№ას-145-139-2012 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ს-ე, ა. ნ-ე, ა. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თვითნებურად გადატანილი კარის საწყის მდგომარეობაში აღდგენა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ლ. ს-ეს, ა. ნ-ესა და ა. დ-ეს დაეკისრათ თვითნებურად გადატანილი კარის საწყის მდგომარეობაში აღდგენა და აღეკვეთათ მოსარჩელისათვის თანასაკუთრებაში არსებული საშხაპით, ტუალეტითა და მათთან მისასვლელი ფართით სარგებლობის ხელშეშლა.
2011 წლის 21 დეკემბერს ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია მოქალაქე ა. ნ-ის 2011 წლის 12 აგვისტოს განცხადების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტის დასკვნა, ასევე მთარგმნელ მაია ქართველიშვილის ხელწერილი, რომელიც ადასტურებს, რომ შეცვლილი იყო მის მიერ ნათარგმნი თავდაპირველი ორდერის ფორმა და შინაარსი, კერძოდ, სიტყვა /საერთო/ იყო ჩამატებული. აღნიშნული გარემოებების შესახებ განმცხადებლებისათვის ერთ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნის თაობაზე ინფორმაცია ცნობილი გახდა – 2011 წლის 17 აგვისტოს, ხოლო მთარგმნელის მიერ დაწერილი ხელწერილი დათარიღებულია 2011 წლის 20 ოქტომბრით. განმცხადებლებმა სასამართლოს მიმართეს 2011 წლის 12 დეკემბერს, რაც ორივე შემთხვევაში გულისხმობს განმცხადებლების მხრიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობის ერთთვიანი ვადის დარღვევას.
რაც შეეხება განმცხადებლების მიერ მითითებულ მესამე გარემოებას, ძველი თბილისის გამგებლის პასუხთან დაკავშირებით და ასევე აღმასრულებელთან დაკავშირებულ პრეტენზიას, სასამართლომ აღნიშნული ახლად აღმოჩენილ გარემოებად და არც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ განმცხადებლებმა დაარღვიეს განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან 2011 წლის 12 აგვისტოს მოსამართლის თანაშემწე ამბროსი ლობჟანიძემ ლ. ს-ისადმი გაცემულ წერილობით პასუხში და ზეპირ განმარტებაშიც აღნიშნა, რომ იგი საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოწინააღმდეგე მხარის სტატუსით და მის მოთხოვნას აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
განმცხადებელთათვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაუშვებლად ჩათვალა დაინტერესებული პირის – მ. ნ-ის განცხადება იმ მოტივით, რომ იგი საქმეში მხარედ ჩაბმული არ ყოფილა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ამჟამად წარმოდგენილი, ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულებების ნაწილი მ. ნ-ემ სასამართლოში წარადგინა ჯერ კიდევ 2011 წლის 23 აგვისტოს.
პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაეყრდნო გაყალბებულ მტკიცებულებას – ორდერს და ძველი თბილისის გამგეობის პასუხს, რომელიც განცხადებაზე დართული ამავე ორგანოს ახალი პასუხით გაბათილებულია.
სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ გასაჩივრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კონკრეტულად არ ირკვევა, თუ რა იგულისხმება კარის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენაში. გადაწყვეტილებამ გაურკვევლობა გამოიწვია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და მობინადრეთა შორის. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად კარი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენილი არ არის, რაც დასტურდება ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებებთან ერთად წარდგენილი არქიტექტურის სამსახურის პასუხით. გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტით ირღვევა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-ისა და ა. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას ამოწმებს წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 429-ე მუხლები, რომელთა მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
ხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი, რა დროსაც იგი პირველ რიგში გამოარკვევს, შეტანილია თუ არა განცხადება ერთ თვეში იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა შეიტყო საქმის წარმოების განახლების წანამძღვრების არსებობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები ახლად აღმოჩენილად მიიჩნევენ შემდეგ გარემოებებს: 1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ 2011 წლის 17 აგვისტოს დასკვნითა და თარჯიმან მაია ქართველიშვილის 2011 წლის 20 ოქტომბრის ხელწერილით დასტურდება, რომ ვ. კ-ის სახელზე გაცემული ორდერი გაყალბებულია; 2. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2011 წლის 28 აპრილის პასუხიდან ირკვევა, რომ ვ. კ-ეს საცხოვრებელ ფართთან დამხმარე სათავსები არ გადასცემია და 3. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სადავო კარის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თაობაზე აღსრულდა არასწორად, რაც დასტურდება თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფრო გ.თავაძის წერილით.
დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ექსპერტიზის დასკვნის, თარჯიმნის ხელწერილისა და გამგეობის პასუხის თარიღების გათვალისწინებით, განმცხადებლებმა დაარღვიეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადა, ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება შეიტანეს 2011 წლის 21 დეკემბერს, ზემოხსენებული დოკუმენტების მიღებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
რაც შეეხება განმცხადებელთა მითითებას სადავო კარის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისას კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნას ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინიადან იგი ეხება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.
სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი, რომ მათ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დროულად ვერ შეიტანეს საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწის მხრიდან მათი შეცდომაში შეყვანის მიზეზით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მხარეთა მითითებას, რომ მოსამართლის თანაშემწემ წერილობით პასუხში და სიტყვიერად განუმარტათ, რომ ისინი სადავო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლების მქონე სუბიექტთა რიგს არ განეკუთვნებოდნენ. ასეთი სახის წერილობითი განმარტება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, მოსამართლის თანაშემწის არასწორი განმარტება განცხადების შეტანის ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აღნიშნული ვადის აღდგენის შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ს-ის, ა. ნ-ისა და ა. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.