Facebook Twitter
#as-1396-1412-2011 oqtomberi, 2011 weli

№ას-1280-1300-2011 6 მარტი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „... ბანკი“

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ყ-ი, მ. ყ-ი, ნ. ჩ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – იპოთეკის ფარგლები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ-ის, ი. ყ-ისა და მ. ყ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელესა და ინდმეწარმე ნ. ჩ-ს შორის 2007 წლის 28 სექტემბერს დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 50 000 აშშ დოლარით, 120 თვით, მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი კი - 25%-ით. ხელშეკრულების თანახმად, 2007 წლის 28 სექტემბერს გაიცა კრედიტი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 17%-ის დარიცხვით. 2008 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად სესხის ვადა გაიზარდა 39 თვემდე. 2009 წლის 30 მაისს გაიცა მეორე სესხი 32 308 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვით წლიური 22%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2007 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულება მ.ყ-თან, რომლის თანახმადაც კონტრაჰენტი კისრულობდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაეხადა თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროისა და პირობების მიხედვით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად გაცემული ყველა კრედიტი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ნ-ის , მე-5 მ/რ-ის მე-4 კორპუსში მდებარე ი. ყ-ის საკუთრებაში არსებული №7 ბინა. საკრედიტო და სოლიდარული ვალდებულებების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ.

ი. ყ-მა და მ. ყ-მა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: საკრედიტო ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო ი. ყ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, თუმცა სარჩელში საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, რომ ამავე საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე იპოთეკით დაიტვირთა ნ. ჩ-ის უძრავი ქონება. აღნიშნული იპოთეკის არსებობა დადასტურებულია გენერალური ხელშეკრულების №7.1 პუნქტით. მიუხედავად ამისა, დღეისათვის აღნიშნული უზრუნველყოფა სასარჩელო მოთხოვნაში აღარ ფიგურირებს. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებულია 2007 წლის 28 სექტემბერს, ხოლო მისი უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულებები – 2007 წლის 21 სექტემბერს, ანუ შვიდი დღით ადრე. 2009 წლის 30 მაისს 32 308 აშშ დოლარის ოდენობით მეორე კრედიტის გაცემით სს „... ბანკი“ გასცდა გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ სალიმიტო ოდენობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ჩ-ს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 37 362.48 ლარის გადახდა. სს „... ბანკის“ სარჩელი მ.ყ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; 23 764,48 აშშ დოლარის დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ი. ყ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „... ბანკმა“ და ი. ყ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ი. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი და სს „... ბანკის“ სარჩელი დავალიანების დაფარვის მიზნით ი. ყ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, ქ. თბილისში, ნ-ის , მე-5 მ/რ-ის მე-4 კორპუსში მდებარე №7 ბინის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: 2007 წლის 28 სექტემბერს სს „... ბანკსა“ და ინდმეწარმე ნ. ჩ-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი 50 000 აშშ დოლარი, ვადა 120 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი წლიური 25%. 2007 წლის 28 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2007 წლის 28 სექტემბერს გაიცა კრედიტი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 17%-ის დარიცხვით. 2009 წლის 30 მაისს გაიცა მეორე სესხი (შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით) _ 32 308 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 22%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ. 2007 წლის 28 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2007 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება მ. ყ-თან, რომლის მიხედვითაც, იგი კისრულობდა ვალდებულებას, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაეხადა თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროისა და პირობების მიხედვით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე იპოთეკით დაიტვირთა ი. ყ-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნ-ის , მე-5 მ/რ-ის მე-4 კორპუსში მდებარე №7 საცხოვრებელი ბინა. ი. ყ-ის ქონებასთან ერთად ასევე უზრუნველყოფილ იქნა ძირითადი მოვალის – ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით. 2009 წლის 30 მაისს გაცემული სესხით _ 32 308 აშშ დოლარით დაიფარა 2007 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, რის შემდეგაც ბანკმა იპოთეკისგან გაათავისუფლა ძირითადი მოვალის _ ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2008 წლის 3 სექტემბერს ცვლილება შევიდა 2007 წლის 28 სექტემბრის შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებაში და თანხის გადახდის გრაფიკი ახლებურად შეთანხმდა. ამავე ხელშეკრულებაში ცვლილება ასევე განხორციელდა 2009 წლის 24 აგვისტოს გადახდის გრაფიკში. ი. ყ-თან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების №4.4 პუნქტის თანახმად, ქონების იპოთეკით დატვირთვა უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას: კრედიტის ძირითადი თანხის 50 000 აშშ დოლარის, კრედიტის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს, ზარალის, ქონების შენახვასა და რეალიზაციაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. 2007 წლის 27 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, საკრედიტო ლიმიტია 50 000 აშშ დოლარი, ხოლო, №2.3 პუნქტის მიხედვით, გაცემული კრედიტების (ხაზი, ცალკეული კრედიტი, მათ შორის, ქვემდებარე ტრანშებით, ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია) ერთობლივი ჯამური ნაშთი არ უნდა აღემატებოდეს №2.1.1 პუნქტით დადგენილ ლიმიტს.

