№ ა-900-შ-22-2012 29 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. უ-ი
წარმომადგენელი – დ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. უ-ისა და გ. ს-ის ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში 1994 წლის 13 აგვისტოს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ასევე დამოწმდა მხარეების 2007 წლის 9 იანვრის წერილობითი შეთანხმება, რომლითაც ისინი არეგულირებენ მათი შვილის მეურვეობის საკითხებს და მასთან კონტაქტის პირობებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 29 ოქტომბერს.
გ. უ-ის წარმომადგენელმა დ. ქ-ემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო უმთავრესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.
დასახელებული ნორმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის იმპერატიულად ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას და აღნიშნული განისაზღვრება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლით.
განსახილველ შემთხვევაში, გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 29 ოქტომბერს, შუამდგომლობის ავტორმა კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით მომართა 2012 წლის 1 მარტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობა გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.