№ას-128-123-2012 26 მარტი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ძ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჩ-ი, ბ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის ს- – ქმედების დავალდებულება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ძ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჩ-ის მიმართ ქმედების დავალდებულებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 1993 წლის 18 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ქ.ბათუმში, თ-ის ქ.№10-ში მდებარე 34 კვ.მ №26 ბინა (რაც არის ლიტ. „ა“-ს ოთახი №5 ფართით 18.6 კვ.მ და ოთახი №6 14,14 კვ.მ ოთახი) ასევე გადაეცა საერთო 126 კვ.მ ფართი და შესასვლელი ჰოლი, რომელიც მითვისებული აქვს გ. ჩ-ს. მან, ოჯახური პრობლემების გამო, დროებით დატოვა ქალაქი ბათუმი და სოფლად წავიდა საცხოვრებლად, როცა ჩამოვიდა, აღმოჩნდა, რომ შესასვლელი კარები, რომელიც №6 ოთახს გააჩნდა, ამოუშენებიათ და იქ მისასვლელი ადგილი მიუთვისებიათ ბ. გ-ესა და გ. ჩ-ს. 1999 წლის 14 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ჩ-მა ბ. გ-ისაგან შეიძინა არა რომელიმე ოთახი, არამედ ქ.ბათუმში, თ-ის ქ.№10-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1384.29 კვ.მ-ის 1/22 წილი, რაც შეადგენს 62.92 კვ.მ-ს, იმ ნახაზებით, რომელიც სარჩელზეა დართული, დგინდება, რომ გ. ჩ-ს დაკავებული აქვს გაცილებით მეტი. ეს არის 68.09 კვ.მ ფართი და, შესაბამისად, ამ ნახაზების საფუძველზე დგინდება, რომ მას მითვისებული აქვს მეტი. 1997 წელს ბ. გ-ეს შეუთანხმდა, რომ მისი კუთვნილი ოროთახიანი ბინის პატარა ოთახში გააუქმებდა შემოსასვლელ კარებს, რის სანაცვლოდაც ბ.გ-ე შეაკეთებდა საერთო შესასვლელ სადარბაზოს, დიდ ოთახში, საერთო შესასვლელში , ორფრთიანი კარებისა, ჩასვამდა ცალფრთიან კარს, ასევე ორფრთიან კარებს შეცვლიდა სადარბაზოში ცალფრთიანით, მისი ბინის შესასვლელში აღადგენდა თაროს, ასევე მას ბინაში უნდა შეეყვანა წყალი, ბ.გ-ემ ბინა გაასხვისა და ახალ შემძენს არსებული შეთანხმების შესახებ არაფერი უთხრა.
მოპასუხე გ. ჩ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: 1999 წლის 14 დეკემბერს ბ. გ-ისაგან შეიძინა ქ.ბათუმში, დ.თ-ის ქ.№10-ში ლიტ „ა“-ს მე-3 სართულზე მდებარე 60.88 კვ.მ ბინა. ბინის ფართში თავიდანვე შედიოდა და დღესაც შედის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 7.2 კვ.მ ოთახი, რომელსაც არ გააჩნია გასასვლელი მეზობლად მდებარე ბინაში და ტექბიუროს მონაცემებითა და ბ. გ-ის საკუთრებაში არსებული ფართის ტექნიკური პასპორტის მიხედვით იგი შეძენის დროისათვის წარმოადგენდა ბ. გ-ის ინდივიდუალური საკუთრების საგანს. ბ. გ-ისაგან ზემოთ აღნიშნული ფართის შეძენის შემდეგ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რომელიც იმ დროისათვის ახორციელებდა საჯარო რეესტრის ფუნქციებს, შეძენილი ფართის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, რომელზედაც გაიცა შეძენილი ფართის ტექნიკური პასპორტი და შესაბამისად აღინიშნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებშიც. აღნიშნული ფართის შეძენისას, მოცემულ ფართში შემავალ 7.2 კვ.