№ა-4179-ა-7-2012 19 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბმა „ძ. ს-ის“ თავმჯდომარე თ. ა-ის, ა. გ-ისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქმეზე – ა. ტ-ის, მ. ტ-ის, რ. გ-ისა და ა. ა-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ამხანაგობა „ძ. ს-ის“, თ. ა-ის, ა. გ-ის, კ. შ-ისა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ბმა „ძ. ს-ის“ კრების №2 და №4 ოქმების, ასევე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბმა „ძ. ს-ის“ თავმჯდომარე თ. ა-ის, ა. გ-ისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ბმა „ძ. ს-ის“, თ. ა-ის, ა. გ-ისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ამავე სასამართლოს განჩინებით დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დარღვევის მოტივით.
2011 წლის 28 სექტემბერს კასატორთა წარმომადგენელმა მ. ა-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივნისისა და 26 ივლისის განჩინებების ასლები, ამავე განჩინებების მხარეთათვის გაგზავნის დამადასტურებელი სასამართლო გზავნილის ასლები, ექსპრეს ფოსტა „G mail-ის“ 2011 წლის 28 აგვისტოს წერილობითი პასუხისა და კორესპოდენციის ჩაბარების რეესტრის ასლი, ექსპრეს ფოსტა „G mail-ისათვის“ 2011 წლის 24 აგვისტოს წერილობითი მიმართვის ასლი, ამავე ფოსტის შეტყობინება და საქმეში წარმოდგენილი განცხადებებისა და 2011 წლის 24 მარტის საგადახდო დავალების ასლები, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე მ. ა-ემ მოითხოვა მისი მარწმუნებლების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინება არც მას და არც მისი მარწმუნებლებს არ ჩაბარებიათ, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის მეშვეობით.
განმცხადებელი არ დაეთანხმა განჩინების მითითებებს საპროცესო ვადის დარღვევისა და ხარვეზის არასრულად გამოსწორების თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის დებულება, ასევე მცდარად მიუთითა ა.გ-ის მიერ გაცემული მინდობილობის წარუდგენლობაზე, რადგანაც ა.გ-ი პატიმარია და იხდის სასჯელს, მისი მოთხოვნის ნაწილში ხარვეზის გამოუსწორებლობა სხვა კასატორების პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არაა.
საპროცესო ვადის დაურღვევლობის დასადასტურებლად განმცხადებელმა 2011 წლის 24 აგვისტოს მიმართა ექსპრეს ფოსტა „G mail-ს“, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა ხარვეზის გამოსწორების თაობაზე მტკიცებულებების სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიღების ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ბმა „ძ. ს-ის“ თავმჯდომარე თ. ა-ის, ა. გ-ისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად, რადგანაც სასამართლომ ჩათვალა, რომ დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა.
კასატორთა წარმომადგენელმა მ.ა-ემ კვლავ მომართა სასამართლოს განცხადებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა კვლავ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა თაობაზეც საუბარია 2011 წლის 28 სექტემბრის განცხადებაში, რაც საკასაციო პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებითაა შეფასებული, დამატებით კი აღნიშნა შემდეგი: კასატორთა წარმომადგენელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინება პირადად არ ჩაბარებია, აღნიშნული განჩინების ჩაბარების თხოვნით მან სასამართლოს მომართა და 2011 წლის 20 მაისის განჩინება ფოსტის მეშვებით ჩაბარდა 2011 წლის 7 ოქტომბერს, გარდა აღნიშნულისა, 2011 წლის 30 სექტემბერს მ.ა-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოცემული სამოქალაქო საქმის გაცნობისა და ასლების გადაღების თხოვნით, ის საქმეს გაეცნო 2011 წლის 11 ოქტომბერს, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეში განთავსებულია კონვერტი, რომელზეც არ არის მითითებული არც მისი გაგზავნისა და არც ჩაბარების თარიღი, აღნიშნული ის მტკიცებულებაა, რომლითაც მხარემ დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი და რაც გახდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ამდენად, მ.ა-ისათვის ამ გარემოების თაობაზე ცნობილი გახდა სწორედ 2011 წლის 11 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წარადგენდა საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც მისი ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
განმცხადებელმა დამატებით განმარტა, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინება მას ოფიციალურად გადაეცა მხოლოდ 2011 წლის 7 ოქტომებრს, მანამდე აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი ოფიციალურად არ ყოფილა, ხოლო უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული განჩინების გაცნობა, რომელიც დაშტრიხული სახითაა და მასში მხარეები სრულყოფილად არ არის მითითებული, ვერ იქნება მიჩნეული განჩინების ჩაბარებად, რადგანაც ასეთს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ აღნიშნული განცხადება კვლავ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადებაა, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ანალოგიური შინაარსის განცხადება განხილულია საკასაციო პალატის მიერ და დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის ვადის დარღვევის მოტივით. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს რა კვლავ საკასაციო პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, მას შედავება ამავე პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინების მიმართ არ წარუდგენია.
პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამავე კოდექსის 266-ე მუხლით კი დადგენილია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ვინაიდან 2011 წლის 20 მაისის განჩინებით დასრულდა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება, ხოლო 2011 წლის 4 ნოემბერის განჩინებით (რომელიც სადავოდ მხარეს არ გაუხდია) უარი ეთქვა განცხადებას განსახილველად დაშვებაზე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მოცემული განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობები, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი შემდეგი ქცევის წესი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ არსებობს საკასაციო პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინება და საპროცესო კანონმდებლობა ერთი და იმავე საკითხის მიმართ განცხადების განმეორებით წარდგენის პროცესუალურ წინაპირობებს არ აღიარებს, კასატორთა წარმომადგენელ მ.ა-ის მიერ წარმოდგენილი განცხადების დაშვების წინაპირობები არაა სახეზე.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის ყურადღების გამახვილებას განცხადების იმ დებულებებზე, რომლებიც 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებაში არაა მითითებული: ახალი გარემოების შეტყობის ფაქტები და განცხადების წარდგენის საპროცესო ვადის დენის დასაწყისი.
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს „ძ. ს-ის“ თავმჯდომარე თ.ა-ისა და სხვათა წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ საქმის გაცნობისას – 2011 წლის 11 ოქტომბერს გახდა მ.ა-ისათვის ცნობილი საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ხოლო საკასაციო პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინება მას ოფიციალურად 2011 წლის 7 ოქტომბერს ჩაბარდა, ამასთან სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული განჩინების გაცნობა არ ნიშნავს განჩინების მხარისათვის ჩაბარებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია განცხადების შეტანის ვადა და განსაზღვრულია, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა ამ მიმართებით ყურადღებას გაამახვილებს განცხადებითა და მასზე დართული მტკიცებულებებით დადასტურებულ შემდეგ გარემოებაზე: მ.ა-ე, მართალია, უარყოფს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების ჩაბარების ფაქტს და განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი, თუმცა განმცხადებელი არ აკონკრეტებს ფაქტის (საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) შეტყობის თარიღს, ამასთან, განცხადებით განმარტავს და წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც უტყუარად დასტურდება, რომ საპროცესო ვადის დაურღვევლობის დადასტურებისათვის მან ექსპრეს ფოსტა „G mail-ს“ მიმართა 2011 წლის 24 აგვისტოს, ანუ ამ დროისათვის მხარე ინფორმირებული იყო საქმის წარმოების დასრულების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით, მ.ა-ის მიერ ექსპრეს ფოსტა „G mail-ისათვის“ მიმართვის დღის მომდევნო დღიდან საპროცესო ვადის დენის დაწყების შემთხვევაშიც კი, განცხადების შემოტანის ერთთვიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (25 სექტემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეს, კვირას), ამოიწურა 2011 წლის 26 სექტემბერს, ორშაბათს.
