ბს-416-6(3კ-05) 29 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ჩათვლა დარიცხული გადასახადების ანგარიშში, ყადაღის მოხსნა, აღსრულების გაუქმება, აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობა, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილების ბათილად ცნობა, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ს. ს. ს.” 08.07.02წ. სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციის, ქ. ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელემ განმარტა, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ შპს “ს. ს. ს.” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის (01.01.95წ-დან 01.03.99წ-მდე პერიოდი) შემოწმების შედეგად შედგენილი აქტის საფუძველზე ბიუჯეტისა და საბიუჯეტო ფონდების სასარგებლოდ დაეკისრა 20.4 მილიონი ლარი, რაც მის მიერ გასაჩივრდა სათანადო ორგანოებში, თუმცა უშუდეგოდ. 25.05.99წ აქტის მიმართ სანაოსნოს საჩივრების განხილვის პერიოდში, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციამ 21.11.2000წ. სარჩელი შეიტანა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში, რომლითაც 25.05.99წ აქტის საფუძველზე ვადაგადაცილებულ დღეებზე საურავების ჩათვლით სანაოსნოსთვის 29525822 ლარის დაკისრება და სარჩელის უზრუნველსაყოფად სანაოსნოს მთელი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება მოითხოვა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 07.06.01წ გადაწყვეტილებით სანაოსნოს კუთვნილი 13 ერთეული შენობა-ნაგებობა დაყადაღდა, ხოლო სანაოსნოს 28 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 05.09.01წ გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციის სარჩელი, სანაოსნოს და მისი შვილობილი კომპანიების მთელ უძრა-მოძრავ ქონებას დაედო ყადაღა, დადგინდა ქონების რეალიზაცია აუქციონის მეშვეობით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე შეტანილ იქნა საკასაციო საჩივრები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინებით საქმის წარმოება ორივე საკასაციო საჩივარზე გაერთიანდა. საქართველოს კონტროლის პალატამ 18.01.02წ. აქტით შპს “ს. ს. ს.” მართლზომიერად დარიცხულად ცნო მხოლოდ 4412780 ლარი, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხებიდან ჩათვლას ან დაბრუნებას დაექვემდებარა 1154300 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილება მთლიანად დაეფუძნა საქართველოს კონტროლის პალატის 18.01.02წ. აქტს და შპს “ს. ს. ს.” 4.4 მლნ. ლარი დაეკისრა. რაც შეეხება ბიუჯეტიდან დასაბრუნებელ ან ჩასათვლელ თანხას, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შპს “ს. ს. ს.” სასარჩელო მოთხოვნა არ წარუდგენია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული საკითხი არ დასმულა, რის გამოც საკასაციო პალატამ ამ საკითხზე ამ იმსჯელა. მოსარჩელე თვლის, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით იქნა აღსასრულებლად მიქცეული. Fფაქტობრივად, სანაოსნოს უკვე 1999წ. 25 მაისისათვის ბიუჯეტში ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 1 154 300 და 2,4 მლნ. ლარი, ხოლო 2000წ. 1 იანვრის მდგომარეობით, საგადასახადო ინსპექციასთან შედგენილი შედარების აქტის თანახმად _ 1671789 ლარი. ამდენად, აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციამ, ბათუმის და ქობულეთის სააღსრულებო ბიურომ, საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის სრული იგნორირებით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დასარიცხი 4,4 მლნ. Lლარის ანგარიშში არ ჩათვალა თუნდაც საქართველოს კონტროლის პალატის 18.01.02წ. აქტით სანაოსნოს მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილად აღიარებული 1 154 300 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სანაოსნომ 29.04.02წ. ¹06/96 წერილით მიმართა აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციას სანაოსნოს მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხიდან ჩათვლების განხორციელების მოთხოვნით. აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციამ 06.05.02წ. წერილით სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვის უფლება განუმარტა. სანაოსნომ წერილით მიმართა ქობულეთის და ბათუმის სააღსრულებო ბიუროს და აცნობა სანაოსნოს მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის თაობაზე, თუმცა პასუხი არ მიუღია. კასატორმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის 01.04.94წ. ¹21 განკაგულების თანახმად, სანაოსნომ ბანკიდან აღებული კრედიტით გადაიხადა თურქმენეთიდან მოწოდებული გაზის ღირებულება _ 2500000 აშშ დოლარი, ხოლო პურპროდუქტების კორპორაციას გადაუხადა 389920 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სანაოსნოს ბიუჯეტიდან 25357836 ლარი ერგება. 22.10.03წ. შპს “ს. ს. ს.” დაზუსტებული და დამატებითი სარჩელით საბოლოოდ მოითხოვა: მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ჩათვლა დარიცხული გადასახადების ანგარიშში; სანაოსნოს უძრავ-მოძრავ ქონებაზე, აგრეთვე, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოხსნა, 12.07.02წ. და 09.08.02წ. ბათუმის და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ აუქციონებთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო დოკუმენტების გამოთხოვა; ამ აუქციონებთან დაკავშირებით სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს “დ.-ა.” 10.06.02 წ. ¹02-20 აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის სასამართლოს აღმასრულებელ პ. ს-ის ყველა განკარგულების ბათილად ცნობა, რომელიც მიღებულ იქნა მასზე თ. დ-ის 15.11.02წ. განკარგულებით გადაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, მათ შორის, აღსრულების მოძრავ ქონებაზე მისაქცევად; სსკ-ის 198-ე მუხლის საფუძველზე 15.11.02წ განკარგულებით პ. ს-ეზე გადაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების შეჩერების უზრუნველყოფა მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ ¹5 დადგენილების ბათილად ცნობა; სკ-ის 408-ე, 409-ე, 411-ე და 1005-ე მუხლების საფუძველზე სახელმწიფოს და ბათუმის და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსს მიყენებული ზიანის სახით 457200 აშშ დოლარის სანაოსნოს სასარგებლოდ დაკისრება; სახელმწიფო ბიუჯეტისათვის სანაოსნოს სასარგებლოდ ოდენობით თურქმენეთიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის დავალიანების 2.5 მილიონი აშშ დოლარის დაფარვით წარმოშობილი დავალიანების _ 37722892,46 ლარის დაფარვის დაკისრება.