მ ოთახს არ გააჩნდა რაიმე ღიობი ან კარი დამაკავშირებელი გ.ძ-ას კუთვნილ ბინასთან და მოცემული ოთახი ტექაღრიცხვის მასალების მიხედვით იმ დროისათვის წარმოადგენდა ბ.გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს. ბ. გ-ისაგან მისი შეძენის შემდეგ კი, მან ჩაატარა სარეკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაოები ქუჩის მხარეს, რის საფუძველზეც გაიზარდა ბინის ფართი 96,19 კვ.მ-მდე., შესაბამისად, როდესაც 2008 წლის 22 აპრილს მის საკუთრებაში არსებული ბინის პირველადი რეგისტრაცია განახორციელა, მან საჯარო რეესტრს წარუდგინა როგორც 1999 წლის 14 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ასევე, ბინის ტექნიკური ნახაზი, სადაც ასახული იყო ბინის რეალური მდგომარეობა 2008 წლისათვის და 2008 წლის 22 აპრილს საჯარო რეესტრში იგი დარეგისტრირდა 96.19 კვ.მ ფართის მესაკუთრედ, ამასთანავე სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩატარებულა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ 7.2 კვ.მ ოთახში და ისეთივეა, როგორიც მისი შეძენის დროს 1999 წელს იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. ძ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ძ-ამ და ნ. ძ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გ. და ნ. ძ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ბათუმში, დ. თ-ის ქ.№10-ში, ბინა №26-ში მოსარჩელე გ. ძ-ას 1999 წლის 19 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გააჩნია 34 კვ.მ ოროთახიანი ბინა. გ. ჩ-ის საკუთრებაში ირიცხება 96.19 კვ.მ მანსარდი, რომელიც მან ბ. გ-ისაგან 1999 წლის 14 დეკემბერს შეიძინა და რომელიც ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს. 1997 წლის 24 მაისის ხელწერილს, ხელს აწერენ ნ. ძ-ა, ბ. გ-ე და ზურაბ კოკაია. ამ ხელწერილის თანახმად, დგინდება, რომ ნ. ძ-ამ ეს ხელწერილი მისცა ბ. გ-ეს. ხელწერილში აღნიშნულია:„თანახმა ვარ ქ.ბათუმში, შ-ის ქ.№10 მდებარე ჩემი კუთვნილი 2 ოთახიანი ბინის პატარა ოთახში მოშალოს სადარბაზოდან შემოსასვლელი კარები და ამოაშენოს ყრუ კედელი. ასევე სადარბაზოში მისი შესასვლელიდან 1.45 სმ-ზე სადარბაზოში არსებული მისი ბინის კედლიდან, ამოაშენოს ცალკე მის ბინაში შესასვლელი, რის სანაცვლოდ შეაკეთოს საერთო შესასვლელი სადარბაზო, ჩამისვას დიდ ოთახში შესასვლელი ორფრთიანი კარის ნაცვლად ცალფრთიანი კარი, ასევე სადარბაზოში შემოსასვლელი ორფრთიანი კარები გამოცვალოს ცალფრთიანი კარებით, მისი ბინაში შესასვლელი კარების მარჯვნივ, აღადგინოს თარო 46 სმ. სიგანის კედლის მთლიან სიმაღლეზე“. ადგილზე დათვალიერების, თანახმად, „...დადგინდა, რომ სამზარეულო სადაც წყალი უნდა იქნეს გამოყვანილი, მის პირდაპირ ქვემოთ არის ბ.გ-ის საძინებელი ოთახი. მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ლ. ჯ-ამ განმარტა: „ბ. გ-ე რემონტს ატარებდა მთელი ერთი წელი. ამის შესახებ იცოდა ნ. ძ-ამ და პრეტენზია არ გამოუთქვამს. ბინა გ. ჩ-მა როცა იყიდა, ბ. გ-ეს რემონტი უკვე დამთავრებული ქონდა. ბინა იმ მდგომარეობით იყიდა ბ. გ-ისაგან რა მდგომარეობაშიც დღეს არის. გ. ჩ-ს მას შემდეგ არანაირი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩაუტარებია, მხოლოდ ქუჩის მხარეს საპირფარეშო გაარემონტა. შესასვლელი რა ეტაპზეც არის ახლა ისე იყიდა. იმ ოთახებს და იმ შესასვლელ კარებს რაზეც დღეს დავაა გადაკეთებამდე კარები ჰქონდა.“ მოწმის სახით დაკითხულმა ნესტან ხაბაზმა აჩვენა, რომ გ. ჩ-მა ბინა ზუსტად ისეთი იყიდა, როგორიც დღეს არის. ჩ-მა მხოლოდ აბაზანა მოამატა, მას სხვა არაფერი არ შეუცვლია. სანამ გ. ამ ბინას იყიდდა ორი კარი ჰქონდა. ბ. გ-ემ რემონტი რომ ჩაატარა ნ. ძ-ასთვის ეს ცნობილი იყო.“მოწმის სახით დაკითხულმა ლარისა რუსიძემ განმარტა, რომ „ბ. გ-ე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებდა 1999 წლამდე. გ. ძ-ას რემონტამდე და რემონტის შემდეგაც იშვიათად ხედავდა. გ. ძ-ას ქონდა თუ არა რაიმე პრეტენზიები ბ. გ-ესთან მისთვის უცნობია. გ. ჩ-მა ბინა იყიდა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის“. ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის №216 გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, დ. თ-ის ქ.№10-ში ბ. გ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა გატარდა რეგისტრაციაში. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ 1999 წლის 3 დეკემბერს გამოსცა ექსპლოატაციაში მიღების აქტი, რომლითაც ბ. გ-ის სახელზე ექსპლოატაციაში იქნა მიღებული ქ.ბათუმში დ. თ-ის ქ.№10-ში მდებარე 244,66 ფართი. იმავე პერიოდში ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში წარდგენილ იქნა ექსპლოატაციაში მიღებული ფართის ტექნიკური ნახაზი და განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები ტექბიუროს მასალებში, ხოლო ბ. გ-ის სახელზე გაიცა სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებული მისი კუთვნილი ფართის ტექნიკური ნახაზი. 1999 წლის 14 დეკემბერს მოპასუხე გ. ჩ-მა ბ. გ-ისაგან შეიძინა ქ.ბათუმში, თ-ის ქ.№10, ლიტერ „ა“-ში მესამე სართულზე (მანსარდი) მდებარე 60,88 კვ.მ ბინა, რომელშიც შედიოდა და დღესაც შედის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 7,2 კვ.მ №6 ოთახი, რომელიც იმ დროისათვის ბ. გ-ის სახელზე გაცემული ტექნიკური პასპორტის მიხედვით წარმოადგენდა ბ. გ-ის ინდივიდუალურ საკუთრების საგანს. ბ. გ-ისგან აღნიშნული ფართის შეძენის შემდეგ ტექინვენტარიზაციის ბიუროში შეძენილი ფართის მესაკუთრედ დარეგისტრირდა გ. ჩ-ი. ტექბიუროს არქივში დაცული მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ბ. გ-ის სახელზე სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებული ფართი, მათ შორის ლიტერ „ა“-ს მანსარდი ისეთივეა, როგორიც იყო სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების შემდეგ ბ. გ-ისაგან შეიძინა გ. ჩ-მა. ანუ ქ.ბათუმში, დ.თ-ის ქ.№10-ში მდებარე ლიტერ „ა“-ს მანსარდაში 1999 წლისთვის ბ. გ-ეს საკუთრებაში გააჩნდა 60,88 კვ.მ ფართი, რომელსაც გააჩნდა დამოუკიდებელი შესასვლელი. აღნიშნულ ფართში შემავალ 7,2 კვ.მ ოთახს კი იმ დროისათვის არ გააჩნდა რაიმე ღიობი ან კარი დამაკავშირებელი გ. ძ-ას კუთვნილ ბინასთან და იგი წარმოადგენდა ბ. გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას. ბ. გ-ისაგან ფართის შეძენის შემდეგ გ. ჩ-მა მოცემულ ფართზე განახორციელა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები ქუჩის მხარეს, რის საფუძველზეც გაიზარდა ბინის ფართი 96,19 კვ.