№ას-132-127-2012 23 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ე. პ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.-პ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ე. პ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის შესახებ აქტის ბათილად ცნობისა და უსაფუძვლოდ დარიცხული ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
სასტუმრო „ე. პ-ი“ სარგებლობს სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიერ მოწოდებული ელექტროენერგიით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ანაზღაურებდა ელექტრომრიცხველის ჩვენების შესაბამისად. ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობა დადგენილ იქნა სს „ე.-პ. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის შესაბამისი სამსახურის მიერ, მათ მიერვე განისაზღვრა ელექტრომრიცხველის სახეობა, რომელიც შემოწმდა, დაილუქა და შემდეგ დამონტაჟდა ქ.ბათუმში არსებული №139 სატრანსფორმატორო გამანაწილებელ ჯიხურში, სადაც სასტუმროს თანამშრომელთა შეღწევის შესაძლებლობა გამორიცხული იყო. ელექტრომრიცხველის განთავსების ადგილი წარმოადგენდა სს „ე.-პ. ჯ-ას” კუთვნილ ობიექტს და მის მუშაობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ეს უკანასკნელი. ხშირად უხარისხო ელექტროენერგიის მოწოდების მიუხედავად, მოსარჩელე ვალდებულებას ყოველთვის ჯეროვნად ასრულებდა. 2010 წლის 5 თებერვალს, ე.კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს მოსარჩელის კუთვნილი მრიცხველი და შეადგინეს შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც აღრიცხვის მექანიზმი არ მუშაობდა და ვერ ახერხებდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვას. 2010 წლის 9 თებერვალს სს „ე.-პ. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის თანამშრომლებმა შეცვალეს ძველი მრიცხველი ახლით, შედგა შესაბამისი განაწესი და შემოწმების აქტი, რომელშიც მიეთითა გაზომვების ჩატარების შესახებ და რომ მრიცხველის მიერთების სქემა იყო სწორი, მრიცხველი მუშაობდა ცდომილების გარეშე დასაშვებ ფარგლებში. მრიცხველი ადგილზე დაილუქა. სეწმეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების წესების“ 6.1 მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის მომწოდებელი, (განაწილების ლიცენზიანტი) ვალდებული იყო, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო აღრიცხვის კვანძის მოწყობა მრიცხველის შეძენის ჩათვლით. მიუხედავად აღნიშნულისა, განაწილების ლიცენზიანტის მითითებით, როგორც პირველ, ასევე, მეორე მრიცხველის შემთხვევაშიც, მოსარჩელე იძულებული გახდა, შეეძინა მრიცხველი სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსაგან სამწლიანი გარანტიით. 2011 წლის 17 მაისს შედგა მოხმარებული ელ.ენერგიის დარიცხვის აქტი, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 5 თებერვალს შედგენილი აღრიცხვის შემოწმების №001426 აქტის საფუძველზე, დარღვევის სახედ მოსარჩელეს დაუდგინდა ელექტროენერგიის აღურიცხავობა და დაერიცხა ჯარიმა საშუალო დღე-ღამური ხარჯი დაანგარიშებული 90 კალენდარულ დღეზე, სულ 8331,60 ლარი, რაც უსაფუძვლო და არაკანონიერია, ლახავს მოსარჩელის უფლებებს.
მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-ამ“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ელ.მომარაგების ტექნიკური პირობა გაიცა და აღრიცხვის კვანძი მოეწყო 2009 წლის ივნისში. სადავო დარიცხვის აქტით კი დარიცხვა განხორციელებულია 2009 წლის 11 ნოემბრიდან 2010 წლის 9 თებერვლამდე, შესაბამისად, აშკარაა, რომ 2009 წლის ივნისში აღრიცხვის კვანძის გამართული მუშაობა ვერანაირად დაადასტურებს იმავე მდგომარეობის არსებობას ექვსი თვის შემდეგაც. დარიცხვის სადავო აქტი, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, არანაირ კავშირში არ არის აღრიცხვის კვანძის მომწყობის ვინაობასა ან მის ადგილმდებარეობასთან. 2010 წლის 5 თებერვლის აღრიცხვის შემოწმების აქტით აღრიცხვის კვანძის მუშაობაში დარღვევის გამოვლენა თავისთავად გამორიცხავს ამ დრომდე მრიცხველის გამართულად მუშაობის შესაძლებლობას. დამონტაჟებიდან 2010 წლის თებერვლამდე შემოწმების ჩაუტარებლობას შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეს დავის საგანთან, ამასთან, შემოწმების ჩატარება მხარეთა ინიციატივაზეა დამოკიდებული და რაიმე ფორმით ან პერიოდულობით სავალდებულო არ არის. აღრიცხვის კვანძის გამართული მუშაობა ვერ დადასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული აბონენტის ბარათით. მოქმედი კანონმდებლობით სათანადო წესით დამოწმებული შემოწმების აქტით დადგენილი დარღვევის ფაქტი პირდაპირ წარმოადგენს ბოლო სამი თვის განმავლობაში აღრიცხვის დარღვეულად მიჩნევისა და შესაბამისი დარიცხვის განხორციელების საფუძველს. 2010 წლის 5 თებერვლის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტში ნამდვილად მითითებულია აღრიცხვის დარღვევა, რაც წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელსაწყოთი, სათანადო წესით ჩატარებული გაზომვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ასახვასა და აღრიცხვას, დარღვევის ფაქტის დადგენას, რაც დარიცხვის განხორციელების საკმარისი საფუძველია. მრიცხველის შემდგომი კვლევა საჭიროებას არ წარმოადგენდა და მის ჩატარება-არჩატარებას შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეს დავის საგანთან. 2010 წლის 9 თებერვალს აბონენტის აღრიცხვის კვანძი მოწესრიგდა, დარიცხვაც სწორადაა განხორციელებული ამ დრომდე მოსარჩელის მიერ მითითებული ეს გარემოებაც მხოლოდ დარიცხვის სისწორესა და კანონიერებას ადასტურებს. სს „ე.-პ. ჯ-ა“ არავითარ დარღვევის ჩადენაში არ დებს ბრალს შპს „ე. პ-ს“. ე.კომპანია მოსარჩელეს არ ედავება ელ.ენერგიის უკანონო მოხმარებაში. მოსარჩელის მოსაზრება დარიცხვის აქტის ბათილად ცნობის ან დარიცხვის უკანონოდ მიჩნევის თაობაზე საფუძველს მოკლებულია. აღრიცხვის კვანძის შემოწმების №001426 აქტით დადგენილია, რომ მრიცხველი არ მუშაობს და არ აღირიცხება მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია სრულად. განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა აბონენტისაგან დამოუკიდებლად, მისი ბრალეული მოქმედების გარეშე, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის მოშლას. გამომდინარე აქედან, №001839 აქტით განხორციელდა აღურიცხავი, მაგრამ რეალურად მოხმარებული ელ.ენერგიის დარიცხვა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად. ე.კომპანიამ 2011 წლის 17 მაისს შედგენილი №001839 აქტით განახორციელა აღურიცხავად მოხმარებული ელ.ენერგიის დარიცხვა. დარიცხული თანხის ოდენობა სრულად შეესბამება სემეკის №20 დადგენილებებით განსაზღვრულ დასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესს. არასწორია მოსარჩელის მოსაზრება ელ.ენერგიის დარიცხვის იმ პერიოდზე გავრცელების შესახებ, რომელზეც არ ყოფილა დადგენილი აღრიცხვის დარღვევის ფაქტი. დარღვევა გამოვლინდა 2010 წლის 5 თებერვალს და გამოსწორდა 2010 წლის 9 თებერვალს, შესაბამისად, დარიცხვა განხორციელდა სეწმეკის ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესით. დარღვევის ფაქტის გამოვლენა თავისთავად ნიშნავს, რომ ბოლო სამი თვის დარიცხვა (სპეციალური საგამონაკლისო პირობების არარსებობის შემთხვევაში) აღარ მიიჩნევა სწორად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, მის მიერვე შედგენილი ცნობა შემოსავლების შესახებ ვერ იქნება უტყუარი მტკიცებულება და იგი მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, ამასთან, შემოსავლების ოდენობით შეუძლებელია დადგინდეს ელ.ენერგიის მოხმარების პარამეტრები. დაუსაბუთებელია მოსარჩელის განმარტება, რომ, მიუხედავად ხშირ შემთხვევაში უხარისხო დენის მიწოდებისა, რაც გამოიხატება საყოფაცხოვრებო ტექნიკის პერიოდულ დაზიანებაში, შპს „ე. პ-ი“ ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებას. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულებაზე, რაც სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება – მიაწოდა ელ.ენერგია, ხოლო მოსარჩელემ არ გადაიხადა მოხმარებული ელ.