10 და ¹14 დადგენილებების საფუძველზე მოითხოვა მოვალის _ სს «ქ-ის» დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით, სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის უფლება.

რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე სს «ქ-ის» წარმომადგენელმა შ. ც-მა ცნო რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და მოითხოვა დავალიანების დაფარვის მიზნით სს «ქ-ის» ქონების რეალიზაცია ღია აუქციონზე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რუსთავის საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო სს «ქ-ის» დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაციაზე, ხოლო უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ მოთხოვნაზე ეთქვა უარი, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 85-ე, 88-ე მუხლები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე შეამოწმა რა სარჩელის ცნობის კანონშესაბამისობა მოსარჩელის მოთხოვნა სააქციო საზოგადოების უძრავი ქონების ღია აუქციონის რეალიზაციის უფლების მოპოვების ნაწილში, მიუხედავად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისა, იყო უსაფუძვლო, რამდენადაც მხარეებმა სასამართლოში ვერ წარადგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ქონების სს-ბის საკუთრებაში ყოფნის ფაქტი, შესაბამისად, სკ-ის 183.1. 311.1. მუხლების გამოყენების საფუძველზე დაასკვნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ იქნა მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული უძრავი ქონების დამადასტურებელი საბუთი _ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარჩელის მოთხოვნა მოვალის უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში იყო უსაფუძვლო, ამდენად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა წალკაში მდებარე სს-ბის ადმინისტრაციული შენობის, მარნეულში ადმინისტრაციული შენობის, ბოლნისში საწარმო ბაზის და მარნეულში არსებული 0,15 ჰა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ღია სპეციალიზებულ აუქციონზე გასხვისების შესახებ, ხოლო მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება /სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში/ და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლი, რამდენადაც მოპასუხეს წარმოადგენდა კერძო სამართლის სუბიექტი სს «ქ-ი», აღნიშნული მუხლით კი შეზღუდვები დაწესებულია ადმინისტრაციული ორგანოებისათვის. საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 88.1. მუხლის საფუძველზე იყო საფუძვლიანი, ვინაიდან არსებობდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღების ყველა პირობა, კერძოდ: მოვალის მიერ საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, რაც თავისთავად, მოვალის ქონების დაყადაღების საფუძველს წარმოადგენდა. სს «ქ-ს» საგადასახადო დავალიანების შესახებ ეცნობა 2005წ. 9 მარტს, აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაზე საგადასახადო კოდექსის 147.7. მუხლის შესაბამისად საგადასახადო ორგანოში შესაგებელი არ წარუდგენია. მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ინსპექციის უფროსის ბრძანების ფორმით, დაყადაღებული ნივთები აღნუსხულია ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში, ხოლო უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილებები რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში.

აპელანტის მითითებით, უსაფუძვლო იყო სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რადგან სს «ქ-ის» მიერ საქმის განხილვისას წარდგენილ იქნა მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ამ უკანასკნელს კი წლების განმავლობაში ბალანსზე ერიცხებოდა ყადაღის აქტში აღნიშნული ქონება, რომელზედაც საწარმო იხდიდა საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადებს, ხოლო სკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

აპელანტმა აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 87.10 და 88.2. მუხლების თანახმად, საგადასახადო ინსპექციის მიერ აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მესამე პირებს, რომელთაც აქვთ უფლება ამ ქონებაზე, ვალდებული არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე, ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში ისინი უფლებამოსილი იქნებიან‚ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღძრან სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ და მოითხოვონ ქონების რეალიზაციის შეჩერება.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ სს «ქ-ის» წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რუსთავის საგადასახადო ინსპექციას მიეცა სს «ქ-ის» კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება, ხოლო დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

