Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-124-119-2012 22 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. კ. ფ-ე (მოპასუხე)

2. თ. ჭ-ი

3. თ. ჭ-ი, რ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ფ-ემ და ა. ა-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ., თ. ჭ-ებისა და რ. მ-ის მიმართ სოლიდარულად 40000 აშშ დოლარის დაკისრებისა და 2010 წლის 5 თებერვალს რ. მ-ესა და თ. ჭ-ს შორის 2010 წლის 5 თებერვალს ქ.ბათუმში, შ.ხ-ის ქ.№25-ში მდებარე №22 ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით კ. ფ-ისა და ა. ა-ას სასარჩელო განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ჭ-ს დაეკისრა კ. ფ-ისა და ა. ა-ას სასარგებლოდ სოლიდარულად 30 000 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელეებს დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ჭ-მა, კ. ფ-ემ და ა. ა-ამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კ. ფ-ისა და ა. ა-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, კ. ფ-ისა და ა. ა-ას სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ჭ-სა და რ. მ-ეს კ. ფ-ისა და ა. ა-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 30000 აშშ დოლარის გადახდა, ბათილად იქნა ცნობილი რ. მ-ესა და თ. ჭ-ს შორის 2010 წლის 5 თებერვალს დადებული ქ.ბათუმში, ხ-ის ქ.№25-ში მდებარე №22 ბინის ჩუქების ხელშეკრულება, კ. ფ-ისა და ა. ა-ას სხვა სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეთა ჩვენებით დადასტურებულია კ. ფ-ისა და ა. ა-ას მიერ მათთვის 30 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, ასევე ისიც, რომ აღნიშნული თანხა მათ გამოიყენეს თავიანთი ფულადი ვალდებულებების შესასრულებლად.

პალატის მითითებით, მართალია, მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ა. ა-ა და კ. ფ-ე ბ.ას ი-ისთან ერთად შეუთანხმდნენ თ. ჭ-სა და რ. მ-ეს შპს „ჰ-ის” (რომლის დამფუძნებელი პარტნიორია რ. მ-ე) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეძენაზე (რათა შემდგომში ამ მიწის ნაკვეთზე აეშენებიათ საცხოვრებელი სახლი) და ამ შეთანხმების საფუძველზე ა. ა-ასა და კ. ფ-ეს თავის წილად უნდა გადაეხადათ 100000 აშშ დოლარი, მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, 183-ე მუხლის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ა. ა-ასა და კ. ფ-ეს კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით გარიგება არ დაუდიათ, რაც ნასყიდობის თაობაზე შეთანხმების ბათილად მიჩნევის საფუძველია.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ა-ასა და კ. ფ-ეს, ასევე თ. ჭ-სა და რ. მ-ეს შორის შეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობაზე არ შედგა, ამასთან, გარიგება, როგორც ფორმის დაუცველად დადებული, ბათილია, სასარჩელო მოთხოვნა ვითომ-კრედიტორებისაგან – თ. ჭ-ისა და რ. მ-ისაგან უსაფუძლოდ მიღებული 30000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხეებმა აღიარეს, რომ ა. ა-ასა და კ. ფ-ის მიერ გადაცემული თანხა მოხმარდა თ. ჭ-ისა და რ. მ-ის საერთო საოჯახო ვალდებულებების შესრულებას და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებათა იპოთეკისაგან გათავისუფლებას, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გადაცემული თანხის – 30000 აშშ დოლარის თ. ჭ-ისა და რ. მ-ისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც რ. მ-ე არ იქნა მიჩნეული თანხის დაბრუნებაზე ვალდებულ პირად, დაუსაბუთებელია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4, 103-ე, 105-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ საქმეში განთავსებული სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე ზეპირი შეთანხმების თანახმად, თ. ჭ-ისა და რ. მ-ის ფულადი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ბ. ი-ისის უფლებამოსილი პირის – ნატო ხ-ის მიერ შპს „ა. ჯგუფი ლ-ში” 2008 წლის ივლისიდან 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩარიცხულია 90000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

