Facebook Twitter

¹ 3კ/784 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინების განმარტება და შენიშვნები 2001 წლის 26 იანვრის და 16 თებერვლის სხდომის ოქმების მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინებით ზ. თ-უას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 სექტებმრის განჩინება, რომლითაც ზ. თ-უას უარი ეთქვა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის მოადიგილის თანამდებობაზე აღდგენაზე. ზ. თ-უამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული განჩინების განმარტება იმ საფუძვლით, რომ განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამება. ხოლო სამოტივაციო ნაწილში შეფასებული არ არის საქმეზე წარმოდგენილი ყველა სახის მტკიცებულება.

ზ. თ-უას შენიშვნები გააჩნია 2001 წლის 26 იანვრისა და 16 თებერვლის სხდომის ოქმების მიმართაც. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სხდომის ოქმში ასახული არ არის მოსამართლეთა შეკითხვები მისი შრომის წიგნაკის თაობაზე, იმაზე თუ რატომ არ მიმართა მან საქართველოს პრეზიდენტს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით და შესაბამისად მისი პასუხები. ასევე, ოქმში დაფიქსირებული არ არის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ რამდენადაც იგი არ ეთანხმება აფხაზეთის ხელისუფლების კურსს, მას როგორც მოხელეს უფლება არა აქვს იმუშაოს აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები განცხადების შინაარსი და თვლის, რომ მისი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ამომწურავად ვერ განსაზღვრავს გადაწყვეტილების აღსრულების ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულება რთულდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 16 თებერვლის გამოიტანა განჩინება, რომლითაც უცვლელად დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მას არ გამოუტანია გადაწყვეტილება, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უსაფუძვლოა. ამასთან განმცხადებელს შენიშვნები გააჩნია განჩინების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების და არა სარეზოლუციო ნაწილის მიმართ.

პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული ზ. თ-უას შენიშვნები 2001 წლის 26 იანვრისა და 18 თებერვლის სხდომის ოქმებზე, რადგან ისინი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის შედგენილი და მათში ასახულია სხდომაზე განხილული ყველა არსებითი საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 291-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ დაკმაყოფილდეს ზ. თ-უას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პლაატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინების განმარტების შესახებ და შენიშვნები 26 იანვრისა და 16 თებერვლის სხდომის ოქმების მიმართ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.