¹ ბს-417-7(კ-05) 14 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “გ-ის” დირექტორმა გ. ე-მ მოპასუხე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს დაცვის ქვეგანყოფილების მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური ზიანის _ 632 393 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: შპს “გ-ისა” და შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს დაცვის ქვეგანყოფილებას შორის 2000წ. 10 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება შპს “გ-ის” უძრავ-მოძრავი ქონებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის შესახებ.
საწარმოს საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით, 2000წ. სექტემბრის დასაწყისში მოსარჩელე რამდენიმე თვით იმყოფებოდა ქ. თბილისში, შემდეგ კი _ უკრაინაში. წყალტუბოში დაბრუნების შემდეგ მას სახლში დახვდა ინფორმაცია დაცვის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნაზე. მოსარჩელე წალტუბოს დაცვის ქვეგანყოფილების თანამშრომელთან ერთად გაემგზავრა სოფ. მაღლაკში, სადაც მდებარეობს დაცვის ობიექტი _ შპს “გ-ის” ხორცკომბინატი. აღმოჩნდა, რომ საწარმო იყო, მთლიანად გაქურდული, ხოლო დაცვის არც ერთი თანამშომელი ადგილზე არ იმყოფებოდა. მოსარჩელის განმარტებით, დაცვის ქვეგანყოფილება, მხარეთა შორის 2000წ. 10 თებერვალს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებული იყო დაეცვა საწარმოს მატერიალური ფასეულობა, ხოლო თუ სურდა ხელშეკრულების გაუქმება, ეს უნდა მომხდარიყო ორივე მხარის ურთიერთშეთანხმებით, როგორც ეს ხელშეკრულების მე-10 პუნქტშია განმარტებული. ხელშეკრულება არ ითვალისწინებს თანხის გადაუხდელობის გამო გარიგების შეწყვეტას. დაცვის პოლიციის მიერ ობიექტის მიტოვებამ გამოიწვია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დატაცება-განიავება, რის შედეგადაც, შპს “გ-ის” მიადგა მატერიალური ზარალი. 2002წ. 1 ივლისის შეფასების აქტის მიხედვით, ზარალმა შეადგინა 141235 ლარი. გარდა ამისა, სკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მოს- არჩელეს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ _ მიუღებელი შემოსავლისთვისაც კერძოდ, შპს “გ-ს” პროდუქციის მიწოდებაზე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება ტურიზმისა და კურორტების იმერეთის რეგიონალურ ასოციაცია_ “ი-თან” და შპს “ც-თან”, რომლის თანახმადაც, საწარმოს აღებული ჰქონდა მის მიერ ნაწარმოები პროდუქციის მიწოდების ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, წლიური მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება პირველი ხელშეკრულებისათვის შეადგენდა 1805380 ლარს, ხოლო მე-2 ხელშეკრულებისათვის _ 317360 ლარს, საიდანაც საწარმოს წმინდა მოგებას შეადგენდა 491 158 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებოდა ქონებრივი ზიანის _ 141235 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 491158 ლარის, სულ ჯამში _ 632393 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით მოპასუხედ ჩართული იქნა შსს დაცვის დეპარტამენტი.
მოპასუხე მხარეებმა _ შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და წყალტუბოს შს დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილებამ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მოტყუების გზითაა დადებული და არ არის ნამდვილი, ვინაიდან იგი გაფორმებულია ნოტარიული წესის დაუცველად, ხელშეკრულებაზე არ არის შპს “გ-ის” მხრიდან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და არ არის დადასტურებული საწარმოს ბეჭდით.
მოპასუხეები აღნიშნავდნენ, რომ მათ წინასწარ, წერილობით შეატყობინეს შპს “გ-ს” იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების 10.2 მუხლით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტის დაცვა შეწყდებოდა. ამასთან, მოპასუხე მიუთითებდა, რომ შპს “გ-ის” მიერ წარმოდგენილი არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებდა, რომ შპს-ს ნამდვილად ჰქონდა დაზგა-დანადგარები და იგი იყო მისი მესაკუთრე. მოპასუხეები ასევე მიუთითებდნენ, რომ შპს “გ-ის” მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები შპს “ც-სა” და ტურისტულ ფირმასთან ხორცის პროდცუქციის მიწოდებაზე იყო არარეალური. შესაბამისად, ითხოვდნენ, სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის მოტივით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “გ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს დაცვის პოლიციას შპს “გ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 141235 ლარის, გადახდა.
არ დაკმაყოფილდა შპს “გ-ის” მოთხოვნა მიუღებელი მატერიალური შემოსავლის _ 491158 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შს დაცვის პოლიციის წყალტუბოს სამმართველომ არ შეასრულა და უკანონოდ შეწყვიტა შპს “გ-ის” ხორცკომბინატის დაცვა 2000წ. სექტემბერში, ე.ი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, რასაც შედეგად მოჰყვა შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვა. სკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულოს ვალდებულებას, შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. ასევე, მიბარების ხელშეკრულების წესების 785-ე მუხლის შესაბამისად, შემნახველი პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევდა, რომ სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის _ კერძოდ, დაცვის ობიექტზე არსებული დაზგა-დანადგარების ღირებულების ანაზღაურებაზე კანონიერი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო ექსპერტიზის მიერ მითითებული თანხის_ 141235 ლარის ოდენობით.
მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სასამართლო კოლეგია მიუთითებდა შემდეგზე: სკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. როგორც შპს “გ-ის” დირექტორ გ. ე-ს განმარტებით დადგინდა, დაცვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საწარმოს არ უფუნქციონერია, რაც გამოწვეული იყო საწარმოს ფინანსური მდგომარეობით. ამდენად, შს დეპარტამენტის მხრიდან დაცვის ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაშიც საწარმო მაინც ვერ დაიწყებდა პროდუქციის გამოშვებას და შესაბამისად, ვერ მიიღებდა შემოსავალს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს ქვეგანყოფილებამ.
კასატორი თავის საჩივარში მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: სასამართლოს არასწორად აქვს გამოყენებული სკ-ის მე-18 და მე-19 თავები, რომელთა შესაბამისადაც შპს “გ-სა” და წყალტუბოს დაცვის პოლიციას შორის დადებულ დაცვის მომსახურების ხელშეკრულებას მიიჩნევს მიბარების ხელშეკრულებად. მცდარია სკ-ის 763-ე მუხლის ასეთი განმარტება, ვინაიდან მიბარების ხელშეკრულების დადებისას საკმარისი არ არის მხარეთა შეთანხმება, მას უნდა ერთვოდეს ნივთის გადაცემაც. გამომდინარე იქიდან, რომ შპს “გ-სა” და წყალტუბოს დაცვის პოლიციას შორის დადებულ ხელშეკრულებას ნივთის გადაცემა არ მოჰყოლია, ხელშეკრულება თავისი მნიშვნელობით, მიზნით და შინაარსით წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებას.
უფრო მეტიც, სადავო ხელშეკრულება საერთოდ არ შესულა ძალაში, რადგან, ხელშეკრულებას ხელს აწერს გარეშე პირი, ვინმე მუშკუდიანი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს შპს “გ-თან” და არც ხელმოწერის უფლება გააჩნდა. ხელშეკრულება დამოწმებული არ არის შპს “გ-ის” ბეჭდით.
რაც შეეხება დაზგა-დანადგარების გაქურდვის ფაქტს, კასატორი მიუთითებს, რომ მათ სასამართლოში წარმოადგინეს ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უტყუარად და სრულყოფილად ადასტურებენ, რომ არანაირი ქურდობა არ მომხდარა და არანაირი ზარალი შპს “გ-ს” წყალტუბოს დაცვის პოლიციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო არ განუცდია. მოწმის სახით დაკითხული გ. უ-ს მოწილე პარტნიორი ვ. ღ-ე ჩვენებაში განმარტავს: “ჩვენ, ვინც იქ ვიყავით წილში, ერთმანეთში გავსწორდით სხვადასხვა დანადგარებისა და ტექნიკის წაღებით, ხოლო ობიექტზე დარჩენილი იყო ორი დაკეტილი და რამდენიმე დაუმთავრებელი ღია შენობა”. ამავეს ადასტურებს თავის ჩვენებაში მოწმე ი. ლ-ე.
გარდა ზემოაღნიშნული ჩვენებისა კასატორის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო მოსარჩელე გ. ე-ს დედის _ ჯ. ე-ს მოწმის სახით დაკითხვის ჩვენების ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ წყალტუბოს დაცვის პოლიციამ 2000წ. 22 სექტემბერს, სამი თვით ადრე, წერილობით გააფრთხილა მოსარჩელე ხელშეკრულების მოსალოდნელი გაწყვეტის შესახებ.
აქვე კასატორი განმარტავდა, რომ მოსარჩელე გ. ე-ს განცხადების თანახმად, დაზგა-დანადგარებისა და მატერიალური ფასეულობების დატაცება მოხდა 2000წ. 22 დეკემბრიდან 2000წ. 31 დეკემბრამდე, ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც წყალტუბოს დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილებას ხელშეკრულება შეწყვეტილი ჰქონდა ყველა პირობის დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს დაცვის ქვეგანყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “გ-ის” დირექტორ გ. ე-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სკ-ის 405-ე მუხლის შესაბამისად, “თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება-გაფრთხილება...” საქმეში წამოდგენილი მასალების შესაბამისად (მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენების შეფასებისას), კოლეგიას დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაცვის პოლიციის მხრიდან, სკ-ის 405-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით – გაფრთხილებულ იქნა გ. ე-ა მოსალოდნელი შედეგის შესახებ, ანუ იმის თაობაზე, რომ თუ მის მიერ დროულად არ იქნებოდა გადახდილი დაცვის საზღაური, პოლიცია მიატოვებდა ობიექტის დაცვას და გაწყვეტდა ხელშეკრულებას.
სასამართლოს მითითებით, ის, რომ პოლიციის მხრიდან კანონმდებლის მიერ სავალდებულოდ მიჩნეულ გაფრთხილებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, დაცვის შესაბამისი საზღაურის გადაუხდელობისა და დაცვის მხრიდან გ. ე-ს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად გადაეხადა დაცვის საზღაური, სკ-ის 405-ე მუხლის შესაბამისად, პოლიცია აღარ იყო ვალდებული, გაეგრძელებინა ობიექტის დაცვა და უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა დაცვის ხელშეკრულება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ-ის” დირექტორმა გ. ე-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სკ-ის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. გამომდინარე აქედან, წყალტუბოს დაცვის პოლიციის სამმართველო 2000 წ. 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებული იყო დაეცვა საწარმოს მატერიალური ფასეულობა, რაც არ განუხორციელებია და დღეისთავის საწარმო მთლიანად გაძარცვულია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ გარემოებას, რომ 2000წ. 7 აგვისტოს შპს “გ-ს”, როგორც მიმწოდებელსა და მეორე მხრივ, ტურიზმისა და კურორტების იმერეთის რეგიონალურ ასოციაცია “ი-ს” შორს გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც შპს “გ-ი” კისრულობდა ვალდებულებას, მიეწოდებინა ნაწარმოები პროდუქციის დასახელება ხელშეკრულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფასებით. ამგვარი ხელშეკრულება საზოგადოებას ასევე გაფორმებული ჰქონდა შპს “ც-სთან”. ორივე ხელშეკრულების ჯამით, როგორც საქმეშია წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგებები შეადგენს 4911158 ლარს. სკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მითითებული მუხლის პირველი წინადადებიდან გამომდინარე, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. კასატორის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა ქონებრივი დანაკლისი, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის პოლიციის მიერ არაკანონიერად მიტოვებულ დაცვის ობიექტი გაიძარცვა. აღნიშნული ზიანი მატერიალიზებული ზიანია და ამდენად, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასთან მისი მიზეზობრივი კავშირი აშკარაა, ასევე ზიანი ვალდებულების დარღვევის თანმხლები შედეგია და იგი შესრულების საგნის უშუალო ხელყოფის რეზულტატია, ხოლო აღნიშნული ზიანი შეადგენს – 141835 ლარს. ასევე, ზემოაღნიშნული მუხლის მეორე წინადადების საფუძველზე, მიუღებელია შემოსავალი, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში, ასევე მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, რომელიც შეადგენს – 491158 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ზიანი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებითაა გამოწვეული. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც არღვევს სამართლის ნორმის მოთხოვნებს და პირის სამართლის ნორმით გამტკიცებულ უფლებებს, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტური წინაპირობაა, რომლის დროსაც მნიშვნელობა არ აქვს, მისმა ჩამდენმა იცოდა თუ არა, რომ მისი მოქმედება მართლსაწინააღმდეგოა.