23.05.03წ. ფინანსთა სამინისტრომ შეგებებული სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა სკ-ის 361-ე მუხლის საფუძველზე შპს “ს. ს. ს.” 711 888 აშშ დოლარის დაკისრება 13.07.99წ. დადებული სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. შპს “ს. ს. ს.” ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ ცნო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.12.04წ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “ს. ს. ს.” სარჩელი, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ თურქმენეთიდან საქართველოსათვის მოწოდებული ბუნებრივი აირის დავალიანების დაფარვისათვის 22.02.04წ ჩარიცხული 2500000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული 10900000 აშშ დოლარის, სულ 13400000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა დააკისრა; ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, ბათუმის საგადასახადო ინსპექციასთან ერთად, დაევალა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დასაბრუნებელი თანხების გაანგარიშება და ურთიერთანგარიშსწორების მოხდენა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე შპს “ს. ს. ს.” უძრავ-მოძრავი ქონების მიმართ გამოცემული ყველა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოცემულია მოსარჩელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გამო, კერძოდ, მოპასუხის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული ყოველგვარი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ ¹5 დადგენილება შპს “ს. ს. ს.” ქონების ქ. ბათუმის მერიისათვის გადაცემის შესახებ; მოიხსნა შპს “ს. ს. ს.” უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით დადებული ყოველგვარი ყადაღა; უარი ეთქვა შპს “ს. ს. ს.” სარჩელს ბათუმის სააღსრულებო ბიუროსათვის ჯარიმის სახით 457200 აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლო კოლეგიის 28.12.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი, შპს “ს. ს. ს.” დაეკისრა 1999 წელს აღებული გადაუხდელი სესხის _ 206000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული ჯარიმის და საურავის, 505888 აშშ დოლარის, სულ 711888 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის გათვალისწინებული კურსის მიხედვით.
საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი:
სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო საწარმო “ს. ს. ს.”, საქართველოს პრეზიდენტის 17.08.96წ. ¹541 და 31.12.97წ ¹777 ბრძანებების საფუძველზე, გარდაიქმნა შპს-დ, რომელიც წესდების 1-ლი მუხლის თანახმად, არის საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სამართამემკვიდრე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 22.02.94წ მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ბანკის ანგარიშზე ჩარიცხა 2500000 აშშ დოლარი, ჩარიცხული თანხა ფინანსთა სამინისტრომ “ს.” ბუნებრივი აირის მიწოდებისათვის ხარჯების დასაფარავად გადარიცხა, “ს.” დაევალა შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა, თუმცა მოსარჩელისათვის თანხა არ დაუბრუნებიათ. საქართველოს პრემიერ-მინსტრის 01.06.95წ. ¹335 განკარგულებით გადაწყდა, რომ კონტროლის პალატის შემოწმების შედეგად საზღვაო დეპარტამენტისათვის დარიცხული 414737 და 1420350 აშშ დოლარი საზღვაო სანაოსნოს მიერ გაზის საფასურად გადასახდელი 2.5 მილიონი დოლარიდან ნაწილი ჩაეთვალათ დავალიანების ანგარიშში, ხოლო დარჩენილი 664981 აშშ დოლარი ჩათვლილიყო მომავალ გადასახადებში. მიუხედავად აღნიშნულისა. ჩათვლა არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მოსარჩელის მიმართ აქვს შესასრულებელი ვალდებულება, კერძოდ, 2.5 მილიონი ლარის და 1995 წლიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 10900000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს “ს. ს. ს.” მიმართ ყველა შემოწმება ჩატარდა ცალმხრივად, მიკერძოებულად, საგადასახადო კოდექსისა და “კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის უხეში დარღვევებით, საწარმოში ჩატარებული ყველა შემოწმება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით აფიქსირებდა მხოლოდ სახელმწიფოსათვის გადასახდელ თანხებს და არ ითვალისწინებდა სანაოსნოს მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ჩათვლას. კონტროლის პალატა შემოწმების ჩატარებისას ჩაერია საგადასახადო ორგანოების კომპეტენციაში და კანონის დარღვევით ჩაატარა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ რევიზია და უმართებულოდ დაარიცხა შპს “ს. ს. ს.” 20.4 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადასახდელად, რის საფუძველზეც აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტმა მიზანმიმართულად დაიწყო საჯარიმო თანხების დარიცხვა და ქონებრივი სანქციების გამოყენება, თუმცა დავის დამთავრებამდე ამის უფლება არ ჰქონდა. აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 264-ე და 265-ე მუხლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 25.05.99წ აქტი მიღებულ იქნა კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის დარღვევით, ცალმხრივად და მიკერძოებულად განხორციელდა მოსარჩელის ქონების დაყადაღება და 12.07.02წ და 09.08.02წ აუქციონებზე მოსარჩელის ქონების გატანა. კომპეტენციის გადამეტებით არის მიღებული აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ ¹5 დადგენილება შპს “ს. ს. ს.” ქონების ბათუმის მერიისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილება, კოლეგიის აზრით, ეწინააღმდეგება “საკუთრების შესახებ” კანონის, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული აგრეთვე, რომ შპს “ს. ს. ს.” მიერ სხვადასხვა დროს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილ იქნა სხვა თანხებიც. აღნიშნული თანხების ჩათვლის დროს მათი დაზუსტება უნდა მოხდეს კომპეტენტური ორგანოების _ ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო დეპარტამენტის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაავალა შესაბამის ორგანოებს ურთიერთმოთხოვნების დაზუსტება და შესაბამისად ჩათვლების განხორციელება.
