Facebook Twitter
საქმე №ას-143-137-2012 19 მარტი, 2012 წელი

№ას-143-137-2012 19 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. წ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ნასყიდობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ-ისა და ი. გ-ის მიმართ 2009 წლის 9 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე 2009 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 9 სექტემბერს, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, მოსარჩელის სახელით ნ.მ-მა დ.მ-თან გააფორმა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრუკლება ქ.თბილისში, ტ.ტ-ის ქ№39-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილ ბინაზე. ნასყიდობის თანხა განისაზღვრა 20000 ლარით, აღნიშნული გარიგება იმავე დღეს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2009 წლის 10 სექტემბერს კი, დ.მ-მა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე 25000 აშშ დოლარად ი. გ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, ხოლო მიღებული თანხა გაინაწილეს ნ.მ-მა, ვ.ჟ-მა, ც.გ-ემ და დ.მ-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2011 წლის 8 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ. მ-ს, როგორც დ. წ-ის წარმომადგენელსა და დ. მ-ს შორის 2009 წლის 9 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი დ. მ-სა და ი. გ-ს შორის 2009 წლის 10 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით კი, ი. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ. მ-სა და ი. გ-ს შორის 2009 წლის 10 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ი. გ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილბის ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაც ზემოაღნიშნულ ნაწილში და დ. წ-ის სარჩელი იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:

პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, ზოგიერთ შემთხვევაში, ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესები, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი მსგავს ურთიერთობას შემძენის სასარგებლოდ წყვეტს. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლების დაცვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესი. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არის ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი. განსახილველი ნორმები იცავს იპოთეკარის უფლებებსაც, რადგანაც ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი წარმოადგენს იმ უფლების შემძენს, რომლითაც მას შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან. პალატის განმარტებით, რადგანაც იპოთეკარის უფლება რეგისტრაციაუნარიანი უფლების რეგისტრაციის ფაქტითაა დაცული, თუნდაც ის არ იყოს ამ უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრე, საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე, მესამე პირებისათვის, რეგისტრირებული მესაკუთრე მიიჩნევა საკუთრების უფლების მქონედ. კონკრეტულ შემთხვევაში, კეთილსინდისიერების პრინციპი იცავს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, ხოლო ის გარემოება, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადების შემდეგ გახდა ცნობილი იპოთეკარისათვის რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ, გავლენას არ ახდენს მის კეთილსინდისიერებაზე. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით და აღნიშნა შემდეგი: სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე საერთოდ არ უთითებს ფაქტობრივ გარემოებას იპოთეკის არაკეთილსინდიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დამტკიცებულად ჩაეთვალა და, შესაბამისად, იურიდიული შეფასება მიეცა იმ ფაქტობრივი გარემოებისათვის, რომელიც სარჩელში არ იყო მითითებული, აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. წ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ განჩინება დაასაბუთა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, მაშინ, როდესაც სააპელაციო პალატის განჩინება თავადაა დაუსაბუთებელი, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელში მითითებული გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა სახელშეკრულებო, არამედ დელიქტური ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული სარჩელში მითითებული დანაშაულის ფაქტი, მინდობილობის გაყალბება და ბათილი გარიგებების გაფორმება, რითაც დასტურდება დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგანაც დელიქტური ვალდებულება გამორიცხავს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არსებობის შესაძლებლობას, რადგანაც ასეთ დროს სახეზე არ არის გარიგება. საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ აპელანტსა და მეორე მოპასუხეს შორის არსებობდა არა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც დამნაშავედ იქნა ცნობილი დ.მ-ი, ხოლო ი.გ-ი სამოქალაქო მოსარჩელედ და მას უფლება აქვს, დ.მ-ს ედავოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და არა სესხის დაბრუნებაზე. იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დელიქტის არსებობის პირობებში, როდესაც სახეზე არაა სესხის ხელშეკრულება არც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არსებობს, აპელანტის მითითება, რომ დ. წ-ი გარიგების მხარე არაა და არ აქვს უფლება, იდავოს სასამართლოში, დაუსაბუთებელია, რადგანაც, ერთი მხრივ, სახეზე არაა ხელშეკრულება და, მეორე მხრივ, მოსარჩელემ კონსტიტუციით აღიარებული უფლების სასამართლო წესით დაცვის ფარგლებში მიმართა სასამართლოს მისი დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი დელიქტური ვალდებულების არსებობის ფაქტი და მართებულად იქნა ცნობილი ბათილად იპოთეკის ხელშეკრულება, სააპელაციო პალატამ კი ყურადღება არასწორად გაამახვილა გარემოებაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენდა, კერძოდ, იცოდა თუ არა აპელანტმა უფლების ნაკლის შესახებ და მისი კეთილსინდისიერება ამ ფაქტისადმი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დ. წ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორი სახელმიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე