№ას-110-106-2012 12 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა. ბ. ბ. კ-იმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ მიმართ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე, თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთითა და ეზოში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ ბ.ს მინერალური წყლის ერთადერთი ლიცენზირებული მომპოვებელი და მწარმოებელია. კ-ია ფლობს რამდენიმე საწარმოს ქ.ბორჯომში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ორ ოფისს ქ.თბილისში, ხოლო იურიდიული პირის სათავო ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში, რომლიც წარმოადგენს კ-იის საკუთრებას. ამავე შენობის ნაწილი ეკუთვნის მოპასუხეს, ხოლო მიწა მხარეთა თანასაკუთრებაშია. მოპასუხე არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, კერძოდ, ზღუდავს თანასაკუთრებით სარგებლობაში. მხარეთა შორის დავა გამწვავდა 2009 წლის ზაფხულში, როცა შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ ოფისი დაუბრუნდა კუთვნილ ფართს. ამ დროისათვის ქონების თანამესაკუთრეები იყვნენ მოსარჩელე და სახელმწიფო, ხოლო შპს „დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ იჯარით ჰქონდა აღებული სადავო ფართი სახელმწიფოსაგან, უკანონოდ ჰქონდა აღმართული თვითნაკეთი შლაგბაუმი აღმოსავლეთის მხრიდან მდებარე ეზოს პერიმეტრზე და მოსარჩელეს არ უშვებდა დასავლეთით მდებარე ეზოში. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ფართის თანამესაკუთრე იყო სახელმწიფო, მოსარჩელემ დახმარებისთვის მიმართა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ხოლო ამ უკანასკნელმა 2009 წლის 10 ოქტომბრის №15/4463/9-9 წერილით დაადასტურა შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარგებლობის უფლება თანასაკუთრებაზე. აღნიშნული წერილის საფუძველზე ზეპირად შედგა მოლაპარაკება მოპასუხის ხელმძღვანელობასთან, რომლის თანახმადაც შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ ისარგებლებდა დასავლეთით მდებარე მცირე, ხოლო მოპასუხე – აღმოსავლეთით მდებარე დიდი ეზოთი. 2009 წლის ზაფხულში, მოპასუხემ, შენობის რემონტის საბაბით, მოითხოვა დასავლეთით მდებარე ეზოს გასაღები და შეცვალა ჭიშკრის ბოქლომი, ხოლო ახალი ბოქლომის გასაღების მოსარჩელისათვის გადაცემაზე განაცხადა უარი. მოსარჩელის არაერთ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. შპს „დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობამ მოსარჩელეს არ მისცა საშუალება, ამზომველების მეშვეობით განეხორციელებინა თანასაკუთრებაში არსებული მიწის აზომვა. 2010 წლის 5 სექტემბერს, მოპასუხის ხელმძღვანელობამ, მოსარჩელე კ-იის კუთვნილი დიზელის ავზი უნებართვოდ გადადგეს ქუჩაში, ემუქრებიან, რომ უახლოეს დღეებში იგივე ბედი ეწევა დიზელ-გენერატორს, რაც დაუშვებელია, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. სადავო ტერიტორიაზე მიერთებულია კ-იის სერვერები, რომლებზე დამოკიდებულია ბ.ს მინერალური წყლის წარმოების, ლოჯისტიკისა და რეალიზაციის პროცესი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. თანასაკუთრებაში არსებული სადავო შენობიდან 301.52 კვ.მ ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო 4641.03 კვ.მ – მოპასუხეს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო მისამართზე მდებარე 3260 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას, მხარეთა თანასაკუთრებად ითვლება, ასევე მოცემულ მიწის ნაკვეთზე მდებარე 96,06 კვ.მ №4 ნაგებობა.