ასევე, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე თ. ჭ-ის ჩვენებითა და საქმეში განთავსებული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ. ჭ-ის ჩვენებით დგინდება, რომ თ.ჭ-სა და ბ. ი-ს, ასევე რ. მ-ესა და ბ. ი-ს შორის დადებული ე.წ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების მიხედვით, რეალურად გადაცემულ იქნა 80000 აშშ დოლარი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ უშუალოდ ბ. ი-ისისა და მისი უფლებამოსილი პირის, ნ. ხ-ის მიერ თ. ჭ-ისა და რ. მ-ისათვის რეალურად გადაცემულია 170000 აშშ დოლარი (90000+80000=170000), რაც ასევე დადასტურებულია თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრითაც.

სადავოს არ წარმოადგენს თ. ჭ-ისათვის ა. ა-ასა და კ. ფ-ის მიერ 30000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. ამასთან, მოწმის, ბ. ი-ისის მიერ დადასტურებულია, რომ ა. ა-ასა და კ. ფ-ის მიერ გადაცემული თანხა მისი წილი ვალდებულების შესასრულებლად განკუთვნილი არ ყოფილა. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა თ. ჭ-ის მოსაზრება, რომ ა. ა-ამ და კ. ფ-ემ 30000 აშშ დოლარი გადასცეს ბ. ი-ისის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, რადგან თ. ჭ-ს ამ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტთა, ა. ა-ასა და კ. ფ-ის მითითება, რომ მათ თ. ჭ-ს გადასცეს 40000 აშშ დოლარი, ვინაიდან გარდა 30000 აშშ დოლარისა, დამატებით 10000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების, 524-ე, 50-ე, 54-ე, 56-ე, 61-ე მუხლების შესაბამისად, მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს. მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას. სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ ხდება. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და გარიგების არც ერთ მხარეს არ სურს ამ გარიგების შესრულება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჩუქების ხელშეკრულებით, რ. მ-ემ განკარგა მისი უძრავი ქონება, თუმცა ქონება რეალურად დასაჩუქრებულს არ გადასცემია. გარდა ამისა, თ. ჭ-ის ქორწინება, რასაც გამჩუქებელი გარიგების დადების მოტივად უთითებს, რამდენიმე წლით ადრე მოხდა, ვიდრე ჩუქება გაფორმდებოდა და ამ გარიგების დადების დროისათვის თ. ჭ-ს უკვე შვილიც ჰყავდა.

ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩუქებაზე გარიგების დადება განხორციელდა მას შემდეგ, რაც კ. ფ-ემ პრეტენზია წარუდგინა რ. მ-ეს მისსავე საცხოვრებელ სახლში თანხის დაბრუნების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება მიმართული იყო კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებისაგან თავის არიდებისაკენ და მ.მჟვანაძის მიერ მითითებული ჩუქების მოტივი არ წარმოადგენს ნამდვილს. სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ გაჩუქებულ საცხოვრებელ სახლს ფაქტობრივად ფლობს გამჩუქებელი. შესაბამისად, აპელანტთა, ა. ა-ასა და კ. ფ-ის მითითება გარიგების ბათილობის თაობაზე დასაბუთებულია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კ. ფ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მოპასუხეთათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად 40 000 აშშ დოლარის გადახდევინება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი და სამართლებრივად არ შეაფასა საქმეში არსებული მოწმე ბ. ი-ისის 2010 წლის 15 დეკემბრის ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ კ.ფ-ემ მოპასუხეს გადასცა არა 30 000, არამედ 40 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, არასწორია გადაწყვეტილება, რომ დამატებითი 10000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ბ.ი-ისმა და მისმა უფლებამოსილმა პირმა – ნ.ხ-მა თ.ჭ-სა და რ.მ-ეს რეალურად გადასცეს 170 000 აშშ დოლარი. ფაქტობრივად, ბ.ი-ისმა გადასცა გადასცა 80000 და 80000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 40000 აშშ დოლარი წარმოადგენს კ.ფ-ის მიერ გადაცემულ თანხას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩუქების ხელშკერულების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ჭ-მაც, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 50-, 54-ე, 61-ე და 56-ე მუხლები, ვინაიდან სასამართლომ ვერ დაასაბუთა გარიგების დროს საჯარო წესრიგისა თუ ზნეობის ნორმების დარღვევის ფაქტი.