შედარების აქტის თანახმად, სს «ქ-ს» სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიმართ 2005წ. 23 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, საიდანაც 12363.58 ლარი ძირითადი, 27455.24 ლარი საურავი, ზედმეტობა _ 300 ლარია. 2005წ. 9 მარტს სს «ქ-ს» გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რაც მეწარმის მიერ არ შესრულდა. 2005წ. 14 სექტემბერს სს «ქ-ს» ჩაჰბარდა შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. იმავეწ. 12 სექტემბერს გაკეთდა აუდიტორული დასკვნა ქონების შეფასების შესახებ. 2005წ. 19 ოქტომბერს საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოიცა ¹657 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ადმინისტრირების სამმართველოს დაევალა ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე სს «ქ-ის» ქონების დაყადაღება. 21 ოქტომბერს შედგენილი აქტის თანახმად მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ, აღწერილ იქნა სს «ქ-ის» ქონება, მათ შორის, უძრავი ქონება: გასასვლელი ჯიხური, ცემენტის საწყობი, ადმინისტრაციული შენობა წალკაში, დაუმთავრებელი საწარმო ბაზა და 0,15 ჰა არასასოფლო-სამეურნეო მიწა. დაყადაღებული ქონება 2005წ. 10 ოქტომბრის ხელწერილის თანახმად ჩაჰბარდა შ. ც-ს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ასლი, გაცემული 2006წ. 24 თებერვალს, რომლის მიხედვით, მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩის ¹4-ში მდებარე 1500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 406 კვ.მ ადმინისტრაციული შენობა საკუთრების უფლებით აღირიცხა სს «ქ-ის» სახელზე, რომლის მისამართია: მარნეული, …..... ქ. ¹4.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აღწერილი ქონება წლების განმავლობაში იმყოფებოდა საწარმოს ბალანსზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა საგადასახადო კოდექსის 87.10, 88-ე, სკ-ის 155-ე, 158-ე მუხლების საფუძველზე და განმარტა, რომ სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, საქმის I ინსტანციის სასამართლოში განხილვისას კი მხარეებმა ვერ წარადგინეს საბუთები საჯარო რეესტრიდან სს «ქ-ის» დაყადაღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება ვლინდება რა საჯარო რეესტრის ჩანაწერით, რაიონულმა სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი უძრავ ნივთებზე აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, ვინაიდან ქონება არ იყო აღრიცხული საჯარო რეესტრში სს «ქ-ის» საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ინსპექციას ნება უნდა დაერთოს მარნეულში, …..... მდებარე სს «ქ-ის» კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ადმინისტრაციული შენობის რეალიზაციაზე, ვინაიდან დასტურდებოდა, რომ აღნიშნული ქონება შეტანილი იყო მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ არსებობდა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს «ქ-ის» დარჩენილ უძრავ ქონებაზე ღია აუქციონის გამართვის ნებართვის მინიჭება.

კასაციის მოტივი:

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ საჯარო რეესტრში სს «ქ-ის» არარეგისტრირებელი უძრავი ქონება ხელის შემშლელი ფაქტორია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, დაყადაღებული ქონების რეალიზაციის ნებართვის მოპოვებისათვის, რამდენადაც სკ-ის 183-ე მუხლი, რომელზედაც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, უნდა იქნეს გამოყენებული მაშინ, როცა ხდება უძრავი ქონების შეძენა საჯარო რეესტრის ფორმირების შემდეგ და არა საჯარო რეეტრის ფორმირებამდე. სახელმწიფო საწარმოებს გააჩნდათ ქონება, რომელსაც ფლობდა, განკარგავდა მას და მიიღო იმ გარემობის გამო, რომ კანონით საჭირო გახდა საწარმოს ახალი სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბება, შესაბამისად სს «ქ-ი» გახდა სამართალმემკვიდრე, ქონების მესაკუთრე იმ საწარმოსი, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სს «ქ-ი». აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა ინსპექციის მიერ მოხდება დაყადაღებული ქონების რეალიზაცია, ახალი მყიდველი აუქციონის შედეგების გათვალისწინებით დაარეგისტრირებს მის საკუთრებას საჯარო რეესტრში.

კასატორმა მიუთითა სკ-ის 155-ე მუხლზე და განმარტა, რომ მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, სს «ქ-ის» ბალანსზე კი წლების განმავლობაში ირიცხებოდა ყადაღის აქტში აღნიშნული ქონება, რომელზედაც საწარმო იხდიდა საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადებს, ხოლო სკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 87.1088.2. მუხლების თანახმად, საგადასახადო ინსპექციის მიერ აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მესამე პირებს, რომელთაც აქვთ უფლება ამ ქონებაზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დასადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინონ აუქციონის დაწყებამდე, ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში ისინი უფლებამოსილნი იქნებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით აღძრან სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ და მოითხოვონ ქონების რეალიზაციის შეჩერება.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარემ _ სს «ქ-ის» დირეტორმა ცნო რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები.

სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოწინააღმდეგე მხარემ _ სს «ქ-ის» წარმომადგენელმა სარჩელი ცნო როგორც I ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სს «ქ-ის» დირექტორმა თ. კ-ამ ცნო საკასაციო საჩივარი და რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, აგრეთვე, დაადასტურა სს «ქ-ის» წარმომადგენლის შ. ც-ის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედების _ სარჩელის ცნობის მართლზომიერება.

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 3.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სსკ-ის 3.1. მუხლის მიხედვით, მხარეები თავად არიან საპროცესო უფლებების სუბიექტები, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, მოახდინონ თუ არა ამა თუ იმ კონკრეტული საპროცესო უფლების რეალიზაცია საპროცესო მოქმედების შესრულების მეშვეობით.

საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 87.1. მუხლის /კოდექსის 2004წ. რედაქცია/ საფუძველზე განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაედო ყადაღა გადასახადის გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის, საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი სახის ქონებაზე, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებაზე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის საკასაციო წესით განხილვის მომენტისთვის მოქმედი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 87.1 მუხლის 2006წ. 25 მაისის რედაქციის საფუძველზე განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის, საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებას, მათ შორის: მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. ხოლო ამავე კოდექსის 88.1. მუხლის თანახმად, მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ღია აუქციონის წესით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გადასახადის გადამხდელი სს «ქ-ი» ნებაყოფლობით არ ფარავდა რა საგადასახადო ვალდებულებას კანონით დადგენილ ვადაში, რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ განახორციელა საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, ყადაღა დაედო მოვალის _ სს «ქ-ის» უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის _ ადმინისტრაციულ შენობას წალკაში, მარნეულსა და ბოლნისში. მოვალის მიერ საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, რამდენადაც სს «ქ-ს» საგადასახადო დავალიანების შესახებ ეცნობა 2005წ. 9 მარტს, აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაზე კი მის მიერ საგადასახადო ორგანოში შესაგებელი არ იყო წარდგენილი საგადასახადო კოდექსის 147.7. მუხლის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს უძრავი ქონების სს «ქ-ის» საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რამდენადაც, როგორც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე სს «ქ-ის» დირექტორმა ნ. კ-ამ აღნიშნა, რომ წალკაში მდებარე ადმინისტრაციული შენობა მათ მიერ გაცემულია იჯარით, რომელშიც განთავსებულია სოცუზრუნველყოფის სამსახური, ხოლო «იჯარის შესახებ» / 1997წ. 24 მაისი რედაქცია/ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, იჯარით ქონების გამცემი (მეიჯარე) შეიძლება იყოს მესაკუთრე, მისგან უფლებამოსილი პირი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა მოიპოვოს და გამოიკვლიოს მითითებული იჯარის ხელშეკრულება, ასევე სს «ქ-ის» საკუთრებაში რიცხული ქონების ნუსხა, დავის საგანის მასაში შესული უძრავი ქონების, კერძოდ, მიწის ნაკვეთების, რომლებზეც მდებარეობს აღნიშნული ქონება, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მესაკუთრის საკითხი და აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა შეაფასოს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და გამოიკვლიოს, აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს თუ არა საკმარის საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომ წალკაში მდებარე ადმინისტრაციული შენობა და ბოლნისში მდებარე დაუმთავრებელი საწარმო ბაზა წარმოადგენს სს «ქ-ის» საკუთრებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ საგადასახადო კოდექსის 87.1088.2. მუხლების თანახმად, მესამე პირებს, რომელთაც აქვთ უფლება ამ ქონებაზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დასადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე, ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში ისინი უფლებამოსილი იქნებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით აღძრან სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ და მოითხოვონ ქონების რეალიზაციის შეჩერება, შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობაში რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესამე პირების უფლებები _ აღძრან სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად _ არ ილახება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სსკ-ის 257-ე, 372-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.