შპს „დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტმა“ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
შპს „დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ შეძენილი აქვს ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე ყველა შენობა-ნაგებობა (4641 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის №4 ნაგებობა, რომელიც ამორტიზებული და თითქმის დანგრეულია, მოსარჩელე მისი თანამესაკუთრე არ არის. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 19 ივლისის №1-1/1216 ბრძანების საფუძველზე 2010 წლის 4 აგვისტოს გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი №1962-ა მოწმობა, ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 14 ივნისის №39 ოქმი. თანამესაკუთრის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის კუთვნილი მანქანები სისტემატურად დგას უნივერსიტეტის ეზოში, რითაც თვით მოპასუხეს ეზღუდება ეზოთი სარგებლობის უფლება. რაც შეეხება შლაგბაუმს, იგი აღმოსავლეთ ეზოში არ დგას, ხოლო დასავლეთით შლაგბაუმი თვითონ მოსარჩელეს ჰქონდა დამონტაჟებული და შპს „დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ მიმართვის საფუძველზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოაშლევინა. მხარეებს შორის რაიმე შეთანხმება ეზოს გაყოფაზე არ მომხდარა. მოსარჩელეს ეზოს კეთილმოწყობაში, საზიარო ავარიული კედლის გამაგრებასა და სახურავის გამოცვლაში მონაწილეობა არ მიუღია, არ გაუტანია ეზოდან ნაგავი, პირიქით, გააუარესა მდგომარეობა. ამზომველების მოწვევის საკითხი, მოპასუხესთან არ ყოფილა შეთანხმებული. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“, სასწავლო აუდიტორიის ფანჯარაზე უკანონოდ აქვს მიდგმული მაღალი ძაბვის დიზელ-გენერატორი და ტრანსფორმატორი. უვარგისი ავზის გატანა მოხდა მოსარჩელე კ-იის ორგანიზაციის პასუხისმგებელ მუშაკთან შეთანხმებით. მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა სასამართლო და მიაღებინა არასწორი გადაწყვეტილება. ხოლო, დიზელ-გენერატორის გატანაზე მუქარა არ შეესაბამება სინამდვილეს. ქ.თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მიერ დადგენილია, რომ დაუშვებელია შპს „სდსუს“ ერთ-ერთი სასწავლო აუდიტორიის კედელზე მაღალი ძაბვის დიზელ-გენერატორისა და ტრანსფორმატორის სათავსის, აგრეთვე, დიზელის საწვავის ავზის განთავსება. სს „თ-ის“ განმარტებით, უსაფრთხოების წესების თანახმად, მანძილი შენობასა და მაღალი ძაბვის დიზელ-გენერატორს შორის არ უნდა იყოს 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო კ-ია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2010 წლის 28 სექტემბრის №5444/09 წერილით დასტურდება, რომ მაღალი ძაბვის დიზელ-გენერატორი მდებარეობს ეზოს საკანალიზაციო ქსელის ჭაზე, რაც დაუშვებელია. ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ეზოს ნაწილში, მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ხელი არ ეშლება. №4 ნაგებობა არის ამორტიზებული და მასში შესვლა შეზღუდული არ არის. ასევე, აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მხარის ჭიშკრის გასაღები აქვს მოსარჩელეს და მას ხელი არ ეშლება სადავო მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების დაყენებაში.
შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე მიმართა სასამართლოს სარჩელით შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ მიმართ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოითხოვა უნივერსიტეტის კორპუსის პირველი სართულის მზიდ კედელზე მიდგმული სათავსის, მასში განთავსებული დიზელ-გენერატორის, ტრანსფორმატორისა და დიზელის საწვავის ავზის აღება, ასევე ეზოში მდგარი გამოუყენებელი დიზელის საწვავის ავზის ეზოდან გატანა. შპს „დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტმა“ დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: უნივერსიტეტი 1991 წლიდან მდებარეობს ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში. აღნიშნულ მისამართზე მდებარე ყველა შენობა-ნაგებობა (4641.03 კვ.მ) 2010 წლის 14 ივნისს შეიძინა საჯარო აუქციონის წესით. 2002 წლიდან უნივერსიტეტის შენობის პირველ სართულზე მდებარე 301.52 კვ.მ ფართში მდებარეობს შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ და ეს ფართი ეკუთვნის მოპასუხეს, რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, ის უნდა გაიმიჯნოს პროპორციული წილის მიხედვით მოსარჩელის მიერ შეძენილ შენობა-ნაგებობას, სიძველის გამო, ესაჭიროებოდა კაპიტალური შეკეთება, რის გამოც შპს „ს--მ“ ჩაატარა სამუშაოები. სარემონტო სამუშაოებში მოპასუხეს მონაწილებოა არ მიუღია. 2010 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან შპს „ს--ს“ საკუთრებას წარმოადგენს 391,62 კვ.მ №3-4-ში სარდაფი, პირველ სართულზე მდებარე 1064.2 კვ.მ ფართი, მეორე სართულზე მდებარე 1206 კვ.მ ფართი, მესამე სართულზე მდებარე 1121.88 კვ.მ ფართი, მეოთხე სართულზე მდებარე 857.33 კვ.მ ფართი (სულ 4641.03 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...), №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 301.52 კვ.მ ფართის მესაკუთრე შპს „ა. ბ. ბ. კ-ია“. მოსარჩელის კუთვნილი შენობის სასწავლო კორპუსის პირველი სართულის მზიდ კედელზე მიდგმული სათავსი და მასში დამონტაჟებული დიზელ-გენერატორი, ტრანსფორმატორი და დიზელის საწვავი ავზი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, რაც დადგენილია მხარეთა მიმოწერით. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 15 ოქტომბრის №14475/03 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე შპს „ს--ს“ შენობის სასწავლო კორპუსის პირველი სართულის კედელზე დიზელ-გენერატორის მიდგმითა და ტრანსფორმატორის მოწყობით დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები და სამშენებლო წესები.
მოპასუხე შპს „ა. ბ. ბ. კ-იმ“ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად, ამავე სასამართლოს 2011 წის 31 მარტის გადაწყვეტილებით კი შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ აეკრძალა ხელშეშლა შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ისათვის“ ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე, საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, შპს ,,საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ აეკრძალა შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ თანამშრომლებისათვის ხელშეშლა ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებულ ეზოში ავტომანქანების გაჩერებაში, შპს ,,საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ დაევალა შპს „ა. ბ. ბ. კ-ისთვის“ ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული ეზოს შესასვლელი ჭიშკრის გასაღების ერთი ეგზეპლარის გადაცემა, შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელი ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შპს ,,საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ დაევალა შპს „დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ კუთვნილ სასწავლო კორპუსის კედელზე მიდგმული სათავსის, მასში მოთავსებული დიზელ-გენერატორითს, ტრანსფორმატორისა და საწვავის ავზის აღება, შპს ,,საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ სარჩელი ქ.თბილისში, ჭ-ის ქუჩა №25-ში მდებარე საერთო სარგებლობის ეზოდან დიზელის საწვავის ავზის გატანის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ბ. ბ. კ-იმ“, მოითხოვა ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე კედელზე მიდგმული სათავსის, დიზელ-გენერატორის, ტრანსფორმატორისა და საწვავის ავზის აღების შესახებ შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ აეკრძალა შპს „ა. ბ. ბ. კ-ისთვის“ ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობაში ხელშეშლა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი, ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ კუთვნილ სასწავლო კორპუსის კედელზე მიდგმული სათავსის, მასში მოთავსებული დიზელ-გენერატორის, ტრანსფორმატორისა და საწვავის ავზის აღების თაობაზე შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი) გაუქმების შესახებ შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ილია ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი №..., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 3260 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ნაგებობები №1-2-3, საერთო ფართით 4942.55 კვ.