№ას-148-142-2012 12 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ო-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი, დ. ძ-ა, ლ. მ-ი, მ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება
დავის ს- – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ-ის, დ. ძ-ას, მ. გ-ის მიმართ და მოითხოვა 2003 წლის 10 აპრილს თ. ო-ის მიერ ლ. მ-ის სახელზე გაფორმებული საკუთრების მინდობის შესახებ მინდობილობის ბათილად ცნობა, რომლითაც ლ. მ-ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, მიენიჭა უფლებამოსილება, გაესხვისებინა ქ.თბილისში, გ-ის ქ№51-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება, ასევე 2003 წლის 9 ოქტომბერს ლ. მ-ს, როგორც თ. ო-ის წარმომადგენელსა და მ. გ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქ.თბილისში, გ-ის ქ№51-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, 2005 წლის 23 მარტს მ. გ-სა და დ. ძ-ას შორის ქ.თბილისში, გ-ის ქ№51-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და 2007 წლის 18 დეკემბერს დ. ძ-ასა და ვ. გ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოპასუხე დ. ძ-ამ სარჩელი არ ცნო, ასევე არ ცნეს სარჩელი მოპასუხე ვ. გ-მა და ლ. მ-მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება 2003 წლის 10 აპრილის მინდობილობისა და 2003 წლის 9 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 10 აპრილის თ. ო-ის მიერ ლ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 9 ოქტომბრის ლ. მ-ს, როგორც თ. ო-ის წარმომადგენელსა და მ. გ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
თ. ო-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება შემდეგი საფუძვლებით: გაურკვევლია თუ რომელი სამართლებრივი ნორმებით გადაწყვიტა და რომელი სამართლებრივი საფუძვლებით იმსჯელა თითოეული სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლომ. გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილები არ შეიცავს მსგავს განმარტებებს, გარდა 4.6. და 4.8 პუნქტებისა, აღნიშნულ პუნქტებში მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლები მხოლოდ ორ სასარჩელო მოთხოვნაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარის თქმის საფუძვლად მითითებული ხანდაზმულობა არ არის დაკონკრეტებული და გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაურკვევლია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკებრის განჩინებით თ. ო-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და განმარტა შემდეგი: აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტების მიზნად კანონმდებელი მიიჩნევს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას. ასეთს მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. შესაბამისად, არ არსებობს არც აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ.ო-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების განმარტება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების განმარტების მიზანი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ აღუსრულებელია, ფაქტიურად, არც არაფერია აღსასრულებელი, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი. აღნიშნული გარემოებდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, იმის განსაზღვრა, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი მხარეს მოთხოვნაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოკლეგიის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ო-ს უარი ეთქა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება 2003 წლის 10 აპრილის მინდობილობისა და 2003 წლის 9 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 10 აპრილის თ. ო-ის მიერ ლ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 9 ოქტომბრის ლ. მ-ს, როგორც თ. ო-ის წარმომადგენელსა და მ. გ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული თ. ო-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლად იქნა მიჩნეული ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს წინააღმდეგობრივია და მხარის ეს მოთხოვნა განპირობებული სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობითაა. კერძო საჩივრისა და საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 22 დეკემბრის განცხადების შესწავლის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიზანი არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების განმარტებაა, არამედ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების განმარტებაა, რასაც კანონი არ ითვალისწინებს, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში აისახება სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი შედეგის სიცხადე. გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, იქნება ის მოვალე თუ შესაბამისი ორგანო, ვალდებულია, გადაწყვეტილების აღსრულებისას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის მიმართ გონივრულად იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითაც. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მართლმსაჯულების აქტის სწორად და გონივრულად აღსრულების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს რა გადაწყვეტილების ბუნდოვანებასა და მის ორაზროვნებაზე, მას სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატება ზემოაღნიშნული, რაც კერძო საჩივრის უსაფუძვლოდ მიჩნევის წინაპირობაა. ამასთანავე, გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის უკეთ გაანალიზების მიზნით, მხარე ასევე უნდა გაეცნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას იმ ნაწილში, რომელშიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, თ. ო-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.