Facebook Twitter

№ას-105-101-2012 29 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ყ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ვ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ყ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ვ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ქობულეთში, ბ-ის ქ. №4-ში მდებარე №20 ბინაზე საკუთრების უფლების აღიარება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა, ქალაქ ქობულეთში, ბ-ის ქუჩა №14-ში მდებარე ბინა № 20, აღიარებულ იქნა ნ. ყ-ის საკუთრებად.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. ვ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ბ-ის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით ნ. ვ-ის საჩივარი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ბ-ის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 08 ივლისის განჩინება, სამოქალაქო საქმე ნ. ყ-ის სარჩელისა გამო, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, საქმის მომზადების სტადიიდან დაუბრუნდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 29 აპრილს, ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ყ-ემ, მოპასუხედ დაასახელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური და მოითხოვა, ქ. ქობულეთში, ბ-ის ქ. №4-ში მდებარე ბინა №20-ზე საკუთრების უფლების დადგენა-აღიარება.

სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და 2008 წლის 27 მაისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიღებული იქნა განჩინება არასათანადო მოპასუხის-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის სათანადო მოპასუხით-ნ. პანაოტის ძე ვ-ით შეცვლის თაობაზე.

საქმის მასალების თანახმად, სათანადო მოპასუხის მიმართ შედგენილი სარჩელი ნ. ყ-ეს არ წარმოუდგენია.

საქმეში განთავსებული გზავნილით, ნ. ყ-ის სარჩელი (სადაც მოპასუხედ მითითებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ნ. ვ-ს გაეგზავნა ქ. ქობულეთში, ბ-ის ქ. №4-ში მდებარე ბინა №20-ში, თუმცა გზავნილი რაიმე ჩაანაწერს ჩაბარების ან ჩაუბარებლობის თაობაზე არ შეიცავს.

2008 წლის 12 ივნისის განჩინებით დადგინდა, რომ ნ. ყ-ეს თავისი ხარჯებით განეხორციელებინა საჯარო შეტყობინება, რომლითაც ნ. ვ-ს ეცნობებოდა, რომ ნ. ყ-ის სარჩელის განხილვა დანიშნულია 2008 წლის 2 ივლისს 12 საათზე, ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქობულეთი, თ-ის ქუჩა №19.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განჩინება გამოქვეყნდა გაზეთ ”ქობულეთის” 2008 წლის 17 ივნისის №12-ში.

2008 წლის 2 ივლისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. ყ-ის შუამდგომლობა და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ქობულეთში, ბ-ის ქ. №4-ში მდებარე ბინა №20 აღიარებულ იქნა ნ. ყ-ის საკუთრებად. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლებოდა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა გაზეთი ”ქობულეთის” 2008 წლის 4 ოქტომბრის №23-ში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის 1-2 ნაწილზე, 73 მუხლის 11 და მე-3 ნაწილზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის მისამართად მიეთითა მოპასუხის უკანასკნელი ადგილსამყოფელი: ქ. ქობულეთი, ბ-ის ქ. №4, ბინა №20, სადაც იგი 1992 წლამდე ცხოვრობდა. ასეთ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა შეტყობინება (როგორც გზავნილი სარჩელის ჩაბარების თაობაზე ისე უწყება სხდომაზე მოწვევის თაობაზე) და ორჯერ გაგზავნის მიუხედავად, თუკი ვერ მოხდებოდა მისი ადრესატისათვის ჩაბარება, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსსკ-ის 78-ე მუხლით დადგენილი საჯარო შეტყობინების წესი. ვინაიდან, ნ. ყ-ეს სარჩელი, სადაც მოპასუხედ მითითებული იქნებოდა ნ. ვ-ი წარდგენილი არ ყოფილა, გარდა ამისა, თავდაპირველი სარჩელი, სადაც მოპასუხედ მითითებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ნ. ვ-ს გაეგზავნა, მხოლოდ ერთხელ, მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას (ქ. ქობულეთი, ბ-ის ქ. №4, ბინა №20)-თუმცა გზავნილი რაიმე ჩანაწერს ჩაბარების ან ჩაუბარებლობის თაობაზე არ შეიცავს, ასევე საქმეში არ არსებობს სასამართლოს განჩინება და პუბლიკაცია (გაზეთი) სარჩელის მოპასუხისათვის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის 2 ივლისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ. ვ-ი მოწვეული იყო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა უწყება მოპასუხის მოწვევის თაობაზე, ხოლო სასამართლოს განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ, ასევე ადგილობრივ გაზეთში პუბლიკაცია არ შეიცავდა მითითებას გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების, კერძოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 233-ე მუხლებზე და, ვინაიდან, დადასტურებული იყო, რომ მოპასუხე ნ. ვ-ს, არა თუ დროულად, არამედ საერთოდაც არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები (არ ჩაბარდა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად), ასევე 2008 წლის 02 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

გარდა ზემოთმითითებული გარემოებებისა სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელი იქნებოდა სამი პირობის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, 1) მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე (სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), 2) თუ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუშვებლობის მიზეზები (233-ე მუხლი) და 3) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (იმავე კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). მხოლოდ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო ორი პირობა, არ შეამოწმა ხომ არ ჰქონდა ადგილი სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ასევე მოთხოვნის იურიდიული მართებულება.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, უნდა მიეთითებინა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით მოწესრიგებულ სამართლებრივ იმ ურთიერთობაზე, რომელიც ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2008 წლის 2 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული მუხლი, რომლის საფუძველზეც დააკმაყოფილა ნ. ყ-ის სარჩელი. გარდა ამისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის განჩინებაში არ იმსჯელა იმის შესახებ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედგენილი იყო, თუ არა სსსკ-ის 234-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასმართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 მუხლის 1.1 ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 78-ე მუხლი, ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სსსკ-ის 229-242-ე მუხლები).

კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე კანონით დადგენილი წესით არ იყო მოწვეული და არ ჰქონდა ჩაბარებული საქმის მასალები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1000 ლარი) 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. ყ-ესს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ე. ბ-ის მიერ №12 საგადასახადო დსავალებით 2012 წლის 11 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) და 2012 წლის 01 მარტს მის მიერვე საგადასახადო დავალებით გადახდილი (700ლარი) 70% – 700 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.