Facebook Twitter

¹ ბს-429-20(კ-05) 26 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 15 დეკემბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე შპს “.. ..-ის” მიმართ სარჩელი აღძრა მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5921789 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

საქართველოში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების _ დევნილების მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები, საქართველოს პრეზიდენტის 1995წ. 5 ოქტომბრის ¹407 და 1996წ. 31 იანვრის ¹136 ბრძანებულებების თანახმად, იფარებოდა ცენტრალიზებული წესით უშუალოდ ბიუჯეტიდან, რასაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წლის ივლისიდან 1999წ. მაისის ჩათვლით მის მიერ “ს-ს” ანგარიშზე ფინანსთა სამინისტროს საშუალებით გადაირიცხა ან ჩათვლის სახით გატარდა 20427447 ლარი, რაც დასტურდებოდა 1999წ. 15 დეკემბრის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემხვედრი შემოწმების აქტით და საქართველოს კონტროლის პალატის 2002წ. დეკემბრის კომლექსური შემოწმების აქტით.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხიდან მოპასუხეს 5921789 ლარი ზედმეტად ჰქონდა მიღებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარებოდა, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული თანხა არ იქნა ჩარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტში.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან სახაზინო საწარმო “ს-ს” სამართალმემკვიდრე იყო “.. ..” და მის ერთადერთი საქმიანობას ელექტრობაზრის ამოქმედებამდე, ე.ი. 1999წ. 1 ივლისამდე, არსებული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომსახურება შეადგენდა, მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს “.. ..-სთვის” 5921789 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2004წ. 8 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არასათანდო მოსარჩელედ იქნა მიჩნეული და მისი თანხმობით საქმეში სათანადო მოსარჩელედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაება.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მათ განაცხადეს, რომ მოპასუხეს 1996წ. ივლისიდან 1999წ. მაისის ჩათვლით გადარიცხვისა და ჩათვლის წესით მიღებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება _ 20427447 ლარის ოდენობით, რაც დასტურდებოდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტით, საქართველოს კონტროლის პალატის 2002წ. დეკემბრის კომპლექსური შემოწმების აქტით და 1999წ. 15 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემხვედრი შემოწმების აქტით.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიტყო წინამდებარე დავაში ჩაბმის შედეგად, ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ იყო და უსაფუძვლოდ გამდიდრების წესების თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს “.. ..-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5921789 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიუთითა, რომ 1999წ. 1 ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 20 ივლისის ¹427 ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა კავშირი (ასოციაცია) “სა-ი”, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნულის გამო, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვერ შეძლო მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი თანხების დაკავება მომავალში გადახდილი თანხიდან, რამდენადაც “.. ..-ს”, როგორც “ს-ს” უფლებამონაცვლეს, აღარ გააჩნდა ელექტროენერგიის ლტოლვილებისთვის მიწოდების საშუალება.

შესაბამისად, “.. ..” უსაფუძვლოდ გამდიდრდა 5921789 ლარით. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით, შპს “.. ..-ს” გაეგზავნა წერილი, მაგრამ უშედეგოდ.

სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, რამდენადაც მოპასუხეს ზედმეტად გადარიცხული 5912789 ლარის ღირებულების ელექტროენერგია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არ მიუწოდებია და ამგვარი უფლებამოსილება მას არ გააჩნდა სა-ის შექმნის შემდეგ, იგი სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვალდებული იყო დაებრუნებინა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უსაფუძვლოდ მიღებული 5921789 ლარი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რამდენადაც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნებაზე ვრცელდებოდა სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა, რომელიც ათ წელს შეადგენდა და მოსარჩელეს იგი გაშვებული არ ჰქონდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს “.. ..-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ შპს “.. ..” იყო ს/კ “ს-ს” სამართალმემკვიდრე, რომელიც 2000წ. 6 მარტს ჩამოყალიბდა. მისი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა 1999წ. 1 ივლისამდე საბითუმო ბაზრის ამოქმედებამდე არსებული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების მომსახურება. ამდენად, ს/კ “ს.” 1999წ. 1 ივლისამდე ახორციელებდა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვას. ს/კ “ს.” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 5 ოქტომბრის 3407 ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 31 იანვრის ¹136 ბრძანებულების თანახმად, ემსახურებოდა იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები იფარებოდა ცენტრალიზებული წესით სახელმწფო ბიუჯეტიდან.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა არა ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ მხოლოდ 1999წ. 15 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ჩატარებულ შემხვედრი შემოწმების აქტს.

კასატორმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხების მითვისებას შპს “.. ..-ის” მიერ კერძოდ, მოსარჩელემ ვერ წარადგინა ის მტკიცებულება, თუ რამდენი იძულებით გადაადგილებული პირი არსებობდა საქართველოში 1996წ. 1 ივლისიდან 1999წ. ივლისამდე და რამდენი ელექტროენერგია გაიხარჯა მათ მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

საქართველოში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული პირების მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 5 ოქტომბრის ¹407 და საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 31 იანვრის ¹136 ბრძანებულების თანახმად, იფარებოდა ცენტრალიზებული წესით უშუალოდ ბიუჯეტიდან, რასაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებდა.

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 1999წ. 22 ივნისს დეპარტამენტ “ს-ს” და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის შედგა შედარების აქტი, 1996წ. 1 ივლისიდან 1999წ. 1 ივნისამდე პეროდში ურთიერთანგარიშსწორების შესახებ. აღნიშნულ აქტში აისახა “ს-ზე” გადარიცხული ან ჩათვლის წესით ფინანსთა სამინისტროს საშუალებით გატარებული თანხები, რაც “ს-ს” აქვს მიღებული.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 1999წ. 15 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შედგა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ჩატარებული შემხვედრი შემოწმების აქტი. შემოწმების აქტით დადგინდა, რომ 1997წ. 1 იანვრიდან 1999წ. 1 სექტემბრამდე კომპანია “ს-ზე” ლტოლვილთა მიერ ჯერ არ გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ზედმეტად გადახდილმა საბიუჯეტო თანხამ 5921789 ლარი შეადგინა, რაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტთან ერთად უნდა დაეკავებინა კომპანია “ს-სთვის” მომავალში გადასახდელი თანხიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 1999 წლის 1 ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის ¹427 ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა კავშირი (ასოციაცია) “სა-ი”, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნულის გამო, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვერ შეძლო მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი თანხების დაკავება მომავალში გადახდილი თანხიდან, რამდენადაც “.. ..-ს”, როგორც დეპარტამენტ “ს-ს” უფლებამონაცვლეს, აღარ გააჩნდა ელექტროენერგიის ლტოლვილებისთვის მიწოდების საშუალება.

შესაბამისად, “ს” უსაფუძვლოდ გამდიდრდა 5921789 ლარით. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით შპს “.. ..-ს” გაეგზავნა წერილი, მაგრამ უშედეგოდ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რამდენადაც მოპასუხეს მისთვის ზედმეტად გადარიცხული 5912789 ლარის ღირებულების ელექტროენერგია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არ მიუწოდებია და ამგვარი უფლებამოსილება მას არ გააჩნდა საქართველის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შექმნის შემდეგ, იგი ვალდებულია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაუბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტს უსაფუძვლოდ მიღებული 5921789 ლარი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზეც, რამდენადაც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა, რომელიც ათ წელს შეადგენს და მოსარჩელეს იგი გაშვებული არ ჰქონდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. შპს “.. ..-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.