მ-მდე. ამასთან უდავოა, რომ აღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ შეხებია მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ 7,2 კვ.მ ოთახს და მას იგივე კონფიგურაცია და ფართობი გააჩნია, რაც გააჩნდა მაშინ, როცა იგი შეიძინა ჩ-მა გ-ისაგან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, დ. თ-ის ქ.№10-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე გ.ძ-ა ფლობს №5 18,91 კვ.მ ოთახს, და №6 14,83 კვ.მ ოთახს და მათი საერთო ფართობი შეადგენს 33.74 კვ.მ-ს. ტექბიუროში კი დაფიქსირებული ფართობი შეადგენს 32,74 კვ.მ-ს გ.ჩ-ი ფლობს 6,64 კვ.მ №9 ოთახს, №10 24,10 კვ.მ ოთახს, №7 7,44 კვ.მ ოთახს, №8 9,0 კვ.მ ოთახს. 7,56 კვ.მ სამზარეულოსა და 6,9 კვ.მ აბანო - ტუალეტს. სულ საერთო ფართობი შეადგენს 61.64 კვ.მ-ს ტექბიუროში დაფიქსირებულია 60,88 კვ.მ. №16 ოთახი ფაქტობრივი ფართობი 8,2 კვ.მ-ია, ხოლო №9 ოთახის 6,64 კვ.მ ტექბიურს ამონაწერებით 9,8 კვ.მ და 7,2 კვ.მ ,სხვაობა შესაბამისად 1,6 კვ.მ. და 0,56 კვ.მ.-ია. მხარეების მიერ დაკავებული ფაქტობრივი და ტექბიუროში არსებული მონაცემები, ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. მათი გაზრდა ან შემცირება რომელიმე ოთახის ხარჯზე არ განხორციელებულა. №6 და №9 ოთახს შორის საარქივო დოკუმენტების მიხედვით არსებიობდა გასასვლელი კარი, რომელიც ამოშენებული და დალუქულია. აღნიშნული განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებით. გ. ძ-ა ფლობს №5 და №6 ოთახებს, ის გაფორებულია 1993 წლის 19 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით და 1993 წლის ივნისში გაცემული ბინის პასპორტით.1993 წლიდან დრემდე გ. ძ-ას პრივატიზებულ ორ №5 და №6 ოთახს ფართის მიხედვით ცვლილება არ განუცდია. გ. ჩ-ის მფლობელობაში არსებული ბინა, მათ შორის ბინის შესასვლელში არსებული 7,2 კვ.მ ოთახი ჩ-ის მფლობელობაში არსებული 61,64 კვ.მ არ აღემატება საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რეგისტრირებული 96,19 კვ.მ-ს.გ. ჩ-ის მფლობელობაში არსებული ბინის ფართი მათ შორის ბინის შესასვლელში არსებული №9 ოთახი, რომელიც საარქივო ნახაზების მიხედვით 7,2 კვ.მ-ია, ხოლო ფაქტობრივად 6.64 კვ.მ-ია, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით არის ის ფართი, რაც მას საჯარო რეესტრში აქვს საკუთრებად რეგისტრირებული, მაგრამ არ არის 35,31 კვ.მ, რაც მას მიშენების პერსპექტივად უნდა ეწარმოებინა. გ. ჩ-ის №9 ოთახის ფართი შეადგენს 6,64 კვ.მ-ს ტექბიუროს ნახაზების მიხედვით კი ის 7,2 კვ.მ უნდა იყოს. 1999 წლის 3 დეკემბრიდან დღემდე მისი ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება არ შეინიშნება. საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის 19 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და გ. ძ-ას სახელზე 1993 წლის ივნისში გაცემული ბინის პასპორტის მიხედვით გ. ძ-ას არ აქვს პრივატიზებული გ. ჩ-ის მფლობელობაში არსებული ბინის რაიმე ნაწილი. არ დგინდება გ. ძ-ას საკუთრების უფლება ჩ-ის მფლობელობაში არსებული ბინის რომელიმე ნაწილზე. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ფართზე სადაც მოსარჩელეებს სურთ კარის აღდგენა საკუთრების უფლებით ეკუთვნის გ. ჩ-ს, რომელიც მან შეიძინა ბ. გ-ისგან და თვით ბ. გ-ის საკუთრება დადასტურებულია ტექბიუროსა და რეესტრის ჩანაწერებით.
