Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/164-01 11 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი(თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. დ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის ... აგროსამრეწველო კომბინატის სახლის მოპასუხეების მ. ბ-ძის, ა. ბ-ძის, მა. ბ-ძისა და ჯ. ბ-ძის გამოსახლება იმ მოტივით, რომ 1995 წელს გატარდა რა ქორწინების რეგისტრაციაში გ. ბ-ძესთან, ცხოვრება დაიწყო ... აგროსამრეწველო კომბინატის სახლში, დედამთილთან ჟ. პ-ძესთან, მულთან და ქმართან ერთად. 1998 წელს დედამთილი და ქმარი საცხოვრებლად გაემგზავრნენ რუსეთში, თვითონ კი, ოჯახური უთანხმოების გამო, დარჩა ხელვაჩაურის რაიონში. 2000 წლის 30 აპრილს მისი სახლში არყოფნის დროს ბინა თვითნებურად დაიკავეს მოპასუხეებმა და გააგრძელეს იქ ცხოვრება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეეები გამოსახლებული იქნენ მახინჯაურის საბინაო-საექსპლუატაციო უბანზე რიცხულ სოფ. ... ჩაის სამრეწველო კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე კომუნალური საცხოვრებელი სახლის ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე ნ. დ-ძეს შვილთან ერთად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებები სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე გაუქმდა.

კასატორები მოითხოვენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი იურიდიულად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილი.

საკასაციო პალატამ შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ნ. დ-ძე არ არის სადავო ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ. დ-ძემ მართლზომიერ საფუძველზე, კერძოდ, გ. ბ-ძესთან რეგისტრირებული ქორწინებით, ოჯახის წევრთა თანხმობით დაიწყო ცხოვრება სადავო ბინაში და არასრულწლოვან შვილთან ერთად, რეგისტრირებულია ... ჩაის სამრეწველო კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე კომუნალურ სახლში, ოჯახის წევრებთან ჟ., გ., ი. და ლ. ბ-ძეებთან ერთად. აღნიშნული ცნობის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. სამოქალაქო სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა მოპასუხეთა მ., ა. და მა. ბ-ძეების და გ. ბ-ძის განმარტებები და მიუთითა, რომ მათ სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დამოწმება სანოტარო წესით სავალდებულოა და იგი რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრში. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა რომ ბინის საკუთრების ზემოაღნიშნული საფუძველი არ გააჩნიათ, როგორც კასატორებს, ასევე ჟ. ბ-ძეს, რომელიც სადავო ბინის მხოლოდ დამქირავებელია და არა მესაკუთრე და არ ჰქონდა ბინის გასხვისების უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა, რაც ქმნის ნ. დ-ძის მოთხოვნის იურიდიულ საფუძველს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დასაბუთებულია, ხოლო საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მა. ბ-ძის, ა. ბ-ძის, მ. ბ-ძის, ჯ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.