№ ას-1563-1563-2011 28 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლ.სანიკიძე
კასატორი _ ო. კ-ე
წარმომადგენელი - ლ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ნ-ა
წარმომადგენელი – შ. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – შინაურული ანდერძის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. კ-ემ სარჩელი აღძრა ნ. ნ-ასა და დ. ხ-ის მიმართ ლ. კ-ს შინაურული ანდერძის ბათილობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო. კ-ს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი აწ გარდაცვლილ ლ. კ-ს 2006 წლის 25 ნოემბრის ნ. ნ-ას მიმართ შედგენილი შინაურული ანდერძი, რაც უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე აპელანტ ნ. ნ-ას წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა ლ. კ-ს სახელით 1998 წლის 21 სექტემბერს ნ. ნ-ას სახელზე შედგენილი ახალი შინაურული ანდერძი, რომელიც, წარმომადგენლის განმარტებით, მან შემთხვევით იპოვა ლოცვების წიგნში 2008 წლის 4 ნოემბერს ქუთაისში, გ-ის ქ.№48-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნისას. ადგილზე თათბირით, საოქმო ფორმით მიღებული განჩინებით სააპელაციო პალატამ უარი თქვა ამ ანდერძისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვაზე იმ მოტივით, რომ დავის საგანს არ უკავშირდებოდა და ისინი დაუბრუნდა წარმომდგენს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ლ. კ-ს სახელით შედგენილი 1998 წლის 21 სექტემბრის შინარული ანდერძი არ არის შედგენილი თავად ლ. კ-ს მიერ, მაშინ, როცა სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ შინაურული ანდერძი მოანდერძის მიერ თავისი ხელით უნდა იყოს დაწერილი და ხელმოწერილი. მოცემულ შემთხვევაში არაერთი მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, რომ ლ.კ-ეს ანდერძი არ შეუდგენია, არ დაუტოვებია და იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე, გარდაცვალების მომენტამდე ყოველთვის აცხადებდა სიტყვიერად, რომ ის ანდერძს არ დაწერდა და მისი სამკვიდრო ქონება დარჩებოდა ო. კ-ეს, ვინაიდან თვლიდა ყველაზე ახლობელ ნათესავად, რომელიც, როგორც მარტოხელას, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში უწევდა მატერიალურ თუ სხვა სახის დახმარებას. გაზიარებული არ უნდა იქნეს შპს „სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრ ალტ-ექსპერტის“ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად 1998 წლის 21 სექტემბრის შინაურული ანდერძის ტექსტი და მასზე ხელმოწერა შესრულებულია ლ.კ-ს მიერ, რადგან ექსპერტიზა დაეყრდნო და ჩატარდა დაინტერესებული მხარის მოპასუხე ნ. ნ-ას მიერ წარდგენილ, ლ.კ-ს ხელწერის არაოფიციალურ და საეჭვო ნიმუშებზე, რაც არ გამორიცხავს, რომ ეს ნიმუშები და სადავო ანდერძიც შეადგინა არა ლ.კ-ემ, არამედ ერთმა და იმავე სხვა პირმა. კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების მეთოდიკის თანახმად, ხელწერისა და ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად გამოსაკვლევი ნიმუში უნდა შედარდეს ოფიციალურ დოკუმენტებში შესრულებულ ჩანაწერებს.
