Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/68-01 7 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი - თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი :

დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ... მცხოვრებ თ. ბ-შვილსა და თბილისში, ... მცხოვრებ ლ. ქ-ძეს შორის 1986 წლის 12 თებერვალს შინაურული წესით გაფორმდა ლ. ქ-ძის საცხოვრებელი ოროთახიანი ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება;

ხელშეკრულების მიხედვით გარიგების თანხა შეადგენდა 180200 მანეთს. გარიგების შედგენის მომენტში ლ. ქ-ძემ თ. ბ-შვილის შვილის ი. ბ-შვილისაგან მიიღო ბეს სახით 60000 მანეთი. ლ. ქ-ძემ იკისრა ვალდებულება 6 თვის განმავლობაში გადაეფორმებინათ ბინა თ. ბ-შვილისათვის რა დროსაც მიიღებდა დარჩენილ 120000 მანეთს; მხარეთა შეთანხმებით ბინა გაყიდულად ჩაითვლებოდა, როდესაც ლ. ქ-ძე თბილისში შეიძენდა ბინას.

1991 წლის მარტში ლ. ქ-ძემ დაუბრუნა თ. ბ-შვილს მასზე გადაცემული თანხის ნაწილი - 130000 მანეთი;

თ. ბ-შვილმა 1998 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა ვაკის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ლ. ქ-ძისათვის 41600 მანეთის დაკისრება ინფლაციის გათვალისწინებით.

ლ. ქ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის საცხოვრებელ ბინაზე თ. ბ-შვილის უფლებადაკარგულად ცნობა და ამ უკანასკნელზე ლ. ქ-ძის მიერ ბეს სახით გადაცემული 60000 მანეთის დაკისრება, იმ მოტივით, რომ თ. ბ-შვილმა არ გადაიხადა დარჩენილი თანხა, რითაც ბრალეულად დაარღვია გარიგების პირობები.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის გადაწვეტილებით სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

მოპასუხე ლ. ქ-ძეს დაეკისრა თ. ბ-შვილის სასარგებლოდ 25406 (ოცდახუთი ათას ოთხას ექვსი) ლარის გადახდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ქ-ძის შეგებებული სარჩელიც; თ. ბ-შვილი ცნობილ იქნა ... მდებარე საცხოვრებელ ბინაზე უფლებადაკარგულად;

ლ. ქ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ. აღნიშნული პალატის 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა ლ. ქ-ძეზე თ. ბ-შვილის სასარგებლოდ 25406 ლარის დაკისრების ნაწილში და თ. ბ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ იქნა დადებული თ. ბ-შვილის ბრალეული მოქმედების გამო, ბე ეკუთვნის მის მიმღებ ლ. ქ-ძეს და მისი მოთხოვნა, დაუბრუნებელი თანხის ბეს ანგარიშში ჩათვლის თაობაზე, საფუძვლიანია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გსაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად და არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მათ.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სწორად მიაჩნია, რომ დავა მოქმედი კოდექსით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ ახალი კოდექსის გამოყენების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად, “ხელშეკრულება რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადაეცეს ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით”. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად კი ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება; აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან მხარეთა შორის დადებული გარიგება ბათილია, თანხა რომელიც თ. ბ-შვილმა ბეს სახით გადასცა ლ. ქ-ძეს, ბედ არ შეიძლება ჩაითვალოს. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, “ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი”. აღნიშნულიდან გამომდინარე ნასყიდობის დროს თანხის ბეს სახით გადაცემის შემთხვევაში დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი; რადგან მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით დადგენილი ფორმის დაცვით არ გაფორმებულა, თანხა, რომელიც ამ ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად გადაეცა მხარეს, არ შეიძლება ფორმის დაცვით გადაცემულად ჩაითვალოს და მათზე გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 422-423-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. გარდა აღნიშნულისა, 1987 წელს, როცა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა, ბინა, რომელიც მხარეთა შორის უნდა ყოფილიყო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი, წარმოადგენდა არა ,,გამყიდველის"-მოპასუხე ლ. ქ-ძის, არამედ საბინაო კოოპერატივის საკუთრებას, რის გამოც არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტი.

საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ლ. ქ-ძეს არ დაუბრუნებია თ. ბ-შვილისათვის ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული თანხის ნაწილი - 40000 მანეთი და 1600 მანეთი საპაიო შენატანი.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის გამო, არ არსებობს.

პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან შინაურული ხელწერილით მხარეები ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ვადაზე შეთანხმებულნი არ ყოფილან და მიუთითეს, რომ ბინა გაყიდულად ჩაითვლება, როდესაც ლ. ქ-ძე თბილისში შეიძენს სხვა ბინას, ვალდებულების შეუსრულებლობის და შესაბამისად, ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტად უნდა მივიჩნიოთ ლ. ქ-ძის მიერ თანხის ნაწილის უკან დაბრუნების დრო, ე.ი. 1991 წლის გაზაფხული. აღნიშნულ დროს ლ. ქ-ძეს მთლიანად უნდა დაებრუნებინა მეორე მხარისათვის სადავო თანხა, რაც არ გაუკეთებია;

სააპელაციო პალატამ ხელახლა საქმის განხილვისას უნდა გაარკვიოს ფაქტიური გარემოებები იმის თაობაზე, თუ რა თანხას შედგენდა 41600 საბჭოთა მანეთი. თ. ბ-შვილის მიერ ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროს, ე.ი. 1991 წლის გაზაფხულზე და აღნიშნულის გათვალისწინებით დაადგინოს ლ. ქ-ძეზე დასაკისრებელი თანხის ოდენობა.

სარეზოლუციო ნაწილი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.