Facebook Twitter
#as-1273-1293-2011

№ას-1178-1198-2011 12 მარტი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ე. ტ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 24 იანვარს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ე. ტ-მა“ მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხე დაწესებულების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა: დაკარგული საქონლის ღირებულება 5914.85 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 1230.15 ლარი, სახელმწიფო ბაჟი 215 ლარი და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 600 ლარი (1-9).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ე. ტ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება მოსარჩელის ქონების დაცვის თაობაზე, მაგრამ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ვერ დგინდებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ამიტომ სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 63-66).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე. ტ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 69-79).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ე. ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ე. ტ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს „ე. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 7145 ლარის ოდენობით; მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 787 ლარის ოდენობით საპროცესო ხარჯის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 1 დეკემბერს შპს „ე. ტ-სა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო) შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებული იყო დაეცვა შპს „ე. ტ-ის“ მაღაზია, რომელიც მდებარეობდა ქ.ოზურგეთში, გ.ე-ის ქ.№25-ში;

2010 წლის 1 დეკემბერს შპს „ე. ტ-სა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო) შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ორგანიზაციას უნდა უზრუნველეყო სიგნალიზაციის ცსპ-ზე ჩართვის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულება შპს „ე. ტ-ის“ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობდა ქ.ოზურგეთში, გ.ე-ის ქ.№25-ში;

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის აბესალომ მგელაძის 2010 წლის 12 დეკემბრის ცნობით დგინდებოდა, რომ 2010 წლის 7 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ.ოზურგეთში, გ.ე-ის №25-ში მდებარე შპს „ე. ტ-ის“ „ელიტ-ელექტრონიქსის“ მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს გამოძიება;

სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების 3.1.2, 3.1.3, 3.1.4 და 3.1.5 პუნქტების მიხედვით დამატებით დაადგინა შემდეგი გარემოებები:

„დაცვამ“ აიღო ვალდებულება ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან მყისიერად, არაუგვიანეს 5 წუთისა მოახდინოს „ობიექტზე“ გამოცხადება, ადგილზე მისვლის შემდეგ უზრუნველყოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აცილება; ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მონაწილეობა მიიღოს შედარების აქტის შედგენაში, რომელიც უნდა დაემყაროს „დამკვეთის“ საბუღალტრო დოკუმენტაციას და ადასტურებდეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის ხელმოწერა; „დამკვეთს“ ფიზიკური ზარალი აუნაზღაუროს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებით _ შპს „ე. ტ-ის“ დირექტორის მიერ შედგენილი ცნობით ირკვევა, რომ 2010 წლის 7 დეკემბერს ქ.ოზურგეთში, გ.ე-ის №25-ში მდებარე შპს „ე. ტ-ის“ „ელიტ-ელექტრონიქსის“ მაღაზიის გაქურდვის შედეგად მიღებული ფაქტობრივი ზარალი შეადგენს 5914.85 ლარს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის გათვალისწინებით 7145 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ _ გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2010 წლის 7 დეკემბერს მაღაზიის გაქურდვით მოსარჩელისათვის მიყენებული ფაქტობრივი ზიანი შეადგენდა 5914.85 ლარს, რამდენადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის აბესალომ მგელაძის 2010 წლის 12 დეკემბრის ცნობით დგინდებოდა მოსარჩელის მაღაზიის გაქურდვისა და მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის დამადასტურებელი ცნობა, ხოლო მოპასუხეს ამ გარემოების უარმყოფელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია, პირიქით, სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას დაფიქსირებული იყო ზარალის იგივე ოდენობა, რაც დაფიქსირებული იყო ცნობაში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 3.1.2 პუნქტის მიხედვით, „დაცვის სამსახურმა“ აიღო ვალდებულება აეცილებინა დანაშაულებრივი ქმედება. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ვერ შეძლო მითითებული ვალდებულების შესრულება, რის გამოც 2010 წლის 7 დეკემბერს მაღაზიის გაქურდვით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელის მოთხოვნა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მიყენებული, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანი იყო, ვინაიდან მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ შპს „ე. ტ-ი“ ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას და მის შემოსავალს წარმოადგენდა ნივთის გასხვისებით მიღებული მოგება.

დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით, 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, 650-ე მუხლით, 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-412-ე მუხლებით.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც შპს „ე. ტ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის, 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმების და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს (ს.ფ. 116-128).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს კი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ე.ი. ადმინისტრაციული ორგანო. ხსენებული ხელშეკრულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან იგი დადებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ასეთ ვითარებაში, ცხადია, რომ მოცემული საქმე უნდა განეხილა სააპელაციო სასამარლოს ადმინისტრაციულ და არა სამოქალაქო საქმეთა პალატას;

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტს, რამაც გადაწყვეტილება გახადა დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ დაცვის პოლიციის მხრიდან რატომ ვერ შესრულდა ხელშეკრულებით ნასკირი ვალდებულება, სასამართლომ ყურადღება გაამხავილა ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის მისთვის მისაღებ ნაწილზე, მაგრამ უგულებელყო ამ პუნქტის დასაწყისი, რომელშიც განმარტებულია განგაშის შესვლიდან შემთხვევის ადგილზე, თუ რა დროის განმავლობაში უნდა გამოცხადებულიყო დაცვის პოლიცია და რა ჩაითვლებოდა ხელშეკრულების პირობის დარღვევად;

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 650-ე, 394-ე მუხლები, ასევე, ამავე კოდექსის 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები, რადგან საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ დაცვის პოლიცია ვალდებულია უპირობოდ აანაზღაუროს ზიანი და შესაბამისად აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის მიხედვით დაცვის პოლიცია ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო უპირობოდ მოეხდინა დანაშაულის აღკვეთა. მხარეებს შორის არსებობდა ცენტრალური საგანგაშო პულტით დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ობიექტიდან განგაშის სიგნალის შესვლის შემთხვევაში დაცვის პოლიცია ვალდებული იყო 5 წუთის განმავლობაში გამოცხადებულიყო ობიექტზე და ადგილზე მისვლის შემდეგ უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა, თუმცა დანაშაული, რომელიც მოხდა, არ წარმოადგენდა დენად და განგრძობად დანაშაულს. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი ჰქონდა დაცვის პოლიციის მისვლამდე. ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვა, რა უნდა აღეკვეთა დაცვის პოლიციას და როგორ უნდა აღეკვეთა (ს.ფ. 131-138).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში კანონმდებელმა დააკონკრეტა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში, ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ე. ტ-ის“ მიერ აღძრულია სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მიმართ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია იმის გარკვევა, დადებულია თუ არა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით, თუ _ მოპასუხის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. მოცემული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის პოლიციის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიცია ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დაცვის პოლიციის წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ამ დეპარტამენტის დებულების დამტკიცება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.

ამდენად, დაცვა წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. სწორედ ამ მიზნით არის დადებული 2010 წლის 1-ელი დეკემბრის №726 ხელშეკრულება, რომლის შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და, შესაბამისად, განსახილველი საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დასკვნები მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავების განსჯადობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის, №ბს-998-962(გ-08), №9-სიერა, განჩინება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს „ე. ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალაწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან შპს „ე. ტ-ის“ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული საქმე ექვემდებარებოდა განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით.

ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ხოლო, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.