პალატამ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, განიმარტოს თავად იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი. სამოქალაქო კოდექსის 286-ე და მუხლის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც უპირობოდ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. პალატამ განმარტა, რომ იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების_ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის მოვალის, კონკრეტულ შემთხვევაში, არაპირადი მოვალის, იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებიდან. აღნიშნული განპირობებულია იპოთეკის სამართლებრივი ბუნებით, კერძოდ, იგი დამოუკიდებლად არ წარმოიშობა და მიბმულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იპოთეკით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლები მთლიანად განისაზღვრება ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულების ფარგლებით. განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა 50 000 დოლარს, ხოლო გაცემული კრედიტების ჯამური ნაშთი არ უნდა აღმატებოდა აღნიშნულ თანხას. პალატამ მიიჩნია, რომ გენერალური ხელშეკრულება _ ტერმინთა მნიშვნელობის სახით არ განსაზღვრავს ლიმიტის ცნებას, რის გამოც ბანკის მიერ შემოთავაზებულ განმარტებას, რომ აღნიშნულში იგულისხმება 50 000 აშშ დოლარის გაცემა მრავალჯერ, შეუზღუდავად, ხელშეკრულების მთელი 10 წლიანი მოქმედების პერიოდში პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ლიმიტის ამგვარ განსაზღვრებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, მხარეთა, მოვალისა (ამ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრისა) და კრედიტორის თანაბარზომიერი დაცვის ფარგლებისა და სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით გათვალისწინებულ, ხელშეკრულების პირობის სამართლიანი განმარტების პრინციპზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ №2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტი წარმოადგენდა საკრედიტო თანხას, რომლის ათვისების უფლებაც გააჩნდა მოვალეს ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. დადგენილია, რომ ნ.ჩ-მა სრულად აითვისა საკრედიტო ლიმიტი – 50 000 აშშ დოლარი, რაც მანვე დაფარა. ამასთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ ი. ყ-ის იპოთეკური ვალდებულება გრძელდებოდა სწორედ ამ ლიმიტის ფარგლებში მის სრულ დაფარვამდე. საკრედიტო ლიმიტის დავალიანების სრულად გასტუმრებით, ძირითადი ვალდებულების შესრულებით შეწყვეტასთან ერთად შეწყდა მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ი. ყ-ის ქონებით განსაზღვრული სანივთოსამართლებრივი ვალდებულებაც. პალატამ არ გაიზიარა სს „... ბანკის“ პოზიცია, რომ 2009 წლის 30 მაისის სესხის ხელშეკრულებით გაცემული 32 308 აშშ დოლარით, კრედიტორი არ გასცდენია საკრედიტო ლიმიტს. ბანკი ცდილობს, მიუთითოს კრედიტის მიზნობრიობაზე, პრობლემური სესხის გადაფარვაზე, რაც ასახულია ამ ხელშეკრულების №1.5 პუნქტში. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 2009 წლის 30 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით ბანკი გასცემს თანხას, ხოლო მსესხებელი ვალდებულია, დაბრუნოს იგი. ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერიდან. პალატამ განმარტა, რომ მითითებული ხელშეკრულება კონსენსუალურია, რადგან მხარეებმა თავად დაუკავშირეს უფლება-მოვალეობათა წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტს. აქედან გამომდინარე, ბანკი ხელშეკრულების დადებისთანავე ვალდებული იყო, გაეცა კრედიტი მის მომთხოვნ მხარეზე მიზნობრიობის გათვალისწინების მიუხედავად. თუკი მსესხებელი არამიზნობრივად გამოიყენებდა მეორედ გაცემულ კრედიტს, აღნიშნული შეიძლება გამხდარიყო ბანკის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი. შესაბამისად, კრედიტის მიზნობრიობა არ წარმოშობს იმ დასკვნის საფუძველს, რომ 2009 წლის 30 მაისის ხელშეკრულება არის 2007 წლის 28 სექტემბრის შემადგენელი ხელშეკრულება. ბანკის არგუმენტები, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო ცვლილების შეტანა გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლითაც ნათელი იქნებოდა, რომ 2009 წლის 30 მაისის ხელშეკრულება წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საკრედიტო ლიმიტი სრული მოცულობით აითვისა ძირითადმა მოვალე ნ.