სააღსრულებო ბიუროსათვის ჯარიმის სახით 457 200 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული იმ მოტივით, რომ საასღრულებო ბიუროს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის განზრახ მიყენება არ დასტურდება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.12.04წ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, აჭარის ა/რ მთავრობამ, შპს “ს. ს. ს.”.
კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გაითვალისწინა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. კერძოდ, შპს “ს. ს. ს.” მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 16.11.94წ., როდესაც პრემიერ-მინისტრმა ო. ფაცაციამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა თურქმენეთისათვის გადარიცხული 2.5 მილიონი აშშ დოლარის ჩათვლა სავალუტო ფონდში შენატანად. სარჩელი შეტანილ იქნა 08.07.02წ., 1964 წ. სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლით. კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა არ განეკუთვნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადს, ვინაიდან არ არსებობს საგადასახადო ურთიერთობა და შესაბამისად - თურქმენეთისთვის გადარიცხული თანხა არ წარმოადგენს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილ გადასახადს, რის გამოც მისი დაბრუნება, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე, დაუშვებელია. კასატორი თვლის, რომ უსაფუძვლოა, აგრეთვე, სასამართლოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცენტების თვითნებური დარიცხვა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონი და მიუთითა, თითქოს გაზის საფასურად გადახდილი თანხა აღიარებულია სახელმწიფო ვალად. კასატორის განმარტებით, აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ვალად აღიარებულია თურქმენეთიდან 1995წ. ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურებაში არსებული დავალიანება, ხოლო საზღვაო სანაოსნოს მიერ პროდუქცია არ გადატვირთულა და შესაბამისად არც მისი აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს შპს “ს. ს. ს.” სასარგებლოდ 13400000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
კასატორი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ მიიჩნევს უკანონოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესრულებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ გადაწყვეტილებით დაკისრებული 4412780 ლარის და ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადების გადაანგარიშებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ზედმეტად გადახდილი თანხა შპს “ს. ს. ს.” ჩათვლილი აქვს მომავალ გადასახადებში და მხარეებს შორის შემდგარია მორიგების აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13400000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა, აგრეთვე, გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც დეპარტამენტს, ბათუმის საგადასახადო ინსპექციასთან ერთად, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დასაბრუნებელი თანხების გაანგარიშება დაევალა.
კასატორი _ აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უკანონოდ გაუქმდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ. ¹5 დადგენილება, რადგან სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. ამავე დროს, სასამართლომ არსებითი მსჯელობის გარეშე გააუქმა აღნიშნული დადგენილება, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა მითითებული დადგენილება უკანონოდ, საკუთრებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი, რომლითაც გაუქმებულია “საკუთრების უფლების შესახებ” კანონი. ამავე დროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 16.08.02წ. განკარგულების შესაბამისად, შპს “ს. ს. ს.” უძრავ-მოძრავი ქონება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლით დადგენილი წესით, ნატურით გადაეცა აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს. ამდენად, ქ. ბათუმის მერიას გადაეცა არა შპს “ს. ს. ს.”, არამედ უკვე აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს საკუთრებაში არსებული ქონება. ზემოაღნიშნულიდან გამომდიენარე, კასატორი ითხოვს სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საკასაციო პალატის მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 28.12.04წ. გადაწყვტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა, აგრეთვე, შპს “ს. ს. ს.” მიერ. კასატორი აღნშნავს, რომ 28.12.04წ. გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულ იქნა როგორც საპროცესო სამართლის, ისე _ მატერიალური სამართლის ცალკეული ნორმები, გადაწყვეტილება მთელ რიგ ნაწილებში იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან საერთოდ არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებული კასაციის საფუძვლებია. კასატორი აღნიშნავს, რომ 1999წ. 1 აპრილისათვის, ანუ იმ საგადასახადო პერიოდის დასრულებისათვის (1995-99წწ), რომელზეც სანაოსნოს ძირითადი გადასახადის სახით 2659377 ლარის გადახდა დაეკისრა, სანაოსნოს სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ გადასახადების სახით ზედმეტად 3701050 ლარი ჰქონდა გადახდილი, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით დადასტურდა. აღნიშნული თანხიდან 1154,3 ათასი ლარი, რომელიც ჩათვლას ან დაბრუნებას ექვემდებარებოდა, თვით კონტროლის პალატის 18.01.02წ. აქტში არის დაფიქსირებული. აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტს კონტროლის პალატის 18.01.02წ. აქტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილებისა და საგადასახადო კოდექსის 235-ე, 240-ე, 264-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადების დარიცხვის პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადები (3,7 მილიონი ლარი) უნდა ჩაეთვალა დარიცხული გადასახადების (საურავების გამოკლებით 2,7 მილიონი ლარი) ანგარიშში, ანუ შეესწორებინა ადრე განხორციელებული დარიცხვა (რის შედეგადაც სანაოსნოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ გადასახადების კუთხით დაახლოებით 1,1 მილიონი ლარი რჩება მისაღები).