პალატას არ მიუთითებია მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ კასატორს შეძენილი ქონება რეალურად არ გადასცემია და სადავო ჩუქება დაიდო კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემდეგ.

სასამართლოს არ განუმარტავს, კანონის რომელი დანაწესი უკრძალავს დასაჩუქრებულს, გამჩუქებელს ნება დართოს, იცხოვროს საჩუქრად გადაცემულ ბინაში. ფაქტობრივად, სადავო გარიგება მოსაჩვენებლად არ დადებულა და სასამართლოს მსჯელობა ამ კუთხით დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ჭ-მა და რ. მ-ემაც მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით შემდეგი მოტივებით:

სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 59-ე მუხლები, ვინაიდან ფორმის დაუცველად გარიგება მხარეთა შორის არ დადებულა. რეალურად, თ. ჭ-ს, რ. მ-ესა და ბ. ი-ისს შორის შედგა შემდეგი შეთანხმება: ბ. ი-ისმა ვალდებულება იკისრა, გამოეთავისუფლებინა იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი, სანაცვლოდ მათ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამავდროულად დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილები, რომ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების შემდეგ შპს „ჰ-ის“ დირექტორი რ. მ-ე მიჰყიდდა აღნიშნულ ნაკვეთს. ბ. ი-ი კი, ხელწერილით კისრულობდა, ეყიდა მითითებული უძრავი ნივთი. შესაბამისად, არანაირი მოჩვენებითი გარიგება არ დადებულა.

სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა არც სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, ვინიდან საქმეში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს მთავარი პროკურატურისადმი, სადაც მხარეები მიუთითებენ, რომ ბ. ი-მა დახმარება სთხოვა მათ თანხის გადახდაში თ. ჭ-თან აღებული ვალდებულების დასაფარად, ხოლო შემდეგ ბ.ი-ი აღნიშნულ თანხას დაუბრუნდებათ. მითითებული დოკუმენტის შეფასები შემდეგ სასამართლო დაადგენდა, რომ თ. ჭანტირიშვილსა და რ. მ-ეს კ. ფ-ისა და ა. ა-ას მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდათ.

სასამართლომ ასევე არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით, რადგან ვერ დაასაბუთა, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ბათილად ცნობილი რ. მ-ესა და თ. ჭ-ას შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად დადებულ გარიგებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით – კ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, 24 თებერვლის განჩინებებით რ. მ-ის, თ. და თ. ჭ-ების საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ. ფ-ის, თ. ჭ-ის, რ. მ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ კახა ფ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ფ. ბასელიაიას მიერ გადახდილი 835,80 ლარის 70% – 585,06 ლარი, კასატორ თ. ჭ-სა და რ. მ-ეს – რ. მ-ის მიერ გადახდილი 2494,35 ლარის 70% – 1746,045 ლარი, ხოლო თ. ჭ-ს – რ. მ-ის მიერ გადახდილი 2500 ლარის 70% – 1750 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ფ-ის, თ. ჭ-ის, რ. მ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ კ. ფ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 17 იანვარს №... სალაროს შემოსავლის ორდერით ფ. ბ-ას მიერ გადახდილი 835,80 ლარის 70% – 585,06 ლარი.

კასატორ თ. ჭ-სა (პირადი №...) და რ. მ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 14 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით რ. მ-ის მიერ გადახდილი 2494,35 ლარის 70% – 1746,045 ლარი.

კასატორ თ. ჭ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 14 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით რ. მ-ის მიერ გადახდილი 2500 ლარის 70% – 1750 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.