¹3კ/927 22 დეკემბერი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 8 თებერვლის ¹1-1/47 ბრძანებით დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებულ იქნა უ. გ-ე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის ......-ის თანამდებობიდან.
აღნიშნულ ბრძანებაში 2000 წლის 9 თებერვალს შეტანილი ცვლილების მიხედვით უ. გ-ე სამუშაოდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა უ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ჩაითვალა არაკანონიერად უ. გ-ის სამუშაოდან განთავისუფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადების ფაქტები.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ კანონი არ ითვალისწინებს რამოდენიმე დღის განმავლობაში სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადებისათვის მოხელის სამსახურიდან დათხოვნას, თუ მის მიმართ არ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებებში მითითებულია არა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის შესახებ, არამედ ზოგადად დისციპლინურ გადაცდომაზე.
არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ სამუშაოზე უ. გ-ის რამდენიმეჯერ დაგვიანებით გამოცხადების შედეგად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიადგა ზიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.