კასატორი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ ბათუმის და ქობულეთის სააღსრულებო ბიურო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის დარღვევით სანაოსნოსათვის სათანადო უწყების ჩაბარების გარეშე შეუდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილების აღსრულებას. შპს “დ.-ა.” სანაოსნოსათვის შეუტყობინებლად, კასატორის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე, 10.06.02წ აუდიტორული დასკვნით სანაოსნოს კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მიზერულ ფასად, _ 4 349 270 ლარად შეაფასა. შეფასებისას აუდიტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 02.02.98წ. ¹8 ბრძანებით დამტკიცებულ წესებში მითითებული პარამეტრები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა ნორმები. კანონმდებლობის მოთხოვნებს არ პასუხობდა, აგრეთვე, გაზეთ “ა.” გამოქვეყნებული განცხადება სანაოსნოს უძრავი ქონების აუქციონზე გასაყიდად გატანის შესახებ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21 და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა ნავმისადგომი. აღმასრულებლის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული ფინანსთა სამინისტროს 09.07.02წ. წერილი, რომლითაც კრედიტორი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 70-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა 6 თვის ვადით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას. 12.07.02წ. აუქციონზე აღმასრულებელმა უარი უთხრა სანაოსნოს წარმომადგენლებს ერთ-ერთი შენობის შესყიდვაზე იმ მოტივით, რომ შემძენს აუქციონზე გატანილი ყველა ობიექტი უნდა შეესყიდა და მათი ცალ-ცალკე გაყიდვა დაუშვებელი იყო. კანონის 29-ე მუხლის დარღვევით აუქციონის ოქმის შედგენა არ დასრულებულა აუქციონის ჩატარების დღეს. მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარდა, აგრეთვე, განმეორებითი აუქციონი, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად განმეორებითი აუქციონის ჩატარების მომენტისათვის სააღსულებო ბიუროები არ იყვნენ უფლებამოსილნი განეხორციელებინათ გადასახადის გადამხდელის ქონების ამოღება საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის I, მე-3, მე-10, მე-171 მუხლებში შეტანილი ცვლილებების, თანახმად, “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონი საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად გადასახადის გადამხდელის ქონების ამოღების საკითხებს არ აწესრიგებს, საგადასახადო კოდექსის 247.1 მუხლის თანახმად გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალიზებულ ღია აუქციონზე, რომლის გამართვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის ერთობლივი ბრძანებით. “სააღრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-17, მე-18, მე-19 მუხლების დარღვევით სანაოსნოს წარმომადგენლებს არ მიეცათ სააღსრულებო მასალების გაცნობის საშუალება, ხოლო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სანაოსნოს მოთხოვნა და სსკ-ის 103-ე მუხლის დარღვევით არ გამოითხოვა სააღსრულებო მასალები.
კასატორი აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ. ¹5 დადგენილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, მასში არ არის მითითებული გამოცემის სათანადო სამართლებრივი საფუძვლები, ორგანო, რომელშიც შეიძლება მისი გასაჩივრება, რითაც დარღვეულ იქნა სზაკ-ის 52-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნები, დადგენილებით შეილახა სანაოსნოს, როგორც მესაკუთრის და სახელმწიფოს, როგორც სანაოსნოს 100% წილობრივი მონაწილეობით დამფუძნებლის, ინტერესები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტს დღემდის არ შეუსრულებია საგადასახადო დეპარტამენტის 21.05.03წ ბრძანება. მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნისა სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სანაოსნოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 01.04.99წ მდგომარეობით ზედმეტად გადახდილი თანხების ჩათვლის საკითხზე დარიცხული გადასახადების ანგარიშში. სანაოსნოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად სასამართლოს კონკრეტულად უნდა დაედგინა სანაოსნოს მიერ სადავო პერიოდში ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა და მასვე უნდა გადაეწყვიტა ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების დარიცხული გადასახადების ანგარიშში ჩათვლის საკითხი.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ მკაფიოდ არ ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება 12.07.02წ და 09.08.02წ გამართულ აუქციონებს და მათ შედეგებთან (სანაოსნოს უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან) დაკავშირებით ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულებების, სააღსრულებო მოქმედებების ბათილად ცნობას. 28.12.04წ. გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში ისე იკითხებს, თითქოსდა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლომ მხოლოდ სააღრულებო ბიუროს მიერ გამოცემული და მხოლოდ ადმინისტრაციული აქტები ცნო ბათილად, მაშინ, როდესაც სანაოსნომ კონკრეტული აღმასრულებლის (თ. დ-ე და პ. ს-ე) მიერ განხორციელებული სააღრულებო მოქმედებებისა და სააღსრულებო განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა, ანუ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 244-ე და 249-ე მუხლი, რაც თავისთავად სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველია.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი, ვინაიდან მასში დაყენებული ძირითადი მოთხოვნის დადგომის დროისათვის, ანუ 1999წ. 14 ოქტომბრისათვის სანაოსნოს სულ ცოტა 10-ჯერ მეტი მაინც მართებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სსკ-ის 442-ე, 444-ე და 445-ე მუხლების საფუძველზე ბიუჯეტის მოთხოვნა სანაოსნოს მიმართ მას შემდეგ შეწყდა, როდესაც სანაოსნომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო შეტყობინება გაუგზავნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა: ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარის _ თ. დ-ის მიერ მიღებული (გამოცემული) ყველა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილების აღსრულებასთან და შეეხება 12.07.02წ და 09.08.02წ ჩატარებულ აუქციონებსა და მათ შედეგებს (მომზადების პროცესს, დანიშვნას, ჩატარების პროცესს, შედეგებს _ ქონების გასხვისება, ნატურით გადაცემა და სხვა), მათ შორის, 15.11.02წ განკარგულება ურთიერთობების გამწვავებისა და დაძაბვის მოტივით საქმეების აცილების და პ. ს-ეზე გადაცემის თაობაზე; შპს “დ.-ა.” 10.06.02წ. ¹02-20 აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობა; ქ. ბათუმის სასამართლო აღმასრულებლის პ. ს-ის ყველა განკარგულების ბათილად ცნობა, რომლებიც მიღებულ იქნა მასზე თ. დ-ის 15.11.02წ განკარგულებით გადაცემული სააღრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, მათ შორის, აღსრულების მოძხრავ ქონებაზე მისაქცევად; ფინანსთა სამინისტროს 04.02.03წ. ¹43 ბრძანებისა და საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის 21.05.03წ. ¹138-ს ბრძანების შესასრულებლად, აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტს, სზაკ-ის 76-ე მუხლის და სასკ-ის 23-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სანაოსნოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 1999წ. 1 აპრილისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების ჩათვლის განხორციელება დარიცხული გადასახადების ანგარიშში და შესაბამისი აქტის გამოცემა, რის შესახებაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინება გაეგზავნოს სანაოსნოს ან წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ თავად გამოსცეს აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული აქტი; სანაოსნოს საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის მოხსნა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება. სააღრულებო ბიუროს წარმომადგენლები საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადებულან. ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა შპს “ს. ს. ს.” მოთხოვნები არ ცნო. შპს “დ.-ა.” წარმომადგენელმა თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ აუდიტორული დასკვნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა შედგენილი. ამასთანავე, წარმომადგენელი შედგენილი დასკვნის გაუქმების წინააღმდეგი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილებში და საქმე ამ ნაწილებში არსებითი განხილვისათვის უნდა გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა 21.02.94წ. ¹64/7 წერილით მიმართა შპს “ა.-ჯ.”, რომლითაც ითხოვა კრედიტის სახით მიღებული 2,5 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვა თურქმენეთიდან საქართველოში მიწოდებული აირის საფასურად. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიას არ დაუდგენია თუ რა მიზნით და ვისგან მიიღო კრედიტი შპს “ა.-ჯ.”, რა კავშირი აქვს შპს “ა.-ჯ.” სახელმწიფო საწარმო საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთან, რომლის სამართალმემკვიდრე, წესდების 1-ლი მუხლის თანახმად, არის შპს “ს. ს. ს.”, საქმეში არ მოიპოვება უფლებამოსილების დელეგირების, უფლების დათმობის დოკუმენტი. შპს “ა.-ჯ.” არ შედიოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 29.09.92წ ¹959 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვაო კორპორაციაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების ნუსხაში, აგრეთვე, 08.08.94წ. ¹530 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვაო კორპორაციაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების ნუსხაში”. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არის დასაბუთებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროსათვის შპს “ს. ს. ს.” სასარგებლოდ შპს “ა.-ჯ.” მიერ გადარიცხული თანხის დაკისრება.
საფუძველს მოკლებულია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 28.12.04წ. გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება კონტროლის პალატის 18.01.02წ. აქტის ტენდენციურობის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და “კონტროლის პალატის შესახებ” კანონის უხეში დარღვევით მისი მიღების შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კონტროლის პალატის აქტი არ გასაჩივრებულა “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად და კანონიერ ძალაში იმყოფება, კონტროლის პალატის 18.01.02წ. აქტი საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.03.02წ გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს “ს. ს. ს.” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 412 780 ლარი დაეკისრა. საკასაციო პალატის ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იმყოფება, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მისი საზედამხედველო წესით გადასინჯვის შესაძლებლობას.
დაუსაბუთებელია, აგრეთვე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ¹335 განკარგულებით, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს წერილებით მოპასუხის მიერ აღიარებულ იქნა ვალი საზღვაო სანაოსნოს მიმართ. 1964წ სკ-ის 83-ე მუხლი ითვალისწინებდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტას ვალდებული პირის მოვალეობის აღიარების დამადასტურებელი მოქმედების გამო იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი ან ორივე მხარე მოქალაქეებია. ფინანსთა სამინისტროს წერილებით დავალიანება არ დასტურდება, ვინაიდან წერილებში არ არის მითითებული დავალიანების თანხა, წერილების ადრესატი არ არის შპს “ს. ს. ს.” მაშინ, როდესაც აღიარება კრედიტორის და არა მესამე პირის წინაშე უნდა მოხდეს, წერილებში მითითება დავალიანების არსებობის თანხის დადგენის საჭიროების შესახებ ვერ იქნება მიჩნეული საკუთრივ დავალიანების პერიოდულ აღიარებად, რომლის გამო წყდება ხანდაზმულობის ვადა (სკ-ის 137-ე, 141-ე მუხლები).
