Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-422-405(კ-06) 31 ოქტომბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი : სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ი-მა სარჩელი აღძრა თიანეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ თიანეთის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საქმის გარემოებები:

ა. ი-ი 1975 წლიდან მუშაობდა თიანეთის რაიაღმასკომის ...... იმავე წლიდან იყო საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის თიანეთის რაიონული კომიტეტის ..... ა. ი-ი 2004წ. 28 აპრილის ¹31 ბრძანებით «საჯარო სამსახურის შესახებ» 50.1 და 101-ე მუხლების საფუძველზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, გათავისუფლდა თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა ა. ი-მა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მისი სარჩელი დაკმაყოფილდა _ თიანეთის რაიონის გამგებლის 2005წ. 30 ივნისის ¹29 ბრძანებით იგი აღდგენილ იქნა ..... თანამდებობაზე. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იგი ოჯახში არის ერთადერთი მარჩენალი და ჰყავს ავადმყოფი მეუღლე.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ა. ი-ი 2005წ. 9 ნოემბერს თიანეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ¹70 ბრძანებით კვლავ გათავისუფლებულ იქნა თიანეთის რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის .... თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 101-ე მუხლის საფუძველზე.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლებით უხეშად დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის და «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები.

თიანეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხემ – თიანეთის რაიონის გამგეობამ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო:

მოპასუხემ განმარტა, რომ ა. ი-ი თიანეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 9 ნოემბრის ¹70 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა იურიდიული სამსახურის ..... თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 101-ე მუხლის საფუძველზე _ ზღვრული ასაკს მიღწევის გამო. მოსარჩელე გათავისუფლდა ზემოაღნიშნული კანონის 108-ე მუხლის დაცვით, იგი ერთი თვით ადრე იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ასევე, ა. ი-ის გათავისუფლებისას დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 37-ე, 371-ე მუხლებისა და «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან მისი გათავისუფლება შეთანხმებული იყო საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა საზოგადოებრივი გაერთიანების პროფესიული კავშირის თავმჯდომარესთან. თიანეთის რაიონის გამგეობამ ასევე განმარტა, რომ არასწორი იყო მოპასუხის მითითება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლზე, რადგან აღნიშნული მუხლი თანამდებობაზე დარჩენის უპირატეს უფლებას ითვალისწინებს მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების შემთხვევაში, ხოლო ა. ი-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, აღნიშნულ შემთხვევაში გამგეობა არ იყო ვალდებული, გაეთვალისწინებინა თანამშრომელთა უპირატესი დარჩენის უფლება.

თიანეთის რაიონული სასამართლოს 2006წ. 5 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა: უარი ეთქვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ა. ი-ი თიანეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 9 ნოემბრის ¹70 ბრძანების თანახმად გათავისუფლდა თანამდებობიდან. მისი გათავისუფლება მოხდა»ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების თანახმად.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ა. ი-ი გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-10 თავის შესაბამისად. ამ კანონის 108-ე მუხლის საფუძველზე იგი ერთი თვით ადრე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რის შემდგომაც, 101-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლდა ზღვრული ასაკის (მამაკაცთათვის _ 65 წელი) მიღწევის გამო, რაც დადგენილია ამავე კანონის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ზღვრულ ასაკს გადაცილებული იყო. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, რადგან საქმეში მოიპოვებოდა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანების თავჯდომარის მიმართვა თიანეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ, სადაც გამოთქვამდა თანხმობას მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება:

ა. ი-ი 1975 წლიდან მსახურობდა თიანეთის რაიაღმასკომის ..... იმავე წლიდან დღემდე არის საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის თიანეთის რაიონული კომიტეტის ..... იგი 2004წ. 28 აპრილს გათავისუფლებულ იქნა თიანეთის გამგეობის .... თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50.1 და 101-ე მუხლების საფუძველზე, ზღვრულ ასაკად მიღწევის გამო, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. ამის შემდგომ, 2005წ. 9 ნოემბერს, იგი კვლავ გაათავისუფლეს თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50.1 და 101-ე მუხლების თანახმად ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. აპელანტმა განმარტა, რომ, მართალია, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს ზღვრული ასაკს მიღწევის გამო მოსამსახურის დათხოვნას, მაგრამ ეს არ გულისხმობს მის ავტომატურად სამსახურიდან გათავისუფლებას. კანონმდებლობა ითვალისწინებს პირის ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობას და შესაძლებლობას.

აპელანტი განმარტავს, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. თიანეთის რაიონის გამგეობას არ დაუცავს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა და «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები.