ჩ-მა, ხოლო 2009 წლის 30 მაისის ხელშეკრულებას დამოუკიდებელ საკრედიტო ხელშეკრულება არ იქნა უზრუნველყოფილი, რადგან ი. ყ-ს არ გამოუვლენია ახალი კრედიტის მისი ქონებით უზრუნველყოფის ნება. ბანკმა სალიმიტო თანხის დაფარვის შემდეგ სრულად გამოათავისუფლა ძირითადი მოვალის ქონება სანივთო ვალდებულებისაგან, იპოთეკისაგან, ხოლო უზრუნველყოფად მიიჩნია არაპირადი მოვალის ქონება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. პალატამ არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ იხელმძღვანელა სპეციალური „საბანკო კანონმდებლობით“, რომელიც ამ სასამართლო დავის შემთხვევაში მისი არსობრივი სწორი გადაწყვეტისათვის წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზას. მსჯელობა გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, მის შემადგენელ და მისგან გამომდინარე ცალკეულ საკრედიტო ხელშეკრულებით ტრანშებად მიღებული სესხების, ასევე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილებებზე, სუბსიდიური ხელშეკრულების შესახებ ხელშეკრულებებისა და გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების შესახებ, სამართლებრივად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატას არ გამოუკვლევია მოქმედებდა თუ არა ბანკი საბანკო სფეროში არსებული რეგულაციებითა და წესებით, არ გამოუკვლევია საბანკო პრაქტიკაში არსებული პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე და, შესაბამისად, არც დაუდგენია, თუ რას ნიშნავს ტერმინი „კრედიტის მიზანი“, „პრობლემური სესხის გადაფარვა“, „სესხის რესტრუქტურიზაცია“; იყო თუ არა 2009 წლის 30 მაისის „შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №3556/2 და მისი შემადგენელი დანართი №1 გადახდის გრაფიკი“ თავისი სამართლებრივი არსით სესხის რესტრუქტურიზაცია, არ შეაფასა 2009 წლის 24 აგვისტოს ტრანზაქციის მხარეებს შორის გაფორმებული 2009 წლის 30 მაისს დადებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების დანართის ცვლილება №1, რომლის მიხედვითაც განხორციელდა „მიზნობრივი უზრუნველყოფილი საბანკო კრედიტის დაფარვის გრაფიკის“ მსესხებლის მოთხოვნებთან მორგება და ყოველთვიური შენატანის შემცირება. პალატას არ გამოუკვლევია, ეს კონკრეტული საბანკო ტრანზაქცია მიზეზშედეგობრივად როგორ უკავშირდება კომერციული ბანკის მართვასა და საოპერაციო საქმიანობას, რომლის პოლიტიკასაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. პალატამ არ გამოიყენა ეროვნული ბანკის ბრძანება №350, რომლის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს „რესტრუქტურიზებული სესხის ცნებას“, სესხს, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე, მსესხებლის იურიდიული ან ფინანსური მდგომარეობის გამო, არსებობს შეთანხმება ბანკსა და მსესხებელს შორის. მხარეებს შორის არსებული 2009 წლის 30 მაისის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, თავის სამართლებრივი არსით და საბანკო შინაარსით წარმოადგენს სესხების იმ კატეგორიას, რომელიც აბსოლუტურად ჯდება ეროვნული ბანკის №350 ბრძანებით განსაზღვრულ რესტრუქტურიზებული სესხების კატეგორიაში, ვინაიდან ახალი შეთანხმებით გაიზარდა სესხს დაფარვის ვადა 39 თვიდან 60 თვემდე და შემცირდა ყოველთვიური შენატანი 1729 აშშ დოლარიდან, ჯერ 893 აშშ დოლარამდე და შემდგომ 700 აშშ დოლარამდე. პალატას უნდა გამოეყენებინა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სპეციალური რეგულაცია, ასევე უნდა დაედგინა შემდეგი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი, იწვევს თუ არა „სესხის რესტრუქტურიზაცია“ მსესხებლის და მასთან დაკავშირებული სოლიდარული მოვალეებისა თუ მსესხებლების ვალდებულების გაზრდასა და შემცირებას. ნებისმიერი საბანკო ტრანზაქცია, ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების შესაბამისად ანუ ბანკში არსებული ელექტრონულ საოპერაციო სისტემაში თითოეული ტრანზაქციის ასახვით, ამ კონკრეტულ დავაში ინდმეწარმე ნ. ჩ-ის სავალუტო საბანკო ანგარიშზე არსებული დეტალური ბრუნვითა და განხორციელებული საბანკო ოპერაციების შინაარსით. საქმეში წარმოდგენილია ნ.