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხის “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალად მიჩნევა გამორიცხავდა აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე მსჯელობის საჭიროებას, აგრეთვე, დავალიანების თანხაზე ჯარიმების და საურავების დარიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლით კანონის მიღებამდე სხვადასხვა ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებად აღიარების ჩამონათვალი არის ამომწურავი, მისი განვრცობითი განმარტება დაუშვებელია. მითითებული მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულია არა აირის საფასურის გადახდა, არამედ თურქმენეთიდან 1995წ. ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურებაში არსებული დავალიანება. ამდენად, დაუსაბუთებელია სანაოსნოს მიერ ფონდში გადარიცხული თანხის, რომელიც შემდგომში ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩარიცხა თურქმენეთიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურად, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებად აღიარება. საფუძველს მოკლებულია. აგრეთვე კოლეგიის დასკვნა იმის შესახებ, რომ 2,5 მლნ. აშშ დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩარიცხული აქვს შპს “ს. ს. ს.”, ვინაიდან სახელმწიფო საწარმო “ს. ს. ს.” შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 17.08.96წ. ¹541 და 31.12.97წ. ¹777 ბრძანებულებების საფუძველზე. დაუსაბუთებელია აგრეთვე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი 2,5 მილიონი აშშ დოლარის საზღვაო სანაოსნოს საგადასახადო ვალდებულებაში არ ჩათვლა წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, რაც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის აზრით საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის ვალდებულება გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი, მინისტრთა კაბინეტის 10.06.03წ. ¹454 დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო სავალუტო ფონდისათვის ყველა სახეობის უცხოური ვალუტის დადგენილი ნაწილის სავალდებულო მიყიდვა, თურქმენეთიდან საქართველოსათვის მოწოდებული გაზის ღირებულების ანაზღაურების დავალიანებისათვის თანხის გადახდა არ განეკუთვნება საგადასახადო დავალიანებას. ვინაიდან გადარიცხული თანხა არ უკავშირდება გადასახადების გადახდას, გაუგებარია, თუ რატომ უკავშირებს კოლეგია ხსენებულ თანხას საგადასახადო დავალიანების ჩათვლას, რის საფუძველზე მიიჩნევს კოლეგია, რომ თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, როგორც ზედმეტი გადასახადის დაბრუნება, რატომ არ იყენებს ასეთ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადას. უმართებულოა საზღვაო დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანებაში (414737 აშშ დოლარისა და 1420350 აშშ დოლარის) სახელმწიფო ვალის თანხაში გაქვითვის მოთხოვნა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად, საგადასახადო დავალიანება არ არის დამოკიდებული სხვა საბიუჯეტო დავალიანებისაგან, საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად. “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს, არ ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის გაქვითვის ამგვარ ფორმას, საგადასახადო დავალიანების საბიუჯეტო დავალიანებაში გაქვითვის მოთხოვნა არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საგადასახადო კოდექსის 1-ლი, მე-3, მე-4, 28-ე, 30-ე მუხლების მიხედვით, სახელმწიფოს დავალიანება არ წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების შეუსრულებლობის მიზეზს. ამდენად, კოლეგიის მითითება, რომ მოსარჩელეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, იმავე დროიდან ჰქონდა უფლება, ჩაეთვალა ზედმეტად გადახდილი თანხა, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის ზედმეტად გადახდევინებისათვის პროცენტის გადახდა არ არის დასაბუთებული. ვინაიდან 2,5 მლნ. Aაშშ დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩარიცხულა საგადასახადო დავალიანების სახით. ამდენად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის დასკვნა იმის შესახებ, რომ თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით დაუსაბუთებელია, მით უფრო, რომ საგადასახადო კოდექსი 1997 წლიდან ამოქმედდა, კოდექსის 4.6 მუხლის თანახმად საგადასახადო კანონმდებლობის აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, ბათუმის საგადასახადო ინსპექციასთან ერთად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დაევალა მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დაბრუნებული თანხების გაანგარიშების და ურთიერთანგარიშსწორების მოხდენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფინანსთა მინისტრის 02.04.03წ ¹43 ბრძანებით საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა შპს “ს. ს. ს.” მიერ, საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის დაცვით, 01.04.99წ მდგომარეობით ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების ჩათვლის უზრუნველყოფა, შესაბამისი ღონისძიების გატარების მიზნით ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 21.05.03წ., ¹138-ს ბრძანებით აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა ცალკეული გადასახადების მიხედვით (დღგ, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი, სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, საგზაო ფონდის გადასახადი) 1999წ. 1 აპრილისათვის არსებული ზედმეტად გადახდილი და ნარჩენი თანხების ასახვა შპს “ს. ს. ს.” პირადი აღრიცხვის ბარათზე, ამასთან, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხები უნდა დაბრუნებოდა ან ჩათვლოდა გადამხდელს. სასამართლო კოლეგიამ ისე დაავალა საგადასახადო ორგანოებს მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დასაბრუნებლად თანხების გაანგარიშება და ურთიერთანგარიშსწორება, რომ არ დაუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილებით შპს “ს. ს. ს.” დაკისრებული 4 412 780 ლარის და ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 04.02.03წ. ¹43 და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 21.05.03წ. ¹138-ს ბრძანებებით გათვალისწინებული ზომების შეუსრულებლობა. საქმეში დაცული ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსსა და შპს “ს. ს. ს.” გენერალური დირექტორის 01.07.04წ. მორიგების აქტით ქ. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ დაადასტურა რომ შპს “ს. ს. ს.”, როგორც გადასახადის გადამხდელს, 1999წ. 1 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხები. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ ხსენებული მორიგების მართლზომიერების შეფასების გარეშე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოებს მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დასაბრუნებელი თანხების გაანგარიშება და ურთიერთანგარიშსწორება. სასამართლოს არ უმსჯელია არსებითად მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 01.04.99წ. მდგომარეობით ზედმეტად გადახდილი თანხების ჩათვლის საკითხზე, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად არ დაუდგენია სანაოსნოს მიერ სადავო პერიოდში ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა, არ გადაუწყვეტია ზედმეტად გადახდილი გადასახადების თანხების საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხაში ჩათვლის ან ჩათვლაზე უარის თქმის საკითხი. სასკ-ის 32.4 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემული აქტის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შემთხვევაში. ვინაიდან ასეთი არ არსებობდა, მოსარჩელეს არ უთხოვია ფინანსთა მინისტრის და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებული ბრძანებების ბათილად ცნობა, შესაბამისად, არ არსებობდა 32-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ბიუჯეტში გადახდილი და დასაბრუნებელი თანხების გაანგარიშების და ურთიერთანგარიშსწორების ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დავალებით კოლეგიამ ფაქტობრივად თავი აარიდა ამ მოთხოვნის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებას, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი (სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი), შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმებით საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
უმართებულოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ. ¹5 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძვლად “საკუთრების შესახებ” კანონის მითითება, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მითითებული კანონი, სკ-ის 1505-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა გათვალისწინებული საქმის მონაწილეთა პროცესუალური სტატუსი, კერძოდ, კოლეგიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ. ¹5 დადგენილება შპს “ს. ს. ს.” ქონების ქ. ბათუმის მერიაზე გადაცემის შესახებ”. ამასთანავე, საქმის მასალების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, აჭარის ა/რ მთავრობა საქმეში არა მოპასუხედ, არამედ მესამე პირად არის ჩაბმული. საკასაციო პალატას დაუშვებლად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილებით მესამე პირისათვის უშუალო სამართლებრივი შედეგის დადგენა სათანადო პროცესუალური სტატუსის მინიჭების, საქმეში მოპასუხედ ჩართვის გარეშე. მოსარჩელის სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება მესამე პირის მიმართ პრეიუდიციულ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს და არ უნდა იწვევდეს მისთვის უშუალო სამართლებრივ შედეგს. უკეთუ პირი მოპასუხის მსგავსად უშუალოდ აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე, იგი წარმოადგენს მოპასუხეს და არა მესამე პირს. ზემოაღნიშნულს არ ცვლის ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის სამართლებრივი მდგომარეობის თავისებურებანი (სასკ-ის მე-16 მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისას განსჯადმა სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა და პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით დააზუსტოს განსახილველ საქმეში აჭარის ა/რ მთავრობის სტატუსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ. ¹5 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა გაუქმდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 27.01.03წ ¹5 დადგენილება გამოიცა შპს “ს. ს. ს.” უძრავი ქონების მიმართ ჩატარებული სააღსრულებო წარმოების შედეგად. ამდენად, აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სადავო აქტის გაუქმებას, თავისთავად იწვევს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებასაც, რომელიც შპს “ს. ს. ს.” ქონების მიმართ აღსრულების აქტების ბათილად ცნობას შეეხება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ. ¹5 დადგენილების ბათილად ცნობით ქ. ბათუმის მერიას ჩამოერთვა ხსენებული დადგენილებით მის საკუთრებაში გადაცემული ქონება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ბათუმის მერიას, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეს, უშუალო უფლებადამცავი ინტერესი გააჩნია განსახილველი დავის მიმართ, რის გამოც იგი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩართული უნდა ყოფილიყო საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქმეში პროცესის მონაწილედ, მით უფრო, რომ შპს “ს. ს. ს.” მიერ საკასაციო საჩივრის და შესაგებლის თანახმად ქ. ბათუმის მერიამ 08.08.03წ. ვინდიკაციური სარჩელი აღძრა სანაოსნოს მიმართ ადმინისტრაციის მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობების დაცლის მოთხოვნით, რაც საქალაქო სასამართლოს 21.10.03წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ “ქ. ბათუმის მერიისათვის რიგი შენობა-ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის შესახებ” აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.06.03წ. ¹5 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ბათუმის მერია სადავო სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილეა. გარდა ამისა, შპს “ს. ს. ს.” საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, აგრეთვე, რომ აღსრულების პროცესში განმეორებითი აუქციონის შედეგად 196 632 აშშ დოლარის ღირებულების შენობა გადაეცა აგრომრეწვბანკის აჭარის ა/რ რეგიონალურ ფილიალს, რაც ასევე ადასტურებს საქმის განხილვაში უკანასკნელის ჩართვის აუცილებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვა საქმეში მხარის ჩაბმის გარეშე ქმნის სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის _ შპს “ს. ს. ს.” წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ მკაფიოდ არ ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება 12.07.02წ., 09.08.02წ გამართულ აუქციონებსა და მათ შედეგებს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე შპს “ს. ს. ს.” უძრავ-მოძრავი ქონების მიმართ გამოცემული ყველა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოცემულია მოსარჩელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გამო, კერძოდ, მოპასუხის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული ყოველგვარი გადაწყვეტილება (განკარგულება, აქტი და ა.