Facebook Twitter

ბს-42-42(კ-06) 24 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 31 იანვარს თ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ქედის რაიონის ........ განყოფილების მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1988 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე (ბიბლიოთეკარი, მბეჭდავ-მემანქანე, საქმის მწარმოებელი), 2004წ. 15 დეკემბერს იგი ადმინისტრაციამ გააფრთხილა მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ. 2005წ. 6 იანვარს მოსარჩელეს განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და დაჰპირდნენ იმავე წლის 20 იანვრამდე დასაქმებას იმავე განყოფილებაში. ამასთან, მოსარჩელისთვის არ გადაუციათ სამსახურიდან მისი გათავისუფლების ბრძანება.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის სხდომაზე თ. მ-ემ დააზუსტა სარჩელი და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილებაში, საიდანაც ისე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა მისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, კერძოდ, იგი სპეციალობით იყო ბუღალტერი, თუმცა არსებული ვაკანსიების მიუხედავად, მას შესთავაზეს სხვა თანამდებობა _ ქედის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამლაგებელი, ხელოვნების სკოლის ბიბლიოთეკარი, რაზეც მან უარი განაცხადა დაბალი ხელფასისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსარჩელის განმარტებით, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე და 97-ე მუხლების დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ ქედის რაიონის ........ განყოფილების 2004წ. 21 დეკემბრის ¹67-5 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით თ. M-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი დაინიშნა აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილების მოლარის თანამდებობაზე 2005წ. 1 მარტიდან.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ქედის რაიონის ........... განყოფილების რეორგანიზაციის შედეგად ვაკანტური დარჩა მოლარის თანამდებობა და სპეციალობით ბუღალტერი თ. მ-ე, თავისი კვალიფიკაციისა და სპეციალობის გათვალისწინებით, შეიძლებოდა დანიშნულიყო აღნიშნულ თანამდებობაზე, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე და 97-ე მუხლების თანახმად, მისი სარჩელი იყო საფუძვლიანი.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ქედის რაიონის ............ განყოფილებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განჩინებით აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2005წ. 22 ივლისს თ. მ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს, მოითხოვა მოლარის თანამდებობაზე დანიშვნა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; თ. მ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილების მოლარის თანამდებობაზე; აჭარის ა/რ ქედის რაიონის ........ განყოფილებას დაეკისრა საშუალო ხელფასის ანაზღაურება თ. მ-ის სასარგებლოდ 2005წ. 1 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთიწ.ა.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ქედის რაიონის ........ განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩაქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილებამ ისე გაათავისუფლა სამსახურიდან თ. მ-ე, რომ მხედველობაში არ მიიღო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნა მოხელისათვის სხვა თანამდებობის აუცილებელი შეთავაზების თაობაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინება აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილების მოლარის თანამდებობაზე სამუშაოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებულია და ამჟამად მუშაობს სხვა პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროფესიული განათლება და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს პირნათლად. ამასთან, მოლარის თანამდებობაზე სამუშაოდ მიღებული პირის ოჯახი განეკუთვნება უსახლკაროთა კატეგორიას, აღნიშნულ პირს კმაყოფაზე ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი და მეორე _ სტუდენტი, ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭება ოჯახის მეპატრონეს, თუ კმაყოფაზე ჰყავს ორი ან მეტი პირი. თ. მ-ეს გააჩნია მოლარის თანამდებობაზე მუშაობის პრეტენზია, თუმცა არასოდეს უმუშავია მოლარედ და შესაბამისად, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 2 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ქედის რაიონის ........ განყოფილების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 2 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 12 აპრილამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 12 აპრილის განჩინებით აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 24 მაისს მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს უფლებამონაცვლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების უდავო მტკიცებას, რომ მოპასუხე აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილებამ ისე გაათავისუფლა სამსახურიდან თ. მ-ე, რომ მხედველობაში არ მიიღო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნა მოხელისათვის სხვა თანამდებობის აუცილებელი შეთავაზების თაობაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმა გულისხმობს, ერთი მხრივ, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების, მათ შორის, სასამართლო სხდომის ოქმებისა და მათში მოყვანილი ახსნა-განმარტებების ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევა-შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს სასამართლოს უფლება, იმსჯელოს და დაასკვნას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ _ განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა დადგენილად, რომ მოპასუხე აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილებამ ისე გაათავისუფლა სამსახურიდან თ. მ-ე, რომ მხედველობაში არ მიიღო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნა მოხელისათვის სხვა თანამდებობის აუცილებელი შეთავაზების თაობაზე, რომ არ მიუთითებია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე და არ გაუმახვილებია ყურადღება საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მათი შეფასების აუცილებლობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ-ის სარჩელის საფუძვლიანობის გარკვევა, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია სამუშაოდან გათავისუფლებისას მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ფაქტის არსებობა-არარსებობის დადგენაზე. აღნიშნული საკითხისადმი პოზიტიური მიდგომა კი გამორიცხავს გასაჩივრებული ბრძანების არაკანონიერებას და პირიქით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის სხდომის ოქმზე და არ შეაფასა იგი.