ენერგიის საფასური, შესაბამისად, შპს „ე. პ-მა“ დაარღვია ხელშეკრულების არსებითი პირობა – მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდა. უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 394-ე, 395-ე, 401-ე და 514-ე მუხლების მითითება, რადგანაც აღნიშნული ნორმები სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. მოსარჩელე ვერ უთითებს კონკრეტულად, თუ რომელი მუხლი რა ფორმით იქნა დარღვეული კომპანიის მიერ და რომელ ნორმას ეწინააღმდეგება სადავო დარიცხვის აქტი. მრიცხველის შეძენა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსაგან სამწლიანი გარანტიით არ უკავშირდება დარიცხვის აქტის შედგენას, მით უფრო, მის გაუქმებას. მოპასუხემ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების მისთვის დაკისრების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ე. პ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შპს „ე. პ-ი“, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე. პ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შპს ე.-პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ე. პ-ის“ სარჩელი, სს „ე.-პ. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის მიერ 2011 წლის 17 მაისს შედგენილი მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის №001839 აქტის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით შპს „ე. პ-მა“ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2011 წლის 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რის თაობაზეც 2011 წლის 7 ოქტომბერს პირადად ეცნობა შპს ე. პ-ის დირექტორ ა. დ-ეს. აპელანტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სხდომის თაობაზე ეცნობებინა შპს „ე. პ-ის“ დირექტორისათვის და ამ სახის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, როგორც მხარისათვის, ასევე მისი წარმომადგენლისათვისაც. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ პალატა უფლებამოსილი იყო, მხარე სასამართლოში დაებარებინა ტელეფონით, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი აქტით, აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლომ მხარის დაბარება კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რადგანაც საქმის მასალების თანახმად, საჩივრის ავტორი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომას ესწრებოდა 2011 წლის 27 ოქტომბერს 14:41 საათიდან. სააპელაციო სასამართლოს სხდომა კი დანიშნული იყო იმავე დღეს, 12:00 საათზე, ანუ უფრო ადრე, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნული საქმის განხილვა ხელს ვერ შეუშლიდა საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებაში. საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განხილვის დღეს საჩივრის ავტორის სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება არ ჩათვალა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, რადგანაც ეს ფაქტი სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა. სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დრო მხარისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2011 წლის 7 ოქტომბერს, საქმის განხილვამდე 20 დღით ადრე, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ის საპატიო მიზეზი, რომლის გამოც ვერ შეძლო, სხდომაზე გამოუცხადებლობა საქმის განხილვამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპქროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმების წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე. პ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტ შპს „ე. პ-ის“ დირექტორი მოწვეული იყო სხდომაზე სატელეფონო შეტყობინებით, მისთვის არ განუმარტავთ სასამართლოზე გამოუცხადებლობის შედეგები და ვალდებულება, გამოუცხადებლობის შემთხვევაში ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზი. ასევე, არ განუმარტავთ, რომ სატელეფონო შეტყობინებით, ფაქტობრივად უწყება ითვლებოდა ჩაბარებულად მისთვის, როგორც მხარისათვის და ასევე მისი წარმომადგენლისათვისაც. კასატორს სათანადო ცოდნა არ გააჩნდა, რომ გაეთავისებინა სატელეფონო შეტყობინებით სხდომაზე მოწვევის მნიშვნელობა და შედეგები. მან იცოდა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო აპელანტის წარმომადგენლის მონაცემები და გააჩნდა ვარაუდის საფუძველი, რომ ანალოგიურ შეტყობინებას სასამართლოსაგან მისი წარმომადგენელიც მიიღებდა. შპს „ე. პ-ის“ წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის შესახებ ცნობილი გახდა სხდომის დღეს, დღის მეორე ნახევარში, როდესაც მარწმუნებელი დაინტერესდა სხდომის შედეგებით. როგორც კი, აღნიშნული ცნობილი გახდა კასატორის წარმომადგენლისთვის, ის დაუყონებლივ, ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განუმარტა, რომ სასამართლოს უკვე მიღებული ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სატელეფონო შეტყობინება განხორციელებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შესაბამისად, სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც სასამართლო შეტყობინება არ მიუღია კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი. სასამართლო სხდომის ჩატარების დღეს, ორი საათის განსხვავებით, შპს „ე. პ-ის“ წარმომადგენელი მონაწილეობდა სხვა სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რაც ფიზიკურად გამორიცხავდა ამ უკანასკნელის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მისი დაუსწრებლობა ყველა შემთხვევაში იყო საპატიო, მიუხედავად იმისა, მან ამის შესახებ დროულად შეატყობინა თუ არა სასამართლოს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმომადგენლის დაუსწრებლობის საფუძველი აბსოლუტურად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის დისპოზიციას და იგი გაზიარებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ. შესაძლებელია, გაჩნდეს მოსაზრება, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო იყო მხარის წარმომადგენლისათვის, მაგრამ არა მხარისათვის, შესაბამისად, ამ უკანასკნელს შეეძლო, მონაწილეობა მიეღო სხდომაში ან საკუთარი ინტერესები დაეცვა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით. ლოგიკური ანალიზი გამორიცხავს ამგვარი მსჯელობის შესაძლებლობას, რადგანაც სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების პირობებში, როდესაც იზღუდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა წრე (შესაძლებელია იყოს მხოლოდ ადვოკატები), არალოგიკურია მსჯელობა, რომ მარწმუნებელმა რომელსაც არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია, დაიცვას საკუთარი ინტერესები სააპელაციო სასამართლოში, გამოცხადებულიყო სხდომაზე და დამოუკიდებლად ეწარმოებინა საქმე, ასევე უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ მხარეს შეეძლო საკუთარი ინტერესების დაცვა მიენდო სხვა ადვოკატისათვის მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდებოდა მისი ინტერესების დამცველის სხდომაზე გამოუცხადებლობა სხვა საქმეში მონაწილეობის მიზეზით. მარწმუნებლის მიერ ადვოკატის შეცვლის, ლოგიკურად სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს დაკარგავდა საჩივარში თავდაპირველი ადვოკატის მითითება და მისი იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლის შეცვლის შემთხვევაში, მხარე უპირველესად სასამართლოს აცნობებს, რათა ამით არ შეილახოს მხარის უფლებები. ამდენად, სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი დაესკვნა, რომ სხდომაზე წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამიოუცხადებლობის მიუხედავად, უნდა გამოცხადებულიყო მხარე ან მისი სხვა წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, რომ სააპელაციო საჩივარში იდენტიფიცირებული წარმომადგენლის სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვისაც საპატიოა მანამ, ვიდრე სასამართლოსათვის ცნობილი არ გახდება მხარის ინტერესების დასაცავად საქმის წარმოებაში სხვა პირის ჩართვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელს საპატიო მიზეზით არ შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, მხარეს უპრობლემოდ შეეძლო დასწრებოდა სხდომას, თუნდაც პროცესის გადადებაზე შუამდგომლობის დაყენებისათვის, რასაც აუცილებლად გააკეთებდა კიდეც მისთვის რომ განემარტათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. სააპელაციო სასამართლოს სხდომის დროის შესახებ შეტყობინება შპს „ე. პ-ის“ წარმომადგენელს პირადად არ მიუღია, მიუხედავად მისი, როგორც ადვოკატის მონაცემების სააპელაციო საჩივარში მითითებისა. ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელისთვის უცნობი იყო სხდომის თარიღი, დასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე დანიშნულ სხვა საქმეზე ამ უკანასკნელის მონაწილეობითაც. ერთროულად ორივე პროცესში მონაწილეობა კი შეუძლებელი იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 12:00 საათზე. შპს „ე. პ-ის“ წარმომადგენლისათვის სხდომის შესახებ შეტყობის შემთხვევაში, ის უპირატესობას აღნიშნულ სხდომას მიანიჭებდა და გამოცხდდებოდა პროცესზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთ სასამართლოს წინასწარ აცნობებდა საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტს, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, თუმცა შესაბამისი ინფორმაციის არქონამ რწმუნებულს არ მისცა შესაძლებლობა, ესარგებლა აღნიშნული უფლებით, უფრო მეტიც, კასატორს შეელახა უფლების სასამართლო წესით დაცვის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით შპს „ე. პ-ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმის განხილვა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე. პ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ე. პ-ის“ სარჩელი სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტის ბათილად ცნობის შესახებ (ს.ფ.110-117).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ (ს.ფ.120-128).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შპს „ე. პ-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო 2011 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა და საქმის განხილვა დადგინდა ზეპირი მოსმენით 2011 წლის 27 ოქტომბერს 12:00 საათზე (ს.ფ.150-151; 166).
სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტ შპს „ე. პ-ის“ დირექტორ ა. დ-ესა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 7 ოქტომბერს (ს.ფ. 167-168).
სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი (ს.ფ.172), რის გამოც, 2011 წლის 27 ოქტომბერს დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და არ დაკმაყოფილდა შპს „ე. პ-ის“ სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგი. დასახელებული ნორმა თავის შინაარსითა და საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებში მითითების გამო, წარმოადგენს სპეციალურ ნორმას ზემდგომ სასამართლოში საქმის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობასთან მიმართებით და ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სპეციალური დებულებების შესაბამისად. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სასამართლო უპირობოდ ეტყვის უარს სააპელაციო საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თუ სახეზეა შემდეგი წინაპირობები: ა) არ გამოცხადდა აპელანტი, ბ) არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები (არაა სახეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის წინაპირობები) და გ) გამოცხადებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის თაობაზე 2011 წლის 7 ოქტომბერს შპს „ე. პ-ის“ დირექტორ ა.დ-ეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით (ს.ფ.168). ამავე აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად დასტურდება, რომ ა.დ-ეს ამომწურავად განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგებიც, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ მას გამოცხადების აუცილებლობის თაობაზე არ ეცნობა და იურიდიული განათლების არქონამ განაპირობა მისი საწინააღმდეგოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორის ზემოაღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებიდან და არ აბათილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო მოხელის მიერ შედგენილ სატელეფონო შეტყობინების აქტის შინაარსს. პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საკასაციო საჩივის პრეტენზიას, რომ სასამართლო შეტყობინება ასევე უნდა ჩაბარებოდა წარმომადგენელს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა.დ-ის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მხარეს სადავოდ არ გაუხდია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა შპს „ე. პ-ს“, ხოლო უფლებამოსილი პირის შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, წარმომადგენლის ინფორმირებადაც მიიჩნევა, ისე რომ, სასამართლო არ არის ვალდებული, თითოეულს აცნობოს ცალ-ცალკე. რაც შეეხება სასამართლო სხდომის დროის შესახებ შპს „ე. პ-ის“ ინფორმირების წესს, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სატელეფონო შეტყობინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა განხორციელებული, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული შეტყობინების ფორმებიდან ერთ-ერთი სატელეფონო შეტყობინებაა, რომლის ნამდვილობასაც კანონმდებელი საქმეში შესაბამისი აქტის არსებობას უკავშირებს, ამასთანავე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. განსახილველ შემთხვევაში, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების დაცვის ფაქტს ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი, საქმეში წარმოდგენილი აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა და განსაზღვრულია, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძ- ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. აღნიშნული წარმოადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო არაა უფლებამოსილი, მხარის გამოუცხადებლობისას საქმე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დაამთავროს, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, ასევე გამოცხადების აუცილებლობის თაობაზე აპელანტს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას საქმის ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად განხილვის თაობაზე. კასატორის ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული ნორმის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესიდან.
დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე და ამ ნორმის დისპოზიციის სასამართლოს მიერ არასწორ განმარტებაზე, რადგანაც დასახელებული ნორმით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე განიმარტა, არ არსებობდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავი წინაპირობები, რაც შეეხება ნორმით გათვალისწინებულ სხვა საპატიო მიზეზს, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ე. პ-ი“ საპატიო მიზეზად მიიჩნევს მისი წარმომადგენლის სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილოების მიღებას, რაც გამორიცხავდა ამავე დღის 12:00 საათზე მის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობას, ხოლო საზოგადოების დირექტორი ვერ დაიცავდა საზოგადოების ინტერესებს იურიდიული განათლების არქონის გამო. კასატორის განმარტებით, მას არც სხვა ადვოკატის აყვანა შეეძლო და ამ მოსაზრებას ასაბუთებს იმით, რომ წარმომადგენლის შეცვლა დასაშვებია სააპელაციო საჩივრის წარდგენმდე, რადგანაც საჩივრის ფორმით გათვალისწინებული ადვოკატის მაიდენტიფიცირებელი გრაფა ზემოაღნიშნულს არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს მათი აბსოლუტური დაუსაბუთებლობის გამო, რადგანაც, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, ისე 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სავალდებულოდ ითვალისწინებს მხარის ობიექტურ შეუძლებლობას ამ მიზეზის თაობაზე წინასწარ აცნობოს სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მხარე ზემოაღნიშნულს ცალსახად არ დაადასტურებს, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო არაა უფლებამოსილი გააუქმოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მოცემული საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ სხვა სასამართლოში სხდომის თაობაზე მას საქმის განხილვამდე არ უცნობებია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის, იმ გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ სხვა სასამართლოში წარმომადგენლის გამოცხადება შესაძლოა საპატიო მიზეზად იქნას მიჩნეული, საკასაციო პალატა მაინც დაუსაბუთებლად თვლის ზემოაღნიშნულ არგუმენტს, რადგნაც სასამართლო სხდომის თაობაზე ამ სხდომამდე დაახლოებით 20 დღით ადრე შეტყობინების ჩაბარება არ შეიძლება იქნას მიჩნეული ობიექტურ გარემოებად, რაც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლოს ინფორმირებას. ამასთანავე, სათანადო იურიდიული განათლების არქონა თუ მხარის მიერვე მითითებული სხვა წარმომადგენლის აყვანის შეუძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი დანაწესიდან არ გამომდინარეობს, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის XII თავი (წარმომადგენლობა სასამართლოში) რამდენიმე წარმომადგენლის აყვანასა თუ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში უშუალოდ მხარის მიერ საქმის წარმოების ამკრძალავ დებულებას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ მე-3 და მე-4 მუხლები) და სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას ითვალისწინებს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დაუსწრებელი გადაწვეტილების გამოტანით დაირღვა შპს „ე. პ-ის“ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თვლის, რომ სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ე. პ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ე. პ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება ამავე პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.