შ.). სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის კონკრეტულად მითითებული, თუ რომელი სააღსრულებო ღონისძიება, რომელი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით არის ცნობილი ბათილად მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “ს. ს. ს.” მონაწილეობით სასამართლოებს მრავალი დავა აქვთ გადაწყვეტილი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ ისე ცნო ბათილად ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული ყოველგვარი გადაწყვეტილება (განკარგულება, აქტი და ა.შ.) რომ არ გამოუთხოვია სააღსრულებო წარმოების მასალები, არ დაუდგენია გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუქციონების ჩატარების დრო, ჩატარებული აუქციონების შედეგები, ის პირები, რომელთაც აღსრულების შედეგად გადაეცათ ქონება, რის გამო შეუძლებელია აღსრულების კანონიერების, სადავო სამართალურთიერთობების მონაწილეთა წრის ზუსტი დადგენა. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის, საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების, სსკ-ის 103-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეთხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოების მასალები, ჩაება საქმეში ის პირები, რომელთაც გადაეცათ აღსრულების შედეგად ქონება, სააღსრულებო წარმოების მასალების შესწავლის შედეგად კოლეგიას უნდა ემსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.02წ. გადაწყვეტილების აღსრულების, ჩატარებული აუქციონების კანონიერებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს შპს “ს. ს. ს.” წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი არ პასუხობს სსკ-ის 244-ე, 249-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც თავისთავად სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
მოსარჩელე შპს “ს. ს. ს.” ცალკე სასარჩელო მოთხოვნის სახით მოითხოვდა შპს “დ.-ა.” 10.06.02წ. ¹02-20 აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობას. მიუხედავად ამისა, სასამართლო კოლეგიას საერთოდ არ უმსჯელია ამ მოთხოვნაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილს სასამართლო კოლეგია არც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იხსენიებს, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ პასუხობს სსკ-ის 244-ე, 249-ე მუხლების მოთხოვნებს.
საქართველოს პრეზიდენტის 09.07.99წ ¹839 განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ს. ს. ს.” შორის დადებული 13.07.99წ ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორის მიერ სესხის სარგებლობის ვადა სამი თვით განისაზღვრა. ამდენად სესხის ძირითადი და საპროცენტო თანხა 14.10.99წ უნდა დაფარულიყო. შეგებებული სარჩელი ფინანსთა სამინისტრომ 23.05.03წ წარადგინა. ამდენად, დადგენას საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სკ-ის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცულობა, ამასთან, ვინაიდან მოთხოვნა იმ დროისათვის, როდესაც გაქვითვა იყო შესაძლებელი, არ იყო ხანდაზმული, ხოლო სკ-ის 443-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, დასადგენია შპს “ს. ს. ს.” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ იდენტური მოთხოვნის არსებობა, მსგავსი მოთხოვნის სკ-ის 442-ე, 444-ე მუხლების საფუძველზე ურთიერთჩათვლის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 20.03.02წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ყადაღა დაედო შპს “ს. ს. ს.” საბანკო ანგარიშებს და უძრავ-მოძრავ ქონებას. Aამდენად, საფუძველსმოკლებულია ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტამდე ყადაღის მოხსნა, შესაბამისად დაუსაბუთებელია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.12.04წ. გადაწყვეტილებით შპს “ს. ს. ს.” უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული ყოველგვარი ყადაღის მოხსნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, გადაწყვეტილება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და მტკიცებულებებს, საქმის ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას. ვინაიდან განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით გაერკვია საქმის ზემოაღნიშნული გარემოებანი, საქმეში ჩაება სადავო სამართალურთიერთობის ყველა მონაწილე. საქმის მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეთა უფლება-მოვალეობების ზუსტი დადგენა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილებში და საქმე განხილვისათვის გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში 23.06.05წ კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოებში საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველი კოლეგიების ფუნქციონირებას. ამდენად, სასკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით საქმე განსჯალდობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის UI-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.12.04წ. გადაწყვეტილება შპს “საქართველოს საზღვაო სანაოსნოს” სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 13.400 000 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ეკვივალენტური თანხის დაკისრების, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციისათვის მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და მასზე დასაბრუნებელი თანხების გაანგარიშების და ურთიერთ ანგარიშსწორების განხორციელების დავალების ნაწილში;
2. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.12.04წ. გადაწყვეტილება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.01.03წ ¹5 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში;
3. შპს “ს. ს. ს.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.12.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული ყოველგვარი გადაწყვეტილება (განკარგულება, აქტი და ა.შ.), აგრეთვე შპს “ს. ს. ს.” 711.888 აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის დაკისრების ნაწილში;
4. გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს “ს. ს. ს.” უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით დადებული ყოველგვარი ყადაღის გაუქმების ნაწილში;
5. საქმე გაუქმებულ ნაწილებში განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
6. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 28.12.04წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. მხარეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.