მოპასუხე ნ. ნ-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ქ.ქუთაისში, გ-ის ქუჩა 48-ში ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ლ. კ-ე და ნ. ნ-ა მშობლებთან ერთად. ლ. კ-ეს შვილად მიაჩნდა ნ.ნ-ა. იგი ყოველთვის გამოხატავდა მადლიერების გრძნობას მისი მშობლების მიმართ მისადმი კეთილი და მზრუნველი დამოკიდებულების გამო, ამიტომ ლ. კ-ეს არაერთხელ უთქვამს, რომ იგი თავის ქონებას დაუტოვებდა ნ. ნ-ას. ანდერძის, არსებობის შესახებ იცოდა ნ. ნ-ამ და მისმა ოჯახმაც, ასევე იცოდნენ ლ. კ-ს მეგობრებმა, ეკლესიის მრევლმაც. 1998 წლის 21 სექტემბერს დაწერილი ანდერძის შემდეგ ლ. კ-ემ 2006 წლის 25 ნოემბერს დაწერა ახალი შინაურული ანდერძი, რომელშიც მან იგივე გაიმეორა და თავისი ქონება უანდერძა ნ. ნ-ას. 2006 წლის 25 ნოემბრის შინაურული ანდერძი გაასაჩივრა მოსარჩელემ და სასამართლომ ბათილად ცნო, როგორც ფორმის დაუცველად შედგენილი. სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. კ-ს სახლში, მისი წიგნების თვალიერებისას, კერძოდ, ლოცვების წიგნში იპოვა 1998 წლის 21 სექტემბერს ლ. კ-ს მიერ შედგენილი შინაურული ანდერძი. ლ.კ-ს ორმოცზე აწ გარდაცვლილი მ. ნ-ე, რომელიც ლ. კ-ს მეგობარი და მრევლის წევრი იყო, ეუბნებოდა ნ. ნ-ას დედას _ „ბიბლიის წიგნი აუცილებლად ნახეთო“. ამის შესახებ კარგად იცის თავად მოსარჩელის ოჯახმა. ო. კ-ს ქალიშვილმა იზა კ-ემ ნ. ნ-ას დედასთან საუბარში დაადასტურა, რომ მან გაიგონა მ. ნ-ის ნათქვამი. ლ. კ-ეს „ბიბლია“ რამდენიმე ჰქონდა და იმ წუთებში არავის მოუვიდა აზრად, რომ კარადაში დადებულ „ახალ აღთქმაში“ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე. 1998 წლის 21 სექტემბრის შინაურული ანდერძი მოპასუხემ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ მის მიღებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ დავის საგანთან მას რაიმე კავშირი არ ჰქონდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შინაურული ანდერძი რეალურად არ არის შედგენილი თავად ლ. კ-ს მიერ, რაც შეიძლება დადასტურებულ იქნას მოწმეთა ჩვენებებით. მოწმეებს არ შეუძლიათ, დაადასტურონ ფაქტი, თუ რას ფიქრობდა და რას აკეთებდა ლ.კ-ე. მოსარჩელის დასახელებულმა მოწმეებმაც და ბევრმა სხვამაც კარგად იციან, რომ ლ. კ-ე მარტო არ ცხოვრობდა და იგი ცხოვრობდა ნ-ასთან ერთად და მისი ოჯახი უვლიდა. მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში შინაურულ ანდერძთან ერთად წარდგენილ იქნა შპს „სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრ ალტ-ექსპერტის“ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკნა, რომლის თანახმად, 1998 წლის 21 სექტემბრის ტექსტი და მასზე ხელმოწერა ლ. კ-ემ შეასრულა. მოპასუხის მიერ აღნიშნულ საექსპერტო ბიუროში შეტანილ იქნა შინაურული ანდერძი იმიტომ, რომ მოსარჩელემ უნდობლობა გამოუცხადა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც 2006 წლის 25 ნოემბერს შედგენილ შინაურულ ანდერძზე ჩაატარა საექსპერტო კვლევა. მოსარჩელის მითითება, რომ საექსპერტო ბიურომ „ალტ-ექსპერტმა“ კვლევა ჩაატარა საეჭვო ნიმუშებზე, არასწორია, რადგან ექსპერტიზას წარედგინა ლ.კ-ს რვეულები და წიგნები, რომელზეც ლ. კ-ს ხელმოწერები და ჩანაწერებია შესრულებული, ასევე, ოფიციალური დოკუმენტები, საპენსიო მოწმობა, დახმარების პროგრამის დოკუმენტები, რომელსაც ასევე ლ. კ-ე აწერს ხელს. ასე რომ, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ ექსპერტიზა შემოწმებისას საეჭვო დოკუმენტებს დაეყრდნო. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 1998 წლის 21 სექტემბრის შინაურული ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. კ-ს სახელით 1998 წლის 21 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ო. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. კ-ე გარდაიცვალა 2007 წლის 17 მარტს; თამარ კ-ე და ლ. კ-ე იყვნენ ბიძაშვილები, ძმების _ ი. და ნ. კ-ეების შვილები; ლ. კ-ეს პირველიდან მეოთხე რიგის ჩათვლის მემკვიდრეები არ დარჩენია. 1998 წლის 21 სექტემბრის სადავო ანდერძით, ლ. კ-ემ ნ. ნ-ას უანდერძა კუთვნილი სახლი, მდებარე ქუთაისში, გ-ის ქ.№48-ში. 2006 წლის 25 ნოემბერს ლ. კ-ემ ისევ შეადგინა ანდერძი, რომლითაც კუთვნილი ქონება, კვლავ უანდერძა ნ. ნ-ას. ამ ანდერძს ხელი მოაწერა ლ. კ-ემ, თუმცა ტექსტი შეადგინა სხვა პირმა და, ამის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ანდერძი ბათილად იქნა ცნობილი. საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველომ დაიწყო წინასწარი გამოძიება ლ. კ-ს ბინის კუთვნილების დადგენასთან დაკავშირებით სამოქალაქო დავისას ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, თუმცა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში, ხანძრის შედეგად, განადგურდა სისხლის სამართლის საქმე და, მათ შორის, სადავო ანდერძის დედანიც.
პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ანდერძი და მასზე არსებული ხელმოწერა არ იყო შესრულებული ლ. კ-ს მიერ, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სარჩელში მითითებული გარემოებები. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი არის რამდენიმე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა. სამოქალაქო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრის „ალტ-ექსპერტის“ კატეგორიული დასკვნის თანახმად, სადავო ანდერძი დაწერა და მასზე ხელიც თავად ლ.კ-ემ მოაწერა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმადაც, სადავო ანდერძი ლ. კ-ს მიერ იყო შესრულებული. მხოლოდ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ სადავო ანდერძზე არსებული ხელმოწერა ლ.კ-ეს არ შეუსრულებია. ექსპერტებმა თავიანთი დასკვნები უპირობოდ დაადასტურეს და დაასაბუთეს სასამართლო სხდომაზე. ამგვარად, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. იმის გამო, რომ სადავო ანდერძის დედანი განადგურებულია, აღწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით, მასზე დამატებითი საექსპერტო კვლევების ჩატარება შეუძლებელია. შესაბამისად, ექსპერტთა დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია და ამით არ დასტურდება სადავო ანდერძის სიყალბე. პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ შეცდომით მიანიჭა უპირატესობა შსს საექსპერტო-კრმინიმალისტიკური მთვარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნას „ალტ-ექსპერტისა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებთან შედარებით. პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ „ალტექსპერტსა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესადარებელ ნიმუშებად წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ე.წ არაოფიციალური ტექსტები. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ, გარდა შინაურული ტექსტებისა, ექსპერტებმა შესადარებელ ნიმუშად გამოიყენეს საპენსიო მოწმობასა და ზამთრის გათბობის დახმარების პროგრამაზე ლ. კ-ს მიერ შესრულებული ხელმოწერები. ის, რომ ამ საბუთებს ხელი ლ. კ-ემ მოაწერა, პალატამ საეჭვოდ არ მიიჩნია. მნიშვნელოვანია, რომ ლ. კ-ს საპენსიო საქმეში არსებული ხელმოწერები შესადარებელ ნიმუშად გამოიყენა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტმაც. გარდა ამისა, შესადარებელ ნიმუშებად ექსპერტებს წარდგენილი ჰქონდათ წიგნებზე ლ. კ-ს სახელით შესრულებული ხელმოწერები, ჩვეულებრივ კი, წიგნებს, მათი მესაკუთრენი, პირადად აწერენ ხელს, ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ „ალტ-ექსპერპტისა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებისათვის წარდგენილი შესადარებელი ნიმუშები ეკუთვნოდა ლ. კ-ეს. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება არა მარტო სხვა ექსპერტთა დასკვნებს, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტსაც. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ არც 2006 წლის 25 ნოემბრის ანდერძი იყო ლ. კ-ს მიერ ხელმოწერილი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ ამ ანდერძს ლ. კ-ემ ხელი ნამდვილად მოაწერა. ეს დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 27 აპრილის კატეგორიული დასკვნითაც. აღნიშნულის გამო, პალატის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთვარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნას ვერ დაეყრდნობა, სხვა მტკიცებულებები კი, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ სადავო ანდერძისათვის მამკვიდრებელს ხელი არ მოუწერია, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შსს საექსპერტო – კრმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტს საერთოდ არ გამოუკვლევია სადავო ანდერძის ტექსტი. აქედან გამომდინარე, საქმეში არ არის „ალტ-ექსპერტისა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა დასკვნის იმ ნაწილის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, რომლითაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ანდერძის ტექსტი დაწერილი იყო ლ. კ-ს მიერ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ლურჯყდიან რვეულებში არსებული ჩანაწერები, რომლებიც შესადარებელ ნიმუშად წარედგინა ექსპერტებს, ეკუთვნოდა ლ. კ-ეს. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების, ლ. კ-ს, ანგელინა კ-ს, მარი წითაძისა და თამარ ქურდიანის დაკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მამკვიდრებელს კარგად შეეძლო წერა მაშინაც კი, როცა მწოლიარე ავადმყოფი იყო. ეს ნიშნავს, რომ გარდაცვალებამდე, რვა წლით ადრე მამკვიდრებელი თავისუფლად მოახერხებდა, როგორც ანდერძის ტექსტის შედგენას, ასევე რვეულში ჩანაწერების გაკეთებასაც. ლ. კ-ეს სურდა, სამკვიდრო დაეტოვებინა აპელანტისათვის, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ლ. ლ-ისა და მედული ვერულიშვილის ჩვენებებით დასტურდება, რომ ეს პირები პირადად ესწრებოდნენ 2006 წლის 25 ნოემბრის ანდერძის შედგენას და მამკვიდრებელმა გამოხატა სამკვიდროს აპელანტისათვის დატოვების ნება. ყოველივე ეს კი ადასტურებს, რომ სადავო ანდერძი დაწერილია და პირადად ხელმოწერილია მამკვიდრებელ ლ. კ-ს მიერ. სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია, თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. სადავო ანდერძი შედგენილია ზემოხსენებული ნორმის დაცვით და მისი ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ემ შემდეგი დასაბუთებით: პალატამ არ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად არ შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლი. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო დაწესებულების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული, ოფიციალური და სანდო ნიმუშების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა 1998 წლის 21 სექტემბრის შინაურული ანდერძის სიყალბის შესახებ და უპირატესობა მიანიჭა საექსპერტო დასკვნებს, რომლებიც ჩატარებულ იქნა დაინტერესებული მხარის მიერ ოჯახიდან არაოფიციალურად ამოღებული და საექსპერტო დაწესებულებისათვის წარდგენილი ნიმუშების საფუძველზე და რომელთა დამთხვევა შინაურულ ანდერძთან არ.