ჩიტაშვილის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, საიდანაც ნათლად ირკვევა, რომ 30.05.2009 საბანკო ანგარიშზე ბრუნვა ამ დღეს იყო 32 308 აშშ დოლარი, ნაშთი - 32 602.80 აშშ დოლარი და მსესხებლის მიერ გაცემული საბანკო დავალებით №10401280 განხორციელდა ვადაგადაცილებული კრედიტის დაფარვა და იმავე მომენტში „ბრუნვა დებეტში“ გახორციელდა 28 815.13 აშშ დოლარით სესხის სრულად დასაფარად. იმ შემთხვევაში თუკი ბანკი გასცდებოდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათალისწინებულ საკრედიტო ლიმიტის ჯამს _ 50 000 აშშ დოლარს და, თუ გავყვებით პალატის მსჯელობას, მსესხებელ ნ.ჩიტაშვილს, უნდა წარმოშობოდა 2009 წლის 30 მაისის მდგომარეობით გაზრდილი ვალდებულება ბანკის წინაშე, რაც საბანკო კრედიტის შემთხვევაში თანხის ზრდით გამოიხატებოდა. სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ზოგ ნაწილში ასევე არასწორად არის ინტერპრეტირებული და სრულად არეულია №3556 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის შემადგენელ №3556 ხელშეკრულებას შორის.

სოლიდარული ვალდებულებისა და იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო 2007 წლის ბოლომდე გასაფორმებელ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულება. უზრუნველყოფისა და სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების მთლიანი პერიოდით _ 10 წლით. წამყვანი ლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტები ყოველდღიურად მიმართავენ ასეთ „საბანკო პრაქტიკას“, რომელიც ეფუძნება ბანკსა და კლიენტს შორის გრძელვადიან ურთიერთობას და რომლის მიზანიცაა, თავიდან ააცილოს კლიენტს სხვადასხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადი მომზადება, მასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების გაღება, ყოველი ცალკეული საბანკო პროდუქტით მომსახურებისას ფორმდება გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული საბანკო პროდუქტით - კრედიტით. მისი შინაარსი გაცილებით ფართოა და სეგმენტირებულია სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით. გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაში აღნიშნული ერთ-ერთი ასეთი საბანკო პროდუქტის გამოყენება, მომსახურება და მისი პირობების შესრულება არ იწვევს გენერალური ხელშეკრულების შეწყვეტას, მოშლას ანდაც ხელშეკრულებიდან გასვლას. პალატამ დაუსაბუთებელი მსჯელობის შედეგად გააუქმა ი.ყ-ის იპოთეკური ვალდებულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო საკრედიტო ხელშეკრულება და მოიცავდა მხოლოდ 50 000 აშშ დოლარის საკრედიტო ერთჯერად ლიმიტს და მსესხებლის მიერ ამ საკრედიტო ვალდებულების ერთჯერადად ამოწურვამ გამოიწვია მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ი.ყ-ის ქონებით განსაზღვრული სანივთოსამართლებრივი ვალდებულების გაუქმებაც. პალატამ შეფასების გარეშე დატოვა 2011 წლის 17 აპრილს სასამართლო სხდომაზე თანამსესხებელის აღიარება, რომ კრედიტს ნ.ჩ-ის მაგივრად იხდიდა მ.ყ-ი. სოლიდარული მოვალის მიერ გარდა არსებული ხელშეკრულებისა, 2009 წლის 30 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება აღიარებულ იქნა ასევე მისი შესრულებით, გადახდითაც, კერძოდ, როგორც საბანკო ანგარშებიდან ამონაწერით დასტურდება, მ.ყ-ი იხდიდა 2009 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით და შესაბამისი 2009 წლის აგვისტოს განხორციელებული ცვლილებით დადგენილი წესითა და ოდენობით ყოველთვიურ შემცირებულ გადასახადს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მან „ცალსახად იცოდა პრობლემური სესხის გადაფარვის“ რესტრუქტურიზაციის შესახებ. თავდაპირველი ყოველთვიური შენატანი ორჯერ შემცირდა და ბოლო ცვლილებით განისაზღვრა 700 აშშ დოლარით. სასამართლომ, სათანადოდ არ შეაფასა ნ.ჩიტაშვილის სავალუტო საბანკო ანგარიშზე სოლიდარული მოვალისა და მსესხებელის შენატანები, რომლითაც იფარებოდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №3556/2-ით გათვალისწინებული ყოველთვიური სასესხო ვალდებულება, აღნიშნული შენატანები წარმოადგენს არსებული ოდენობით ვალდებულების აღიარებას. რაც შეეხება პალატის მოტივაციას იმის შესახებ, რომ ბანკი რესტრუქტურიზაციის დროს გასცდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ ლიმიტს, არ არის მართებული, რადგანაც ბანკმა არა ახალი დამატებითი, არამედ, სწორედ ამ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული პრობლემური სესხი გადაანაწილა და თავიდან გასცა ახალი პირობებით. რესტრუქტურიზაციის შედეგად მსესხებლის დავალიანება კი არ გასცდენია იმ თანხას, რომლის უზრუნველყოფაც უძრავი ქონების მესაკუთრემ განახორციელა. ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულების №4.3 პუნქტის თანახმად, „იპოთეკა სრულად უზრუნველყოფს იპოთეკარი ბანკის მოთხოვნებს იმ მოცულობით, რაც იპოთეკარს ექნება თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტში“. შესაბამისად, ნ.ჩ-მა და მ.ყ-მა აიღეს ვალდებულება ბანკის მიმართ, მოთხოვნის მომენტში გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე არსებული ყველა სახის დავალიანების სრულად დაფარვაზე. პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კეთილსინდისიერების პრინციპი. კეთილსინდისიერების ფარგლებში ხელშეკრულების ორივე მხარე თანაბარწილად ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხელშეკრულების შესრულებას, პალატამ ასევე არასწორად განმარტა სოლიდარული თავდებისა და სოლიდარული მსესხებლის მიერ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სუბსიდიური ვალდებულების ხელშეკრულებიდან და უზრუნველყოფისათვის გაფორმებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით დადასტურებული და გამოხატული მათი ნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა არ დგინდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 28 სექტემბერს სს „... ბანკსა“ და ინდმეწარმე ნ. ჩ-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება საკრედიტო ლიმიტით - 50 000 აშშ დოლარით, 120 თვით, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთით წლიური 25%-ით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2007 წლის 28 სექტემბერს გაიცა კრედიტი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 17%-ის დარიცხვით. 2009 წლის 30 მაისს გაიცა მეორე სესხი (შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით) _ 32 308 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 22%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ. 2007 წლის 28 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე დღეს მ. ყ-თან სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, იგი კისრულობდა ვალდებულებას, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაეხადა თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროისა და პირობების მიხედვით. 2007 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე იპოთეკით დაიტვირთა ი. ყ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ნ-ის , მე-5 მე-4 კორპუსში მდებარე №7 საცხოვრებელი ბინა. 2007 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება ი. ყ-ის ქონებასთან ერთად ასევე უზრუნველყოფილ იქნა ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით. 2009 წლის 30 მაისს გაცემული სესხით _ 32 308 აშშ დოლარით დაიფარა 2007 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, რის შემდეგაც ბანკმა იპოთეკისგან გაათავისუფლა ძირითადი მოვალის _ ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2008 წლის 3 სექტემბერს ცვლილება შევიდა 2007 წლის 28 სექტემბრის შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებაში და თანხის გადახდის გრაფიკი ახლებურად შეთანხმდა. ამავე ხელშეკრულებაში ასევე ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 24 აგვისტოს გადახდის გრაფიკით. ი. ყ-თან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ქონების იპოთეკით დატვირთვა უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ №3556 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2007 წლის 28 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრედიტო ლიმიტია 50 000 აშშ დოლარი, ხოლო, 2.3 პუნქტის მიხედვით, გაცემული კრედიტების (ხაზი, ცალკეული კრედიტი, მათ შორის, ქვემდებარე ტრანშებით, ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია) ერთობლივი ჯამური ნაშთი არ უნდა აღემატებოდეს 2.1.1 პუნქტით დადგენილ ლიმიტს.

სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის მოცულობასთან დაკავშირებით მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებას მნიშვნელობა აქვს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა სანივთოსამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც _ მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.

იპოთეკას, გარდა აქცესორულობისა, მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს. სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს, აგრეთვე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. ამდენად, კანონი იპოთეკის წარმოშობისათვის უფლების სავალდებულო რეგისტრაციას ადგენს, რაც მხოლოდ იპოთეკის საგნის _ უძრავი ნივთის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით არ არის განპირობებული. იპოთეკის საჯარო ხასიათი შესაძლებლობას ანიჭებს მესამე პირებს, მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია უძრავი ნივთის უფლებრივი ტვირთის თაობაზე და შემდეგ, საკუთარი რისკის გათვალისწინებით, გადაწყვიტონ ამ ნივთთან მიმართებით ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის (რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, არ ემთხვეოდეს ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ოდენობას) მითითებას, სამართლებრივი დატვირთვა აქვს როგორც მესაკუთრისათვის, ასევე მესამე პირებისათვის, რომელთა მიმართაც მოქმედებს საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე უნდა გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში განხორციელდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების _ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.

2007 წლის 27 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი 50 000 აშშ დოლარია, ხოლო 2.3 პუნქტის მიხედვით, გაცემული კრედიტების (ხაზი, ცალკეული კრედიტი, მათ შორის, ქვემდებარე ტრანშები, ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია) ერთობლივი ჯამური ნაშთი არ უნდა აღემატებოდეს 2.1.1 პუნქტით დადგენილ ლიმიტს. სადავო იპოთეკის ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრულია იპოთეკის ფარგლები _ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრული მოცულობით და ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (კრედიტის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს, ზარალის, ქონების შენახვასა და რეალიზაციაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ 2007 წლის 27 სექტემბრის №3556/1 იპოთეკის ხელშეკრულება ვრცელდება 2007 წლის 27 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 50000 აშშ დოლარისა და ამ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა რა 50 000 დოლარს, აღნიშნულში იგულისხმება 50 000 აშშ დოლარის გაცემა მრავალჯერ, შეუზღუდავად, ხელშეკრულების მთელი 10 წლიანი (120-თვიანი) მოქმედების პერიოდში. უდავოა, რომ ლიმიტის ამგვარ განმარტებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ მოიცავს.

სიტყვა „ლიმიტი“ ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ნორმის დაწესებას, რომლის ფარგლებშიც შეიძლება რისამე ხარჯვა, რამეთი სარგებლობა; ზღვრული ნორმა (იხ. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ.241, შემდგენელი მ.ჭაბაშვილი). ამ განმარტებიდან და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობიდან გამომდინარე (2007 წლის 27 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრედიტო ლიმიტია 50 000 აშშ დოლარი, ხოლო 2.3 პუნქტის მიხედვით, გაცემული კრედიტების (ხაზი, ცალკეული კრედიტი, მათ შორის, ქვემდებარე ტრანშები, ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია) ერთობლივი ჯამური ნაშთი არ უნდა აღემატებოდეს 2.1.1 პუნქტით დადგენილ ლიმიტს) უნდა დავასკვნათ, რომ 50000 აშშ დოლარი წარმოადგენდა საკრედიტო თანხას, რომლის კრედიტად მიღების უფლებაც გააჩნდა მოვალეს ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. ამავდროულად მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც კონკრეტულად ამ ვალდებულების _ 50000 აშშ დოლარის ფარგლებში იქნა განსაზღვრული და მისი სხვა ვალდებულებაზე გავრცელება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების ფარგლებს სცილდება.

