№ას-119-115-2012 1 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ.მ კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. წ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ.მ კ-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. წ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, გ-ის ქ.№20-ის მე-3 სართულზე მდებარე №12 ბინის გაყოფა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2010 წლის 2 სექტემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №8790 დასკვნაში ასახული გაყოფის პირველი ვარიანტის შესაბამისად და საზიარო უფლების გაუქმება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ.მ კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ფართის ისე გაყოფა, რომ ორივე მხარეს გააჩნდეს სველი წერილები. ასევე აპელანტმა განმარტა, რომ იგი წარადგენს განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება სადავო ფართის ზუსტად გაყოფის წესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ნ. ბ.მ კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ბ.მ კ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, გ-ის ქ. №20-ის მე-3 სართულზე მდებარე №12 საცხოვრებელი ბინის გამიჯვნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის“ №8790 დასკვნაში მოყვანილი გაყოფის პირველი ვარიანტის შესაბამისად, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება.
2011 წლის 29 ნოემბერს აპელანტმა წარადგინა განცხადება და 2011 წლის 23 ნოემბრის „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” დასკვნა. ნ. ბ.მ კ-იმ მიუთითა, რომ ის აზუსტებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ბ.მ კ-ისა და ი. წ-ის თანასაკუთრების გამიჯვნას მის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული ახალი დასკვნის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ განცხადებით დაზუსტებული მოთხოვნა თავისი შინაარსით დავის საგნის შეცვლას წარმოადგენდა. სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტის მიერ დაზუსტებულ მოთხოვნას, კერძოდ, საქმეში არსებული 2010 წლის 4 მაისისა და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2011 წლის 23 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნები განსხვავდება ერთმანეთისაგან. 2010 წლის ექსპერტიზის გაყოფის პირველი ვარიანტით ფართები და წითელი ხაზებით გამოყოფილი გასატიხრი ადგილები განსხვავდება ახალი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მონაცემებისგან, რაც მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა – სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა.
პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარდგენილა საზიარო უფლების გამიჯვნის ის ვარიანტი, რომელსაც აპელანტი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას აფუძნებდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებდა. ის საკითხი კი, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ბ.მ კ-იმ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი შეცვალა.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. 2011 წლის 2 დეკემბრის განცხადებით კი მოთხოვნა დაზუსტდა, კერძოდ, მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საზიარო უფლების გაუქმება იდეალურ წილებად გამიჯვნისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების გზით. ორივე შემთხვევაში დავის საგანი იყო ერთი და იგივე, საზიარო უფლების გაუქმება.
დავის საგანი წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ არსს, მოცემულ შემთხვევაში იგი არ შეცვლილა, ვინაიდან ორივე ინსტანციის სასამართლოში აპელანტი ითხოვდა საზიარო უფლების გაუქმებას, რათა დაეცვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული უფლება. ამასთან, პირველი ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული გაყოფის პირველი ვარიანტი მეორე ექსპერტიზის დასკვნის პირველი გაყოფის გეგმის იდენტურია. ორივე ექსპერტიზის დასკვნაში ჯამში ფართი უცვლელია, ხოლო, რაც შეეხება წითელ ხაზებს, 2011 წლის 23 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის მეორე ვარიანტში უბრალოდ მოხდა წითელი ხაზებით იმის დაზუსტება, თუ როგორ იყო შესაძლებელი სველი წერტილების მოწყობა, რაც არ წარმოადგენდა დავის საგნის შეცვლას. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის ჩატარება, რომლითაც დაზუსტდებოდა სველი წერტილების განლაგების შესაძლებლობა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს წამოყენებული მოთხოვნის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ.მ კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ნ. ბ.მ კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ აპელანტმა სააპელაციო ინსტანციაში დავის საგანი შეცვალა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი აპელანტს უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს და აწესებს სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებს – იგი არ უნდა გასცდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, დაუშვებელია აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში იმაზე მეტის მოთხოვნა, რაზეც ქვემდგომმა სასამართლომ იმსჯელა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. ბ.მ კ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, გ-ის ქ.№20-ის მე-3 სართულზე მდებარე №12 ბინის გამიჯვნა სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 2 სექტემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №8790 დასკვნაში მოყვანილი გაყოფის პირველი ვარიანტის შესაბამისად, რაზეც იმსჯელა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიღებისას.
2011 წლის 29 ნოემბერს აპელანტმა განცხადებას დაურთო სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ახალი 2011 წლის 23 ნოემბრის დასკვნა და დააზუსტა, რომ სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საზიარო უფლების გაუქმებას ხსენებული დასკვნის საფუძველზე.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ზემოხსენებული სახით დაზუსტებით აპელანტს არ შეუცვლია სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან, როგორც კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, მხარე იმთავითვე ითხოვდა და სააპელაციო საჩივრითაც ადასტურებს, რომ სურს საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო რა სახით მოხდება საზიარო უფლების გაუქმება, დამოკიდებულია საქმის მასალებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ნ. ბ.მ კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმებისას უნდა იმსჯელოს, შეიცვალა თუ არა დავის საგანი არსებითად. რაც შეეხება 2011 წლის 23 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის წარდგენას, აღნიშნული საპროცესო მოქმედება ხომ არ უნდა შეფასდეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხისაგან განცალკევებით, იმის გათვალისწინებით, საჭირო იყო თუ არა სააპელაციო სასამართლოში სპეციალური ცოდნის მეშვეობით შედგენილი ახალი დოკუმენტის წარდგენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ.მ კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;