არ ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენდა. პალატა აღნიშნავს, რომ, გარდა შინაურული ტექსტებისა, ექსპერტებმა შესადარებელ ნიმუშებად გამოიყენეს საპენსიო მოწმობისა და ზამთრის დახმარების პროგრამაზე ლ. კ-ს მიერ შესრულებული ხელმოწერები და ის, რომ ამ საბუთებს ხელი მოაწერა უშუალოდ ლ. კ-ემ, პალატას საეჭვოდ არ მიაჩნია. პალატამ რის საფუძველზე დაასკვნა ამგვარად, გადაწყვეტილებით არ ირკვევა და სინამდვილეში მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს, ისევე, როგორც საეჭვოა პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წიგნებზე ლ. კ-ს სახელით შესრულებული ხელმოწერა ლ. კ-ეს ეკუთვნის, ვინაიდან, ჩვეულებრივ, წიგნებს მათი მესაკუთრეები პირადად აწერენ ხელს. საპენსიო მოწმობასა და ზამთრის დახმარების პროგრამაზე ხელმოწერის აუცილებლობას საქართველოს რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი არ ითვალისწინებს, ასეთი ხელმოწერა ოფიციალურად არ სრულდება და თუკი ლ. კ-ემ მათზე თავისი სურვილით მაინც მოაწერა ხელი, საქმეზე დაკითხულ რომელიმე მოწმეს უნდა დაედასტურებინა, რომ ასეთ ფაქტი არსებობდა, რაც არ განხორციელებულა. სრულიად არასამართლებრივია მსჯელობა იმის შესახებ, რომ წიგნებზე წარწერებს თუ ხელმოწერებს, ჩვეულებრივ, მათი მესაკუთრეები ასრულებენ. საქმეზე არც ის არის დადგენილი, გამოსაკვლევი წიგნები ლ. კ-ს საკუთრება იყო, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ მიიტანეს მის სახლში ან საერთოდ მოპასუხე ნ. ნ-ას ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნებზე იქნა შესრულებული ლ. კ-ს სახელით წარწერები. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ანდერძის როგორც ტექსტი, ასევე მასზე არსებული ხელმოწერაც, საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრის „ალტ-ექსპერტის“ კატეგორიული დასკვნის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ეკუთვნოდა ლ. კ-ეს. ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს ხსენებული ექსპერტების მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის მიცემული განმარტებებიდან და მით უფრო საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის განმარტებიდან, რაც დამოუკიდებელი პრეტენზიის საგანს წარმოადგენს. პალატა არ აფასებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მიერ კვალიფიციურად ახსნილ რიგ გარემოებებს, რომელთა ანალიზმა ექსპერტს საფუძველი მისცა, დაესკვნა, რომ შინაურულ ანდერძზე ხელმოწერა გაყალბებული იყო. ექსპერტ გოგიჩაიშვილს, მისი კოლეგებისაგან განსხვავებით, გაცილებით ბევრი საკვლევი მასალა ჰქონდა წარდგენილი, როგორიცაა: ქ.ქუთაისის ნოტარიუს დ. ხ-ის სანოტარო არქივიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული, 2005 წლის 7 სექტემბრის სანოტარო წესით გაცემული რწმუნებულება, რეესტრის რეგისტრაციის №1-7371; სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ ამოღებული 2005 წლის 27 მაისის განცხადება – ანკეტა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე სს „სახალხო ბანკიდან“ ამოღებული 2005-07 წლებით დათარიღებული პენსიის გაცემის უწყისები; 2006-2007 წლებით დათარიღებული სახალხო ბანკის ქვითრები; სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ლ. კ-ს საპენსიო საქმე №26-11-31228-ში არსებული განცხადება და 1984 წლით დათარიღებული წარდგინება. ექსპერტმა გოგიჩაიშვილმა ამ მასალებზე დაყრდნობით, რომლის ნამდვილობაც ეჭვს არ იწვევს, უტყუარად დაადასტურა სააპელაციო სხდომაზე, რომ ანდერძი გაყალბებულია. არ შეიძლება ექსპერტების – ა. მ-ისა და მ. ჩ-ას მიერ გაცემული დასკვნების უპირობო დადასტურებად ჩაითვალოს მათი სასამართლოსათვის მიცემული განმარტებები იმის შესახებ, რომ კატეგორიული დასკვნა 1998 წლის 21 სექტემბრის ანდერძის ხელნაწერისა და ხელმოწერის ლ. კ-სადმი კუთვნილების შესახებ ემყარებოდა დაინტერესებული პირის სიტყვიერ ინფორმაციას, რომ მათთვის შესადარებლად წარდგენილი ნიმუშები ეკუთვნოდა ლ. კ-ეს. ხსენებულმა ექსპერტებმა უპირობოდ მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მათთვის შესადარებლად წარდგენილი ნიმუშები და სადავო ანდერძი ერთმა და იმავე პირმა დაწერა.
