Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\529 11 ოქტომბერი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: დ. ხელაია, ლ. გოჩელაშვილი

განიხილა ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამრათლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ლ. კ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე სოფელ ხაშმის საკრებულოს თავმჯდომარის და ი. კ-ძის, მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ. და ა. კ-ძეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შესძენიათ. 1993 წელს ა. კ-ძემ ანდერძით მთელი თავისი ქონება უანდერძა თავის შვილიშვილ ი. კ-ძეს.

ა. კ-ძე გარდაიცვალა 1998 წლის 9 ივლისს, რის შემდეგ სადავო სახლის ნახევარი აღრიცხული იქნა ი. კ-ძეზე.

რადგან აღნიშნული ცნობილი გახდა ლ. კ-ძისათვის, მან 1998 წლის 9 თებერვალს სარჩელით მიმართა საგარეჯოს რაიონის სასამრათლოს და მოითხოვა ა. კ-ძის მიერ 1993 წელს გაცემული ანდერძის ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა კომლის კატეგორიას და კომლში სამკვიდრო კი შეიძლება გახსნილიყო მხოლოდ კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემდეგ.

საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ხაშმის საკრებულოს საკომლო წიგნის 1999 წლის 8 იანვრის ჩანაწერები.

მითითებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ მრავალჯერ იქნა გაუქმებული.

უკანასკნელად, 2000 წლის 22 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ი. კ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა საქმე და ლ. კ-ძის სარჩელი, ა. კ-ძის მიერ 1993 30 მარტს გაცემული ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმაზე დააფუძნა, რომ კ-ძის ოჯახი არ მიეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას. ა. კ-ძის მიერ ი. კ-ძისადმი გაცემული ანდერძი კანონიერი იყო და არ შეიძლებოდა იგი ბათილად ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელის მიერ მოყვანილი მოტივების გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით 2000 წლის 21 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ლ. კ-ძემ.

მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა კომლს, (მნიშვნელობა არა აქვს როგორს, რადგანაც მოქმედი კანონი არ განასხვავებს კომლთა კატეგორიას და კომლში სამკვიდრო იხსნება კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემდეგ), ხოლო კომლის ქონებაზე გაცემული ანდერძი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ. და ა. კ-ძეების ოჯახი საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. ასევე, დადგენილია ის გარემოება, რომ 1993 წლის 30 მარტს ა. კ-ძის მიერ თავისი შვილიშვილის _ ი. კ-ძის სასარგებლოდ გაცემული ანდერძი კანონიერია.

მცდარია კასატორი ლ. კ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი ოჯახი მიეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლში მითითებულ კომლის კატეგორიას. მითითებული მუხლი ურთიერთობებს აწესრიგებს მხოლოდ ისეთი კომლისათვის (ოჯახისათვის), რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე ნაწილების შესაბამისად დაფუძნებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებული მოწყობილობის ობიექტებისა და მოწყობილობათა ერთობლიობაზე, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს და რომელიც ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, აგრეთვე მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა თანასაკუთრებას წარმოადგენს და ასეთი რეგისტრირებულია საადგილმამულო წიგნში (საჯარო რესტრში).

საკოლმეურნეო კომლისგან განსხვავებით (რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს კოლმეურნეობაში მუშაობა წარმოადგენდა) საკომლო მეურნეობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დამხმარე მეურნეობის საწარმოებლად კი არაა შექმნილი, არამედ იგი წარმოადგენს ისეთ საადგილმამულო ფერმერულ მეურნეობას, რომელსაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და განკუთვნილია ბაზარზე სარეალიზაციო სასაქონლო პროდუქციის შესაქმნელად.

სამოქალაქო კოდექსის 1463-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ყველა საადგილმამულო მეურნეობა არ შეიძლება იყოს კომლის მეურნეობა. საადგილმამულო მეურნეობა კომლის მეურნეობად რომ ჩაითვალოს აუცილებელია იგი რეგისტრირებული იყოს “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში ლ. კ-ძეს გააჩნია მხოლოდ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო შესაბამისი წესით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის არსებობაც აუცილებელია საკომლო, საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობისათვის, მას არ გააჩნია.

რადგანაც კასატორი ზემოთმითითებულ კატეგორიას არ მიეკუთვნება, სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის მოთხოვნა, იმის შესახებ, რომ კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, მასზე არ გავრცელდება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის კოლმეურნეობა 1970 წელს გადაკეთდა საბჭოთა მეურნეობად და სოფელში ამ დროიდან გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და ის პრივილეგიები, რომელიც დაწესებული იყო საკოლმეურნეო კომლში სამკვიდროს გახსნის წესთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორი პენსიონერია და შესაძლებლად მიიჩნევს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის განთავისუფლებას.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

ლ. კ-ძე განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.