სამოქალაქო კოდექსის 311-ე, 312-ე მუხლების საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ გ. ჩ-ი არის კეთილსინდისიერი შემძენიც, რადგან იგი, დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ხოლო მტკიცებულება იმაზე, რომ ბ. გ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერები სადავო იყო და აპელანტები ამაზე დაობდნენ, საქმეში არ მოიპოვება. გარდა ამისა, ბ. გ-ის საკუთრებასთან დაკავშირებით აპელანტს 2006 წლამდე პრეტენზია არ განუცხადებია. მისი საკუთრება – იმ სახით რა სახითაც შეიძინა იგი შემდგომ ჩ-მა – ბ. გ-ემ მოაწყო ნ. ძ-ასთან დადებული 1997 წლის 23 მაისის ხელწერილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც უდავოდ დგინდება, რომ ძ-ამ თავის დროზე სადავო ფართი და იქ არსებული კარების ამოქოლვის უფლება მისცა ბ. გ-ეს სანაცვლო ვალდებულების შესრულებისათვის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნითაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ჯერ ბ. გ-ე და შემდგომ სადავო ფართის მესაკუთრეს ამჟამად გ. ჩ-ი წარმოადგენს, რომელმაც ეს ფართი შეიძინა ბ. გ-ისგან, რომელიც მანამდე მესაკუთრე იყო ნამდვილი უფლების საფუძველზე. შესაბამისად, გ. ჩ-ს აქვს უფლება დაიცვას მისი საკუთრება მესამე პირთა ხელყოფისაგან და არ დაუშვას მასზე სხვა პირთა ზემოქმედებანი.
,,საცხოვრებელ შენობათა ძირითადი ელემენტების მიმართ მოთხოვნების“ 2.6. პუნქტის თანახმად, ,,უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია, განთავსდეს საპირფარეშო ან სააბაზანო. დაუშვებელია ხელსაწყოთა და მილგაყვანილობათა უშუალოდ დამაგრება ბინათშორის კედლებსა და ტიხრებზე, რომლებიც შემოფარგლავენ საცხოვრებელ ოთახებს“. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.ძ-ას, სურს წყლის გაყვანა, რამაც მთლიანად უნდა გაიაროს ჩ-ის ბინის ყველა კედელი, ამასთან აპელანტს სურს ჩ-ის საძინებელი ოთახის თავზე მოაწყოს აბაზანა-ტუალეტი რაც სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, დაუშვებელია, ანუ მხარე არაა ვალდებული წყლის გაყვანის უფლება მისცეს.
რაც შეეხება 1997 წლის 23 მაისის ხელწერილს, აპელანტები აცხადებენ, თითქოს მასში არ არის ასახული სიმართლე, პალატამ აღნიშნა, რომ მხარემ ამ დოკუმენტის სიყალბე სათანადო წესით ვერ დაადასტურა, შესაბამისად, პალატამ იგი სარწმუნოდ მიიჩნია და გაითვალისწინა. პალატამ ასევე განმარტა, რომ ფართი თავდაპირველი სახით ვერ აღდგება, ვინაიდან ბ. გ-ისაგან ფართის შეძენის შემდეგ გ. ჩ-მა მოცემულ ფართზე ჩაატარა სარეკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაოები ქუჩის მხარეს, რის საფუძველზეც გაიზარდა ბინის ფართი 96,19 კვ.მ-დე. ამასთან უდავოა, რომ აღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ შეხებია მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ 7,2 კვ.