მოწინააღმდეგე მხარემ – თიანეთის რაიონის გამგეობამ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა თიანეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 26 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების შესრულების მიზნით განხორციელდა თიანეთის რაიონის გამგეობის რეორგანიზაცია და, პირველ რიგში, გათავისუფლდნენ ზღვრულ ასაკს მიღწეული მოსამსახურეები, მათ შორის, ა. ი-ი და შემდეგ მოხდა საშტატო ერთეულის შემცირება. მისი გათავისუფლებისას არ დარღვეულა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 37-ე, 371-ე და «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23.3 მუხლების მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006წ. 10 აპრილის განჩინებით არ დააკმაყოფილა ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

თიანეთის რაიონის გამგებლის 2005წ. 9 ნოემბრის ¹70 ბრძანებით ა. ი-ი გათავისუფლდა თიანეთის რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის .... (....) თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50.1 და 101-ე მუხლების საფუძველზე. ასევე, ამავე კანონის 108-ე მუხლის თანახმად, თიანეთის რაიონის გამგებლის 2005წ. 8 სექტემბრის ¹25ა ბრძანებით «ადგილობრივი მმართველობის ორგანოს – რაიონის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ» მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სამსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავჯდომარის წერილით პროფესიული კავშირი თანხმობას გამოთქვამდა ა. ი-ის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის ასაკი გათავისუფლებისას იყო 70 წელი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50.1 მუხლის თანახმად, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი მამაკაცთათვის განისაზღვრა 65 წელი და ამავე კანონის 101-ე მუხლის თანახმად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ასაკის გამო, კანონმდებლობით დადგენილი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ერთთვიანი ვადის დაცვით. სასამართლომ განმარტა, რომ ზღვრული ასაკის გამო მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, შესაბამისად, გამგებელს ჰქონდა უფლება‚ მიეღო გადაწყვეტილება ა. ი-ის გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლებით არ დარღვეულა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50.1, 101-ე, 108-ე, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 37-ე, 371-ე და «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23.3 მუხლების მოთხოვნები და, ამდენად, არ არსებობდა თიანეთის რაიონის გამგეობის 2005წ. 9 ნოემბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 10 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

კასაციის მოტივები:

თიანეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 9 ნოემბრის ¹70 ბრძანებულებით ა. ი-ი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. კასატორის განმარტებით‚ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით. აღნიშნული მუხლით კი «დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინური წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.» ამდენად, საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფესიული კავშირის თავჯდომარის თანხმობა კასატორის გათავისუფლების შესახებ უკანონო იყო. მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარ თანხმობას იძლევა და გადაწყვეტილებას ღებულობს შესაბამისი პროფკავშირული ორგანო _ კონფერენცია და არა ზემდგომი პროფკავშირული ორგანო. შესაბამისად, ა. ი-ის სამსახურიდან გათავისუფლებით დაირღვა «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

მოწინააღმდეგე მხარემ _ თიანეთის რაიონის გამგეობამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 10 აპრილის განჩინების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 18 ოქტომბრის განჩინებით ა. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად. სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.

სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვა თიანეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც არ დაკმაყოფილდა ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი _ უარი ეთქვა მოსარჩელეს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გათავისუფლებული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50.1 და 101-ე მუხლების შესაბამისად, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო და, ამასთან არსებობდა საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თანხმობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა დამსაქმებელთა ინიციატივით დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობით. აღნიშნულს ითვალისწინებდა კასატორის გათავისუფლებისას მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი, რომლის თანახმად იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის შრომის კანონთა კოდექსის 37I მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, როცა ამგვარი თანხმობა სავალდებულო არ არის.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. ი-ი სამუშაოდან დათხოვნილ იქნა თიანეთის რაიონის გამგებლის 2005წ. 9 ნოემბრის ¹70 ბრძანებით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50.1 და 101-ე მუხლების საფუძველზე ზღვრული ასაკს მიღწევის გამო, რაც შეთანხმებული იყო საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფესიული კავშირის თავმჯდომარესთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23.3 მუხლის თანახმად, მუშაკის სამსახურიდან დათხოვნისათვის საჭიროა შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობა. ამავე კანონის 3.7 მუხლით კი პროფკავშირული ორგანო არის – ორგანო, რომელიც შექმნილია პროფესიული კავშირის წესდების მიხედვით. შესაბამისად, ა. ი-ის გათავისუფლებისათვის საჭირო იყო პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის მოთხოვნის მითითებულ საფუძველზე, რამდენადაც მოთხოვნა ემყარება სწორედ არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ თანხმობას, რის გამოც სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს და გამოიკვლიოს, ა. ი-ის გათავისუფლებისას საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე იყო თუ არა უფლებამოსილი‚ გაეცა თანხმობა მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და თანხმობის გაცემისას დაცულ იქნა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ «შესაბამისი პროფკავშირულ ორგანოს» წარმოადგენდა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ერთპიროვნულად თუ ასეთად მიჩნეულ უნდა იქნეს ტერიტორიული ორგანო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რა მიზნითაც გამოთხოვილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე წესდება და გამოკვლეულ იქნეს პროფკავშირის იერარქია, სტრუქტურა და პროფკავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რამდენადაც საკითხის გადაწყვეტა პროფკავშირული ორგანოს მიერ ნიშნავს საკითხის კოლეგიური წესით განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, რამდენად უშვებს თავად ორგანიზაციის წესდება ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ ამგვარი თანხმობის ერთპიროვნულად გაცემის შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისას გამგეობას უნდა დაეცვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები – სამსახურში უპირატესი დარჩენის შესახებ, რადგან, აღნიშნული მუხლის თანახმად, უპირატესი დარჩენის უფლება მოსამსახურეს გააჩნია მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 53-ე, 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;