№ას-100-96-2012 12 მარტი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – აიპ „პ. ნ. ს-ო“
კასატორი -აიპ „პ. ნ. ს-ო“
მოწინააღმდეგე მხარე - აიპ „პ. ნ. ს-ო“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში აიპ „პ. ნ. ს-ოს“ მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 11 აპრილის ღამის საათებში ქ.თბილისში ლ-ს ქ.№21-ში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია „პ. ნ.ს“ აღსაზრდელმა გ. ჩ-ემ განზრახ მოკლა ამავე ორგანიზაციის აღსაზრდელი, მოსარჩელის ქალიშვილი 16 წლის ხ. მ-ი. მომხდართან დაკავშირებით ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ, ვინაიდან ჩატარებული სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ. ჩ-ე დაავადებული იყო ჭკუასუსტობით საქმის წარმოება შეწყდა. ამავე საქმეზე გარდაცვლილი ხ. მ-ის დედა ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, რა დროსაც მასზე მიყენებულმა მატერიალურმა და მორალურმა ზიანმა შეადგინა 100 000 ლარი. საიდანაც 32 000 ლარი შეადგენს მატერიალურ ზიანს, ხოლო 68 000 ლარი მორალურ ზიანს. აღნიშნული გამოწვეულია აიპ „პ. ნ. ს-ოს“ პასუხისმგებელი მუშაკების სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით.
მოპასუხე აიპ „პ. ნ. ს-ოს“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე ვერ ამტკიცებს აიპ „პ. ნ. ს-ოს“-ს ხელმძღვანელობის ბრალეულ ქმედებას, ვინაიდან ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების ზუსტი და ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია ამ დაწესებულების შინაგანაწესში. აღნიშნული განაწესის მიხედვით, მათ მოვალეობაში არ შედის აღსაზრდელის მუდმივი კონტროლი. ამასთან მოპასუხემ მიუთითა, რომ შვილის სიკვდილით მორალური ზიანი არ ანაზღაურდება, ვინაიდან ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „პ. ნ. ს-ოს“ ლ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4200 ლარის მატერიალური ზიანის და 2000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1992 წლის 26 იანვარს დაბადებული ხ. მ-ი იყო აპელანტ ლ. დ-ის შვილი, რომელიც იზრდებოდა აიპ „პ. ნ. ს-ოს“ უნარ შეზღუდულ ბავშვთა სახლში. ამავე სახლში იზრდებოდა 1995 წლის 18 მაისს დაბადებული გ. ჩ-ე, რომელიც მალულად შევიდა ხ. მ-ის საძინებელში, გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2010 წლის 12 აპრილს გ. ჩ-ეს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლს კოდექსის 108-ე მუხლით, ხოლო 2010 წლის 20 მაისის ქ. თბილისის პროკურატურის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება, ხ. მ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რადგან მკვლელობა ჩაიდინა შეურაცხადმა. ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს“ შინაგანაწესის საფუძველზე დადგენილია, რომ შინაგანაწესი შეიცავს შემდეგი შინაარსის დათქმებს: ,,ფონდი „პ. ნ.”- ს თანამშრომლები ... უნდა იცავდნენ უსაფრთხოების წესებს სამუშაო ადგილზე, რათა შეუქმნან უსაფრთხო გარემო აღსაზრდელს, საკუთარ თავსა და სხვებს”; ,,აღსაზრდელის სიცოცხლისათვის სახიფათო ყველა შემთხვევის, ძალადობის ფაქტის ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში, აღმზრდელი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს სოციალურ მუშაკს, ადმინისტრაციას, პოლიციას, რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს. აღსაზრდელი დაცულია სხვა აღსაზრდელების მხრიდან ძალადობის და დაშინებისგან. თანამშრომლების ან აღსაზრდელის მხრიდან, სხვა აღსაზრდელზე ძალადობის, უგულებელყოფის ან ასეთის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს ამ პირის განრიდებას”. „იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ძალადობის (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური), უგულებელყოფის ან დისკრიმინაციის ფაქტი ან ამგვარი შემთხვევის საფრთხე, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 20 მაისის დადგენილებით ბრალდებული გ. ჩ-ე 2005 წლიდან იზრდებოდა ქალაქ თბილისში, ლ-ს ქუჩა №21-ში მდებარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს“ უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში, სადაც არსებობს ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ჩანაწერები გ. ჩ-ის არაადეკვატური ქცევების შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე ა.(ა).ი.პ „პ. ნ. ს-ოს” ლ. დ-ისათვის კომპენსაციის სახით გადაცემული აქვს 800 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი; ასეთი პირის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ორგანიზაციას, რომელსაც ეკისრება ზიანის ანაზღაურება უნდა ევალებოდეს მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე; ზიანის თავიდან აცილება არ უნდა იყოს შეუძლებელი. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, გამოწვეულს სავარაუდოდ ბრალეული ქმედებით, რომლის გაქარწყლებაც შესაძლებელია. თუ სადავო მოქმედება ზიანს აყენებს ისეთ აბსოლუტურად დაცულ უფლებას, როგორის არის მესამე პირის სიცოცხლე, პასუხისმგებლობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსის შეფასებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამრღვევის პასუხისმგებლობა იხსნება გამამართლებელ გარემოებათა არსებობის გამო. შესაბამისად, ქმედების განმხორციელებელმა პირმა უნდა ამტკიცოს, ანუ გაამართლოს თავისი მოქმედების მართლზომიერება. უპირველესად, უნდა გაირკვეს, რა ქმედებაა სახეზე, რომელიც, შესაძლოა, მიიჩნეულ იქნას მართლსაწინააღმდეგოდ. დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენს უნარშეზღუდულ ბავშვთა აღსაზრდელ დაწესებულებას. დასახელებული ორგანიზაცია მზრუნველობას უწევს გონებრივად უნარ შეზღუდულ ბავშვებს.
პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში არსებობდა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩანაწერები გ. ჩ-ის არაადეკვატური ქცევების შესახებ. გ. ჩ-ე 2-ჯერ დაესხა თავს სხვა ბავშვებს, რაც არ უარყვია მოპასუხეს. აღნიშნულის წიმააღმდეგ მოპასუხე ორგანიზაციამ რაიმე ზომები არ მიიღო, რისი დასტურიცაა ის, რომ აღსაზრდელი გ. ჩ-ე კვლავინდებურად აგრძელებდა ბავშვთა სახლში დანარჩენ აღსაზრდელებთან ერთად ცხოვრებას.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა შინაგანაწესისა და კანონის ნორმების შეუსრულებლობაში, რისი პირდაპირი მოვალეობაც მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომლებს გააჩნდათ. აღნიშნული ტიპის ორგანიზაციის ვალდებულება გამომდინარეობს არა მხოლოდ გაწერილი შინაგანაწესის დებულებებიდან, არამედ ასეთი დოკუმენტის არარსებობის პირობებშიც მოპასუხე მოვალეა შეამოწმოს მის დაწესებულებში მოთავსებული აღსაზრდელის ფსიქიკური მდგომარეობა. ამგვარი ვალდებულება ორგანიზაციას აკისრია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მასთან აღსაზრდელად იმყოფებიან ჭკუასუსტობით და ფსიქიკური აშლილობით (ასევე სხვა დაავადებებით) დაავადებული ბავშვები, რომლებიც, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, სწორედ ამ დაწესებულებაში სწავლობენ დამოუკიდებლად ქცევის წესებს (თუ როგორ უნდა მოუარონ დამოუკიდებლად თავს) და რომელთა შორისაც იყო გ. ჩ-ე. შესაბამისად, ამ ტიპის ორგანიზაცია წარმოადგენს სამართლებრივ გარანტს იქ მოთავსებული უნარ შეზღუდული ბავშვებისათვის. ამგვარი სამართლებრივი გარანტის ფუნქცია გააჩნდა მოპასუხეს გარდაცვლილი ხ. მ-ის მიმართაც. შესაბამისად, ორგანიზაცია ვალდებული იყო დაუყოვნებელი რეაგირება მოეხდინა რომელიმე აღსაზრდელის მხრიდან აგრესიული ქცევის გამოვლენისთანავე. ამ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთია მის მიერ გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობის გამამართლებელი გარემოებების დადასტურება არ განუხორციელებია.
რაც შეეხება ბრალეულობის საკითხს, მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან გ. ჩ-ემ მალულად მოიყვანა თავისი განზრახვა სისრულეში, ღამის საათებში, ყველასგან შეუმჩნევლად, მისი ქმედება არ შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო დაწესებულების მიერ, რადგან ეს სცილდება ჩვეულებრივი, გულმოდგინე ზედამხედველობის ფარგლებს. აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატამ მიუთითა იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ ჩ-ე ხასიათდებოდა არაადეკვატური ქცევებით, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 20 მაისის დადგენილებით, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, დგინდება, რომ გ. ჩ-ეს ადრეული ასაკიდანვე ახასიათებდა ისეთი თავისებურებების წარმოჩენა, როგორიცაა ... მიდრეკილება სასტიკი, დაუნდობელი, გამომწვევი ქცევისადმი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გ. ჩ-ე მოწმდებოდა ექიმ ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების მიერ, შესაბამისად, მოპასუხე დაწესებულებისათვის იმთავითვე ცნობილი იყო მისი აღსაზრდელის ქცევის აშლილობის შესახებ. აქედან გამომდინარე, მარტოოდენ ჩვეულებრივი, საზედამხედველო გულმოდგინეობის გამოჩენა არ შეესაბამება ამგვარი ქცევის მქონე აღსაზრდელისადმი გასაწევ მეთვალყურეობის სტანდარტს. კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ვალდებული იყო, აღსაზრდელის ქცევის კონტროლისადმი წინდახედულობის აღმატებული ზომები გამოეყენებინა, შესაძლოა, მუდმივი ან განსაკუთრებული მეთვალყურე მიეჩინა.
პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ერთადერთი გარემოება იარსებებდა მაშინ, თუკი შეუძლებელი იქნებოდა ზიანის თავიდან აცილება ნებისმიერი გზით, დაწესებულების აქტიური მოქმედებითა თუ უმოქმედობით. მტკიცების ტვირთი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მსურველ მხარეზეა. ამგვარი გამამართლებელი გარემოება კი მოპასუხის მიერ არ დადასტურებულა.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ იგი უნდა ანაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში მატერიალური ზიანი გამოიხატა დაკრძალვისთვის გაწეულ დანახარჯებში. ასეთი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას მოვალეს ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაზარალებულის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მიცვალებულის დაკრძალვისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 1000 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ზიანის ოდენობა აღნიშნულ დავაში განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” გადაცემული აქვს 800 ლარი. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” ლ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4200 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 413.2. მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელემ 2011 წლის 18 იანვარს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას მრავალმხრივი ჩივილებით და დაესვა დიაგნოზი - ვეგეტონევროზი, ავადმყოფობის მიმდინარეობა -ქრონიკული. ახლო ნათესავის, კონკრეტულ შემთხვევაში შვილის სიკვდილის გამო ჩვეული სულიერი ტკივილი, რაც გრძელდება ხანგრძლივად, ქმნის ჯანმრთელობის, მისი ფსიქონევრული მდგომარეობის დაზიანების წინაპირობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მდგომარეობა გამოწვეულია შვილის მკვლელობით გამოწვეული განცდებით. ამდენად, შვილის გარდაცვალების გამო, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერ წინაპირობას ქმნის. განსახილველ დავაში მოპასუხე წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რის გამოც მისი ეკონომიური შესაძლებლობა შეზღუდულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით მოწინააღმდეგე მხარე ა.ა).ი.პ „პ. ნ. ს-ოს” უნდა დაეკისროს 2000 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ა.ი.პ „პ. ნ. ს-ომ“ და ლ. დ-მა.
კასატორმა ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ომ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლი და კასატორს დააკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მაშინ, როცა „პ. ნ.ს ს-ოს“ არ უმოქმედია მართლსაწინააღმდეგოდ, მისი მხრიდან შეუძლებელი იყო ზიანის თავიდან აცილება. ორგანიზაციაში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, დაწესებულების მთავარი მიზანია, უნარშეზღუდულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. „პ. ნ. ს-ო“ არ არის მკაცრი ტიპის საზედამხედველო დაწესებულება, სადაც მოქმედებს განსაკუთრებული ხასიათის მეთვალყურეობა, შინაგანაწესით გაწერილი ვალდებულებები ზოგადი ხასიათისაა. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის გადამწყვეტია პირის ბრალეულობის ხარისხი, არ შეიძლება ფონდ „პირველ ნაბიჯს“ დაეკსროს ზიანის ანაზღაურება, რადგანაც მისი ბრალეულობა ვერ დასტურდება. მას საერთოდ არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც შედეგის დადგომას გამოიწვევდა, რაც იმთავითვე გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხზე. ამასთან, მორალური ზიანის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, გარდაცვალების შემთხვევაში დააყენონ ეს მოთხოვნა. ამასთან, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ასეულობათა ხელყოფის გამო. ანაზღაურება ეძლევა იმ პირს, რომელიც განიცდის ასეთ ტანჯვას, ამიტომ დაუშვებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა პირის გარდაცვალების შემდეგ.
კასატორმა ლ. დ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაიზიარა მისი ახსნა-განმარტება და არასწორად განსაზღვრა მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აიპ „პ. ნ. ს-ოსა“ და ლ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მატერილაური და მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აიპ „პ. ნ. ს-ოს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ლ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 332 ლარის 70% _ 232.4 ლარი ( 2012 წლის 12 იანვარი,შემოსავლის ორდერი #4782562) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აიპ „პ. ნ. ს-ოსა“ და ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აიპ „პ. ნ. ს-ოს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ლ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 332 ლარის 70% _ 232.4 ლარი ( 2012 წლის 12 იანვარი,შემოსავლის ორდერი #4782562) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.