Facebook Twitter

№ას-137-132-2012 12 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ა. და კ-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს „ა. და კ-ის“ სარჩელის გამო, მოპასუხე სს „ე. ი-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. და კ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ა. და კ-ის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.

აღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2012 წლის 20 თებერვალს (ტ.II, ს.ფ. 107).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 თებერვლიდან და ამოიწურა ამავე წლის 27 თებერვალს. აღნიშნულ ვადაში შპს „ა. და კ-ას“ ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა. და კ-ას“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. და კ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.