Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/90-01 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. გ-შვილი-ლ-ძის ბებია თ. ნ-ძე ცხოვრობდა თერჯოლის რაიონის სოფ. ... მან 1983 წლის ივნისში თავისი ქონება და მათ შორის ... საცხოვრებელი სახლი უანდერძა ქალიშვილს მ. ნ-ძეს (ც. გ-შვილის დედას). თ. ნ-ძე გარდაიცვალა 1984 წლის ოქტომბერში. მ. ნ-ძემ, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო სამკვიდროს კანონით დადგენილ დროში მიღება. იგი გარდაიცვალა 1992 წლის მარტში. მისმა ქალიშვილმა ც. გ-შვილმა-ლ-ძემ 1994 წლის ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ნ-ძის (მ. ნ-ძის ძმა) მიმართ და მოითხოვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, ბებიის _ თ. ნ-ძის ნაანდერძევ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა, როგორც მ. ნ-ძის მემკვიდრისა. მან მიუთითა, რომ ის და დედამისი ფაქტობრივად დაეუფლნენ და ფლობდნენ სამკვიდრო ქონებას, მაგრამ 1993 წლის გაზაფხულიდან ამ ქონებას თვითნებურად დაეუფლა ა. ნ-ძე, რომელმაც გაიფორმა მემკვიდრეობა სანოტარო წესით.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. Bბოლოს, 2000 წლის 1 აგვისტოს ხონის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ც. გ-შვილი-ლ-ძის სარჩელი გაშვებული სამკვიდრო ვადის საპატიოდ ჩათვლისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე. მისი მოთხოვნა პირადი ნივთების დაბრუნების შესახებ დარჩა განუხილველი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მართალია, მ. ნ-ძე ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ იგი 1984-1992 წლებში მუშაობდა ქუთაისის ფიზიოთერაპიულ სააავადმყოფოში და საშუალება ჰქონდა ანდერძის საფუძველზე სამკვიდრო მიეღო. საქმის მასალებით არ დასტურდება მ. ნ-ძის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი მიღება. თ. ნ-ძის საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა მისი გარდაცვალების შემდეგ, მიწა ჩაბარდა კოლმეურნეობას, საცხოვრებელი სახლი დარჩა სახელმწიფო დაზღვევის აღრიცხვაზე. 1992 წელს ა. ნ-ძემ აღადგინა მემკვიდრეობა და ჩაეწერა კომლში. მ. ნ-ძე გარდაიცვალა 1992 წლის მარტში. მისმა ქალიშვილმა ც. გ-შვილმა-ლ-ძემ კი 1994 წლის ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს სამკვიდროს მიღების შესახებ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, მას ტრანსმისიის წესით შეეძლო დედის დანაშთი ქონების მიღება 6 თვის ვადაში, მაგრამ მან ეს ვადაც დაარღვია. მართალია, საქმეში წარმოდგენილია 1993 წლის 31 აგვისტოს განცხადება თერჯოლის სასამართლოსადმი, მაგრამ ამ განცხადების შეტანის დროსაც მას გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლო პროცესზე მან მოითხოვა სადავო სახლში მყოფი მისი ნივთების დაბრუნება, მაგრამ მოპასუხე არ დაეთანხმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ამ ნაწილში მოთხოვნის ღიად დატოვება, რაზედაც მოსარჩელეს შეუძლია დამოუკიდებელი სარჩელით დავა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-შვილ-ლ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ც. გ-შვილი-ლ-ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ აპელანტის დედის მ. ნ-ძის ავადმყოფობა არ ჩათვალა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 558-ე მუხლით გათვალისწინებული მემკვიდრეობითი ტრანსმისია ვერ გავრცელდება, რადგან მ. ნ-ძემ არასაპატიო მიზეზით გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა, ხოლო მ. ნ-ძის შვილზე ც. გ-შვილ-ლ-ძეზეც ვერ გავრცელდება ტრანსმისიის წესი.