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის სხდომის ოქმსა და ამ ოქმში მოყვანილ მოსარჩელე თ. მ-ის ახსნა-განმარტებაზე, კერძოდ, მოსამართლის შეკითხვაზე, შესთავაზეს თუ არა მას სხვა სამუშაო, მან უპასუხა დადებითად _ აღნიშნა, რომ შესთავაზეს, მაგრამ არ წავიდა, რადგან იყო მცირე ხელფასი, თანაც დაჰპირდნენ, რომ მისი შტატი არ შემცირდებოდა, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის კითხვაზე პასუხის გაცემისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მისთვის სხვა სამუშაოს (ხელოვნების მუზეუმში დამლაგებელი) მეორედ შეთავაზების ფაქტი, თუმცა ამჯერადაც უარი განაცხადა შეთავაზებულ სამუშაოზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გარდა ამისა, ხსენებული ოქმიდან ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან თ. მ-ე სამუშაოდან გათავისუფლებისას მუშაობდა ბიბლიოთეკარად, მას შესთავაზეს ხელოვნების სკოლაში ბიბლიოთეკარის ნახევარი განაკვეთი, რაზედაც თ. მ-ემ უარი განაცხადა ხელფასის სიმცირის გამო, ხოლო, რაც შეეხებოდა აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილების დაქვემდებარებაში არსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დამლაგებლის შტატს, რომელიც თ. მ-ეს ასევე შესთავაზეს, ხელფასი იყო მაღალი და იმ პირმა, ვინც მუშაობდა აღნიშნულ შტატზე, გამოთქვა სურვილი გადასულიყო ხელოვნების სკოლაში ბიბლიოთეკარის ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ თ. მ-ემ ამჯერადაც უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ოქმის მიხედვით, მოპასუხის წარმომადგენელმა არაორაზროვნად განმარტა, რომ მოლარის თანამდებობაზე პირის დანიშვნის საკითხი წყდებოდა ბუღალტერიასა და საფინანსო განყოფილებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ განიხილა და არ გამოიკვლია საქმეში ფაქტობრივად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. მ-ის სარჩელი არის კომბინირებული ხასიათის _ სამ დამოუკიდებელ და ამავე დროს ურთიერთდაკავშირებულ მოთხოვნას მოიცავს: 1. მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობას; 2. სამუშაოზე აღდგენას; 3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამასთან, თ. მ-ის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალოდაა დეტერმინირებული იმ ფაქტობრივი მდგომარეობით, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული (წინანდელი თანამდებობა) აღარ არსებობს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ ქედის რაიონის .......... განყოფილების მოლარის თანამდებობაზე სამუშაოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებულია და ამჟამად მუშაობს სხვა პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროფესიული განათლება და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს პირნათლად, ამასთან, მოლარის თანამდებობაზე სამუშაოდ მიღებული პირის ოჯახი განეკუთვნება უსახლკაროთა კატეგორიას, აღნიშნულ პირს კმაყოფაზე ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი და მეორე _ სტუდენტი, ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭება ოჯახის მეპატრონეს, თუ კმაყოფაზე ჰყავს ორი ან მეტი პირი. გარდა ამისა, კასატორი პირდაპირ აღნიშნავს, რომ თ. მ-ეს გააჩნია მოლარის თანამდებობაზე მუშაობის პრეტენზია, თუმცა არასოდეს უმუშავია მოლარედ და შესაბამისად, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა თ. მ-ის სხვა თანამდებობაზე აღდგენის კანონიერებაზე და მის შესაბამისობაზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსთან, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 206-ე მუხლის პირველ ნაწილთან, რომლითაც ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს მუშა ან მოსამსახურე წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს შრომის დავის განმხილველმა ორგანომ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი ითვალისწინებს კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილი მოსამსახურის სასამართლოს მიერ წინანდელ სამუშაოზე აღდგენას, ხოლო სხვა თანამდებობაზე აღდგენა, რომელზედაც არ უმუშავია აღდგენილ პირს, მაშინ, როდესაც მასზე უკვე მუშაობს სხვა პირი და არ არსებობს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, სხვა არაფერია, თუ არა სხვა პირის მიერ უკვე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, რაც უდავოა, რომ ვერ ჩაითვლება მართებულ გადაწყვეტილებად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში ფაქტობრივად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, სასამართლო სხდომის ოქმები და სასამართლო პროცესზე გაკეთებული მოსარჩელის ახსნა-განმარტებები, ობიექტურად შეაფასოს ხსენებული მტკიცებულებები და ამის საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს თ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების საკითხზე მსჯელობასთან მიმართებაში, აგრეთვე, იმსჯელოს თ. მ-ის სხვა თანამდებობაზე აღდგენის კანონიერებაზე და მის შესაბამისობაზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსთან.

აღნიშნულიდანგამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს უფლებამონაცვლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ ქედის რაიონის ......... განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს უფლებამონაცვლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.