საქმის წარმოების განახლებისას მნიშვნელოვანია ობიექტური ფაქტორი, მხარისათვის თუ როდის გახდა განახლების საფუძვლის არსებობა ცნობილი, კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-2 ნაწილით სწორედ ამ ობიექტურ ფაქტორზე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა სასამართლოს ვებგვერდის მეშვეობით და განჩინების მითითების საწინააღმდეგოდ, საპროცესო ვადის დაურღვევლობის ფაქტის დადასტურების მიზნით მიმართა მ.ა-ემ საფოსტო განყოფილებას. ამდენად, საკასაციო პალატამ განსახილველი ვითარების გათვალისწინებით 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებაში სწორად განსაზღვრა საპროცესო ვადის დენის დასაწყისი, რადგანაც გარემოების შეტყობის ობიექტური ფაქტორი იყო ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია (2011 წლის 20 მაისის განჩინების დაშტრიხული რედაქცია). ამასთანავე, რადგანაც გარემოების მხარის შეტყობის თარიღი უცნობი იყო სასამართლოსათვის, საპროცესო ვადის ათვლა სწორედ ფოსტისათვის მიმართვიდან დაიწყო, რაც შეეხება მითითებას, რომ მხარე საქმეს 2011 წლის 11 ოქტომბერს გაეცნო, ხოლო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ოფიციალურად ჩაბარდა 2011 წლის 7 ოქტომბერს, აღნიშნული გარემოებები არსებულ რეალობასთან მიმართებაში სუბიექტური ფაქტორებია, ვინაიდან ამ დროს მხარემ უკვე იცოდა საპროცესო ვადის დარღვევის გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტის თაობაზე.
საპირისპირო ვითარების არსებობის შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მხარემ საპროცესო მოქმედება დადგენილ ვადაში განახორციელა, მაინც არ იარსებებდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რადგანაც საქმეში არსებული საკასაციო პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 3 დღით და დაევალა საგადახდო საბუთის წარმოდგენა, რომელზედაც დასმული იქმებოდა მომსახურე ბანკის შტამპი – „განაღდებულია“ (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში), ხოლო ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – მომსახურე ბანკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერის დედანი 2011 წლის 24 მარტის №1 საგადახდო დავალების რეალურად შესრულების დასადასტურებლად. ხარვეზის გამოსწორების მიზნით საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის შესწავლით დასტურდება, რომ მხარემ მითითებულის საწინააღმდეგოდ წარადგინა ისევ 2011 წლის 24 მარტის №1 საგადახდო დავალება, რომელსაც „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველი პირის მიერ აქვს ხელით მიწერილი „მიღებულია შესასრულებლად“, რაც შეეხება ა. გ-ის მიერ მ. ა-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების წარმოდგენის დავალდებულების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინებას (განჩინება მ.ა-ეს ჩაბარდა პირადად 2011 წლის 5 მაისს), საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მინდობილობაზე, რომლის თანახმადაც 2011 წლის 6 მაისიდან მ. ა-ე ა.გ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო, ხოლო თავად მინდობილობის დაგვიანებით წარდგენას მხარეთა წარმომადგენელი განსახილველად გადმოცემული განცხადებით ადასტურებს (აღნიშნული განაპირობა მხარის პატიმრობაში ყოფნამ). ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მხარეს ხარვეზი სრულყოფილად არც ერთ ნაწილში არ გამოუსწორებია და სადავო კონვერტის თუნდაც ვადაში წარდგენით ის დიდი ალბათობით ვერ მიაღწევდა მისთვის ხელსაყრელი შედეგის დადგომას დაკისრებული საპროცესო მოქმედებების არაჯეროვანი შესრულების გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ.ა-ის №ა-4179-11 განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბმა „ძ. ს-ის“ თავმჯდომარე თ. ა-ის, ა. გ-ისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად და დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.