გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-38-01 18 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. გ-შვილი 1992 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროში, 1996 წლიდან კი ამავე სამინისტროს ფასწარმოქმნისა და ანტიმონოპოლიური საქმიანობის განყოფილების გამგის თანამდებობაზე.
აჭარის ა/რ ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 5 ივლისის ¹ პ-25 ბრძანებით რ. გ-შვილი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული, არაჯეროვანი შესრულებისა და ეკონომიკის სამინისტროს შრომის შინაგანაწესის სისტემატური და უხეში დარღვევის გამო. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი. ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 21 სექტემბრის ¹ 31 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება 1999 წლის 5 ივლისის ბრძანებაში და თანამდებობიდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად დამატებით მიეთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტი.
რ. გ-შვილმა მიიჩნია სამუშაოდან გათავისუფლება უკანონოდ და 1999 წლის 2 აგვისტოს საჩივრით მიმართა საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშათა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკის საბჭოს, ხოლო 24 სექტემბერს სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გადაწყვეტილება და რ. გ-შვილი აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროში ფასწარმოქმნისა და ანტიმონოპოლიური საქმიანობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე, 99-ე და 127-ე მუხლებზე და აღნიშნულია, რომ განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძველი შრომის დისციპლინის დარღვევის გამო მიღებული გაფრთხილების იგნორირება, სამსახურეობრივი მოვალეობის ბრალეული და არაჯეროვანი შესრულება, შრომის შინაგანაწესის სისტემატიური და უხეში დარღვევა საქმის ფაქტიური გარემოებებით არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლოს აზრით, რ. გ-შვილს დაცული აქვს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
კასატორი აჭარის ა/რ ეკონომის მინისტრი საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ყალბ სამედიცინო ცნობას, აგრეთვე ხანდაზმულობის ვადის გაშვების ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ 1999 წლის 5 ივლისის ბრძანების გაუქმების საფუძვლად ჩათვალა 1999 წლის 21 სექტემბრის ბრძანება მაშინ, როცა აღნიშნული ბრძანებების იურიდიული საფუძველი განსხვავებულია და მათი გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის დენაც შესაბამისად 05 ივლისიდან და 21 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. რ. გ-შვილმა სარჩელი შეიტანა სექტემბრის ბოლოს და ამდენად, გაშვებული აქვს 1999 წლის 5 ივლისის აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს აგრეთვე იმ მოტივით, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კასატორის აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ რ. გ-შვილის სარჩელი, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, ხანდაზმულია. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. გ-შვილი სამსახურიდან 1999 წლის 5 ივლისს განთავისუფლდა, ხოლო 1999 წლის 24 სექტემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს..
საკასაციო პალატა სამართლებრივად სწორად ვერ მიიჩნევს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტ რ. გ-შვილის სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან ამ ვადის ათვლა 1999 წლის 21 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო, რადგან სამინისტრომ ახალი ბრძანებით დამატება შეიტანა 1999 წლის 5 ივლისის ¹ პ-25 ბრძანებაში.
სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება ის სამართლებრივი აქტია, რომლის მიღება მუშაკისათვის განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებთანაა დაკავშირებული. იგი აღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ იღებს ხელფასს, აღარ სარგებლობს სამსახურთან დაკავშირებული შეღავათებითა და პრივილეგიებით და ა.შ. კანონი გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებს სწორედ ზემოაღნიშნულ შედეგებს, როცა მუშაკმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი შრომითი უფლების დარღვევის, უკანონოდ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში რ. გ-შვილმა 1999 წლის 9 ივლისს შეიტყო გათავისუფლების თაობაზე და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დინება.
სააპელაციო პალატის მითითება, რომ სამინისტრომ 1999 წლის 21 სექტემბერს შეიტანა რ. გ-შვილის განთავისუფლების ბრძანებაში ცვლილება და ამიტომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 21 სექტემბრიდან არ გამომდინარეობს კანონიდან. რ. გ-შვილი განთავისუფლებული იქნა 1999 წლის 5 ივლისის ბრძანებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლისას მთავარია გაირკვეს როდის დაირღვა პირის უფლება. კასატორი სადაოდ ხდის არა იმ ფაქტს, რომ მისი საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით დაირღვა მისი უფლებები, არამედ იგი მოითხოვს მოპასუხის მიერ 1999 წლის 5 ივლისის ბრძანების გაუქმებას და სამუშაოზე აღდგენას, სარჩელი კი აღძრა 1999 წლის 24 სექტემბერს, რითაც მან გაუშვა უფლების სასამართლო წესით დაცვის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაძლებელია საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; რ. გ-შვილის სარჩელი ხანდაზმულია და შესაბამისად, არ არსებობს რ. გ-შვილის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
რ. გ-შვილს სარჩელზე სამუშაოზე აღდგენის შესახებ უარი ეთქვას.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.