კასატორის მითითებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხის მოქმედება და ზიანი მიზეზობრივ კავშირშია ერთმანეთთან. მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიეცეს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მხოლოდ მაშინ არის ზიანის მიზეზი, როცა ის პირდაპირ, უშუალოდ დაკავშირებულია ზიანთან. სწორედ ამ აზრს გამოხატავს სკ-ის 412-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
დაცვის პოლიცია დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული იყო დაეცვა შპს “გ-ის” ქონება და არ მიეტოვებინა იგი. მით უფრო, თანხის გადაუხდელობის გამო, რასაც გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სახეზე იყო ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალიწინებული ყველა პირობა: ზიანი, როგორც ქონებრივი, ისე მატერიალური, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსL:
2000წ. 10 თებერვალს ქ. წყალტუბოს დაცვის პოლიციასა და შპს “გ-ს” შორის გაფორმდა ობიექტის დაცვის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა არანაკლებ 3 წლით.
2000წ. 22 დეკემბერს საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს დაცვის პოლიციის ქ/განყოფილების უფროსის ¹29 ბრძანების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ შპს “გ-ის” მხრიდან დაცული არ იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების “ბ”, “დ” და “თ” პუნქტები, ტექნიკური გამაგრების აქტში აღნიშნული მოთხოვნები და გადახდილი არ იყო დაცვის მომსახურეობის გადასახადი, 2000 წ. 22 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყდა დაცვის ხელშეკრულება, რის შემდეგაც ადგილი ჰქონდა შპს “გ-ის” გაქურდვის ფაქტს, რაზედაც 2001წ. 2 მაისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
კასატორ შპს “გ-ის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დაცვის პოლიციის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა ქონებრივი ზიანი 141235 ლარის ოდენობით, ხოლო მიუღებელმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 491158 ლარი, რის ანაზღაურებასაც მხარე ითხოვს სარჩელის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და თვლის, რომ განსახილველი დავის მიმართ სწორადაა გამოყენებული სკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის თაობაზე და თვლის, რომ შპს “გ-ის” წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი გაფრთხილება, რომელიც ჩაჰბარდა ამ უკანასკნელის ოჯახის წევრს, დაცვის პოლიციას, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, აძლევდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს თავად მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, დაცვის დანაშაულით მიყენებული ზარალის განსაზღვრა ხდება გამოძიების, მომკვლევი ორგანოს და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, თუ დადგენილი იქნება ქურდობის, ქონების განადგურების ან დაზიანების ფაქტი დაცვის მუშაკების უმოქმედობით ან არაკანონიერი ქმედებით. ზარალის რაოდენობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო საბუთების და გატაცებული, განადგურებული ან დაზიანებული მატერიალური ფასეულობის, დატაცებული სახსრების “დაცვის” მონაწილეობით შედგენილი და საბუღალტრო მონაცემებთან შედარებული დოკუმენტებით.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელ დებულებებს და განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის მსგავსი შედარების აქტი, უფრო მეტიც, საქმეში არ მოიძიება არც ერთი დოკუმენტი რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ შპს “გ-მა” აღნიშნული აქტის შედგენის მოთხოვნით მიმართა დაცვის პოლიციას, კასატორი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი არ ექნებოდა ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ფაქტს, მოკლებული იქნებოდა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას, ზარალის დაუდასტურებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ კასატორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მომსახურების გადასახდის გადაუხდელობის არაერთჯერად ფაქტს, მიიჩნევს, რომ დაცვის პოლიცისა უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და უარი ეთქვა აღნიშნული ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებაში ვერ წარმოადგენს ანაზღაურების მავალდებულებელ ნორმას, რის გამოც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
აქვე საკასაციო კოლეგია ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას ზიანის ნაწილში და თვლის, რომ მითითებულ ნაწილში სასამართლოს შეფასება ემყარება არასათანადო მტკიცებულებებს, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოკლებულია მითითებულზე მსჯელობის პროცესუალურ შესაძლებლობას.
A
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “გ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 იანვრის გადაწყვეტილება;
3. შპს “გ-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 4900 ლარის ოდენობით გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.