Facebook Twitter

№ას-138-133-2012 12 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 22 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ ექვსი თვის ვადით ისესხა 250 000 აშშ დოლარი თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, დადგენილ ვადაში სესხის ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მოპასუხეს დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ ექვსი თვის სარგებელი. გავიდა სესხით გათვალისწინებული ვადა. მოპასუხემ კი არ გადაიხადა არც პირგასამტეხლო და არც სესხის ძირითადი თანხა.

მოპასუხე გ. გ-ემ სასარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისთვის სესხის თანხა არ გადაუცია. თანხა კონსტანტინე თოხაძისგან ისესხა, შესაბამისად ფ. ს-ას მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის ვალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აპელანტ გ. გ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ხარვეზის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ გ. გ-ის ოჯახის წევრს შვილს ს-ო გ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 15 დეკემბერს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2011 წლის 20 დეკემბერს. ფოსტის საშუალებით გ. გ-ემ წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, გ. გ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადით გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 7 დღით. აღნიშნული განჩინება 2011 წლის 27 დეკემბერს გ. გ-ის ოჯახის წევრს - შვილს ს-ო გ-ეს ჩაჰბარდა. საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 28 დეკემბერს და დასრულდა 2012 წლის 3 იანვარს. განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 4 იანვარს, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაცო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტმა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება, აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ მის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 4 იანვარს, მაშინ, როცა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს ფოსტის საშუალებით 2012 წლის 3 იანვარს გააგზავნა. გ. გ-ემ წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაურთო სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი განცხადება სახელმწიფო ბაჟი გადავადების შესახებ და საფოსტო ქვითრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ დადგენილი ხარვეზის დროულად შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში გ.გ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც მიეცა 5 დღის ვადა. 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტს პალატის მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გ. გ-ის შვილს ს-ო გ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 27 დეკემბერს და ხარვეზი შევსების ვადა ამოიწურა 2011 წლის 3 იანვარს. აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 4 იანვარს.

აქედან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ. გ-ემ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შვიდდღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების განცხადება ფოსტას წარუდგინა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილების შესახებ შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ქვითრით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება გ.გ-ის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში წარდგენა, რადგან შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ქვითარი №000001 წარმოდგენილია ასლის და არა დედნის სახით, გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს მხარის მიერ გამოგზავნილი კორესპონდენციის დასახელებასა და საქმის ნომერს, რომელთან დაკავშირებითაც მხარემ აღნიშნული კორესპონდენცია შემოიტანა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს „საქართველოს ფოსტის“ კონვერტისა (ტ.I, ს.ფ,22.) და ამავე ფოსტის ქვითრის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ უპირატესი იურიდიული ძალა უნდა მიენიჭოს საქმეში თავდაპირველად არსებულ მტკიცებულებას _ საფოსტო კონვერტს, რომლითაც დასტურდება, რომ გ. გ-ემ სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ განცხადება სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 4 იანვარს. რაც შეეხება, გ. გ-ის მიერ წარმოდგენილ ქვითარს, აღნიშნული მტკიცებულების შინაარსით მოცემულ საქმეზე ხარვეზის შევსების შესახებ საპროცესო მოქმედების განხორციელების ფაქტი არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების წარდგენა არ განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.