გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/181-01 7 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ა-ძე საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. თბილისში ... მდებარე ოროთახიან ბინას. 1997 წლის 17 იანვარს ნ. ა-ძემ ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა მიჰყიდა მ. ს-შვილს. ამ უკანასკნელმა 1997 წლის თებერვალში ბინა მიჰყიდა ც. თ-იას.
ნ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ც. თ-იას ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ მ. ს-შვილმა სადავო ბინა გაიფორმა იძულების და მუქარის გამოყენებით. მოსარჩელის განმარტებით მყიდველმა მ. ს-შვილმა და მისმა მეგობრებმა მ. ო-ავამ და მ. ნ-შვილმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით იძულებით მიიყვანეს ...ის ქ. ¹ 1-ში მდებარე სანოტარო კანტორაში, სადაც გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
რუსთავის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მ. ს-შვილის მიმართ, მაგრამ მისი დაკავება ვერ მოხერხდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იმ მოტივით, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ის გარემოება, რომელზეც აპელანტი ამყარებდა თავის მოთხოვნას.
კასატორი მოითხოვს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის გადაწყვეტისათვის, რაც არასწორი დასკვნის გამოტანის საფუძველი გახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია მასსა და მ. ს-შვილს შორის 1998 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ძალადობის გამოყენებით დადების ფაქტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ს-შვილისა და ნ. ა-ძის ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ნ. ა-ძეს უნდა გადაეხადა მ. ს-შვილისათვის გარკვეული თანხა, რის გამოც სთავაზობდა ბინის გაყიდვას. ასევე, დადგენილია, რომ ც. თ-ია დათანხმდა სადავო ბინის შესყიდვაზე მ. ს-შვილის ახლო ნათესავებს, მათგან მისაღები ვალის სანაცვლოდ. აღნიშნული ფაქტები არ ადასტურებენ გ. ს-შვილსა და ნ. ა-ძეს შორის ძალის გამოყენებით გარიგების დადების ფაქტს, ვინაიდან დასახელებული მოწმეები გარიგების გაფორმების უშუალო მოწმეები არ არიან და ისინი უარყოფენ რაიმე ძალადობის ფაქტის არსებობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ნ. ა-ძემ ვერ წარმოადგინა მკიცებულებები, რომლებიც მის მიერ აღწერილ იძულებისა და ძალადობის ფაქტს დაადასტურებდა.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად დაასაბუთა განჩინება, რადგან ჩათვალა რომ რომ კასატორმა ნ. ა-ძემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების იძულების გამოყენებით დადების ფაქტი და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით იგი არ დასტურდება. ამდენად სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.