გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ/149-01 26 იანვარი, 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. კ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში პ. და ნ. ლ-ოვების მიმართ 7200 ლარის გადახდევინების შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად ვ. კ-შვილმა მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ გ. ჯ-ძემ ქ. ქობულეთში ... მდებარე სამოთახიანი კომუნალური ბინის ყიდვის მიზნით მოპასუხეებს გადაუხადა 90000 მანეთი. მისი შვილი შ. ჯ-ძე ნ. ლ-ოვასთან ფიქტიური ქორწინების საფუძველზე ჩაეწერა ბინაში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პ. ლ-ოვმა განიზრახა თანხის დაბრუნება, რაზედაც არ დაეთანხმნენ, რადგან რუსული რუბლი ძალზე ინფლაცირებული იყო. 1992 წლის 8 თებერვალს პ. ლ-ოვს 65000 რუსული რუბლი მათ სახელზე შეუტანია შემნახველ ბანკში, რის შესახებაც ძალზე გვიან შეიტყო. თანხის მიცემიდან დაბრუნებამდე პერიოდში რუსული რუბლის აშშ დოლართან მიმართებაში კურსის ცვლილებითა და 25000 მანეთის დაუბრუნებლობით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 7200 ლარი. 1992 წლის აგვისტოში მოუკლეს მეუღლე, ხოლო 1996 წელს შვილი – კ. ჯ-ძე. ოჯახში შექმნილი მდგომარეობის და ავადმყოფობის გათვალისწინებით მოითხოვა, რომ არ ყოფილიყო გამოყენებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის ბინის ყიდვა-გაყიდვაზე არ მოხდა საბოლოო შეთანხმება, თანხას უბრუნებდნენ 1991 წლის დეკემბერში, რაზედაც წინააღმდეგი იყვნენ მოსარჩელის ოჯახის წევრები. საბოლოოდ 1992 წლის 8 თებერვალს 65000 რუსული მანეთი შეიტანეს შემნახველ ბანკში შ. ჯ-ძის სახელზე, ხოლო 25000 მანეთი გადასცეს მის სიძეს. ბათილად იქნა ცნობილი 1994 წელს შ. ჯ-ძის ქორწინება და გაუქმდა ამ უკანასკნელის სადავო ბინაში ჩაწერა. 1999 წლამდე ვ. კ-შვილს ბინაზე ან თანხაზე პრეტენზია არ განუცხადებია.
ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 1096 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეტანილ იქნა მხარის მიერ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი - ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა იმგვარად, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 7200 ლარის გადახდა.
საკასაციო საჩივრით პ. და ნ. ლ-ოვები ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელისათვის ზარალი არ მიუყენებიათ. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, უსაფუძვლოდ აღადგინა სასამართლოსათვის მიმართვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის შვილმა შ. ჯ-ძემ 1992 წელში გამოიტანა და გახარჯა მოპასუხე პ. ლ-ოვის მიერ მის სახელზე შემნახველ ბანკში შეტანილი თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1991 წელს, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ამ კოდექსის 389-ე მუხლი.
სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე და 84-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. შვილის დაღუპვის დროს მოსარჩელეს უკვე ჰქონდა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი, რომ საპატიოდ ეცნო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების მიზეზი. ამდენად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად უნდა გაუქმდეს.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილად არის შეკრებილი მტკიცებულებები და დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, ამიტომ შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. მოსარჩელე ვ. კ-შვილს გაშვებული აქვს უფლების სასამართლო წესით დაცვის სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 75-ე და 84-ე მუხლებით განსაზღვრული ვადა, რის გამოც სარჩელზე უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
პ. ლ-ოვის საკასაციო საჩივარი, ნ. და პ. ლ-ოვების წარმომადგენლის ე. კოლომიიცევას დამატებითი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და გამოტანილი იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ვ. კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა პ. და ნ. ლ-ოვების მიმართ თანხის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.