გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/583 22 სექტემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი /მომხსენებელი/,
მ. გოგიშვილი
განიხილა შპს “კ-ის” დამფუძნებლის დ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე სს ბიზნეს ცენტრ სასტუმრო “რ-ის” სარჩელის გამო მოპასუხე შპს “კ-ის” პარტნიორის _ დ. პ-ის მიმართ _ დამგირავებლის საკუთრებაში არსებული წილის ნაწილის 17,5%-ის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1999 წლის 19 აპრილს სს ბიზნეს ცენტრ სასტუმრო “რ-სა” და შპს “კ-ას” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თნახმადაც, სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-მა” სამი თვის ვადით შპს “კ-ას” ასესხა 27900 ლარი თვიური 3%-ის სარგებლით.
ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით შპს “კ-ის” პარტნიორებმა _ ო. უ-ემ და კ. ძ-მა დააგირავეს თავიანთი წილები საზოგადოებაში. ო. უ-ემ დააგირავა თავისი წილის 10,5%, ხოლო კ. ძ-მა _ 7%.
სს “რ-მა” 1999 წლის ნოემბერში აღძრა სარჩელი ო. უ-ისა და კ. ძ-ის მიმართ და მოითხოვა გირაოს გაუქმება მოგირავნის საკუთრებაში გირაოს გადასვლის გამო უზრუნველყოფის მოთხოვნის სანაცვლოდ.
1999 წლის დეკემბრის თვეში ო. უ-ემ და კ. ძ-მა თავიანთი წილები დაუთმეს ამავე საზოგადოების ერთ-ერთ პარტნიორს _ დ. პ-ეს, რის გამოც სს “რ-მა” 2000 წლის 31 იანვარს სასამართლოში მის მიმართ სარჩელი აღძრა. სასამართლომ დ. პ-ის მიმართ 31 იანვარს აღძრული სარჩელი 28 იანვრის თარიღით გააერთიანა ერთ წარმოებად ზემოაღნიშნულ სარჩელებთან. იმავე დღეს, ე.ი. 28 იანვრის განჩინებით საქმეზე სს “რ-ის” სარჩელის გამო ო. უ-ისა და კ. ძ-ის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება. სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა დ. პ-ეს, ო. უ-ესა და კ. ძ-ს შორის შემდგარი მორიგება წილის დათმობის შესახებ.
2000 წლის 16 თებერვალს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო რ-ის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა სს “რ-ის” სარჩელი და საზოგადოებაში დ. პ-ის არსებული წილის ნაწილი 17,5 %-ის ოდენობით გადაეცა საკუთრებაში მოგირავნეს _ სს “რ-ს”.
2000 წლის 22 მარტს დ. პ-ემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა საჩივრით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 29 მარტის განჩინებით დ. პ-ეს უარი უთხრა საჩივრის მიღებაზე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დ. პ-ემ სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ივნისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება კერძო საჩივრით. სასამართლომ, ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ დ. პ-ემ, საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 10-დღიანი ვადის დარღვევით.
დ. პ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:
კასატორი მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის იგნორირებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა ჩაეთვალა ჩვეულებრივ გადაწყვეტილებად, ხოლო მისი საჩივარი სააპელაციო საჩივრად. ამასთან, მიუთითებს, რომ თავის საჩივარს იმის გამო უწოდა კერძო საჩივარი, რომ სასამართლომ მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანის უფლება მისცა.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაA გამო:
იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მან წინასწარ უნდა შეაფასოს იურიდიულად სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს გარემოებები ამართლებენ იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას _ სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (სსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი), მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდულად ვერ ამართლებენ მოთხოვნას, მაშინ სასამართლო არ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და ვერ დააკმაყოფილებს სარჩელს. მან უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სასამართლომ სსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ, ასეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება მივაკუთვნოთ დაუსწრებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას. იგი იქნება ჩვეულებრივი გადაწყვეტილება და მასზე უნდა გავრცელდეს გასაჩივრების საერთო წესები (აპალაცია, კასაცია).
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მოპასუხის წილის ნაწილი 17,5%-ის ოდენობით გადაეცა მოგირავნეს საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლი კრძალავს გირავნობის საგნის პირდაპირ გადასვლას მოგირავნის საკუთრებაში, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ბათილია ისეთი შეთანხმება, რომლითაც გირავნობის საგანზე საკუთრება პირდაპირ გადადის მოგირავნეზე. ამდენად, სასამართლომ სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ მისცა იურიდიული შეფასება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის ე. წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება მივაკუთვნოთ დაუსწრებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას და იგი უნდა ჩაითვალოს ჩვეულებრივ გადაწყვეტილებად. აღნიშნულის გამო, საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ივნისის განჩინება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ დ. პ-ის საჩივარი უნდა განიხილოს როგორც სააპელაციო საჩივარი ჩვეულებრივ (საბოლოო) გადაწყვეტილებაზე.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ივნისის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.