გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/141-01 16 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. თ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვ. თ-ურის გამოსახლება თბილისში ... მდებარე სახლის ლიტერ “ბ” ოთახიდან 9 კვ.მ. შემდეგი საფუძვლით: სახლის მესაკუთრეა ა. ე-ოვა. 1976 წელს აღნიშნული ოთახი დროებით სარგებლობისათვის გადასცა ვ. თ-ურს, რომელიც ამ ბინაში ჩაეწერა სახლის მესაკუთრის ვაჟთან ფიქტიური ქორწინების შედეგად. შემდეგ ბინაში მიიყვანა შვილი და ნებაყოფლობით არ ცლის ბინას, მიუხედავად იმისა, რომ ამავე ეზოში გააჩნია სხვა საცხოვრებელი.
სასამართლო სხდომაზე თ-ურმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: 1976 წლიდან ცხოვრობს სადავო ფართში. სახლის მესაკუთრის შვილთან ლ. ე-ოვთან ქორწინების რეგისტრაციაში გავლის შემდეგ ჩაეწერა ამ ფართში. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ლ. ე-ოვი დაუბრუნდა თავის პირველ ცოლ-შვილს და ბინის წილის კომპენსაციის სანაცვლოდ მისცა მას 5000 მანეთი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. თ-ური გამოსახლდა სადავო ფართიდან. რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-ურმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. თ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამრთლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ადგილი აქვს გარიგებას საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ და კანონის “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ვალდებული დააკმაყოფილოს მოსარჩელის (მესაკუთრის) მოთხოვნა სადგომის გათავისუფლების შესახებ, თუ მესაკუთრე გადასცემს სხვა საცხოვრებელ ფართს ან შესთვაზებს ფართის კომპენსაციას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. თ-იამ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ფართზე მოპასუხის მფლობელობის წარმოშობის კანონიერება ან თუ რა გზით მოხდა ვ. თ-ურის სადავო ფართში რეგისტრაცია, გარდა ამისა საქმეში არ არის მოპასუხის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
როგორც საქმის მასალებით ირეკვევა, სადავო ფართი მდებარე ქ. თბილისში, ... ლიტერ “ბ” ოთახი, საკუთრების უფლებით ირიცხება ა. ე-ოვას სახელზე. სარჩელი სასამართლოში შეიტანა ე. თ-იამ და მოითხოვა თ-ურის გამოსახლება. თ-იამ განაცხადა, რომ სახლის მესაკუთრემ მისცა მინდობილობა განკარგოს მისი ქონება. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობიდან ირკვევა, რომ ე-ოვა თ-იას ანდობს მისი (ე-ოვას) სახელით აწარმოოს საქმეები სასამართლოში. ე. თ-ია კი სარჩელში თვითონ მიიჩნევს თავს მოსარჩელედ და თავის სახელით ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას. აღნიშნულ დარღვევას ყურადღება არ მიაქცია, არც რაიონულმა სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ, რითაც დაარღვიეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნა და გადაწყვეტილებები გამოიტანა არასათანადო მოსარჩელის მიერ შეტანილ სარჩელზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმეზე მოსარჩელე შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, ვისი უფლებებიც დაირღვა. მოცემულ შემთხვევაში ე-ოვა, ხოლო მინდობილობით შეიძლება გამოვიდეს სხვა პირი, როგორც მოსარჩელეს წარმომადგენელი და არა როგორც მოსარჩელე. საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და ისე განიხილოს საქმე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.