Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/121-01 16 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, მ. ახალაძე

დავის საგანი: სახლის თანამესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხაშურის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლის, რომელიც დღეისათვის ირიცხება მოპასუხე შ. ბ-შვილის სახელზე, 1\2-ის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: მისი ოჯახი ცხოვრობდა სოფ. ..., წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს. კომლის უფროსი იყო მისი ბებია ნი. ბ-შვილი, ხოლო კომლის წევრებად ჩაწერილები იყვნენ მისი დედ-მამა შ. და კ. ბ-შვილები, თვითონ და მისი ძმა გ. ბ-შვილი. კომლის უფროსი ნი. ბ-შვილი გარდაიცვალა 1982 წელს. იმის გამო, რომ კომლის სხვა წევრები ცოცხალი იყვნენ, კანონის შესაბამისად მემკვიდრეობა არ გახსნილა. მიუხედავად ამისა, სახლი მთლიანად აღირიცხა შ. ბ-შვილის სახელზე, რაც უკანონოდ მიაჩნია, რადგან კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში მას არ შეუწყვეტია შრომითი საქმიანობა, წვლილი მიუძღვის მის მშენებლობაში ფიზიკურად და მატერიალურად; 1997 წელს მოპასუხემ მასთან დადო ხელშეკრულება, რითაც ფაქტიურად აღიარა მისი უფლება სადავო სახლის 1\2-ზე; მოსარჩელე სადავო სახლის ნახევარს მოითხოვს კომლის წევრობის და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე შ. ბ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სახლი არის მის მიერ აშენებული, სახლი გაიფორმა, როგორც დედამისის მემკვიდრემ, არ უარყოფს, რომ საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულება არის მის მიერ დადებული და თვითონვე აწერს ხელს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ბ-შვილი ცნობილი იქნა სადავო სახლის 1\2 მესაკუთრედ. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სოფ. ... 1982 წლის საკომლო წიგნების ჩანაწერებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნი. ბ-შვილი იყო ოჯახის უფროსი, კომლთა სიაში გატარებულნი არიან ასევე ნ. ბ-შვილი, მოპასუხე შ. ბ-შვილი, მოსარჩელის დედა და ძმა _ კ. და გ. ბ-შვილები. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 1982 წელს ნი. ბ-შვილის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლზე მემკვიდრეობა არ გახსნილა და იგი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით კომლში დარჩენილი ოჯახის წევრებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სახლზე მხოლოდ მოსარჩელეს და მოპასუხეს მიუძღვით წილი და კომლის საკუთრებაზე მხოლოდ მათ არ დაუკარგავთ საკუთრების უფლება რამაც განაპირობა მოპასუხის მიერ ხელეშკრულების დადება მოსარჩელესთან, რითაც ფაქტიურად დაადასტურა მისი საკუთრების უფლება სახლის 1\2-ზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიატნა შ. ბ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სმეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გაომიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ ... თემის საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... კოლმეურნეობა არ არსებობს 70-იანი წლებიდან. აქედან გამომდინარე, ბ-შვილის ოჯახი ვერ ჩაითვლებოდა კომლად, ხოლო რაც შეეხება 1997 წლის 10 აპრილს მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი არ შეიძლება გახდეს სახლის ნახევარზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, რადგან თუ გარიგება ჩაითვლება ნასყიდობის ხელშეკრულებად განვადების უფლებით, მაშინ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, უნდა მომხდარიყო მისი რეგიტრაცია სოფლის საბჭოში, რაც არ მომხდარა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მიაჩნია, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო სოფ. ... საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებას, რომ სოფ. ... კოლმეურნეობა აღარ არსებობს 70-იან წლებიდან. აღნიშნლმა წარმომადგენელმა სასამართლოს ვერც ერთ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი, ვერ უპასუხა თუ კონკრეტულად რომელ წელს გაუქმდა კოლმეურნეობა და რატომ ირიცხებოდა ნი. ბ-შვილის ოჯახი კომლად. კასატორის აზრით სასამართლომ გაიზიარა წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტება, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაშია სარქივო ცნობასთან, არ მოითხოვა ოფიციალური დოკუმენტი, მიუხედავად მისი შუამდგომლობისა. კასატორი, ასევე თვლის, რომ სასამართლომ უარი უთხრა მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ ნი. ბ-შვილის ოჯახი კომლიც რომ ყოფილიყო ნ. ბ-შვილს არ ჰქონდა უფლება კომლის ქონებაზე, რადგან მისი ოჯახი 1959 წლიდან წამოსულია სოფ. ... და ცხოვრობს რუსთავში. მიიჩნევს, რომ თუ იგი წამოსული იყო ..., წამოსული იყო ოჯახთან და რასაკვირველია მამასთან ერთად. მას არასოდეს მიუტოვებია მეურნეობის გაძღოლა, სისტემატურად ჩადიოდა სოფ. ..., რაც დასტურდება იმით, რომ შ. ბ-შვილმა სარჩელი შეიტანა ხაშურის სასამართლოში და მოითხოვა მისი გამოსახლება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... 70-იანი წლებიდან არ არსებობს საკოლმეურნეო კომლი. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ ბოლომდე არ გამოარკვია აღნიშნული საკითხი და არ აღმოფხვრა ის წინააღმდეგობა, რაც არის საარქივო ცნობასა და ... საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებას შორის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნი. ბ-შვილის ოჯახი არ იყო საკოლმეურნეო კომლი; არ გამოარკვია, რის საფუძველზე აღირიცხა ნი. ბ-შვილის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლი მოპასუხის შ. ბ-შვილის სახელზე. საქმეში არ არის დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ შ. ბ-შვილმა სახლი თავის სახელზე აღირიცხა, როგორც ნი. ბ-შვილის მემკვიდრემ, საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს 1982 წელს, როდესაც გარდაიცვალა ნი. ბ-შვილი, მიეკუთვნებოდა თუ არა მისი ოჯახი საკოლმეურნეო კომლს და თუ მისი ოჯახი კომლს წარმოადგენდა ვინ იყვნენ მისი წევრები და იღებდნენ თუ არა ისინი მონაწილეობას კომლის მეურნეობის წარმართვაში. გარდა ამისა, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მოპასუხე შ. ბ-შვილის სახელზე, რის საფუძველზე ირიცხება სადავო სახლი კანონისმიერი მემკვიდრის თუ კომლის წევრობის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.