გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/148-01 24 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ქ. თბილისში ... მდებარე საამშენებლო კოოპერატივის, “ვაკე-169” სარდაფი.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 25 იანვარს ე. გ-იანმა საამშენებლო კოოპერატივის “ვ.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს და მოითხოვა მისი საცხოვრებელი ბინის ქვემოთ არსებული კოოპერატივის “ვ.” კუთვნილი სარდაფის მასზე მიკუთვნება იმ მოტივით, რომ იგი მისი ბინის ქვეშაა განთავსებული, წლების განმავლობაში გამოუყენებელია, კარების გასაღებს თვითონ ფლობს და მისი კეთილმოწყობისათვის გაწეული აქვს გარკვეული ხარჯები.
2000 წლის 11 ივლისს სასამართლო პროცესზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. გ-იანის სააპელაციო საჩივარი და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
ე. გ-იანმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა, მოითხოვა მათი გაუქმება და სადავო სარდაფის მასზე მიკუთვნება იმ მოტივით, რომ აღნიშნული სარდაფი უმეთვალყურეოდაა მიტოვებული, ანტისანიტარული და ხანძარსაშიშია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს მოისმინა კასატორის მოსაზრება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სადავო სარდაფი წარმოადგენს კოოპერატივის “ვ.” საკუთრებას. სადავო სარდაფიდან კასატორი გამოსახლებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სადავო სარდაფი უმეთვალყურეოდაა მიტოვებული, ანტისანიტარული და ხანძარსაშიშია, ვერ გახდება სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების და სადავო სარდაფის მის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი, რადგანაც კოოპერატივი “ვ.” ამ სარდაფის კეთილსინდისიერი მფლობელია და იგი სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, სარდაფს მართლზომიერად ფლობს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. გ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.