Facebook Twitter
saqme #as-571-539-2011 25 maisi, 2011 weli

№ას-144-138-2012 26 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ რ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ე-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. დ-ის მიმართ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 15 დეკემბერს რ. დ-თან გააფორმა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, 18 თვით, სესხის უზრუნველსაყოფად რ. დ-მა იპოთეკით დატვირთა თავისი უძრავი ქონება. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

მოპასუხე რ. დ-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, მაგრამ ვადის გადაცილება მოსარჩელის ბრალია, ვინაიდან, იგი უარს აცხადებდა თანხის მიღებაზე. ხელწერილი 1500 ლარის გადაცემის შესახებ დახია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის დაუსწრებელიგადაწყვეტილებით ზ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხე რ. დ-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით რ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩირებული განჩინება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის. 2011 წლის 22 ივნისს დანიშნულ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა რ. დ-ი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობებია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. დ-ს ზ. ე-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა - 2000 ლარი, სარგებელი 420 ლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე რ. დ-ის საკუთრებაში არსებული ბ. ხმელნიცკის ქუჩა №153-ში, მდებარე #11-ბინა. აპელანტისათვის ცნობილი იყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. რ. დ-მა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა მისი ავადმყოფობა. აღნიშნულს კი ასაბუთებდა შპს ,,ა. ... დ-ის” მიერ გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტი რ. დ-ი აღნიშნულ ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება 2000 წლიდან, დიაგნოზით დისოციაციური აშლილობა, კოგნიტიური ფუნქციების დარღვევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში რ. დ-მა წარმოდგენილი ცნობით ვერ დაასაბუთა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: საქმეში არსებული, შპს ,,ა.... დ-ის“ 2011 წლის 4 ივლისს გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ პაციენტი რ. დ-ი აღნიშნულ ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება 2000 წლიდან, დიაგნოზით დისოციაციური აშლილობა, კოგნიტური ფუნქციების დარღვევა. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობა, საჩივრის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ ასაბუთებდა სასამართლო სხდომაზე რ. დ-ის გამოუცხადებლობის საპატიოობას. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის გარემოება, რომ ის არ მიუთითებდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებებზე, არამედ მიუთითებდა პროცესზე დაგვიანების საპატიო გარემოებებზე. სასამართლოს შენობაში ყოფნასა და პროცესზე დაახლოებით 10 წუთით დააგვიანებით შესვლას, არც მოწინააღმდეგე მხარე ხდის სადავოდ. პირველად იყო სასამართლოში, გაუჭირდა სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირება, დარბაზებს განლაგებაში გარკვევა, სასურველი დარბაზის მოძებნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.