რაც შეეხება სხვა ხელშეკრულებაზე იპოთეკის გავრცელებას, აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსი გარკვეული წინაპირობების არსებობისას უშვებს, კერძოდ, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობისათვის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მისი მესაკუთრის ნებას საჭიროებს.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ წამყვანი ლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტები ყოველდღიურად მიმართავენ ასეთ „საბანკო პრაქტიკას“, რომელიც ეფუძნება ბანკსა და კლიენტს შორის გრძელვადიან ურთიერთობას და რომლის მიზანიცაა, თავიდან ააცილოს კლიენტს სხვადასხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადი მომზადება, მასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების გაღება, ყოველი ცალკეული საბანკო პროდუქტით მომსახურებისას ფორმდება გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული საბანკო პროდუქტით. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს მხარეთა თანასწორობისა და თავისუფალი სახელშეკრულებო პრინციპით აწესრიგებს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას ხელშეკრულების შინაარსში, ფორმაში და კონტრაჰენტის არჩევანში კანონისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით (იხ. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის ნორმათა, ძირითადად, დისპოზიციური ხასიათი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, კანონით დადგენილი წესისაგან განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. ამავდროულად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისათვის გადამწყვეტია ორივე მხარის ნება. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები განსაზღვრეს. ამ ფარგლების შეცვლას კანონი არ კრძალავს, თუმცა სავალდებულოა მხარეთა ხელახალი შეთანხმება და ფორმის დაცვა (286-ე მუხლის მესამე ნაწილი). კერძო სამართლის სუბიექტის მიერ კანონის ინტერპრეტაცია და თავის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში _ საბანკო პრაქტიკაში თუნდაც წარმატებული დანერგვა კანონის იმპერატიულ დანაწესს და სამართლის სუბიექტთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს ვერ შეცვლის. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბანკმა სალიმიტო თანხის დაფარვის შემდეგ სრულად გამოათავისუფლა ძირითადი მოვალის -ნ.ჩ-ის ქონება სანივთო ვალდებულებისაგან, იპოთეკისაგან, ხოლო უზრუნველყოფად მიიჩნია არაპირადი მოვალის - ი. ყ-ის ქონება.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ, იპოთეკის ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ნ. ჩ-მა და მ. ყ-მა აიღეს ვალდებულება ბანკის მიმართ მოთხოვნის მომენტში არსებული ყველა სახის დავალიანების სრულად დაფარვაზე. მითითებული პირობით იპოთეკა სრულად უზრუნველყოფს იპოთეკარი ბანკის მოთხოვნებს იმ მოცულობით, რაც იპოთეკარს ექნება თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტში, კერძოდ, იპოთეკით უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა სრულად და შეუზღუდავად. აღნიშნული პირობა არ შეიძლება განიმარტოს დამოუკიდებლად 4.1, 4.1.1 და 4.1.2 პირობებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოთხოვნის უზრუნველყოფის მოცულობას 50000 აშშ დოლარის ფარგლებში განსაზღვრავენ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა 2009 წლის 30 მაისისათვის მსესხებლის ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების ჯამური ნაშთის 32602 ლარის არსებობის შესახებ, რაც ამავე გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, არ აღემატება 2.1.1 პუნქტით დადგენილ ლიმიტს _ 50 000 აშშ დოლარს. კასატორის მითითებით, 2009 წლის 30 მაისს 32602 ლარზე დადებული ახალი სესხის ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია და სესხი სწორედ ზემოაღნიშნული დავალიანების გამოა გაცემული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის შეფასებისათვის არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზანს ემსახურებოდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მხარეებს შორის 2009 წლის 30 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების _ იპოთეკის ფარგლები და თუნდაც ძველი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის შესასრულებლად აღებულ ახალ მოთხოვნაზე მისი გავრცელების დასაშვებობა. ეს საკითხები გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში ამომწურავადაა შეფასებული და სამართლებრივად დასაბუთებული. დამატებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 27 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტის, 50000 აშშ დოლარის შესრულება სადავოს არ წარმოადგენს, ხოლო ის გარემოება, რომ ამ ვალდებულების შესრულება ახალი საკრედიტო ხელშეკრულების ხარჯზე განხორციელდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ავტომატურად ახალ გარიგებაზე გადატანას ვერ გამოიწვევს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს არა საბანკო კრედიტი, არამედ ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის რეგულაცია სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.