ც. გ-შვილ-ლ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. მას და დედამისს მ. ნ-ძეს ფაქტობრივად მირებული ჰქონდათ სამკვიდრო, ამიტომ აღარ სჭირდებოდათ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება. სააპელაციო საჩივარში მან მოითხოვა ბებიის თ. ნ-ძის სახელზე რიცხულ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა, შეცვალა დავის საგანი, რისი უფლებაც ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი დავის საგნის შეცვლაზე. აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული ჰქონდა ჯერ კიდევ ხონის რაიონულ სასამართლოში. თერჯოლის რაიონის ... საკრებულოდან წარმოდგენილი ცნობით იგი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებულია. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, რომ ა. ნ-ძე 1993 წლამდე არ გამოჩენილა სოფ. ..., მან უკანონოდ, სანოტარო მოქმედებით მიიღო სამკვიდროს მოწმობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ც. გ-შვილი-ლ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

თ. ნ-ძის სახელზე ირიცხებოდა თერჯოლის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სადგომი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, მისი კომლი ერთი სულისაგან შედგებოდა. იგი გარდაიცვალა 1984 წლის ოქტომბერში, მას დარჩა ვაჟი და ქალიშვილები. თ. ნ-ძემ თავისი ქონება უანდერძა ქალიშვილ მ. ნ-ძეს 1983 წელს, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ მას ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა არ აუღია. თ. ნ-ძის, როგორც კომლის უკანასკნელი წევრის, გარდაცვალების გამო, კომლი თერჯოლის რაიონის აღმასკომის 1984 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა. Mმ. ნ-ძე გარდაიცვალა 1992 წელს. ა. ნ-ძემ 1993 წლის ივნისში სანოტარო წესით კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა მიიღო დედის _ თ. ნ-ძის დანაშთ ქონებაზე.

მ. ნ-ძის ქალიშვილმა ც. გ-შვილ-ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ნ-ძის მიმართ და მოითხოვა ბებიის თ. ნ-ძის მემკვიდრედ ცნობა სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის საფუძველზე, ასევე მოითხოვა ა. ნ-ძის მიერ აღებული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ თ. ნ-ძის გარდაცვალების შემდეგ იგი ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, სამკვიდროს დაეუფლა მ. ნ-ძე და შემდეგ მოსარჩელე.

სააპელაციო საჩივარში ც. გ-შვილ-ლ-ძემ მოითხოვა, რომ ფაქტობრივად სამკვიდრო ქონების მიღებულ პირად ჩაითვალოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის საფუძველზე, უსაფუძვლობის გამო, მას უარი უთხრა დავის საგნის შეცვლის შუამდგომლობაზე და მიუთითა, რომ პალატა ამოწმებს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებას საჩივრის ფარგლებში, შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი არსებითად იცვლება დავის საგანი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მტკიცებას, რადგან აპელანტმა ჯერ კიდევ სასარჩელო განცხადებაში, შემდეგ კი მოცემული დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოითხოვა ბებიის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ჯერ დედამისი მ. ნ-ძე და შემდეგ თვითონ ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდროს. საქმეში წარმოდგენილია ... საკრებულოს თავმჯდომარე მ. ნი-ძის ცნობა იმის შესახებ, რომ მ. ნ-ძე 1984 წლიდან ანდერძის საფუძველზე განკარგავდა თერჯოლის რაიონის სოფ. ... თ. ნ-ძე-კ-ძის მოძრავ-უძრავ ქონებას.

ამდენად, სასამართლომ არ იმსჯელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, აპელანტი და დედამისი ფაქტობრივად დაეუფლენ თუ არა სამკვიდროს. სააპელაციო სასამართლო პროცესზე ა. ნ-ძის ვაჟმა ბ. ნ-ძემ განმარტა, რომ ბებიის გარდაცვალების შემდეგ სოფელთან ყველას ჰქონდა კონტაქტი, ნ-ძის ნივთები, მაგიდა არის სოფელში. ხოლო თ. ნ-ძემ კი სააპელაციო სასამართლოს პროცესზე განმარტა, რომ დედის თ. ნ-ძის გარდაცვალების შემდეგ სოფელში ცხოვრობდა მ. ნ-ძე და მისი შვილი.

სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, ასევე, ა. ნ-ძის სახელზე გაცემულ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის კანონიერებაზე, რადგან სასარჩელო განცხადებაში აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. გ-შვილი-ლ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ოქტომბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.