№ა-645-ბ-4-2012 22 მარტი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ს. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი
განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოსაგან ნებართვის მიღება სასამართლოს სადეპოზიტო ანაგარიშზე თანხის განთავსების უზრუნველსაყოფად
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს. ღ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4666 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ღ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით ს. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით ს. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2011 წლის 15 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ღ-ემ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2012 წლის 15 თებერვალს ს. ღ-ემ განცხადებით განმეორებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ს. ღ-ის განმცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2012 წლის 21 მარტს ს. ღ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს, რომ სასამართლომ მისცეს უფლება, ისარგებლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, 4666 ლარი, საკასაციო საჩივრის განხილვამდე განათავსოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. განმცხადებლის განმარტებით, მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვას სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე ესაჭიროება უზენაესი სასამართლოს თანხმობა, ვინაიდან მისი ანგარიში დაყადაღებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლომ ნება დართოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, რომელიც იმყოფება განმცხადებლის დაყადაღებულ ანგარიშზე, განათავსოს სასამართლოს სადეპოზიტო ანაგარიშზე მისი განცხადების განხილვის დასრულებამდე. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებელი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმა, მათ შორის, არც 196-ე მუხლი არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა, მაინც არ არსებობს ზემოხსენებული ნორმის გამოყენების წინაპირობა. კერძოდ, მითითებული ნორმა არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხს. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მხარეთა თხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესაძლებლობა, მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხის განხილვას საქმის ყველა სტადიაზე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასამართლომ იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესაძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.