მ. ოთახს და მას იგივე კონფიგურაცია და ფართობი გააჩნია, რაც გააჩნდა მაშინ, როცა იგი შეიძინა ჩ-მა გ-ისაგან, ხოლო აღნიშნული ფართზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ბ. გ-ემ ჩაატარა, რაზედაც თავის დროზე აპელანტ მხარეს პრეტენზია არ განუცხადებია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ძ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ დაადგინა, რომ მას საკუთრებაში გააჩნია 34 კვ.მ ფართი, საქმეში არსებული მასალებით აღნიშნული არ დგინდება. მას დაკავებული აქვს №5 და №6 ოთახები, რომლის ფართი შეადგენს 32 კვ.მ ანუ საკუთრებაში გააჩნია არა 34 კვ.მ არამედ 32 კვ.მ, იგი ვერ სარგებლობს 34 კვ.მ-ით, იგი მოპასუხეებს უკანონოდ აქვთ მითვისებული და დაკავებული, შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ მოპასუხე წარმოადგენს მესაკუთრეს, უადგილოა. სასამართლომ ასევე დაადგინა ის ფაქტი, რომ 1999 წლის 14 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბ. გ-ისაგან და საკუთრებაში გააჩნია 96.19 კვ.მ. მანსარდი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. გ. ჩ-მა ბ. გ-ისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბათუმში, დ.თ-ის ქ.№10-ში, მდებარე ბ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1384,29 კვ.მ სახლთმფლობელობის საერთო ფართის 1/22 ნაწილი, რაც შეადგენს 60,88 კვ.მ-ს დღეისათვის კი გ. ჩ-ს უკავია გაცილებით მეტი ფართი. სასამართლო მიუთითებს, რომ მან ვერ დაამტკიცა, გ. ჩ-ის მიერ ფართის უკანონოდ ფლობა, მაშინ, როცა საქმეში მოიპოვება რიგი მტკიცებულებებისა, რომლითაც დგინდება, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას, სადავო ფართიდან მოსარჩელეს ჰქონდა ღიობი-კარები და სასამართლომ ექსპერტიზა არ ჩაატარა, რათა დადგენილიყო, რომ გ. ჩ-ი ფლობს იმაზე მეტს, ვიდრე მან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა. სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ჩ-მა ბ. გ-ისგან შეიძინა ინდივიდუალური საკუთრება, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. საქმეში მოიპოვება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც არ დგინდება ბ. გ-ის რომელი კუთვნილი წილი შეიძინა გ. ჩ-მა, ან სად მდებარეობს ეს წილი. სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ჩ-მა შეიძინა სადავო ფართი და ამ სადავო ფართში მას რაიმე სარეკონსტრუქციო სამუშაოები არჩაუტარებია. მან მხოლოდ ქუჩის მხარეს აწარმოა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის საფუძველზეც გაიზარდა ბინის ფართი და ეს მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, მაშინ როცა იგი ამაზე ყოველთვის მიუთითებდა. სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ჩ-ი არის მესაკუთრედ და მის მიმართ რეესტრის ჩანაწერი არის უტყუარი, მაშინ, როცა სადავო ფართის მესაკუთრეს თავად წარმოადგენს, მაგრამ სასამართლო ამ ფაქტზე საერთოდ არ იმსჯელა. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არის შეუძლებელი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ძ-ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის ს-ა ქმედების დავალდებულება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ძ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ძ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.