გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\676 22 დეკემბერი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა, საოჯახო ნივთებისაგან ბინის გამოთავისუფლება, ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაციის ფაქტის უკანონოდ ცნობა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ს-ძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ვ. ხ-იგის, დ. და ა. ლ-ინების მიმართ, საცხოვრებელი ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობისა და საოჯახო ნივთებისაგან ბინის გამოთავისუფლების შესახებ.
დ. ს-ძემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ 1990 წლის 23 ოქტომბერს ა. ლ-ინისაგან იყიდა ქ. თბილისში .... მდებარე საცხოვრებელი სახლი, მოპასუხეებს: ვ. ხ-იგს, ა. და დ. ლ-ინებს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ ბინაში არ უცხოვრიათ და თავს არიდებენ საოჯახო ნივთებისაგან ბინის გამოთავისუფლებას.
დ. ლ-ინის წარმომადგენელმა გ. ლ-შვილმა და ვ. ხ-იგმა არ ცნეს სარჩელი და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ტექინვენტარიაციის ბიუროში ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაციის უკანონოდ ჩათვლა და სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სახლის მესაკუთრე იყო 1984 წელს გარდაცვლილი ტ. ლ-ინა; მისი ერთ-ერთი მემკვიდრე იყო ვ. ლ-ინი, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მათ უნდა მიეკუთვნოთ სამემკვიდრეო ქონება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს კი უარი ეთქვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 28 ივნისის განჩინებით პირველდი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით ვ. ხ-იგი და დ. ლ-ინი ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფძვლით, რომ კომისიური წესით არ შემწმდა ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში არსებული სადავო სახლის საბუთები და არ ჩატარდა ექსპერტიზა.
სამოტივაცი ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1953 წლის 16 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით ტ. ლ-ინამ მისი კუთვნილი სახლის ნაწილი მთლიანად აჩუქა ქალიშვილს _ ა. ლ-ინას.
ტ. ლ-ინის გარდაცვალებისას სადავო სახლი მის სახელზე არ ირიცხებოდა, რის გამოც არ წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებას.
1990 წლის 19 ოქტომბერს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1994 წლის რედაქციით) 239-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ვ. ხ-იგი არის ქ. თბილისში .... მდებარე სახლის 1/3 ნაწილის მესაკუთრე. იგი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება იქვე მცხოვრებ გ. ლ-შვილთან, რომელთანაც, ერთად ცხოვრების პერიოდში 1983 წელს შეეძინა ერთი შვილი _ ლ. ლ-შვილი.
დ. ლ-ინი ცხოვრობს და შრომით საქმიანობას ეწევა რუსეთის ფედერაციაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეებს შეწყვეტილი ჰქონდათ სადავო ბინის მფლობელობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დამატებით და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორების მოთხოვნა, იმის შესახებ, რომ განსაკუთრებული კომისიის მიერ უნდა შეამოწმდეს სადავო სახლზე არქივში არსებული საბუთები მტკიცებულებათა გამოკვლევის ამგვარი წესი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებით არ არის გათვალისწინებული.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა მიერ წარმოდგენილ დავას და მიიღო კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ხ-იგის და დ. ლ-ინის წარმომადგენელი გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.