მ, ნაგებობა №4 – ფართით 96,06 კვ.მ) ა. ბ. საქართველო, შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ საქართველოს ფილიალის საკუთრებად რეგისტრირებულია: შენობა-ნაგებობა №1-ში პირველ სართულზე მდებარე 301.52 კვ.მ, ხოლო შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა №1-დან 391,62 კვ.მ სარდაფი, ნაგებობა №1-2-3-დან 1064,2 კვ.მ პირველი სართული, ნაგებობა №1-2-ის 1206 კვ.მ მეორე სართული, 1121,88 კვ.მ მესამე სართული, №1 ნაგებობის 857,33 კვ.მ მეოთხე სართული. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ №1-15715 ხელშეკრულება, უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ №1-11746 ხელშეკრულება, №1962-ა საკუთრების მოწმობა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №39 ოქმი. №1962-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 19 ივლისის №1-1/1216 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება: №3-4 შენობა-ნაგებობში მდებარე 391,62 კვ.მ სარდაფი, პირველ სართულზე მდებარე 1064.2 კვ.მ ფართი, მე-2 სართულზე მდებარე 1206 კვ.მ ფართი, მე-3 სართულზე მდებარე 1121.88 კვ.მ ფართი, მე-4 სართულზე მდებარე 857,33 კვ.მ ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...), საკუთრებაში გადაეცა შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველსა და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში კი იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. ამდენად, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერისა და №1962-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობაზე არ არის რეგისტრირებული შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ ინდივიდუალური საკუთრების უფლება; ამავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი, გარდა მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთისა, წარმოადგენს თანასაკუთრებას, შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №4 ნაგებობა მხარეთა თანასაკუთრებად რიცხულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ უნივერსიტეტის კორპუსის პირველი სართულის კედელზე მიდგმულია სათავსი, რომელშიც განთავსებულია შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ კუთვნილი დიზელ-გენერატორი, ტრანსფორმატორი და საწვავის ავზი. პალატამ მიუთითა საქმეში წარდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 13 ოქტომბრის №14475/03 დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ შენობის სასწავლო კორპუსის პირველი სართულის კედელზე მიდგმული დიზელ-გენერატორისა და ტრანსფორმატორის მოწყობისათვის დარღვეულია უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით და ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ზემოაღნიშნული დასკვნა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ დიზელ-გენერატორისა და ტრანსფორმატორის მოწყობისათვის დარღვეულია უსაფრთხოების, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით კი, დადასტურებულად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული სადავო გარემოება. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სათავსისა და დიზელ-გენერატორის უნივერსიტეტის კორპუსის პირველი სართულის კედელთან განთავსების შესახებ, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ მხოლოდ მითითება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ზემოაღნიშნულზე, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს სასწავლო კორპუსის პირველი სართულის მზიდ კედელზე მიდგმული სათავსისა და მასში განთავსებული დიზელ-გენერატორის, ტრანსფორმატორისა და საწვავი ავზის აღების შესახებ შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელის – ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, მოცემულ ნაწილში დავის გადაწყვეტას არასწორი სამართლებრივი შეფასება დაედო საფუძვლად. სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რის გამოც, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმებით საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია, არავის არ აქვს უფლება, ხელყოს მესაკუთრის უფლებები, შეუშალოს მას ხელი საკუთრებაში არსებული ნივთით სარგებლობაში. მესაკუთრეს შეუძლია, მისი საკუთრების ხელყოფის შემთხვევაში ხელმყოფისაგან თავი დაიცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით და ხელყოფის ხასიათიდან გამომდინარე, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ან სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა. შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულ იქნა, რომ ქ.თბილისში, ი.