სასამართლოს უნდა ემსჯელა, მოცემული 3 საექსპერტო კვლევის ჩატარების დროს რამდენად მრავალრიცხოვანი და, რაც მთავარია, სარწმუნო შესადარებელი ნიმუშები ჰქონდათ ექსპერტებს წარდგენილი და რამდენად კვალიფიციურად აფასებდნენ ისინი გამოსაკვლევი ობიექტის თითოეულ შტრიხსა და დეტალს. ქ.ქუთაისის ნოტარიუს დ. ხ-ის მიერ 2005 წლის 7 სექტემბრის სანოტარო წესით გაცემულ რწმუნებულებაზე, სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ამოღებულ 2005 წლის 27 მაისის განცხადება-ანკეტაზე კანონი პირდაპირ ითვალისწინებს პირის მიერ, ერთ შემთხვევაში, სანოტარო აქტზე ხელმოწერის შესრულების სავალდებულობას უშუალოდ ნოტარიუსის, ხოლო, მეორე შემთხვევაში – სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლის თანდასწრებით, ანუ ხელმოწერები შესაბამის დოკუმენტებზე სრულდება კანონით უფლებამოსილი პირის უშუალო მეთვალყურეობით, პირის წინასწარი იდენტიფიკაციის შემდეგ, რაც სრულიად გამორიცხავს ამავე დოკუმენტზე სხვის მიერ ხელმოწერას, ე.ი შესადარებელი ნიმუშის გაყალბების შესაძლებლობას. 2005-2007 წლებით დათარიღებული სს „სახალხო ბანკიდან“ ამოღებული პენსიის გაცემის უწყისებზე 2006-2007 წლებით დათარიღებული სახალხო ბანკის ქვითრებზე, ლ. კ-ე პირადი ხელმოწერით ადასტურებდა პენსიის მიღებას და ეს მასალები არც ერთ დაინტერესებულ მხარესთან არ ინახებოდა, არამედ დაცული იყო სს „სახალხო ბანკის“ ფილიალში,Kამ შემთხვევაშიც, კანონი პირდაპირ ადგენს, რომ თანხის მიღებაზე ხელმოწერა შეუძლია, მხოლოდ მას, ვინც აღრიცხულია საპენსიო უწყისში. საქმის მასალებით კი, დადგენილი არ არის ფაქტი იმისა, რომ ლ. კ-ს სანოტარო რწმუნებულებით სხვა პირი ღებულობდა მის კუთვნილ პენსიას. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებიდან გამოთხოვილ ლ. კ-ს საპენსიო საქმეში არსებული განცხადება და წარდგინება, რომელიც, კანონის თანახმად, ასევე შესრულებული იყო უშუალოდ ლ.კ-ს მიერ შესაბამის სამსახურში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები მცდარია, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ შსს 15.12.2010 წლის საექსპერტო დასკვნის შინაარსს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ ამ ანდერძს ლ. კ-ემ ხელი ნამდვილად მოაწერა. ეს დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 27 აპილის კატეგორიული დასკვნითაც. საქმეში არ მოიპოვება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 27 აპრილის კატეგორიული დასკვნა, არამედ არსებობს ამ თარიღით გაცემული №კ-460/01 სპეციალისტის ცნობა, რომელიც სულ სხვა მნიშვნელობის მტკიცებულებაა და ექსპერტის დასკვნას ვერ ცვლის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე დავის საგანს შეადგენს 1998 წლის 21 სექტემბრის შინაურული ანდერძის ბათილად ცნობა, ხოლო, როგორც 1998 წლის 21 სექტემბრის, ასევე 2006 წლის 25 ნოემბრის შინაურული ანდერძების სიყალბის ფაქტებზე პოლიციაში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მხოლოდ მიუთითა, რომ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 2006 წლის 25 ნოემბრის შინაურულ ანდერძზე ხელმოწერა ეკუთვნოდა ლ. კ-ეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ფაქტი ამავე სასამართლოებმა დადგენილად ჩათვალეს. მოწმეების - ლ. ლ-ისა და მედული ვ-ის მიერ მიცემული ჩვენებების საწინააღმდეგოდ, ო. კ-ს მოწმედ დასახელებულმა ყველა პირმა ერთხმად დაადასტურა, რომ ლ. კ-ეს სურვილი არასოდეს ჰქონია ანდერძის დაწერისა, თუმცა სააპელაციო პალატამ ამ შემთხვევაშიც ცალმხრივად გამოიყენა სხვა საქმეზე მოწმეების, ვ-ისა და ლ-ის მიერ მიცემული ჩვენებები ლ.კ-ს მიერ სამკვიდროს დატოვების ნების შესახებ და საერთოდ გვერდი აუარა იმავე საქმეზე დაკითხულ სხვა მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებების შეფასებას, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდნენ ვ-ისა და ლ-ის ჩვენებების სისწორეს და ადასტურებდნენ, რომ ლ.კ-ეს არასოდეს შეუდგენია რაიმე ანდერძი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 410-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა არ დგინდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. კ-ე გარდაიცვალა 2007 წლის 17 მარტს. მას პირველიდან მეოთხე რიგის ჩათვლით მემკვიდრეები არ დარჩენია. 1998 წლის 21 სექტემბრის სადავო ანდერძით, ლ. კ-ემ ნ. ნ-ას უანდერძა კუთვნილი სახლი, მდებარე ქუთაისში, გ-ის ქ.№48-ში. 2006 წლის 25 ნოემბერს ლ. კ-ემ ისევ შეადგინა ანდერძი, რომლითაც კუთვნილი ქონება კვლავ უანდერძა ნ. ნ-ას. ამ ანდერძს ხელი მოაწერა ლ. კ-ემ, თუმცა ტექსტი შეადგინა სხვა პირმა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ანდერძი ბათილად იქნა ცნობილი. საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სამოქალაქო დავისას ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ლ. კ-ს ბინის კუთვნილების დადგენასთან დაკავშირებით, თუმცა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში, ხანძრის შედეგად განადგურდა სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, სადავო ანდერძის დედანიც.
სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია, სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მამკვიდრებელს აქვს მემკვიდრის თავისუფლად არჩევის უფლება. ანდერძში მოანდერძის ნებაა გამოხატული. მას შეუძლია, გარდაცვალების შემთხვევისათვის თავისი ქონება დაუტოვოს არა მხოლოდ მემკვიდრეთა წრიდან რომელიმეს, არამედ გარეშე პირებასაც. სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ანდერძი, რომელიც, თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა, მას სრული იურიდიული ძალის მქონეა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ მიიჩნევს ანდერძზე განთავსებული ხელმოწერის აწ გარდაცვლილ ლ. კ-სათვის კუთვნილების ფაქტს და თავის არგუმენტაციას აფუძნებს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ 1998 წლის 21 სექტემბრის ანდერძზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ლ.კ-ეს.
სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არ.არ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ სასამართლოსთვის არც ერთ მტკიცებულებას, მათ შორის, ექსპერტის დასკვნას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს და იგი ისევე კრიტიკულად უნდა იქნეს შეფასებული, როგორც სხვა მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, სადავო ანდერძზე ლ.კ-ს ხელმოწერის არარსებობის თაობაზე, სავსებით სწორად და დამაჯერებლად დაასაბუთა თავისი მოსაზრებები, რომლითაც უარყო ეს მტკიცებულება, კერძოდ, სასამართლომ თავისი დასკვნა სადავო ანდერძის ბათილობის საფუძვლების არარსებობის თაობაზე დააყრდნო საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის არასამთვარობო კვლევითი ცენტრის „ალტ-ექსპერტის“ 2008 წლის 21 დეკემბრისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 3 თებერვლის №კ-289/10 დასკვნებს. ამავდროულად, სასამართლომ თავისი შინაგანი რწმენა ანდერძის კანონიერებაზე დამაჯერებლად დაასაბუთა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შინაარსისა და იურიდული ძალის შეფასებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე – მოწმეთა ჩვენებებზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებასა და სხდომის ოქმზე და დაასკვნა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება ლ.კ-ს ნება მისი ქონების ნ.ნ-ასათვის დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ხსენებული მტკიცებულებებით განსახილველი ანდერძის უტყუარობა არ დადგენილა, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით 2006 წლის 25 ნოემბერს შედგენილი ანდერძი ბათილად იქნა ცნობილი კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველობის გამო, თუმცა ამ ანდერძზე ლ.კ-ს ხელმოწერა ექსპერტის დასკვნით დადგენილია და იგი სადავოდ არ გამხდარა. აღნიშნული ფაქტი იძლევა ობიექტური დასკვნის საფუძველს, რომ აწ გარდაცვლილ ლ.კ-ე გამოხატავდა ნებას, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონების ნ.ნ-ასთვის დატოვების შესახებ. საწინააღმდეგოს დასადასტურებლად საკმარისს არ წარმოადგენს კასატორის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენება, რომ აწ გარდაცვლილი საუბარში თავის ქონების მემკვიდრედ ო. კ-ეს მოიაზრებდა.
ამა თუ იმ სადავო სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. მოცემულ დავაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, სწორედ მოანდერძის – ლ. კ-ს ნამდვილი ნების დადგენაა, რა დროსაც, დავის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, სპეციალისტის დასკვნა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მტკიცებულებაც ისევე უნდა შემოწმდეს, როგორც სხვა მტკიცებულებები. მოანდერძის ნების საეჭვოობის შემთხვევაში, ნების ნამდვილობის დასადგენად ყველა მტკიცებულების შინაარსი ზედმიწევნით ზუსტად უნდა იქნეს შესწავლილი და ურთიერთშეჯერებული.
არგუმენტირებულია კასატორის მოსაზრება, რომ ექსპერტის დასკვნების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის მასალა, რომელიც სადავო საკითხებზე დასკვნის მისაღებად იქნა გამოკვლეული, ასევე, ცხადია, რომ ოფიციალურ ორგანოში სათანადო პირების თანდასწრებით განხორციელებული ხელმოწერათა საკვლევ მასალად გამოყენება სანდოობის თვალსაზრისით უფრო მეტად მიზანშეწონილია, მაგრამ აღნიშნული შედეგის - დასკვნის ცალსახად უტყუარობაზე არ მეტყველებს, ვინაიდან შესაძლებელია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლივად გამოკვლევამ და ურთიერთშეჯერებამ სასამართლოს შინაგანი რწმენა საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების არსებობაზე ჩამოუყალიბოს. სწორედ აღნიშნული დაედო საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას სადავო ანდერძის სიყალბის დაუდასტურებლობის თაობაზე, ვინაიდან სასამართლომ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლივი კრიტიკული გამოკვლევით სარწმუნოდ დაასაბუთა მოანდერძის ნების უტყუარობა. სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების - საკუთარი ქონების განკარგვასთან დაკავშირებითაწ გარდაცვლილის ნების დადგენა, წარმოადგენს მოცემული დავის მთავარ გამოსაკვლევ ფაქტს, რადგან ანდერძი არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადგენს მოანდერძის ნებას. ამ მტკიცებულებაში მითითებული ფაქტის უტყუარობა კი, დავისა და საეჭვოობის შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს.
ამასთან, ამ მიმართებით ასევე გასათვალისწინებელია და გასაზიარებელი კასატორის მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ კასატორის მიერ გაქარწყლებული არ არის იმ საკვლევი მასალების ლ.კ-სათვის კუთვნილების ფაქტი, რომელსაც დაეყრდნო საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის არასამთვარობო კვლევითი ცენტრის „ალტ-ექსპერტის“ 2008 წლის 21 დეკემბრისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 3 თებერვლის №კ-289/10 დასკვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტები და სამართლებრივი საფუძველი არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.