ჭავჭვაძის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობა არ წარმოადგენდა მოდავე მხარეთაგან რომელიმეს ინდივიდუალურ საკუთრებას, იგი განთავსებულია მხარეთა თანასაკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე და, შესაბამისად, აღნიშნულ ნაგებობაზე ვრცელდება მხარეთა თანასაკუთრების უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელის შპს ,,საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ მიმართ ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა, ამასთანავე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მოთხოვნა კედელზე მიდგმული სათავსის, დიზელ-გენერატორის, ტრანსფორმატორისა და საწვავის ავზის აღების დავალდებულების თაობაზე შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „საქართველოს დ. აღაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ – მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, რის გამოც, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატამ შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილებას არასწორი სამართლებრივი შეფასება დაუდო საფუძვლად. ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე უძრავ ქონებას ჰყავდა ორი მესაკუთრე: შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ და სახელმწიფო. კ-იის საკუთრებაში იყო შენობა-ნაგებობა №3-ში, პირველ სართულზე არსებული 301.52 კვ.მ ფართი, ხოლო დანარჩენი, ანუ 4641.03 კვ.მ ეკუთვნოდა სახელმწიფოს. 2010 წლის 14 ივნისს, შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტმა“ საჯარო აუქციონის წესით მთლიანად შეიძინა აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფოს კუთვნილი წილი, რაც დასტურდება №1962-ა საკუთრების მოწმობით. ვინაიდან №4 ნაგებობა ამორტიზებული და ფაქტობრივად დანგრეული იყო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ ჩათვალა ვარგის ნაგებობად და საკუთრების მოწმობაში ცალკე არ გამოყო. საჯარო რეესტრში, 96 კვ.მ №4 ნაგებობა დაფიქსირდა უნივერსიტეტის ინიციატივით ამ უკანასკნელის მიერ, სახელმწიფოს წილის შესყიდვის შემდეგ. სააპელაციო სასამართლოს არასწორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სადავო ფართის გასხვისებამდე, 2000 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული შენობა-ნაგებობის ნუმერაცია 1-დან 4-ის ჩათვლით ემთხვეოდა საკადასტრო რუკის მონაცემებს. გასხვისების შემდეგ ნუმერაცია შეიცვალა ახალი საკადასტრო გეგმის შესაბამისად, დანომრვის სწორი პრინციპის დაცვით და შესაბამისი ფართების მითითებით. გასხვისებამდე №1-ითა და №2-ით რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობებს მიენიჭათ №4, ხოლო №3 შენობა-ნაგებობა გადაინომრა №1 შენობა-ნაგებობად. საჯარო რეესტრში №4 ნაგებობის ფართის დაფიქსირებისას შპს „ს--ს“ მიზანი იყო, აღედგინათ და გამოეყენებინათ დანგრეული და ამორტიზებული №4 ნაგებობა არსებულ გაბარიტებში, რასაც შესაბამისი სამსახურის ნებართვა და პროექტი არ სჭირდებოდა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეცდომით არის გადმოწერილი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის შინაარსი, რამაც არსებითად შეცვალა მისი სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, საქმეში არსებული საკუთრების დამადასტურებელ №1962-ა მოწმობაში აღნიშნულია, რომ „მოწმობა ეძლევა შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს” (საიდენტიფიკაციო №...), რომ მას გადაეცა საკუთრებაში ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (№3-4-ში სარდაფი _ საერთო ფართობით 393.62 კვ.მ, I სართული _ 1064.2 კვ.მ; II სართული _ 1206 კვ.მ; III სართული _ 1121.88 კვ.მ, IV სართული _ 857.33 კვ.მ (სულ 4641.03 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...))”. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ მიჰყიდა ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე ყველა შენობა-ნაგებობა, რაც გასხვისებამდე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, მათ შორის, №4 ნაგებობაც, რომელზეც შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ თანასაკუთრების უფლება არასოდეს ჰქონია არც სახელმწიფოსთან და არც შპს „ს--სთან“. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვს მხოლოდ მის მიერ 2002 წელს 28 000 აშშ დოლარად შეძენილი 301.52 კვ.მ შენობის ვესტიბიული, რის გამოც უნივერსიტეტს გაუქმებული აქვს სადარბაზოდან შესასვლელი. აღნიშნული ფართის შეძენის კანონიერება საფუძვლიან ეჭვს იწვევს. ამავე პერიოდში შენობის პირველ სართულზე შეძენილი სხვა ფართები (385.48 კვ.მ და 120 კვ.მ) 2006 წელს უსასყიდლოდ დაუბრუნდა სახელმწიფოს. სადავო ურთიერთობა ხელს უშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ სახელმწიფოსთან და შემდეგ, შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტთან“ წილობრივ თანასაკუთრებაში აქვს მხოლოდ 3260.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მომავალში მხარეებს შორის უნდა გაიმიჯნოს პროპორციული წილის მიხედვით, რაც ხელს არ აძლევს კ-იას, ვინაიდან იგი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობის მხოლოდ 6%-ს ფლობს. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, გარდა მხარეთა ინდივიდუალური მიწის ნაკვეთისა, წარმოადგენს თანასაკუთრებას, შესაბამისად, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტიც, რომ №4 ნაგებობა განთავსებულია მხარეთა თანასაკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკევეთზე, რის გამოც ნაგებობაზე ვრცელდება მხარეთა თანასაკუთრების უფლება. საერთო საკუთრება არ წარმოადგენს საკუთრების რაიმე ფორმას, იგი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქონება ეკუთვნის რამდენიმე პირს, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს ამ ქონების თანამესაკუთრეს. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ №4 ნაგებობაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით და აღნიშნულ ნაგებობაზე არ ვრცელდება მხარეთა თანასაკუთრების უფლება. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან №4 ნაგებობა არ წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას, შესაბამისად, თანამესაკუთრის მიმართ რაიმე ხელშეშლასაც არ ჰქონია ადგილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 178-ე მუხლების თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ არც სარჩელზე დაურთავს და არც საქმის განხილვის დროს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №25-ში მდებარე №4 ნაგებობის თანასაკუთრების ობიექტად მიჩნევის შესახებ. პალატამ კი ფაქტობრივად გაათავისუფლა მოსარჩელე მისი მტკიცების ტვირთისაგან და აღნიშნული მხოლოდ მოპასუხეს დააკისრა, მტკიცების ტვირთის არასწორმა გადანაწილებამ კი გამოიწვია უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №4 ნაგებობა განთავსებულია მხარეთა თანასაკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე და, შესაბამისად, აღნიშნული ნაგებობის მიმართაც ვრცელდება მხარეთა თანასაკუთრების უფლება. არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რადგანაც №4 ნაგებობა შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ საკუთრებაა და თანასაკუთრებით სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთის საკითხის განხილვა არასწორია. შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ შპს „ს--ს“ თვითონ უშლიდა და დღესაც უშლის ხელს როგორც საკუთრებით, ასევე თანასაკუთრებით სარგებლობის უფლების განხორციელებაში, რითაც დიდ მატერიალურ ზარალსაც აყენებს მას. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ უნივერსიტეტის ეზოს დასავლეთის ჭიშკართან უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული შლაგბაუმი, რითაც აფერხებდა შენობაში მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. აღნიშნული შლაგბაუმის დემონტაჟი მოხერხდა თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურის ჩარევით. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ უნივერსიტეტის შენობის პირველ სართულზე სასწავლო აუდიტორიის ერთადერთ ფანჯარაზე უკანონოდ აქვს მიდგმული სათავსი, რომელშიც მდებარეობს მაღალი ძაბვის დიზელ-გენერატორი, ტრანსფორმატორი და დიზელის საწვავის ავზი. სათავსი მთლიანად ფარავს ფანჯრის ღიობს და აუდიტორიის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია. უნივერსიტეტს შეზღუდული აქვს ეზოთი, ანუ თანასაკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც, ვინაიდან როგორც ეზო, ისე ტროტუარებიც, უმეტეს შემთხვევაში, კ-იის თანამშრომლების მანქანებითაა დაკავებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს „საქართველოს დ. აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „საქართველოს დ. აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „საქართველოს დ. აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, პალატა თვლის, რომ შპს „საქართველოს დ. აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 18 იანვრის №1 სალაროს შემოსავლის ორდერით მ. ა-ის მიერ გადახდილი 150 და 2012 წლის 8 თებერვლის №19 საგადახდო დავალებით შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ გადახდილი 150, სულ 300 ლარის 70% – 210 ლარი.
კასატორს ასევე უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 8 (რვა) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.78-85), რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტს“ (ს/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 18 იანვრის №1 სალაროს შემოსავლის ორდერით მ. ა-ის მიერ გადახდილი 150 და 2012 წლის 8 თებერვლის №19 საგადახდო დავალებით შპს „საქართველოს დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ გადახდილი 150, სულ 300 ლარის 70% – 210 ლარი. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 8 (რვა) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.78-85). საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.